ლიტერატურამოთხრობა

ედგარ ალან პო – შავი კატა

ეძღვნება ყველა იმ ადამიანს,
რომლებიც მიყვარდა და მოვკალი…

თქვენ არ აპირებთ დაიჯეროთ აქ მოთხრობილი ამბავი. მაგრამ ეს სიმართლეა, ისევე, როგორც ის, რომ მე ახლა ვზივარ და ამ მოთხრობას ვწერ. ისევე მართალი, როგორც მე მოვკვდები დილით. ამ მოთხრობის დასასრული იქნება ჩემი დასასრული ხვალ დილით.
ყოველთვის კეთილი და კარგი ადამიანი ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ ცხოველები ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა. ჯერ კიდევ ჩემი მშობლების სახლი იყო სავსე შინაური ცხოველებით და ჩემი ბავშვობის ნახევარი მათ დაბანასა და გამოკვებაში მაქვს დახარჯული.
ახალგაზრდა დავქორწინდი და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემს ცოლსაც ჩვენი მეგობარი ცხოველები ჩემსავით უყვარდა. მეტიც, ჩვენი სახლი მან სხვადასხვა სახეობის ოქროს თევზებით, ჩიტებითა და ძაღლებით გაავსო. ერთი კატაც მოიყვანა, ძალიან დიდი და ლამაზი. კატა მთლიანად შავი იყო, ერთი თეთრი ბეწვიც კი არ ჰქონდა და იმდენად ჭკვიანი, რომ ჩემი ცოლი მისი შემხედვარე დასცინოდა ხალხს, რომელთაც აწუხებდათ ცრურწმენა თითქოს შავი კატები ეშმაკისეულები არიან და მათ სხეულში ეშმაკი ცხოვრობს.
კატას პლუტო ერქვა. ეს კატა ჩემი რჩეული გახდა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე დამყვებოდა და თუკი არ ავუკრძალავდი მთელს ქალაქსაც მოივლიდა ჩემთან ერთად. ყოველთვის მე ვაჭმევდი, ჩემი ხელიდან და წლების განმავლობაში ვიყავით განუყრელი მეგობრები.
თუმცა ამ წლების განმავლობაში მე კატისაგან განსხვავებით ნელ-ნელა ვიცვლებოდი. ჩემს ცვლილებებსაც ცრურწმენებით შეპყრობილი ადამიანები სასმელს მიაწერდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ აღარ ვიყავი ისეთი კეთილი და კარგი, როგორც ადრე. სწორედ ამ ადამიანთა გამო თანდათან ეგოისტიც გავხდი. მერე უმნიშვნელო ამბებზეც ვბრაზდებოდი და ბოლოს გინებაც დავიწყე, ძირითადად ჩემი ცოლის მისამართით. ზოგჯერ ვცემდი კიდეც მას. უფრო ხშირად ცხოველებს ვცემდი, მაგრამ პლუტოს არასოდეს. თანდათან ეს ავადმყოფობა მიძლიერდებოდა. რა თქმა უნდა სმაც ავადმყოფობაა მითუმეტეს თუკი ცრუმორწმუნეებს დავუჯერებთ.
სიმთვრალის მიუხედავად ძალიან კარგად მახსოვს ის დღე როდესაც პლუტოც ვცემე. გვიან ღამით მივედი სახლში და ვერაფრით გამეგო პლუტოს რატომ არ გაუხარდა ჩემი დანახვა. ის მოშორებით დადგა ჩემგან და თავს მარიდებდა. ჩემს პლუტოს ჩემი დანახვა არ უნდოდა. მივედი მასთან, ორივე ხელით ზემოთ ავწიე. მხოლოდ მაგრად მეჭირა და ვუყურებდი. მან კი თათი ხელზე დამარტყა. მაშინ თითქოს მართლა სხვა ჩასახლდა ჩემს სხეულში, ეშმაკი, ვიღაც შეშლილი სიმთვალისაგან თუ ბოღმისაგან. ჯიბიდან დანა ამოვიღე, კისერში წავავლე ხელი პუტოს და თვალი ამოვაცალე.
მეორე დილით, როცა გავიღვიძე სხეული მტკიოდა და თითქოს მთელი არსებით სავსე ვიყავი ტკივილითა და საშინელებით. მართლა ვწუხდი. ვერ გამეგო რატომ ჩავიდინე ასეთი რამ. თუმცა ისევ სასმელმა მიშველა, რომ მალე დამვიწყებოდა.
