
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – წინად შენი სპეტაკი გზა ..
წინად შენი სპეტაკი გზა
და ვარდები ფეხით სთელეს,
მერე ვითომ შერცხვათ ცოტა
და ჩანგს მისწვდნენ უგულწრფელესს.
კარგი, კმარა, ვინ არ ხედავს –
ეს სიმორცხვე ამაოა –
მას ზეიმი დაერქმევა
და დამარხვა კი გამოვა.
დამფასებლის სამოსელში
გაეხვევა მტრების ჯარი,
მაგრამ მათი ღრიანცელი
ცინიზმია საზიზღარი!
ანგარიშში სცდება მტერი,
როს მღერის და გულში ღრინავს –
მას არ სძინავს არასოდეს,
მაგრამ ეხლა არც მე მძინავს.