კოსმოსი

NASA გვიზიარებს გეგმის დეტალებს მთვარეზე ბანაკის შექმნასთან დაკავშირებით

NASA-ს ბლოგზე გამოქვეყნდა დეტალური სტატია, რომელშიც მოცემულია მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის ადამიანის მიერ მთვარის ათვისების გეგმა. ამ გეგმიდან ბევრი რამ ამ დრომდე უკვე გამოქვეყნდა პრესაში, დღევანდელი მასალა კი წარმოდგენილია სრული სახით და განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

2024 წლისთვის NASA-ს მისია Artemis-ის ფარგლებში მთვარის სამხრეთ პოლუსზე გადასვამენ ორ ასტრონავტს: ქალს და მამაკაცს. სწორედ აქედან დაიწყება მთვარის ათვისების ახალი და მიმდინარე ასწლეულში პირველი ეტაპი, რომელიც ათწლეულის ბოლოს უნდა იქცეს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გეოლოგიური ძიების სტაბილურ პროცესად. 

2024 წელს ასტრონავტების პირველი გადასმის შემდეგ ახალ ექსპედიციებს მთვარეზე ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ გაგზავნიან. ამისათვის საჭიროა ბაზის შექმნა დაშვების ადგილზე. იგეგმება, რომ ბანაკი შედგენილი იქნება სტაციონალური საცხოვრებლისგან, საბურავებზე არსებული მოძრავი „სახლისა“ და გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებისგან (როვერი). ადრეული მისიები მოკლევადიანი იქნება – გაგრძელდება 1-2 კვირა, ბანაკის გაფართოებასთან ერთად კი მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების ყოფნის ხანგრძლივობა გაგრძელდება ორ კაცზე ორ თვემდე ან ოთხ პირზე – ერთ თვემდე. 

„ყოველი ახალი მოგზაურობისას ასტრონავტები უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს მთვარის შესწავლისას, ვიდრე ოდესმე“ – განაცხადა ვაშინგტონში NASA-ს შტაბ-ბინაში დაკომპლექტებული კოსმოსური მოგზაურობის ადმინისტრატორის თანაშემწე კეტი ლიუდერსმა. – „მთვარეზე წვდომის მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიებს, რათა მივაღწიოთ ადამიანებისა და რობოტების უპრეცედენტო მდგომარეობას დედამიწიდან 240 ათასი მილის დაშორებაზე. მთვარეზე ყოფნის ჩვენი გამოცდილება მიმდინარე ათწლეულში მოგვამზადებს კიდევ უფრო დიდი თავგადასავლებისკენ – ადამიანის მიერ მარსის შესწავლისკენ“. 

დაშვების ახალი ადგილი – მთვარის სამხრეთი პოლუსი – უამრავ უპირატესობას იძლევა ზედაპირზე ადამიანის გრძელვადიანი ყოფნისთვის. პირველი – არის ყინულისა და წყლის სავარაუდო არსებობა. მეორე – ჰორიზონტზე მზის არსებობის დიდი დრო, რაც უზრუნველყოფს  სინათლეს და მზის პანელებიდან ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობას. 

image.jpeg

მთვარის ახალი სკაფანდრის გამოცდა აუზში ხელოვნური უწონადობის პირობებში. წყარო: NASA 

ამჟამად NASA სწავლობს მთელ რიგ კომერციულ შეთავაზებებს სამომავლო აღჭურვილობის პროტოტიპების შესახებ. მთვარეზე გამოსაყენებელი ახალი სკაფანდრიც მზადაა გამოცდისთვის და ცოტა ხნის წინ დაიწყო მისი შემოწმება აუზში. მომდევნო თაობის სკაფანდრები უზრუნველყოფენ გაუმჯობესებულ მობილობას, კავშირის თანამედროვე საშუალებებსა და სიცოცხლის უზრუნველყოფისთვის მეტად საიმედო სისტემას წინამორბედებთან შედარებით. შედეგად ეკიპაჟი შეძლებს უფრო რთული ექსპერიმენტების ჩატარებას და მეტი უნიკალური გეოლოგიური ნიმუშის მოპოვებას. 

მთვარის ზედაპირზე გადაადგილებისთვის იქმნება ორი სატრანსპორტო საშუალება: ერთი ღია, რომლითაც სკაფანდრებიანი ასტრონავტები იმოძრავებენ, მეორე კი – ჰერმეტული, რომლითაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება სკაფანდრის გარეშე, თუმცა მის შიგნით მჯდომი ასტრონავტები საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ სკაფანდრების ჩაცმას და მთვარის ზედაპირზე გადასვლას. ღია როვერი შესაძლებელია იყოს პილოტირებული, დაპროგრამებული ან დისტანციურ რეჟიმში მართვადი (დედამიწიდანაც კი შესაძლებელი იქნება მისი მართვა) და იგი გადაადგილდება ბანაკიდან 19.3 კილომეტრის სიშორეზე. ჰერმეტულ როვერზე მუშაობის პროცესი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იმყოფება. 

იმისთვის, რომ მთვარის ბაზის დედამიწაზე დამოკიდებულება შემცირდეს, მთვარეზე წყლისა და მინერალების საბადოების ვრცელი გამოკვლევა იქნება საჭირო. ამით დაკავდება ავტომატიზებული მთვარემავალი VIPER (Volatiles Investigating Polar Exploration Rover). მთვარემავალის მთვარეზე ჩატანა დაგეგმილია კომერციული მისიის ფარგლებში. რობოტმა უნდა შეადგინოს ყინულისა და სხვა სასარგებლო მინერალების განლაგების რუკა. აღმოჩენილი რესურსების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ მთვარის მისიის ბედი, არამედ მარსის მისიისაც და კაცობრიობის შემდგომი ნაბიჯის ბედი მზის სისტემაში. 

ბანაკის ენერგეტიკულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ მზის ფერმები და ენერგიის დაგროვების წყარო (8-დღიანი მარაგი), ასევე 10 კვტ სიმძლავრის  “ბირთვული დაყოფის“ პორტატული ენერგობლოკი. ეს პატარა ელექტროსადგური შეძლებს კვებოს და დამუხტოს ბანაკის სხვა ელემენტები და უზრუნველყოფს მოქნილობას მისიის დაგეგმვაში გარკვეული დროის განმავლობაში მზის სხივებზე მუდმივი წვდომის მოთხოვნის შემცირებით.  

image.jpeg

„მიმდინარე ათწლეულში პროგრამა Artemis საფუძველს ჩაუყრის მთვარის ზედაპირზე ადამიანის ხანგრძლივ არსებობას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთვარეზე არსებობის ვადა გაიზრდება კომერციული და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ადრე თუ გვიან მთვარე გახდება საბოლოო დანიშნულების ადგილი ყველასთვის ”, – აცხადებს NASA. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button