ლიტერატურამოთხრობა

რიუნოსკე აკუტაგავა – უცნაური შემთხვევა

ერთ საღამოს მე და ჩემი ძველი მეგობარი მურაკამი გინძაზე ვსეირნობდით.

სრულიად მოულოდნელად, მურაკამიმ საუბარში თავისი და ახსენა, ტიეკო, სასებოში რომ ცხოვრობდა.

_ ამას წინათ ტიეკოს წერილი მივიღე. მოკითხვას გითვლის.

_ ხომ კარგად არის ქალბატონი ტიეკო?

_ კი. ამ ბოლო დროს მთლად გამოჯანმრთელდა. აი, ტოკიოში რომ ცხოვრობდა, მაშინ ვერ იყო კარგად, ძალიან ღალატობდა ნერვები. იმ ხანებში არ შეგხვედრია?

_ როგორ არა, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია.

_ როგორ ვერ შეატყვე? შეშლილსა ჰგავდა. ხან იცინოდა, ხან ტიროდა. ძალიან უცნაური ამბავი გადახდა თავს.

_ უცნაური ამბავი?

_ მოდი, კაფეში შევიდეთ და მოგიყვებით, მითხრა მურაკამიმ და მინის კარს უბიძგა. შევედით და მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. მაგიდა ფანჯარასთან იდგა, საიდანაც მთელი ქუჩა მოჩანდა.

_ კი! რა შეემთხვა, შენთვის არ მომიყოლია? სასებოში მიამბო.

როგორც მოგეხსენებათ, ტიეკოს ქმარი ფლოტის ოფიცერი იყო. ომის დროს იმათი ჯავშნოსანი ხმელთაშუა ზღვაზე გაგზავნეს. ტიეკო ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ომი უკვე თავდებოდა, რომ ტიეკოს საშინლად აეწეწა ნერვები. მთავარი მიზეზი, რასაკვირველია, ის იყო, რომ ქმრისა არაფერი იცოდა. ადრე ყოველკვირა მოდიოდა წერილი, მერე მოულოდნელად შეწყდა და ქალი ლამის გადაირია. სულ ექვსი თვის დაქორწინებულები იყვნენ, როცა ჩემი სიძე ომში წაიყვანეს და ტიეკოსათვის ბარათის მიღება დღესასწაული იყო. შენ ხომ მიცნობ, როგორი მოურიდებელი და დამცინავი კაცი ვარ, მაგრამ ტიეკოს ისე ახარებდა ყოველი ბარათი, ენა არ მიტრიალდებოდა დასაცინად.

აი, სწორედ იმ ხანებში მოხდა ის უცნაური ამბავი. ერთხელ… კიგესენცუს დღესასწაული იყო… მახსოვს, ცივი ამინდები დაიჭირა, იმ დღეს კი დილიდან კოკისპირულად წვიმდა. ჰოდა, იმ დღეს ტიეკომ გამოგვიცხადა, კამაკურაში უნდა გავემგზავრო, კარგა ხანია აღარ ვყოფილვარო. კამაკურაში ტიეკოს სკოლის ამხანაგი ცხოვრობდა, ვიღაც იქაურ საქმოსანზე იყო გათხოვილი და ტიეკო იმასთან მიდიოდა სტუმრად. რა დროს სტუმრობა იყო იმ წვიმაში?! მეც და ჩემმა ცოლმაც ბევრი ვუშალეთ, ვეხვეწეთ, მეორე დღისთვის გადაედო გამგზავრება, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მაინცა და მაინც დღეს უნდა წავიდეო. ძალიან რომ მივაცივდით, გაბრაზდა, ფაციფუცით გაემზადა და წავიდა. ამაღამ თუ არ დავბრუნდი, არ შეგეშინდეთ, შეიძლება იქ გავათიო ღამეო, დაგვიბარა, მაგრამ მალე მთლად გალუმპული და გაფითრებული უკანვე მობრუნდა. თურმე ცენტრალური სადგურიდან გამობრუნებულა და ტრამვაის გაჩერებამდე ისე მისულა, რომ ქოლდა არ გაუშლია. რატომ, რა მოხდა? რა და, აი, ის უცნაური ამბავი შეემთხვა.

