ზღაპარისაბავშვო

კუის გამოცდა – ინდური ზღაპარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხელმწიფე, ჰყავდა ერთადერთი ვაჟი. დაუდგა ხელმწიფეს სიკვდილის დრო, წევს სასიკვდილოდ გამზადებული სარეცელზე და გარშემო ემირები და ვეზირები შემოხვევიან. უკანასკნელ წუთებში ხელმწიფემ თავისი ვაჟი იხმო, მისი ხელი თავის ძველ მრჩეველს ხელში ჩაუდო და უთხრა:

— შვილო! ისე მოიქეცი, როგორც ეს გეტყვისო.

მერე ხელმწიფემ მრჩეველს მოსთხოვა, პირობა მომეცი, რომ ჩემს ვაჟს დაიცავო და სულიც განუტევა. მთელი სამეფო ცხარე ცრემლით დასტიროდა ხელმწიფეს.

გავიდა დრო. უფლისწული ტახტზე დასვეს. მოხუცი მრჩეველი ყველაზე ერთგული იყო ჭაბუკი მეფის. მეფეც დიდად აფასებდა მის ნიჭს და ყველაფერს უყოყმანოდ უჯერებდა. სხვა კარისკაცებმა შურით მოსვენება დაკარგეს და სულ იმის ცდაში იყვნენ, მოქიშპე როგორმე თავიდან მოეშორებინათ. ისინი წამდაუწუმ საჩივრებით მიდიოდნენ ხელმწიფესთან, ეუბნებოდნენ, მრჩევლად ვინმე ახალგაზრდა აიყვანეო, მაგრამ ხელმწიფე მათ ყურსაც არ ათხოვებდა. მოხუცი მრჩეველიც თავს არ იზოგავდა და საქმე რიგიანად მიდიოდა.

მაგრამ, ტყუილად როდი უთქვამთ, წყლის წვეთმა ქვა გახვრიტაო. მეფეს მობეზრდა ყოველდღე ერთი და იგივეს მოსმენა და გადაწყვიტა, მოდი ერთი, ჩემს კარისკაცებს გამოვცდიო. იხმო მოხუცი მრჩეველი, მოელაპარაკა, შემდეგ ხალხი შეკრიბა და გამოუცხადა: მოხუცი მრჩეველი გადადგა, სარჩოს ხაზინიდან მიიღებს, იმის ადგილზე კი სხვა, ახალგაზრდა მრჩეველს ვნიშნავო.

გავიდა რამდენიმე თვე. საჩივრები შეწყდა. საქმე კარგად მიდიოდა. კარისკაცები ჯერ ფრთხილობდნენ, მაგრამ მერე, რაკი გული დაიარხეინეს, ხელმწიფე ახალი მრჩევლით კმაყოფილიაო, თვითნებობაც დაიწყეს. ხელმწიფე თავს ისე იჭერდა, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა, სინამდვილეში კი ფარული ჯაშუშებისაგან ყველაფერს იგებდა. ისიც იცოდა, რას ლაპარაკობდნენ ხალხში და ისიც, ახალი მრჩეველი და კარისკაცები როგორ თვითნებობდნენ.

ერთხელ ხელმწიფე სანადიროდ წავიდა. თან ბაზიერები და ძაღლები წაიყვანა. საღამოს უკან რომ ბრუნდებოდა, დასასვენებლად ქალაქგარეთ თავის ბაღში შეიარა, მებაღეს დაუძახა და უთხრა:

— აი ამ ძაღლს გიტოვებ, კარგად მოუარე და როცა დამჭირდება, შეგატყობინებო. მებაღემ თავი დაუკრა და ძაღლი დაიტოვა. ხელმწიფე სასახლეში დაბრუნდა. რამდენიმე დღის შემდეგ მეფემ თავისი ძაღლი გაიხსენა და ახალ მრჩეველს უთხრა:

— იმ დღეს, სანადიროდ რომ ვიყავი, მებაღეს ძაღლი დავუტოვე. წადი ერთი და ნახე, როგორ არისო.

მრჩეველი ცხენს მოახტა და გაქუსლა:

— ხელმწიფის ძაღლი როგორ არისო? — ჰკითხა მებაღეს.

— კარგად, ბატონო, ლეკვები დაყარაო.

დაბრუნდა    მრჩეველი    სასახლეში    და    რაც    გაიგო,    ხელმწიფეს                        მოახსენა.

გახარებულმა ხელმწიფემ ჰკითხა:

— რამდენი ლეკვიაო?

— მაჰარაჯა, ეგ არ უთქვამსო!

— როგორმე ერთხელ კიდევ შეწუხდი, წადი და ესეც გამიგეო! — დაყვავებით უთხრა ხელმწიფემ.

მრჩეველი მაშინვე წავიდა. მივიდა მებაღესთან და ჰკითხა:

— ძაღლმა რამდენი ლეკვი დააგდოო?

— ხუთიო, — მიუგო მებაღემ.

მოვიდა მრჩეველი სასახლეში და მოახსენა, ხელმწიფემ კი იკითხა:

— ძუ რამდენია და ხვადი რამდენიო?

— მაჰარაჯა, მებაღეს არც ეგ უთქვამსო.

— ძალიან კი გაწუხებ, მაგრამ ერთხელ კიდევ გამახარე, წადი და ჰკითხე, რამდენი ძუ ლეკვია და რამდენი ხვადი-თქო, — კიდევ უფრო დაყვავებით უთხრა ხელმწიფემ მრჩეველს.

საწყალი მრჩეველი ისევ წავიდა მებაღესთან და ჰკითხა: მებაღემ უპასუხა:

— სამი ხვადია და ორი ძუო.

