ძველად ინდოეთში ხელმწიფე შივი მეფობდა. მის სამეფოში ყველა ბედნიერად ცხოვრობდა და ამიტომ მისი ქვეშევრდომები ერთთავად თავიანთი ხელმწიფის სიკეთესა და სამართლიანობას აქებდნენ. გულნაკლული არასოდეს არავინა ჰყავდა. მთელ თავის ცხოვრებას სუსტების დაცვასა და ტანჯულთა შემწეობას ანდომებდა.
კეთილი ხელმწიფე შივის ამბავი ღმერთებსაც მიუვიდათ. ღმერთ ინდრას* (* ინდრა — ინდოელთა უძველესი ღმერთი, ცის მბრძანებელი, თუმცა ინდოეთში არ არის ინდრას ტაძარი, ხალხი მასზე არ ლოცულობს. ძველი ინდური მითოლოგიის თანახმად ინდრას სამყაროდ ზეცის ის სფეროა, სადაც ღმერთები ცხოვრობენ.) შეეშინდა თავისი სიკეთით და სიუხვით შივიმ ტახტი არ წამართვასო და გადაწყვიტა, გამოეცადა. ინდრამ სიკვდილის ღმერთი იამა იხმო და უთხრა:
— მოდი, შევამოწმოთ, ჭეშმარიტად კეთილი და დიდსულოვანია მეფე შივი თუ ხალხს თავს აჩვენებს, რომ თავის მხარეს გადაიბიროსო.
იამა მაშინვე მიხვდა, ღმერთთა მეფეს ტახტის დაკარგვისა ეშინიაო, მაგრამ არ შეიმჩნია, ღმერთი არ გავარისხოო.
ღმერთებმა როგორც გადაწყვიტეს, ისეც მოიქცნენ. ორივენი ფრინველებად გადაიქცნენ: ინდრა შავარდნად იქცა, იამა — თეთრ, ლამაზ მტრედად, შემოჰკრეს ფრთა ფრთას და ცაში აფრინდნენ. იფრინეს, იფრინეს და მომაკვდავთა სამეფოში მიფრინდნენ. შიშისგან გულგახეთქილ მტრედს სისხლისმსმელი შავარდენი მისდევდა. სწორედ ამ დროს შივი სასახლეში იჯდა და ჩვეული სამართლიანობით რაღაცა საქმესა სჯიდა. უეცრად მუხლზე მტრედი დააჯდა და უთხრა:
— დიდებულო ხელმწიფევ, შავარდენისაგან გადამარჩინეო!
ხელმწიფე შივის შეეცოდა აკანკალებული მტრედი, უბეში ჩაისვა და უთხრა:
— ნუ გეშინია, მშვიდად იყავი! ჩემს უბეში საფრთხე არ გელისო!
ამის თქმა კი მოასწრო ხელმწიფემ და ფანჯრიდან შავარდენიც შემოფრინდა.
— დიდებულო ხელმწიფევ, სამართლიანად განსაჯე! ყოველი სულდგმული ამქვეყნად იმითი ცხოვრობს, რომ სხვას ჰკლავს და თვითონ საზრდოობს. ეს მტრედი ჩემი ნადავლია. შენ კი საზრდოს მართმევ და უსამართლობას სჩადიხარო, — უთხრა შავარდენმა ხელმწიფეს.
— დიდო ხელმწიფევ, შენ ხომ დამპირდი დაგიცავო, გეხვეწები გადამარჩინე! კშტარია* (* კშტარია მეომართა კასტის წარმომადგენელი. მეომარი.) ხარ და შენი სიტყვის პატრონი უნდა იყოო, — ეხვეწებოდა ხელმწიფეს მტრედი.
შავარდენმა თავისი ბასრი ნისკარტი მაღლა ასწია და თქვა:
— ხელმწიფევ, მართლმსაჯულების ტახტზე ზიხარ! ჩემი უფლებების შებღალვა არ შეგფერის, მშიერი ვარო!
ხელმწიფემ უბეში ჩაკრულ მტრედს ხელი გადაუსვა და შავარდენს მიუბრუნდა:
— ვერა, შავარდენო, მტრედს ვერ მოგცემ! ჩემი ვალია დავიცვა სუსტი არსება და დავიცავ კიდეც. თუ გშია, საჭმელი ბევრი მაქვს. ახლავე ვუბრძანებ მსახურებს, ხორცი გამოიტანონ, რამდენიც გინდა, მიირთვიო.
