ლიტერატურამოთხრობასხვადასხვა

ო ჰენრი – სიყვარულის მსხვერპლი

როცა ადამიანს უყვარს ხელოვნება, მას არავითარი მსხვერპლი არ ემძიმება. ასეთია ჩვენი წანამძღვარი. მოთხრობა გამოიტანს აქედან დასკვნას და ამავე დროს დაამტკიცებს თვითონ წანამძღვრის მცდარობას. ეს სრულიად ახალი ხერხი თხრობის ხელოვნებაში, რომელიც ჩინეთის დიდ კედელზე უფრო ძველია.

ჯო ლერები ეწვია წუთისოფელს შუა დასავლეთის მუხნარებით დაფარულ სივრცეებში და მასში იმთავითვე მხატვრობის უჩვეულო ნიჭმა იფეთქა. ექვსი წლის ასაკში დახატა თავისი ქალაქის წყალსატუმი, მის გვერდით აჩქარებული ნაბიჯით მიმავალი გამოჩენილი მოქალაქითურთ. ეს ქმნილება ჩარჩოში ჩასვეს და მოათავსეს აფთიაქის ფანჯარაში, სიმინდის ტაროს მეზობლად, რომელიც მარცვალთა რიგების კენტ რიცხვს შეიცავდა. ოცი წლისა კი გაემგზავრა ნიუ_იორკისაკენ, დაუდევრად შეკრული ხელსახვევით და უფრო საიმედოდ გაკრული ქისით.

დელია კარადერსი ისე ნიჭიერად ასრულებდა ექვსოქტავიან პიესებს როიალზე ფიჭვნარით გარშემორტყმულ სამხრეთის სოფელში, რომ ნათესავებმა შეუგროვეს საკმარისი თანხა “ჩრდილოეთში” წასასვლელად და მუსიკალური განათლების “დასასრულებლად”.

ისინი ვერ მოესწრნენ მის დასრულს მაგრამ სწორედ ეს უნდა გახდეს ჩვენი მოთხრობის საგანი.

ჯო და დელია შეხვდნენ ერთმანეთს სტუდიაში, სადაც თავი მოეყარათ მუსიკალური და სამხედრო სასწავლებლების მოწაფეებს, რომ ეკამათათ შუქჩრდილების, ვაგნერის, რემბრანტის სურათების, ვალდტოიფელის, შპალერების, შოპენისა და ულონგის შესახებ.

ჯოს და დელიას შეუყვარდათ ერთმანეთი, ან ერთიმეორე (როგორც უფრო მოგეწონოთ) და მალე ჯვარი დაიწერეს, რადგან (იხ. ზევით) როცა ადამიანს უყვარს ხელოვნება, მას არავითარი მსხვერპლი არ ემძიმება.

მისტერ და მისის ლერებიმ დაიბუდეს პატარა ბინაში, რომელიც ისე ობლად გამოიყურებოდა, როგორც მისი დიეზი კლავიატურის მარცხენა კუთხეში, და ბედნიერად იგრძნეს თავი, რადგან მათ ჰქონდათ თავიანთი ხელოვნება და ჰყავდათ ერთმანეთი. მე ვურჩევდი ყველა მდიდარ ახალგაზრდას გაყიდოს ყველაფერი, რაც გააჩნია, და დაურიგოს ღარიბებს, რომ შესძლოს ცხოვრება პატარა ბინაში, თავის ხელოვნებასა და თავის დელიასთან ერთად.

იაფი ბინების მცხოვრებლები დამიმოწმებენ, რომ მარტო მათი ბედნიერებაა ნამდვილი. თუ ოჯახი ბედნიერია, არ შეიძლება ბინა ვიწროდ მოგეჩვენოთ მაშინაც კი, როდესაც ბუფეტი იშლება და ბილიარდის მაგიდად გადაიქცევა, ბუხარი სავარჯიშო მოწყობილობის მაგივრობას ასრულებს, საწერი მაგიდა სტუმრებისთვის საწოლად იხმარება, პირსაბანი კი პიანინოდ. არაფერია, თუნდაც ოთხივე კედელი შეერთდეს, ოღონდ თქვენ და თქვენი დელია შიგ მოექცეთ; მაგრამ, თუ ოჯახი სხვანაირია, ბინა ფართოც, რომ იყოს და გრძელიც, ოქროს კარებშიც, რომ შეხვიდეთ და ქუდი კეთილი იმედის კონცხზე ჩამოჰკიდოთ, ბინა მაინც ვიწროდ მოგეჩვენებათ.

