პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ძირს პაციფიზმი!
ციკლიდან „პაციფიზმი“
ძირს პაციფიზმი! გრიალებდა
უბნები რურის,
დროშებში იყო გახვეული
ათასი მუშა.
ყოველი ქუჩა ფერი იყო
წითელ კამურის
და ელვარებდა მრავალ სახლის
მრავალი შუშა.
ძირს პაციფიზმი!
ძირს ღალატი!
ძირს ომის ღმერთი!
ხომ სისხლითაა შეღებილი
ველი და ფერდი.
- დემონსტრანტების მიარღვევდა
პროსპექტებს მკერდი.
მათ შორის, აი, ერთი მიდის
(რომელი ერთი?)
და ანთებული მღელვარებით
უყვება იგი თავის ამხანაგს,
გუშინდელი დღის სასმენელად
მძიმე მოთხრობას. - დაგვაპატიმრეს ჩვენ გუშინწინ
პატიმართ რიგი,
ვიწრო საკნებში, განვიცდიდით
უჩვეველ გრძნობას.
გათავდა დათვლა, შემოწმება
საღამო ხანის,
როდესაც ისევ შემოგვესმა
ფეხის ხმაური.
იარაღთ ჟღარუნს მოჰყვა ხველა
მრავალთაგანის,
ჯალათებისთვის უსიამო
და უცნაური.
უცებ გაიღო კამერების
ყველა კარები
და ყველას გულში მხოლოდ ზიზღის
შეირხა გრძნობა: - ჰეი, არტურ, – ამბობს მოძალადე, –
რას ეფარები,
რენიე, შენაც აქ გამოდი,
შენაც ზაგლობა. –
და მთელი რიგი გაიძახა
ნაცნობ გვარების.
მე გადავხედე ჩემს ამხანაგს
უნებურ კითხვით.
მეც გამიძახეს. გავიარე
საკნის კარები.
მოძალადემაც გამაცილა
უხეში სიტყვით.
რაშია საქმე? დაძახება…
და ასე გვიან.
მე არ მივყვები, მიმათრევენ
ძალის-ძალათი,
ასეთნაირ დროს მხოლოდ მტრები
თუ გეძახიან,
ასეთნაირ დროს თუ გეძახის –
მხოლოდ ჯალათი.
მე დერეფანში დავინახე
იაპონელი
და ყველა ჩემი ამხანაგი
დარაჯთა შორის.
ამხანაგები ამხნევებდენ
ერთი-მეორეს.
სისხლის მსმელებო! ყველაფერი
ვიგრძენ მაშინვე:
რომ არა სიტკბოს, არა სითბოს
და მოფერებას,
არამედ საქმეს ამზადებდით
მღვრიეს, საშინელს,
და მისი ბნელი ფერი ედო
ციხის დერეფანს.
ნახევრად ბნელი დერეფანი –
ცივი ღუმელი.
იარაღთ ჟღარუნს კლასიური
ედება ხმობა.
მოვა დრო, მრავალ რამეს იტყვის
ციხის დუმილი,
შენს უდროობას რომ დარაჯობს,
ძველო ევროპა.
აქ საიდანღაც გამოვარდა
ჟანდარმი ძველი,
ბულდოგის სახეს ემჩნეოდა
დაცინვა მკაცრი.
ბრძანა და უცებ სველი ბაწრით
შეგვბოჭეს ყველა.
ერთი მეორეს გადაგვაბეს
ცხრამეტი კაცი.
ზიზღი მტრისადმი დაუნდობლად
გულს აწუხებდა
და მოძალადე გადასული
უგრძნობლობაში.
ჩვენს შეკითხვაზე: სად მიგყევართ,
გვიპასუხებდა:
„განთავისუფლებთ“ ან „მიგიყვანთ
სხვა შენობაში“.
ხელებშეკრულნი, გაყინულნი,
ჩაცმულნი ცუდათ
ციხის ეზოში გაგვიყვანეს
და ციხე სდუმდა.
„მშვიდობით, ძმებო!“ უცებ ციხემ
დაიგრიალა,
ყველა კედელმა ყოველი მხრით
ხმას მისცა ბანი
შეინძრა ციხე. პროტესტის ხმამ
დაატრიალა
ჭერი, კედლები, ყველა კუთხე
და დერეფანი.
„ხვალ თქვენც იქ წახვალთ!“ – იმუქრება
ციხის უფროსი.
მაგრამ სარკმლიდან მრისხანებით
მძლე აკკორდებით
ციხე ბობოქრობს: „ო, იუდა,
შენც თავის დროზე,
არაფერია, არაფერი,
გაგისწორდებით!“
ჩვენ კი დაგვსინჯეს: ხომ მაგრათ ვართ
შეკრული ბაწრით,
მე ერთს ჯარისკაცს ვერ ვივიწყებ,
სახე გულწრფელი –
უთამაშებდა რაღაც სულ სხვა
გამწირველ აზრით.
და მის თვალთაგან ჩემს ხელებზე
დაეცა ცრემლი. - საით მივყევართ, დასასჯელათ? –
ჯარისკაცს ვკითხავ.
მესმის მისი „ჰო“ და ცრემლები
მოდის ღვარ-ღვარად.
კეთილო გულო, გავიფიქრე, ამ გაუკითხავ
ხალხისგან ბევრი ნადგურდება,
მაგრამ ამგვარად?
