გორილასა და ადამიანის გენომს შორის განსხვავება მხოლოდ 1,6%-ია
დადგინდა, რომ გორილები და ადამიანები ერთმანეთთან გენეტიკური თვალსაზრისით იმაზე მეტად არიან დაკავშირებული, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ. როგორც გაირკვა, გორილასა და ადამიანის გენომს შორის განსხვავება მხოლოდ 1,6%-ს წარმოადგენს.
მეცნიერებმა რამდენიმე დღის წინ გორილას გენომის ახალი ვერსია გამოაქვეყნეს. მათ დასავლეთის დაბლობის 11 წლის გორილას გენომი გამოიკვლიეს, რომელიც კოლომბუსის ზოოპარკში ცხოვრობს. მეცნიერები აცხადებენ, რომ გორილა, სახელად სიუზი, 2012 წელს გამოქვეყნებული გენეტიკური რუკის ბევრ ხარვეზს ავსებს.
როგორც ცნობილია, ადამიანთან გენეტიკურად განსაკუთრებით ახლოს შიმპანზე და ბონობო (ჯუჯა შიმპანზე) არიან. გორილასა და ადამიანის გენომს შორის არსებული მცირე განსხვავება მეცნიერების თქმით, იმუნური, რეპროდუქციული, სენსორული აღქმის სისტემების და კეროტინის გამომუშავებაშია, რომელიც კანის, ფრჩხილებისა და თმის ფორმირებაში ძირითად ფუნქციას ასრულებს.
გარდა ამისა, განსხვავება აისახება ინსულინის გამომუშავებაშიც, რომელიც სისხლში შაქარის რაოდენობას არეგულირებს.
მკვლევარების აზრით, მომავალი კვლევები მათ საშუალებას მისცემს გამოყონ ადამიანის გენომები, რომლებიც შემეცნებაზე, ენობრივ და ქცევით უნარებსა და ნევროლოგიურ დაავადებებზეა პასუხიმგებელი.
გორილები ცენტრალური აფრიკის დაბლობებსა და ტროპიკულ ტყეებში გვხვდება. ისინი მსოფლიოს უდიდეს პრიმატები არიან. ზრდასრული მამრი გორილას წონა 200 კილოგრამს აღწევს.
წყარო: doctrina.ge