ჯო ხატავდა განთქმული მაჯისტერის კლასში. რაღა თქმა უნდა, გაგონილი გექნებათ მისი ქება.

მისი გაკვეთილების ფასი მაღალია და საკმაოდ საგრძნობი, სწავლების მეთოდი კი მსუბუქი და თითქმის შეუმჩნეველი. ამ მეთოდმა მას მქუხარე სახელი მოუხვეჭა. დელია სწავლობდა როზენშტოგთან. უეჭველია, ეს გვარიც გსმენიათ შორს გავარდნილია ამ როიალების მნგრეველის სახელი.

ერთი სიტყვით, ჯო და დელია უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ, სანამ ფული ჰქონდათ. ასე ბედნიერია ყველა… მაგრამ მე არ მინდა ცინიკოსი ვიყო. მათი მიზნები სრულიად ნათელი იყო და გარკვეული: ჯოს სულ მალე ისეთი სურათების ხატვა უნდა შესძლებოდა, რომლებისთვისაც მის სტუდიაში თხელწვერება და სქელსაფულეებიანი ჯენლტმენები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გამართავდნენ.

დელია კი ჯერ სავსებით უნდა დაუფლებოდა მუსიკას, მერე თავისი ძალა უნდა ეგრძნო ისე, რომ ერთი-ორ ცარიელ ლოჟას და პირველ რიგში რამდენიმე თავისუფალ სკამს რომ დაინახავდა, შესძლებოდა ყელი ასტკენოდა, საკუთარ სასადილო ოთახში ასთაკვებით დამტკბარიყო და გამოსვლაზე უარი ეთქვა.

მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ყველაზე კარგი იყო მაინც ოჯახური ცხოვრება ამ პატარა ბინაში. ცოცხალი, მგზნებარე საუბრები მთელი დღის მეცადინეობის შემდეგ, მყუდრო სადილები და მხიარული, მსუბუქი საუზმეები. პატივმოყვარე, მუდამ ერთიმეორეში გადახლართული ოცნებები, ერთმანეთის დახმარება და შთაგონება და, მაპატიეთ სიმარტივე, ზეთის ხილი და ყველიანი ბუტერბროდები საგამოს თერთმეტზე.

მაგრამ მალე ხელოვნებამ ჭკნობა დაიწყო. უხეში ხალხის თქმისა არ იყოს, ყველაფერი გამოდიოდა სახლიდან და აღარაფერი შემოდიოდა. აღარ ჰყოფნიდათ ფული, რომ მისტერ მაჯისტერის და ჰერ როზენშტოკის გაკვეთილების ფასი ეხადათ. როცა ადამიანს უყვარს ხელოვნება, მას არავითარი მსხვერპლი არ ემძიმება. ამიტომ დელიამ გამოაცხადა, რომ მუსიკის მასწავლებლობას დაიწყებს და ამით ოჯახს ცარიელი ტაფების საშიშროებისაგან იხსნის.

რამდენიმე დღე დელიამ მოწაფეების ძებნაში გაატარა. ერთ საღამოს გახარებული დაბრუნდა შინ.

-ჯო, საყვარელო – თქვა მან სიამაყით და აღტაცებით – მოწაფე ვიშოვე… იცი, რა საყვარელი ხალხია. გენერალ ა.ბ. პინქნეის ქალიშვილია. სამოცდამეთერთმეტე ქუჩაზე. რა ბრწყინვალე სახლია, ჯო! ისეთი სადარბაზო კარები აქვს! შენ იტყოდი, ალბათ, ბიზანტიური სტილისააო. შიგნით კი, ოჰ, ჯო! ჩემს დღეში არაფერი მინახავს ამის მსგავსი. მოწაფეს კლემენტინა ჰქვია. ისეთი ლამაზია! ყოველთვის თეთრები აცვია. მერე ისე კარგად, ისე უბრალოდ იქცევა. ჯერ 18 წლისაა. კვირაში სამი გაკვეთილი უნდა ჩაუტარო, და, წარმოიდგინე, ჯო, თითო გაკვეთილში ხუთ დოლლარს მივიღებ. მე ეს სრულებითაც არ მამძიმებს. კიდევ ორიოდე მოწაფეს, რომ ვიშოვნი, შემეძლება ჰერ როზენშტოქთან გაკვეთილები განვაახლი. აბა ახლა შუბლი გაშალე, გენაცვალე, და მოდი მხიარულად ვივახშმოთ.