მაგრად გაბაწრულ ხელებს სისხლი
ვგრძნობ, რომ ეცლება,
თავით კოჭამდე გამყინველი
რბის ჟრუანტელი,
სიცალიერის და სიმხეცის
მძლავრი შეძლება
ჩემს წინ ანათებს როგორც დიდი,
შავი კანდელი.
ვხედავ გენერალს, იგი თითქო
მაწვდის პაპიროსს
(ო, როგორ ჰგავდა თვითონ იგი
იმ მღვრიე ღამეს),
პაპიროსს მალავს ისევ მალე
და იმავე დროს
მწარე დაცინვით ეხლა პირში
მაჩრის კარამელს.
სწრაფად მივყევართ კარებისაკენ
გულცივ ჯალათებს,
ციხის ალაყაფ-ფარდულების
ისმის ჭრიალი,
„ზიზღი და კრულვა პაციფისტებს,
მოღალატეებს,
გაგისწორდებით ჩვენც ოდესმე“ –
ციხე ღრიალებს.
ჩვენ გაგვატარეს ალაყაფი,
შემოგვეხვია
უდაბურ ღამის სიწყვდიადე,
როგორც ობობა.
და ადგილები, სადაც მტვერი,
ქვა და ნეხვია,
მწირი მინდვრები, ორმოები,
უნაყოფობა.
სთქვა ერთმა: ზაფხულს ამ ადგილას
სწვავენ აგურებს.
ახსოვდეს ყველას, ამ მიწაზე
მოგვკლავენ ძმურად
და მშენებლობის
დრო როდესაც
დაისადგურებს,
ჩვენი სიცოცხლე მასში შევა
თითო აგურად.
და გავიფიქრე: აი ბინა
უკანასკნელი,
სადაც ჩვენ გველის ჩამოღრჩობა
ან და დახვრეტა.
თითოეულ წამში შენამდე სცემს
ათასი წელი –
საბედისწერო ორმოების
მწარე დახვედრა.
მთელმა ცხოვრებამ წინანდელმა
თვალწინ იალა.
ბავშვობამ, დედამ, ადგილებმა
ჩემი ყრმობისა.
შემდეგ ბრძოლები კლასიური,
ქარხნის გრიალი,
დიადი რწმენა ერთა შორის
გადადნობისა.
მივდივართ ჩქარი ნაბიჯებით
და მაინც გვცივა,
ჩვენ ხომ ჩაცმული ვართ უბრალოდ,
თანაც ქარია,
არ ვიცი გულში სხვა იმედი
რამ გააღვივა,
ხელის გახსნა მსურს, ბაწარი კი
კვლავ მაგარია.
ო, გამწარება! ჩვენ მივედით
დახვრეტის ადგილს,
იმედის მსგავსმა რამემ გულში
მაინც ინათა.
რისი იმედი? ცხედარი რომ
მიწიდან ადგეს!
დახშულია ხომ სამუდამოდ
გზა იმ ბინათა.
შევჩერდით. ეხლა ჯალათებმა
იწყეს მზადება.
ჩვენ, როგორც ღამით მშიერ მგლებით
მორტყმული ჯოგი
ერთად შევქუჩდით. ამაოა
თავგადადება,
თავის დაღწევას სიკვდილისგან
თუ ფიქრობს ზოგი.
ახლო და ახლო, უფრო ახლო
მოდის მსროლელი,
ორმოსთან, სადაც გაბედულად
სდგას თვითოული.
ისევ ქარია შუაღამით
გამოქროლილი,
ორმოს სიღრმეში დარჩენილა
ჯერ კიდევ თოვლი.
გინდა იყვირო, გინდა ბრძოლა,
აქაქანება,
ამ შუაღამით არავისი
არ არის შველა,
და „დაიჩოქეთ“ რომ გაისმა
უცებ ბრძანება,
დავემშვიდობეთ განწირულნი
ერთმანეთს ყველა.
ისმის „ესროლეთ“ (ჟრუანტელი),
მაგრამ ოდნავად
ჩვენს გულში შედის სიხარული
და აღტაცება…
როცა სროლაზე
ერთპირად და მოულოდნელად
მტკიცე უარი განაცხადეს
ჯარისკაცებმა. - არ ვესვრით მუშებს! – და გადმოხტა
ის ჯარისკაცი,
რომლის ცრემლები ჩემს ხელებზე
ვიგრძენი წინათ.
დაგვხსნა ბაწრები, უხაროდა: - აბა ჰე, გასწით!
გისურვებთ მტარვალთ მოსდებოდეთ
ცეცხლად და რკინად!
ჩვენ წამოვედით სიკვდილიდან,
ჩვენ ვიმალებით.
ო, ამხანაგო, უთქვენობას
ვერ ითმენს გული.
ო, ამხანაგო, შევეწიროთ
ყველა ძალებით,
რევოლუციის მომავლისა
ვიყოთ ერთგული.
და წინ მიიწევს
დემონსტრაცია
მაღალი ხმებით:
„იმპერიალისტურ ომს
გადავაქცევთ
სამოქალაქო ომად“,
„მხოლოდ პროლეტარული
რევოლუცია
მიანიჭებს კაცობრიობას
მშვიდობიანობას!“