ნელ-ნელა კატაც გამოჯანმრთელდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ტკივილსაც აღარ გრძნობდა, მხოლოდ თვალის ადგილას საზიზღარი გამომშრალი ორმო ჰქონდა. სახლის გარშემო დაძრწოდა და მხოლოდ ხანდახან თუ შემოდიოდა შიგნით. ჩემთან აღარსოდეს მოდიოდა და თუკი მივუახლოვდებოდი ჩხავილით გარბოდა.
მივხვდი, რომ აღარ ვუყვარდი. თავიდან მოვიწყინე კიდეც ამის გამო, შემდეგ გავბრაზდი და კიდევ სხვა საშინელი რაღაცეები ჩავიდინე . . . .
ის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. არ შემეძლო გავჩერებულიყავი. ამ საშინელებებს სევდითაც კი ჩავდიოდა, რადგან ვიცოდი კატა ნამდვილად ეშმაკი იყო და სწორედ ეს იყო მიზეზი ყველა იმ საშინელების რაც გავაკეთე. აბა სხვანაირად როგორ უნდა მოექცე ეშმაკს? ამიტომაც დავიჭირე კატა და კისრით ჩამოვკიდე ხეზე და იქ დავტოვე სანამ არ მოკვდა.
იმ ღამეს, როდესაც უეცრად გამოვიღვიძე აღმოვაჩინე რომ ჩემს საწოლს ცეცხლი ეკიდა. გარედ კი ცრუმორწმუნეები ღრიალებდნენ -ხანძარი!
მე, ჩემი ცოლი და მსახური საკმარისად იღბლიანები აღმოვჩნდით და ცეცხლმოკიდებულ სახლს თავი დავაღწიეთ. ვიდექით და ვუყურებდით სახლს რომელიც ცეცხლის ალში გახვეული მიწაზე წვებოდა.
დილით აღარაფერი იყო დარჩენილი შენობისგან. ყველა კედელი ჩამონგრეული ღამის განმავლობაში, გარდა ერთისა. ის კედელი სახლის შუაგულში იყო. მაშინვე მივხვდი ის კედელი რატომ გადარჩა, მასზე ახალი, ჯერ ისევ სველი ბათქაში იყო. კედლის წინ ხალხი შეკრებილიყო და საუბრობდნენ. აღელვებულები მომეჩვენენ, მივუახლოვდი და რაკი ხალხის სიმრავლის გამო შეუძლებელი იყო კედელთან ახლოს მისვლა . მხრებს შორის ვცადე დამენახა რამ ააღელვა ცრუმორწმუნეები.
თეთრ ბათქაშზე შავი ჩონჩხი ჩანდა. ეს იყო ჩონჩხი დიდი კატის, რომელიც კისრით იყო ჩამოკიდული.
თავიდან შიშმაც კი ამიტანა და ეს ყველაფერი ნამდვილ საშინელებად მომეჩვენა, თუმცა სულ რამდენიმე წუთის შემდეგ ნათლად აზროვნების უნარი დამიბრუნდა და რაღა თქმა უნდა მივხვდი რა უნდოდა კატის შავ ჩონჩხს თეთრ ბათქაშზე.
არანაირი საოცრება. როდესაც ხანძარი გაჩნდა ეზო ხომ ხალხით იყო სავსე. ერთ ერთმა მათგანმა გადაწყვიტა ჩემი გაღვიძება. ამიტომ ალბათ მკვდარი კატა ხიდან ჩამოხსნა და ფანჯარაში შემომიგდო. ჩამონგრეულმა კედლებსა და ახალ ბათქაშს შორის მოექცა კატა და მისი სხეული მთლიანად დაიწვა, ჩონჩხი კი ბათქაშზე დარჩა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი რომ ასე მოხდა.
თუმცა მიუხედავად ამისა მაინც რამდენიმე თვე მელანდებოდა შავი ჩონჩხი და სიზმრებშიც არ მასვენებდა. თანდათან ისიც აღმოვაჩინე რომ ყველაზე მეტად სწორედ კატის დაკარგვას განვიცდიდი და მეტს არაფერს. ამიტომაც შავი კატის ძებნა დავიწყე.
ვეძებდი ქალაქის ყველა იმ ღარიბულსა და ჭუჭყიან კუთხეში, სადაც მთვრალი დავეხეტებოდი. ვეძებდი შავ კატას, ოღონდ ზუსტად იმ ზომისას, როგორიც პლუტო იყო.
ერთ ღამეს სიბნელეში ვიჯექი ჭუჭყიან დუქანში, უცებ დავინახე, რომ შავმა ჩრდილმა გაირბინა ბუფეტზე ღვინის ბოთლებს შორის. არადა ამ ღვინის ბოთლებს რამდენიმე წუთი მივშტერებოდი და ეს შავი არსება არსაიდან მოსულა უბრალოდ გაჩნდა იქ.
