ლიტერატურაპოეზია

ფრიდონ ხალვაში – მითხარ, როგორაა მემლექეთი

თურქეთში ჩვენებურები დედა-საქართველოს მემლექეთს ეძახიან.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამრთელო.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი,
ახლად დავიბადე, თბილისიდან
ხმა რომ დავიჭირე რადიოთი.

კაი მექართულე ვეღარა ვარ,
მაგრამ სული მიდუღს იმოდენა,
რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური,
როგორც გაზაფხული, იტოტება.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მცხეთა, ქობულეთი, კახაბერი,
იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე,
მაშინ ერთი წუთიც დამაბერებს.

ლუკმა არ მაკლია, მართალია,
მაგრამ სამშობლოთი ღარიბი ვარ,
აი, ამნაირად, უსიცოცხლოდ,
მთელმა სიცოცხლემა გაირბინა.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,
აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები,
იზმითს, ეგეოსის ნაპირებზეც
ვაგეთ საქართველოს სახლ-კარები.

1970

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button