-შენთვის ადვილია ამაზე ლაპარაკი – თქვა ჯომ და დანით ცერცვის კონსერვებს შეუტია – მაგრამ, აბა ერთი მე მკითხე. ნუთუ გგონია მოვითმენ, შენ ფულის საშოვნელად ირბინო, მე კი მაღალი ხელოვნების სფეროში ვინავარდო! არა, ბენვენუტო ჩელვინის ძვლებსა ვფიცავარ! ვფიქრობ, მეც შევძლებ გაზეთების გაყიდვას, ან ქუჩის მოკირწყლვას და ერთი-ორ დოლლარს მაინც შემოვიტან სახლში.

დელია მივიდა და კისერზე მოეხვია.

– ჯო, გენაცვალე, რა სულელი ხარ. აუცილებლად უნდა განაგრძო სწავლა. შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს უკვე თავი დამენებებინოს მუსიკისთვის და სხვა რაღაცას ვაკეთებდე. რომ ვასწავლი, მე თვითონაც ვსწავლობ. მუსიკას არ ვშორდები. იცი, ისე ბედნიერად შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენი თხუთმეტი დოლარით კვირაში, როგორც ნამდვილმა მილიონერებმა. აზრადაც ნუ მოგივა მაჯისტერის დატოვება.

-კარგი – თქვა ჯომ და ბოსტნეულიან ლურჯ დაკბილულ სინს მისწვდა. – სულაც არ მომწონს, რომ მუსიკას ასწავლი. ეს ხომ ხელოვნება აღარ არის. მაგრამ რა საყვარელი გოგონა ხარ, რომ ამას აკეთებ, დელ!

-როცა ადამიანს უყვარს ხელოვნება, მას არავითარი მსხვერპლი არ ემძიმება – თქვა დელიამ.

– მაჯისტერმა მომიწონა ცა იმ ესკიზში, პარკში რომ დავხატე – თქვა ჯომ – ტინკლმა კი ნება მომცა ორი ესკიზი მისი მაღაზიის ფანჯარაში გამოვფინო. იქნებ ბედმა გაგვიღიმოს და ერთი მაინც გავყიდო, რომელიმე ფულიან იდიოტს თუ მოხვდა თვალში.

-დარწმუნებული ვარ, რომ გაყიდი-თქვა დელიამ ტკბილად-ახლა კი გენერალ პინქნეისა და ხბოს მწვადისთვისაც ბედის მადლიერი ვიყოთ.

მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში ისინი უჩვეულოდ ადრე საუზმობდნენ.

ჯო გატაცებული იყო დილის განათების ეფექტით და აკეთებდა ესკიზებს ცენტრალურ პარკში. დელია ასაუზმებდა ხოლმე მას, მოეფერებოდა, შეაქებდა, აკოცებდა და ისე გაისტუმრებდა დილის შვიდ საათზე. ხელოვნება მიმზიდველი ქალბატონია. ამიტომაც ჯო თითქმის ყოველთვის საღამოს შვიდისთვის ბრუნდებოდა.

კვირის ბოლოს, სინაზით და სიამაყით აღსავსე, თუმცა დაღლილმა, დელიამ სადღესასწაულო ისერით დააგდო სამი ხუთ დოლარიანი ასიგნაცია რვა მტკაველი სიგანის და ათი მტკაველი სიგრძის მაგიდაზე, რომელიც იდგა რვა არშინის სიგანისა და ათი არშინის სიგრძის სასტუმრო ოთახში.