ავდექი და ბუფეტს მივუახლოვდი, რომ სიბნელეში გამერჩია რა დავინახე. შავი ჩრდილი ისევ გამოჩნდა. ორივე ხელით დავიჭირე და დავინახე დიდ შავი კატა. ზუსტად იმ ზომის, როგორიც პლუტო იყო. პლუტოსგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებდა მკერდზე თეთრი ბეწვით თითქოს რაღაც ფიგურა ქონდა გამოსახული. როდესაც დავიჭირე თავი მომადო ხელზე, არ გაწეულა. ეს ზუსტად ის ცხოველი იყო რომელსაც ვეძებდი. მივხვდი რომ არ გამექცეოდა. ხელი გავუშვი და დუქნიდან გამოვედი. მთელი გზა უხმოდ მომყვებოდა უკან. როდესაც სახლში მივედით, ისე შემომყვა შინ. მერე უეცრად ყველაზე კომფორტულ სკამზე ახტა და დაიძინა.
სულ მალე ის არა მარტო ჩემი არამედ ჩემი ცოლის საყვარელი ცხოველიც გახდა.
თუმცა მე სულ რამდენიმე კვირის შემდეგ კატა აღარ მომწონდა. მაღიზიანებდა ის ძლიერი სიყვარული, რომელსაც ეს ცხოველი ამჟღავნებდა ჩემს მიმართ და თან სრულიად დაუმსახურებლად. სულ მალე კატა შემზიზღდა კიდეც. თუმცა არასოდეს ვყოფილვარ მის მიმართ აგრესიული და ზომაზე მეტად ფრთხილადაც ვექცეოდი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც კატა მძულდა მისი ცალი თვალი იყო. ეს იმ ღამესვე შევნიშნე, როდესაც სახლში მოვიყვანე. და ზუსტად იმ ცალი ამოგდებული თვალის გამო, რომლისთვისაც მე კატა მძულდა ჩემს ცოლს უფრო მეტად უყვარდებოდა იგი.
დღითი დღე უფრო მეტად მიჭირდა ამ ზიზღის დაფარვა და მე რაც უფრო მემატებოდა სიძულვილი მით უფრო მეტ სიყვარულს ამჟღავნებდა კატა ჩემს მიმართ. დამყვებოდა ყველგან, მიძვრებოდა ფეხებში, ჩემი სკამის ქვეშ ჯდებოდა და მუხლებზე ამიხტომასაც კი ცდილობდა. ამ დროს ყოველთვის მისი მოკვლის სურვილი მიჩნდებოდა. მაგრამ ამას არ ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ, რომ პლუტო მახსოვდა, ან იქნებ იმიტომ, რომ ცხოველის მეშინოდა.
რატომ მეშინოდა? არა ეს რა თქმა უნდა არ იყო რაღაც ეშმაკეულის შიში, უბრალოდ უცნაური შიში იყო რომელიც ზიზღიდან წამოვიდა და ისევ ზიზღში გადადიოდა.
რამდენჯერმე ჩემმა ცოლმა კატის გულზე თეთრი ბეწვებით დახატულ ფიგურაზე დამაკვირვა. ის ამბობდა, რომ ბეწვით ყოველ დღე ახალი ფიგულა იხატებოდა. რა თქმა უნდა ეს სისულელე არ დამიჯერებია. . . თუმცა მაინც ხშირ ხშირად ვაპარებდი თვალს თეთრი ბეწვისკენ და რამდენიმე კვირის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სიმართლე იყო. . . საბოლოოდ თეთრი ბეწვებით ტკივილისა და სიკვდილის მანქანა სახრჩობელა დაიხატა.
ამ დღის შემდეგ საბოლოოდ დავივიწყე რა იყო სიმშვიდე. კატა კი ერთი წუთითაც აღარ მტოვებდა. ღამით კი ყოველ საათში მაღვიძებდა. კოშმარული სიზმრებიდან ვფხიზლდებოდი არანაკლებ კოშმარულ რეალობაში: ის იჯდა ჩემს წინ, მომშტერებოდა სახეში და თავისი მძიმე სხეულით თითქოს გულზე მაწვებოდა.
გარშემო მძულდა ყველა და ყველაფერი. აღარფერი კარგი აღარ დარჩენილიყო ცხოვრებაში. მძულდა ცოლიც, რომელსაც ცალთვალა კატა უყვარდა.
