ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – ზამთრის პატარა ილუზიები

I

სოფლის სკოლაში რომ ვსწავლობდი, ძალიან ადრე ვიღვიძებდი. ლოგინიდანვე მივწვდებოდი ფანჯარას, ფარდას გავწევდი და თუ ბნელოდა, წიგნს ავიღებდი, ისევ ჩავთბუნდებოდი და იმ წიგნის კითხვას ვიწყებდი.

ჩემს დედ-მამას და და-ძმებს სხვა ოთახებში ეძინათ. მარტო ბებიას ვერ ავასწრებდი ხოლმე ვერასოდეს. მე რომ გავიღვიძებდი, ბებია უკვე ფეხზეც იყო და ღუმელიც გაგუგუნებული ჰქონდა.

ძალიან კარგი იყო გათენების ხანის სიწყნარე, იმ სიწყნარეში მამლების ყივილი, ძაღლის ყეფა, ღუმელის გუგუნი და წიგნის კითხვა.

ერთხელ, ერთ კვირა დღეს, სკოლაში არ უნდა წავსულიყავი, მაგრამ მაინც ადრე გამეღვიძა. გავახილე თვალი: ლამპა ანთებულია, ღუმელი გუგუნებს, მაგრამ მომეჩვენა, რომ კიდევ ხდებოდა რაღაც. გავწიე ფარდა, გავიხედე გარეთ და სიხარულით გადავკოტრიალდი ლოგინზე. თოვლი მოსულიყო, კვლავაც თოვდა.

ვიცმევ ტანსაცმელს და ისევ მეჩვენება, რომ სხვა რაღაცაც ხდება. რა? რა? ვერა ვხვდები. მივედი ღუმელთან, დავჯექი დაბალ სკამზე, ფეხსაცმელი უნდა ჩავიცვა და ვხედავ: ღუმელქვეშ თეთრი ტილო აქვს გადაფარებული რაღაცას. ავწიე ის ტილო და თვალებს არ ვუჯერებ, ჩურჩხელები! ბევრი, ბევრი, თეთრად დაშაქრულები! პირდაღებული ვარ, აღარ ვიცი, რა ვქნა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ბებია.

– რა ბედნიერი დღეა, ბებო! – შევძახე აღტაცებით, – გარეთ თოვლი, აქ კიდევ ამდენი ჩურჩხელა!

ბებიას გაეღიმა. ერთი ჩურჩხელა ამომირჩია, სხვებს ისევ ტილო წააფარა და დარიგებით მითხრა:

– ცოტა ჩანოტივებულა, შვილო, ნამდვილი ბედნიერი დღეებისთვის რომ არ დაგვიობდეს, უნდა გავაშროთო.

მე ფეხთ ჩავიცვი, ჩურჩხელა ჩავკბიჩე და გარეთ გავვარდი. გარეთ გათენებულია, მაინც მიბუნდოვანებულია ყველაფერი: ხეების ტოტები – შეფუმფლული, დაბარდნილი, დაბლა დახრილი თოვლის სიმძიმისაგან. ჩუმად, ნელ-ნელა ჩამოდიან ფიფქები. მოვხვეტე მოაჯირზე თოვლი, დავაგუნდავე და გავისროლე ბაღისკენ. არ ვიცი, ამ გუნდამ დააფრთხო, თუ თვითონ აფრინდა, – ჭახჭახით, შავად წავიდა შაშვი, ფრთის წვერებით თუ შეეხო ტოტებს, ჩამოიშალა, ჩამოშვავდა თოვლი. აფრინდა ლამაზი სკვინჩაც, შეჯდა ჭერმის ხმელ როკზე, მიბრუნდა, მობრუნდა და დაიძახა:

– სკვინჩ! სკვინჩ!

ჩავედი ძირს. ვიყურებოდი ცაში. მახარებდა – როგორ ჩამოდიოდნენ, როგორ მოისწრაფოდნენ ჩემკენ ფიფქები. გახარებული ვკბეჩდი ტკბილ ჩურჩხელასაც. ჩემ თვალწინ, თითქოსდა მხოლოდ ჩემთვის დგებოდა საყვარელი ზამთარი. მაგრამ ვიგრძენი, რომ კიდევ ხდებოდა სხვა რაღაცაც. ვიდექი. ვიყურებოდი ხან მაღლა, ხან აქეთ-იქით, ვფიქრობდი.