-ზოგჯერ-თქვა მან ოდნავ დაღლილი ხმით-კლემენტინა მაწვალებს ხოლმე. მე მგონი საკმარისად არ ვარჯიშობს და იძულებული ვხდები ერთი და იგივე ხშირად გავიმეორო! მერე სულ თეთრებშია გამოწყობილი ყოველთვის და ხომ მოგბეზრდება ბოლოს და ბოლოს. სამაგიეროდ გენერალი პინქნეი საუცხოო მოხუცია. ნეტა იცნობდე, ჯო! ხანდახან შემოვა ხოლმე, როცა მე და კლემენტინა პიანინოსთან ვზივართ, ხომ იცი, ქვრივია, დადგება და თავის თეთრ წვერს აწვალებს. მერე ყოველთვის იკითხავს ხოლმე როგორ არიან თქვენი მერვედები და მეთექვსმეტედები? ნეტა მათი სასტუმრო ოთახის პანელი და აღმოსავლური ფარდები განახა, ჯო! კლემენტინას ისეთი სასაცილო ჩვეულება აქვს. წამდაუწუმ ჩაახველებს ხოლმე. იმედი მაქვს უფრო ჯანმრთელია სინამდვილეში, ვიდრე ჩანს. თანდათან ვატყობ, მართლაც შემიყვარდა. ისეთი სათუთი და ზრდილობიანია. გენერალ პინქნეის ძმა ერთ ხანს ბოლივიაში ყოფილა ელჩად.

მაშინ ჯომ გრაფ მონტე კრისტოს იერით ამოალაგა ჯიბიდან ჯერ ათი, მერე ხუთი, მერე ორი, მერე ერთი დოლარიანი ნამდვილი, კანონიერი ასიგნაციები და დააწყო მაგიდაზე დელიას მონაგარის გვერდით.

-ობელისკიანი აკვარელი მივყიდე ერთ პეორიელს-განაცხადა მან – ტინკლეს ვიტრინაზე ნახა ჩემი სკეჩი. ჯერ ქარის წისქვილი ეგონა. მაგრამ, უკან არ დაიხია მაგრამ მაინც იყიდა. მეორეც შემიკვეთა, ლაკავანას საბარგო სადგური. უნდა, რომ თან წაიღოს პეორიაში. მუსიკის სწავლება კი მაინც ხელოვნებაა, დელ.

-როგორ მიხარია, რომ თავი არ დაანებე შენს საქმეს-თქვა დელიამ გულიანად – შენ ნამდვილად გაიმარჯვებ, საყვარელო. ოცდაცამეტი დოლარი. ჯერ ხომ არასოდეს გვქონია ამდენი. ვახშმად ლოკოკინები ვიყიდოთ.

-და შემწვარი სუკი ქამა სოკოთი-თქვა ჯომ -ზეთისხილის ჩანგალი რა იქნა?

შემდეგ შაბათს პირველი ჯო დაბრუნდა შინ, დააწყო მოტანილი თვრამეტი დოლარი სასადილო მაგიდაზე და გადაიბანა ხელებიდან რაღაცა ძალიან შავი, ალბათ ზეთის საღებავი. ნახევარ საათში დელიაც მოვიდა. მარჯვენა ხელზე ჩვრების და სახვევების უფორმო მასა ჰქონდა შემოხვეული.

-რა მოგივიდა?- იკითხა ჯომ ჩვეულებრივი მიგებების შემდეგ. დელიამ გაიცინა, მაგრამ არცთუ ძალიან მხიარულად.

– კლემენტინამ ყველიან ყიყლიყოებზე დამპატიჟა გაკვეთილის შემდეგ-განმარტა დელიამ-რა უცნაური ბავშვია. სად გაგონილა ყიყლიყოს ჭამა საღამოს ხუთ საათზე? გენერალიც იქ იყო. უნდა გენახა, როგორ გაიქცა ტაფის მოსატანად. თითქოს მოსამსახურე არა ჰყავდეთ. კლემენტინა ისეთი სუსტია და ნერვიული. სუფრას რომ შლიდა, ცხელი ყიყლიყო მაჯაზე გადამასხა. საშინლად მეტკინა, ჯო. საწყალი გოგონა შეწუხდა, გენერალი კი, ეს მოხუცი კაცი, კინაღამ გაგიჯდა. გავარდა ოთახიდან ქვედა სართულში და აფთიაქში გაგზავნა ვიღაცა, ცეცხლფარეში იყო თუ სხვა რომელიღაც მოსამსახურე, ზეთის და სახვევების მოსატანად. ახლა ისე აღარ მტკივა.