მოვიდა მრჩეველი ხელმწიფესთან და მოახსენა ყოველივე. ხელმწიფეს გაუხარდა და იკითხა:

— თუ იცი, იმათგან კარგი მონადირე რამდენი დადგებაო?

— მაჰარაჯა, არ ვიციო, — უპასუხა მრჩეველმა.

ხელმწიფემ სთხოვა, ესეც გამიგეო. სხვა რა გზა ჰქონდა მრჩეველს? ისევ მებაღესთან წავიდა და ჰკითხა, რაც ხელმწიფემ დააბარა.

— ბატონო, ორი ხვადი და ერთი ძუ საუკეთესონი იქნებიან, დანარჩენებს კი არა უშავთ რაო, — მიუგო მებაღემ.

დაბრუნდა მრჩეველი ხელმწიფესთან და ყოველივე მოახსენა. ხელმწიფეს ძალიან გაუხარდა:

— გამოდის რომ სამი მონადირე ძაღლი შემემატა. ნეტავი როგორ კვებავენ? რას აჭმევენ, ხომ არ იციო?

მრჩეველმა არ იცოდა, რას აჭმევდნენ. მაშინ ხელმწიფემ მეტისმეტად ალერსიანად სთხოვა:

— წადი ერთი და გამიგე, რას აჭმევენ, თორემ თუ კარგად არ გამოკვებეს, სუსტი ძაღლები გაიზრდებიანო.

უბედური მრჩეველი ისევ წავიდა მებაღესთან. იმან დაამშვიდა და უთხრა: ხელმწიფეს გადაეცი, ლეკვებს ისე ვაჭმევთ, როგორც საჭიროა-თქო. მრჩეველმა იგივე მოახსენა მეფეს.

— ეტყობა, მებაღე მცოდნე და გამოცდილი კაცია. ლეკვებს ისე აჭმევს, როგორც საჭიროა, ძალიან გამახარებ, თუ კიდევ ერთ რამეს მეტყვი. ამ კარგ ლეკვებში ერთი მაინც მურა ფერისა ხომ არ არის. მურა ძაღლი ძალიან მიყვარსო.

მრჩეველი ძალიან დაიღალა აქეთ-იქით სიარულით, მაგრამ რა უნდა ექნა, მებაღესთან ერთხელ კიდევ მოუხდა წასვლა. გაიგო, რომ არც ერთი ლეკვი მურა ფერისა არ იყო და ესეც მოახსენა ხელმწიფეს.

ხელმწიფეს ეწყინა და იკითხა:

— მაშ, რა ფერისანი არიანო? მრჩეველმა ისევ ვერაფერი უთხრა.

— ძალიან მინდა გავიგო, რა ფერის ლეკვებია და იმაში ერთი თუ მაინც არის ისეთი, მე რომ მომეწონოსო.

მრჩეველმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, ისევ წავიდა ბაღში, გაიგო ამბავი და მოახსენა ხელმწიფეს, რა ფერის ლეკვები იყო. ხელმწიფემ მადლობა გადაუხადა და ბოდიში მოუხადა შეწუხებისათვის.

გავიდა ცოტა ხანი. ხელმწიფეს გაახსენდა მოხუცი მრჩეველი და ითხოვა, მომგვარეთო. მოხუცი მრჩეველი მაშინვე ეახლა. ძველი მსახური ხელმწიფემ გულთბილად მიიღო, საუბარი გაუბა და ბოლოს უთხრა:

— რაკი მობრძანდით, ერთი სიკეთე მიყავითო.

— თქვენი სამსახური ჩემთვის დიდი ბედნიერება არისო, — მიუგო მრჩეველმა.

— სულ უბრალო საქმეა. ქალაქგარეთ, ბაღში, ძაღლი დამრჩა. კარგი იქნებოდა, წასულიყავით და იმისი ამბავი გაგეგოთო.

მოხუცი მრჩეველი მაშინვე წავიდა მებაღესთან და სთხოვა ძაღლი მაჩვენეო. მებაღემ დიდი პატივით მიიღო მოხუცი და ძაღლიც აჩვენა. მრჩეველმა ძაღლი და მისი ლეკვები კარგად დაათვალიერა, საჭმლის გეჯაში ჩაიხედა, რაც ნახა, ყველაფერი ჩაიწერა. სასახლეში რომ დაბრუნდა, ხელმწიფემ ჰკითხა:

— ძაღლი როგორ არისო?

— ყველაფერი წესრიგშია, მაჰარაჯა ლეკვები დაუყრიაო.

— ხომ არ მეტყვი, რამდენი ლეკვი დაუგდიაო?

— ხუთიო.

— ძუ რამდენია და ხვადი რამდენიო?

— სამი ხვადია და ორი ძუ.

ხელმწიფემ ჰკითხა, რას აჭმევენ ძაღლს, რა ფერისანი არიან ლეკვები და რა მონადირული ნირისაო. შეკითხვებზე მოხუცი მრჩეველი მაშინვე პასუხობდა. ბოლოს ხელმწიფემ ბაღისა და მებაღის ამბავიც იკითხა. მრჩეველმა ამაზე უპასუხა. მაშინ ხელმწიფე კარისკაცებს მიუბრუნდა და უთხრა:

— ჩამაცივდით, მოხუცი მრჩეველი გაუშვი და იმის ნაცვლად ახალგაზრდა დანიშნეო. ახლა, რაკი ორივეს თქვენი ყურით მოუსმინეთ, თვითონა თქვით, რომელი მრჩეველი უფრო გამომაგდგებაო.

კარისკაცებმა თავები ჩაჰკიდეს.

ხელმწიფემ ბრძანა მოხუცი მრჩეველი ისევ თავის ადგილზე დაებრუნებინათ. იმ დღიდან მოხუცი მრჩეველი ძველებურად მართავდა საქმეებს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button