როცა ტიეკო ცენტრალურ სადგურზე მივიდა… თუმცა მანამდეც მომხდარა ერთი რამ: ტრამვაიში რომ ასულა, დასაჯდომი ვერ უშოვია _ თავისუფალი სკამი არ აღმოჩენილა და სახელურს მოსჭიდებია, რომ არ ეჯანჯღარა. ჰოდა, სახელურს რომ მოეჭიდა და ფანჯარაში გაიხედა, ზღვა დაინახა. ტრამვაი ძიმბო-მატიზე მიდიოდა და, აბა, იქ ზღვას რა უნდოდა? არა და, აშკარად ხედავდა, როგორ მოისწრაფოდნენ ფანჯრებისკენ ზღვის ტალღები, ხოლო როცა ფანჯარას წვიმის წვეთები ეცემოდა, ნისლში ჰორიზონტის მკრთალი ხაზიც ილანდებოდა. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ტიეკოს იმ დროს ძალზე აწეწილი ჰქონდა ნერვები.

ცენტრალურ სადგურზე რომ მივიდა, კარებთან ვიღაც წითელქუდიანი მებარგული შენიშნა. მებარგულმა თავი დაუკრა და ჰკითხა, თქვენი მეუღლისა რა ისმისო? ეს, რა თქმა უნდა, უცნაური კითხვა იყო, მაგრამ კიდევ უფრო უცნაური ის გახლდათ, რომ ტიეკოს სულაც არ გაკვირვებია და უპასუხია: გმადლობთ, ალბათ კარგადაა, თუმცა ამ ბოლო ხანებში, რატომღაც ამბავი აღარ მომდისო. მაშინ მებარგულმა უთხრა, თუ ასეა, მოვინახულებო. უცნაურად გაისმა ეს “მოვინახულებო”. ტიეკოს ქმარი ხომ შორს იყო, ხმელთაშუა ზღვაზე!.. მხოლოდ ახლა მიაქცია ტიეკომ ყურადღება, რომ უცნობი რაღაც უცნაურად ლაპარაკობდა, მაგრამ, სანამ, ჩაეკითხებოდა, მებარგულმა თავი დაუქნია და ხალხს შეერია. ტიეკომ ბევრი ათვალიერა ხალხში ის წითელქუდიანი, მაგრამ ვეღარსად მოჰკრა თვალი. წითელქუდიანი მებარგულები ბლომად ირეოდნენ სადგურზე, მაგრამ ტიეკომ იმ კაცის სახე ვეღარ გაიხსენა. რა საოცარია, არა? ყველა წითელქუდიანი ის ეგონა. თანაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ის იდუმალი უცნობი გამუდმებით ადევნებდა თვალს. ბოლოს კამაკურაში წასვლა გადაიფიქრა. სადგურზეც ვეღარ გაჩერდა დიდხანს. ისე დაბნეული გამოიქცა იქიდან, რომ ქოლგის გაშლაც ვერ მოისაზრა _ გიჟივით მორბოდა სახლისაკენ იმ თავსხმაში.

რასაკვირველია, ყველაფერი ნერვების ბრალი იყო. ამას ზედ ისიც დაერთო, რომ ტიეკო გაცივდა. მეორე დღეს სიცხე მისცა და სამ დღეს აღარ გამოუნელდა. გამუდმებით აბოდებდა _ ქმარს ელაპარაკებოდა, ხან ევედრებოდა მაპატიეო, ხანკი უბრაზდებოდა, რატომ არ ჩამოდიხარო. მერე გამომჯონიბდა, მაგრამ ამ შემთხვევამ ღრმა კვალი დააჩნია გულზე: საკმარისი იყო, მებარგული ეხსენებინა ვინმეს, რომ გუნება გაფუჭებოდა და მთელი დღით დამუნჯებულიყო. ერთხელ პირდაპირ სასაცილო ამბავი შეემთხვა: რომელიღაც სატრანსპორტო კანტორის აბრაზე დახატული მებარგული დაინახა და საქმეზე აღარ წავიდა, მოტრიალდა და შინ მობრუნდა.

მერე შიშმა თანდათან უკლო და ერთი თვის შემდეგ თითქმის სულ გაუქრა. მეც ვამშვიდებდი ხოლმე. ერთხელ ვუთხარი: ჩემო დაიკო, კიოკოს ერთ-ერთ მოთხრობაში კატისსახიანი მებარგულია ნახსენები, ალბათ წაიკითხე და იმიტომ მოგეჩვენა-მეთქი; ერთი სიტყვით, გული საგულეს ჩაუდგა, მაგრამ შემდეგ, მარტში, კვლავ დაშინდა. ქმრის დაბრუნებამდე ტიეკოს ფეხი ვერ მივადგმევინეთ სადგურში. გახსოვს, შენც არ გაგაცილა.