ერთ დღეს ცოლი სარდაფში ჩამომტვა შეში დასაჩეხად (ჩვენ უკვე საკმაოდ ღარიბები ვიყავით და მსახურიც აღარ გვყავდა) კატაც რა თქმა უნდა ჩამოგვყვა და ისე გამებლანდა ფეხებში ლამის კიბიდან დამაგორა. ისე მომეშალა ნერვები, რომ ნაჯახი მოვიქნიე, შუაზე უნდა გამეპო, მაგრამ ცოლმა ხელი დამიჭირა და ნაჯახიც დამივარდა. ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა, ნაჯახი ავიღე და ცოლს ჩავარტყი თავში.
გვამს სახლში ვერ გავაჩერებდი, მითუმეტეს რომ მეზობელმა მგონი ყველაფერი დაინახა. თავდაპირველად ვიფიქრე ნაწილ-ნაწილ დავჭრი და ისე დავმარხავ სარდაფის ქვეშ მეთქი. მერე მდინარეში გადაგდებაც ვიფიქრე. საბოლოოდ კი გადავწყვიტე სარდაფის ერთ-ერთ კედელში ჩამემარხა.
შენობა მდინარესთან ახლოს იყო. კედლებო ოდნავ ნესტიანი, თუმცა ერთ –ერთი კედელი საკმაოდ მყარად იდგა და სქელიც იყო და იმ კედლის შუაგულში შესანიშნავი ადგილი იყო გვამისათვის.
არც ისე ძნელი აღმოჩნდა. კედელი ოდნავ გამოვანგრიე, ქვები ამოვაცალე. ჩემი ცოლი მოვათავსე, მერე ქვები მივაყარე და ახალი ბათქაშიც გადავუსვი. ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა. სარდაფიც გავასუფთავე და ირგვლივ რომ მიმოვიხედე დავრწმუნდი ვერავინ აიღებდა ეჭვს.
კიბეებზე ავედი რომ კატა მომეძებნა და მომეკლა. სწორედ მას მოჰქონდა ჩემთვის ეს ცუდი იღბალი. ყველგან ვეძებე, მაგრამ არსად იყო. რა თქმა უნდა ჭკვიანი ცხოველი გამერიდა მას მერე რაც ცოლი მოვკალი.
მთელი ღამე ვუცდიდი, მაგრამ ის ეშმაკისეული არ გამოჩენილა. ამის გამო მშვიდად მეძინა იმ ღამეს. აღარვინ მაღვიძებდა ყოველ საათში. არც შემდეგ დღეებში გამოჩენილა და ვერც კი წარმოიდგენთ რა ბედნიერად ვგრძნობდი თავს მის გარეშე. დიახ, სწორედ ის იყო ყველა ჩემი უბედურების მიზეზი. მის გარეშე ნამდვილი თავისუფელი ადამიანი გავხდი -აღარანაირი კატა! აღარასოდეს!
რამდენიმე ადამიანმა ცოლის შესახებაც მკითხა, მაგრამ იოლად ვიშორებდი მათ, სანამ მეოთხე დღეს პოლიცია არ მოვიდა. არ ვღელავდი, როცა სახლს ჩხრეკდნენ, მშვიდად დავყვებოდი უკან. ბოლოს სარდაფშიც ჩავიდნენ. ცოტა შემეშინდა, მაგრამ იქაც ჩავყევი.
რა თქმა უნდა ვერაფერი იპოვეს და წასასვლელად გაემზადნენ. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, რაღაც სისულელეებს. “კარგ დღეს გისურვებთ ბატონებო. რა კარგად აშენებული ძველი სახლია არა? არადა ძალიან ძველია და ისეთი მაგარი კედლები აქვს, აი ნახეთ “ და ზუსტად იმ კედელს მივარტყი მუშტი, რომლის შიგნითაც ჩემი ცოლის გვამი იყო. ჩემი მუშტის პასუხად კედლიდან ბავშვის ტირილის მსგავსი ხმა გაისმა. მთლიანად ამიტანა შიშმა და ტკივილმა. წასასვლელად გამზადებული პოლიციელები საფეხურზე შეჩერდნენ და პირები დააღეს. უეცრად ყველანი კვლავ დაეშვნენ კიბეზე და კედელი გამონგრიეს ისე სწრაფად, რომ ვერაფერი მოვასწარი.
ჩემი ცოლის თავი მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. თავზე კი კატა ეჯდა, სისხლში ამოსვრილი პირი დაეღო და განმგმირავად ყვიროდა. ცალი თვალი კი ცეცხლისფრად უელავდა.
ჭკვიანი ცხოველი!
ჩემი ცოლი ხომ მის გამო მოკვდა და ახლა ეს ეშმაკისეული თავისი ჩხავილით მეც სახრჩობელისკენ მისტუმრებდა.

ლიტერატურული ჟურნალიდან “ურაკპარაკი”

თარგმანი ლიკა საჯაიასი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button