-ეს რა არის?- იკითხა ჯომ, ნაზად აიღო დელიას ხელი და სახვევის ქვეშიდან რაღაც თეთრი ნაჭრები ამოაძრო.

-რბილი რაღაცაა,- თქვა დელიამ. – ზეთით იყო გაჟღენთილი. ო, ჯო, მეორე სურათიც გაყიდე? – მან მაგიდაზე ფული დაინახა.

-გავყიდე, -თქვა ჯომ, -აბა წადი და პეორეალს ჰკითხე. დღეს ჩემი სადგური წაიღო და დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ მგონი უნდა კიდევ ჰუდზონის ხედი და პარკის სურათი შემიკვეთოს. ხელი რომელ საათზე დაიწვი, დელ?

-მგონი ხუთი იყო, -თქვა დელიამ საწყლად, – უთო. . . ყიყილიყო უნდა მთქვა, სწორედ მზად იყო და . . . ჯო, უნდა გენახა გენერალ ინქნეი, როცა. . .

– მოდი, დელ, ერთი წუთით ჩემთან დაჯექი, – თქვა ჯომ, ტახტთან მიიყვანა, თვითონ გვერდით მიუჯდა და მხრებზე ხელი შემოჰხვია.

– რას აკეთებდი ამ ორი კვირის განმავლობაში? – იკითხა მან.

რამდენიმე წუთს დელია სიყვარულით და სიჯიუტით სავსე თვალებით პირდაპირ უყურებდა ჯოს, მერე სუსტი ხმით წაიბურტყუნა რაგაცა გენერალ პინქნეის შესახებ, ბოლოს თავი დახარა და ცრემლებთან ერთად სიმართლე გამოჩნდა.

-მოწაფეები ვერ ვიშოვე, – გამოტყდა დელია. – ვერ ავიტანე აზრი, რომ მხატვრობას თავი უნდა დაანებო და პერანგების დაუთოვება დავიწყე. იმ დიდ სამრეცხაოში მოვეწყე, ოცდამეოთხე ქუჩაზე. ხომ კარგი ვქენი, რომ გენერალი პინქნეი და კლემენტინა მოვიგონე. დღესაც სამრეცხაოში ერთმა გოგონამ ცხელი უთო, რომ დამადგა ხელზე, მას აქეთ სულ კლემენტინას და ყველიანი ყიყლიყოს ამბავს ვთხზავ. ხომ არ მიჯავრდები, არა, ჯო? სამუშაო, რომ არ მეშოვნა, ხომ ვერ მიჰყიდდი სურათებს იმ პეორიელს?

-ის პეორიელი არ ყოფიალ-თქვა ჯომ ნაზად.

– სულ ერთია, სადაურიც უნდა ყოფილიყო. ჭკვიანი ხარ, ჯო… და … მაკოცე, ჯო, და .. რატომ შეგეპარა ეჭვი, რომ კლემენტინას მუსიკას არ ვასწავლი? საიდან მიხვდი?

-დღევანდლამდე არც შემპარვია და ვერც მივხვდებოდი, დღეს კი მე თვითონ გავზავნე სამანქანე განყოფილებიდან ის ჩვარი და ზეთი გოგოსთვის, რომელმაც უთოზე ხელი დაიწვა. უკვე ორი კვირაა, რაც ცეცხლფარეშად ვმუშაობ ამ სამრეცხაოში.

-მაშ შენ არ. .

-ჩემი პეორიელი-თქვა ჯომ-და გენერალი პინქნეი ერთი ტიპის ხელოვნების ნაწარმოებია, რომელსაც ვერც მხატვრობას დავარქმევთ, ვერც მუსიკას.
მერე ორივემ გაიცინა და ჯომ დაიწყო. . -როცა ადამიანს უყვარს ხელოვნება, მას არავითარი მსხვერპლი არ.

დელიამ ტუჩებზე ხელი დააფარა. არა – თქვა მან – უბრალოდ, როცა ადამიანს უყვარს.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button