ზღაპარისაბავშვო

ანდიტის ძე – ინდური ზღაპარი

კოშალის* (* კოშალი — ჩრდილო ინდოეთის უძველესი სახელმწიფო.) მეფის, პრაპიდის სასახლეში პოეტები და პანდიტები დიდ პატივში იყვნენ. კოშალის დიდებულთა შორის იყო ერთი პანდიტი, სახელად ვიდიადჰარი* (* ვიდიადჰარი — ცოდნის წყარო.) ვიდიადჰარის მამაც, პაპაცა და პაპის მამაც კარის პოეტები ყოფილან. მამის სიკვდილის შემდეგ მისი ადგილი ვიდიადჰარს დაუჭერია, მაგრამ თავისი ბრძენი მამისაგან მხოლოდ რამდენიმე ლექსის ცოდნა გამოჰყოლოდა, ეგ იყო და ეგ. პანდიტის შვილობა ხომ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენც სწავლული ხარ.

ვიდიადჰარის სიბრიყვემ თავი ვერ დამალა. კარის სხვა პანდიტებმა მალე გაიგეს მისი ფასი და გადაწყვიტეს, ვიდიადჰარის უვიცობა გამოეაშკარავებინათ.

ერთხელ, მეფე მარტო რომ დაიგულეს, პანდიტები მივიდნენ და უთხრეს:

— მაჰარაჯა! ეს კაცი ნამდვილი ბრიყვია. ვიდიადჰარი კი ჰქვია, მაგრამ ჭკუის ნატამალი არა აქვს; გამოსცადე, თორემ შენს კარზე იმისი ყოფნა დიდი სირცხვილი არისო!

მეფეს ძალიან გაუკვირდა. ვიდიადჰარის მამა სახელგანთქმული სწავლული იყო. თვითონ ვიდიადჰარისაც ჭეშმარიტი პანდიტივით ეჭირა თავი, საკმარისი იყო მხოლოდ მისი მაღალი შუბლისა და განუყრელი რურაკშას* (* რუდრაკშა «— ხე. ამ ხის ნაყოფის კურკებისაგან ამზადებენ კრიალოსანსა და საყურეებს. ასეთ სამკაულს ინდოეთში მხოლოდ ფაკირები და წმინდა საეკლესიო მოღვაწეები ხმარობენ.) კრიალოსნისათვის შეგეხედათ, რომ მის სწავლულობაში ეჭვი არ შეგეტანათ. და აი, მეფე პრაპიდმა ყველას თანდასწრებით ვიდიადჰარს ჰკითხა:

— ვიდიადჰარ-პანდიტო! ამას წინათ დავინახე, ხალხი კუს იჭერდა, ნეტავი რად უნდოდათ, შენ ხომ არ იციო?

ვიდიადჰარმა არც აცია, არც აცხელა და მეფეს მაშინვე მიახალა:

— მაჰარაჯა, საქმე იმაშია, რომ კუს ძალიან გემრიელი და სამკურნალო რძე აქვს. ხოლო მისი ბეწვისაგან ქაშმირულ შალებს ქსოვენო.

ამ პასუხის გაგონებაზე მეფემ გადაიხარხარა. მას მთელი სასახლე აჰყვა. მეფეს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ვიდიადჰარი, მართლაც, საოცარი ბრიყვი იყო, მაგრამ ხუმრობით ერთი შეკითხვა კიდევ მისცა:

— პანდიტის შვილო! ტბას რომ ცეცხლი წაეკიდოს, თევზები რას იზამენო?

— ხეზე ავლენო, — მიუგო ვიდიადჰარმა.

— კი მაგრამ, როგორაო? — სიცილს ძლივს იკავებდა მეფე.

— როგორ და ისე, როგორც ძროხები ადიანო.

მეფეს ულვაშებში ჩაეღიმა და თქვა:

— ვიდიადჰარს სასახლეში თავისი ადგილი შევუნახოთ, ოღონდ დღეიდან მთავარ ხუმარად დავნიშნოთ და პანდიტის ძე ვუწოდოთო.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button