ტიეკოს ქმრის ერთი მეგობარი ორ წელიწადს იყო ამერიკაში და მარტში ტოკიოში დაბრუნდა მატარებლით. მატარებელი დილით უნდა ჩამოსულიყო და ტიეკო ადრიანად წავიდა დასახვედრად. შენც იცი, სადგურის მიდამოებში დღისითაც არ არის ხალხმრავლობა. დაცარიელებულ ქუჩაში, ქვაფენილზე, სავაჭრო ურიკა იდგა და ზედ სათამაშო ქარის წისქვილი ელაგა. მოღრუბლული, ქარიანი დღე იყო და ქარი გამალებით ატრიალებდა წისქვილების ფერად-ფერად ფრთებს. არ ვიცი, რატომ და, ტიეკო ჯერ ამან შეაშფოთა, მერე, ურიკას რომ გასცდა და გვერდზე გაიხედა, ვიღაც წითელქუდიანი კაცი დაინახა. წითელქუდიანი ქვაფენილზე ჩაცუცქულიყო. უეჭველია, გამყიდველი იქნებოდა. ალბათ, თამბაქო უნდოდა მოეწია. ტიეკო კი ისე დაფრთხა წითელი ქუდის დანახვაზე, რომ უკან დაბრუნება დააპირა, მაგრამ მერე გული გაიმაგრა და მაინც მივიდა სადგურში.

ქმრის მეგობარი ჩამოვიდა. ჩამოსულმა და დამხვდურებმა ბაქანი დატოვეს, ნახევრად ჩაბნელებულ სადგურში შევიდნენ და ის იყო ქუჩაში უნდა გასულიყვნენ, რომ ტიეკოს ვიღაცამ ჩაულაპარაკა უკნიდან: “ამბობენ, თქვენი ქმარი მარჯვენა ხელშია დაჭრილიო. ალბათ ამიტომ ვერ გწერთ წერილს”. ტიეკო მყისვე მიბრუნდა, მაგრამ წითელქუდიანი ვერავინ დაინახა. უკან ფლოტის ოფიცერი და იმისი ცოლი მოჰყვებოდნენ. ორივენი ტიეკოს მეგობრები იყვნენ, ცხადია, ოფიცერი ასეთ უადგილო ადგილას არ დაუწყებდა ქმარზე ლაპარაკს. მაგრამ მაშინ ვის უნდა ეთქვა ეს უცნაური სიტყვები?! ტიეკოს მაინც ძალიან გაუხარდა, რომ წითელქუდიანი არსად ჩანდა. მაგრამ, ქუჩაში რომ გამოვიდნენ და მანქანისაკენ გაემართნენ, უკნიდან გარკვევით მოესმა: “ქალბატონო, თქვენი მეუღლე, ალბათ, ერთ თევში დაბრუნდება”. ტიეკო კვლავ მიბრუნდა. უკან მხოლოდ მეგობრები ედგნენ, ის წითელქუდიანი კი არსად ჩანდა. თუმცა უკან არავინ იყო უცნობი, მაგრამ წინ ორი მებარგული ალაგებდა ბარგს მანქანაში. ერთმა მათგანმა წამით მოაბრუნა თავი, ტიეკოს შეხედა და როგორღაც უცნაურად ჩაიცინა. ტიეკო ისე გაფითრდა, რომ მეგობრებმა შენიშნეს და ჰკითხეს, რა მოგივიდაო. ცოტათი რომ დამშვიდდა, მანქანისაკენ გააპრა თვალი, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი მებარგული დაინახა. ის მეორე, წეღან რომ ჩაიცინა, აღარსად ჩანდა. ტიეკოს ეგონა, ახლა მაინც დავიმახსოვრე იმისი სახე, მაგრამ კვლავ ვერ აღიდგინა უცნობის გარეგნობა. ბევრი ეცადა, მაგრამ მხოლოდ წითელ ქუდსა და უცხვირო და უთვალებო სახეს ხედავდა გონების თვალით. აი, ეს არის ის მეორე უცნაური შემთხვევა, რომელიც ტიეკომ მიამბო.