— ხელმწიფევ, მე მხოლოდ იმ ფრინველსა ვჭამ, რასაც მე თვითონვე ვკლავ. თუ მტრედის გადარჩენა გინდა, მაშინ სხეულიდან მოიჭერი მაგ მტრედის წონა ხორცი და ის მომეცი, მაგრამ კარგად დაფიქრდი — ჯერ ახალგაზრდა ხარ და ცხოვრება წინ გიდევს. განა ეგ მტრედი ამ ფასად ღირსო?
— თანახმა ვარ! იმათ, ვინც დახმარებას თხოულობს, უყოყმანოდ ვემსხვერპლები. სიმდიდრე და ახალგაზრდობა წარმავალია, მხოლოდ პატიოსნება და სამრთლიანობა შერჩება ხოლმე კაცს სიცოცხლის უკანასკნელ დღემდეო.
რაკი ნაზირ-ვეზირებმა შეატყვეს, ხელმწიფე სიტყვას არ გატეხს და დაიღუპებაო, შეეხვეწნენ:
— დიდებულო მბრძანებელო! რომელიღაც ავსულია შავარდნის სახით მოვლენილი. ამას შენი დაღუპვა უნდა. ნუ მოტყუვდები, არ დათანხმდეო.
მაგრამ ხელმწიფე შივის სიტყვა ვეღარ გადაათქმევინეს. მეფემ დარბაზში დიდი სასწორი შემოატანინა, მერე ბარძაყიდან თავისი ხელით ამოიჭრა ხორცის ნაჭერი და სასწორის ერთ თეფშზე დადო, მეორეზე კი მტრედი დასვა. მტრედის თეფშმა გადასძლია, შავარდენი კი მიუბრუნდა და ნიშნის მოგებით უთხრა მეფეს:
— ხელმწიფევ! ალბათ, გეგონა მტრედი ცოტას აიწონისო და ერთი ნაჭრით დააპირე ჩემი გასტუმრება, არა? დაფიქრდი, ჯერ კიდევ არ არის გვიანი, ნუ ჯიუტობ და მტრედი მომეცი, თორემ ეგ შენი სიკერპე დაგღუპავსო.
ხელმწიფეს წარბიც არ შეუხრია.
— შავარდენო, პირობა სიცოცხლეზე ძვირად მიღირს. მიყურე, შენს მოთხოვნას ვასრულებო, — და შივიმ კიდევ ერთი ნაჭერი ხორცი ამოიჭრა ბარძაყიდან, თეფში ივსებოდა, მაგრამ მტრედი მაინც სულ უფრო მეტსა და მეტს იწონიდა. ხელმწიფე სისხლის დენამ დაასუსტა, ძალა აღარ შესწევდა, თვითონ მოეჭრა ხორცი და არც სხვა ნაზირ-ვეზირებში აღმოჩნდა კაცი, რომ ეს საქმე ეკისრა. მაშინ შივიმ უკანასკნელი ღონე მოიკრიბა და დიდი ვაი-ვაგლახით სასწორის თეფშზე აცოცდა.
ასეთი თავგანწირვა რომ დაინახეს, ხალხს აღტაცების გმინვა აღმოხდა. ინდრამა და იამამ კი თავიანთი ჭეშმარიტი სახე მიიღეს.
— სამართლიანო მბრძანებელო! გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარე. შენი თავგანწირვის ამბავი საუკუნეებს უნდა გადაეცესო, — უთხრა ინდრამ შივის და ძველებური სახე დაუბრუნა.
ინდრას შერცხვა, შივის გულწრფელობაში ეჭვი რატომ შევიტანეო, და გამომშვიდობებისას მიმართა:
— ხელმწიფევ, მაპატიე, ასეთი ტანჯვა რომ მოგაყენეო!
ხელმწიფე შივიმ კი ხელები მკერდზე მორჩილად დაიკრიფა და მიუგო:
— პირიქით, დიდ ბედნიერებად მიმაჩნია, გამოცდის ღირსად რომ მცანი. მე ქშატრია ვარ და ბრძოლის დროს მარტო ხალხის ხოცვა კი არა, ღირსეული სიკვდილიც შემიძლიაო.
— ჭეშმარიტებას ამბობ, მბრძანებელო! დიდება იმ მიწას, რომელსაც შენნაირი ხელმწიფე ლახავსო! — უპასუხა იამამ.