ბოლოს მივხვდი, – უცებ გავზრდილიყავი მთელი ერთი წლითაც. მაგრამ ცოტა ხანში ისევ მომეჩვენა, რომ კიდევ ხდებოდა სხვა რაღაცაც, თანაც კარგი რაღაც. რა? რა? ამაზე ფიქრით გავატარე ის დღე. ნაფიქრი მაქვს შემდეგაც, სხვა თოვლობას. ვფიქრობ და ვერ მივმხვდარვარ დღესაც. ვდგავარ ხოლმე თოვაში, ვგრძნობ, რომ რაღაცაც ხდება, გარდა ხილულისა და შეგრძნობილისა, თანაც კარგი რაღაც, მაგრამ რა – არსაიდან არ არის პასუხი.
II

ზამთრის ღამე იყო. მარტო ვიყავი. შეუცნობელი განგაში მაშინებდა. გული ვეღარ უძლებდა ამ შიშს. მეჩვენებოდა, რომ ჩემთვის აღარ გათენდებოდა ის ღამე, მაგრამ გათენდა. ფანჯარაში დავინახე, თოვდა, ბარდნიდა. ავდექი. ნელ-ნელა ჩავიცვი. ქუდი დავიხურე, პალტოს საყელო წამოვიწიე და გარეთ გავედი. ჰაერი სიცივითა და თოვლის სუნით იყო გაჟღენთილი. ჩავედი ბაღში. ვჩერდებოდი და ხარბად ვსუნთქავდი. გავუყევი თოვლით გადასპეტაკებულ ბილიკს. მინდოდა, ბაღის ბოლოში გავსულიყავი და იქიდან ერთხელ კიდევ, იქნებ უკანასკნელად, გადამეხედა ხეობისათვის.

ბაღის ბოლოდან გვერდა იწყებოდა. გადავადექი იმ გვერდას. მთელი ხეობა ნისლითა და ჩამომავალი ფანტელებით იყო ამოვსებული. თან ფანტელები ჩამოდიოდნენ შავად. იმ სიშავეში და ფანტელების ჩემ ქვემოთ სვლაშიც იყო რაღაც შემაშფოთებელი. თითქოს საბოლოო თავგანწირვით ვუშვერდი თოვლს სახეს. მალე აღარ ვიცოდი, ცრემლებს ვიწმენდდი, თუ თოვლის ნადნობს. გადავედი ჩამტვრეულ ღობეზე. წავედი გვერდას თავთავ, მივუახლოვდი დიდ, ბებერ ვაშლს. ის ვაშლი ხეობისკენ არის წახრილი, თითქოს ჰაერში ძლივს გაჩერებული. ტოტები თოვლით აქვს დამსხვილებული, დამძიმებული, მის ძირში შავად მოჩანს საცრისოდენა მიწა, მიწაც არა, სველი შავი ფოთლები, იმ შავ ფოთლებში კი – ორი ლამაზი ჩიტბატონა. ოდნავ გაფუყულან. გახედავენ ცას, უყურებენ ფიფქების მირიადებს, მერე დაიწყებენ ფოთლების ქექვას, რაღაცების კენკვას. ყრუდ მესმის: კურკურებენ, ერუკრუკებიან ერთმანეთს.

თითქოს ხელახლა დავინახე ყველაფერი.

ქვეყნიერება არის დიდი, თოვლის ფიფქების მთელი ოკეანე ჩამოდის მაღლიდან, ოკეანესავით გასწოლია ნისლი დედამიწას. ხეებიც არიან რაღაცნაირად დიდები, ჯერ ცისკენ წასულნი, მერე დაღუნულები, მეცა ვარ დიდი. ყველანი ერთად ავად დავდგომივართ ორ პაწაწინა ჩიტბატონას. ჩიტბატონები კი, ჭრელები, წითლად ციმციმანი, წყნარად, აუღელვებლად ეძებენ რაღაცებს შავ ფოთლებში, არად აგდებენ ქვეყნიერების სიდიდეს და სიმკაცრეს.

გავბრაზდი ჩემს თავზე. ვუწოდე ლაჩარი, გულდედალი, თანაც ხმამაღლა, – მოკვდი, თუ სასიკვდილე ხარ, შე…

ჩიტბატონები გაჩერდნენ. ჭკვიანი თვალებით მომაშტერდნენ. ვუყურე, ვუყურე და გავუღიმე. ეს იყო ჩემ გადასარჩენად მოვლენილი ღიმილი ქვეყანაზე. ჩიტბატონებმა კმაყოფილებით თქვეს:

– აბა, როგორ! აბა, როგორ!

და კვლავ შეუშფოთებლად განაგრძეს შავი ფოთლების ქექვა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button