იცი, ერთი თვის შემდეგ, აი, დაახლოებით მაშინ, შენ რომ წახვედი კორეაში, მართლა არ დაბრუნდა ჩემი სიძე! და აი, რა არის ყველაზე გასაოცარი: თურმე მართლა მარჯვენა ხელში ყოფილა დაჭრილი და კარგა ხანს წერა არ შეეძლო. ჩემი ცოლი შეეცადა ხუმრობაში გაეტარებინა ყველაფერი: ტიეკოს უთხრა, დღე და ღამე ქმარზე ფიქრობდი და გულმა გიგრძნო, რომ მარჯვენა ხელში იყო დაჭრილიო. ორი კვირის შემდეგ ტიეკო და მისი ქმარი სასებოში გაემგზავრნენ. ქმარს იქ უნდა დაეწყო სამსახური. რამდენიმე დღის შემდეგ ტიეკოს ბარათი მივიღე, რომელშიც მესამე უცნაური შემხვევა იყო აღწერილი.

ცოლ-ქმარი ცენტრალური სადგურიდან გაემგზავრა. მატარებელი ის იყო დაიძრა, რომ მუშამ, ბარგი რომ შეუტანა და ჩავიდა, ფანჯრიდან შეიხედა იმათ კუპეში, ალბათ გზის დალოცვა სურდა. ტიეკოს ქმარი მის დანახვაზე საშინლად დაიბნა. გონი რომ მოიკრიბა, ცოლს უამბო: ჩვენი გემი მარსელში იდგა. ერთხელ, მე და ჩემი ამხანაგი კაფეში რომ ვისხედით, ვიღაც იაპონელი მებარგული მოვიდა და მკითხა, როგორ არის საქმეებიო.

მარსელის ქუჩებში იაპონელი მუშები არ დასეირნობდნენ, მაგრამ ტიეკოს ქმარს, რატომღაც, სულ არ გაკვირვებია ამ მუშის დანახვა და უპასუხია, მარჯვენა ხელში დავიჭერი და მალე სამშობლოში გავემგზავრებიო. ამ დროს ვიღაცა მთვრალს კონიაკიანი ჭიქა წაქცევია. ჩემს სიძეს ხმაურზე უკან მიუხედავს და როცა მობრუნებულა, იაპონელი მებარგული აღარსად იყო. განა საოცარი არა არის?! ძილით არ ეძინა _ თვალები გახელილი ჰქონდა და ხომ არ დაესიზმრებოდა. მეგობარი ისეთი სახით იჯდა, თითქოს არავინ მისულიყოს იმათ მაგიდასთან. ტიეკოს ქმარს მაშინ არავისთვის მოუყოლია ეს ამბავი. როცა იაპონიაში დაბრუნდა და გაიგო, რომ ტიეკოს ორჯერ შეხვდა ვიღაც უცნაური მებარგული, დარწმუნდა, ნამდვილად მეც ისა ვნახე მარსელშიო, მაგრამ მაინც არავის უამბო, რადგან ეს შემთხვევა ძალზე წააგავდა მოჩვენებებზე დაწერილ მოთხრობებს. ესეც არ იყოს, შეშინდა, ამხანაგებმა არ დამცინონ, ლაშქრობის დროს ცოლზე რომ ვფიქრობდიო და კრინტი არავისთან დაუძრავს, მაგრამ მებარგულმა ფანჯარაში შემოიხედა თუ არა, მაშინვე იცნო. სწორედ ის იყო, მარსელის კაფეში რომ ნახა. ტიეკოს უთხრა, ნამდვილად ის არისო. მერე ცოტა ხანს იყუჩა და ხმამაღლა დასძინა: “რა უცნაურია! აი ახლა დაბეჯითებით ვთქვი, ის არის-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში სულ არ მახსოვს იმ მებარგულის სახე. მაშინ კი, რომ შემოიხედა, ნამდვილად მეცნო”.

მურაკამიმ საუბარი შეწყვიტა, რადგან კაფეში მისი ნაცნობები შემოვდნენ. ერთი ხორხოცით მოადგნენ ჩვენს მაგიდას და საუბარი გაუბეს. მე წამოვდექი, მეგობარს დავემშვიდობე და დავპირდი, კორეაში წასვლამდე აუცილებლად შემოგივლი-მეთქი.

კაფედან რომ გამოვედი, შვებით ამოვისუნთქე. მხოლოდ ახლა მივხვდი, რატომ გამაწბილა ტიეკომ ამ სამი წლის წინათ, _ პაემანზე უნდა მოსულიყო ცენტრალურ სადგურზე. დიდხანს ველოდე, მაგრამ არ მოვიდა. მეორედ შევუთანხმდი და მაშინაც ამაოდ მომიხდა ცდა. მერე მოკლე წერილით მამცნო, მინდა სიცოცხლის ბოლომდე ერთგულ მეუღლედ დავრჩეო.

იანვარი, 1921წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button