ლიტერატურამოთხრობასაკითხავისხვადასხვა

ვიქტორ ჰიუგო – სიცოცხლის საიდუმლო

სივრცე შექსპირთან. დედამიწა ცას უყურებს და მის ბნელ და ლაჟვადისფერ სახეებს – ეჭვსა და სასოებას, აკვირდება. სიცოცხლე მოდის და იკარგება სიკვდილით. მთელი სიცოცხლე საიდუმლოა, ამოუცნობი სივრცე დაბადებასა და აგონიას, თვალის პირველ გახელასა და საბოლოო დახუჭვას შორის. ეს საიდუმლო შექსპირს აწუხებს.მის პიესებში ჩიტები ჭიკჭიკებენ, მცენარეები ყვავილობენ, ცა იღრუბლება, გულს უყვარს, სული იტანჯება, ცხელა, ხან ცივა. დღეს ღამე ცვლის, დრო გადის. ტყეები მეტყველებენ, ხალხი ლაპარაკობს და მარადიული ოცნება ფარფატს აგრძელებს. შექსპირთან ყველაფერია და ყველაფერი შექსპირზეა : ხის წვენიც და სისხლიც, სიცოცხლე თავისი ყველა ფორმით, იდეებით და ქმედებებით, კაცობრიობა და ადამიანი, მომაკვდავები, მარტოსულები, ქალაქები, რელიგიები, ბრილიანტი და მარგალიტები, ნეხვი და მძორი, მომავალთა და წარმავალთა ნაბიჯების ხმა. ეს გენიოსი მკვდრების თავიდანმშობელი დედამიწაა. შექსპირი მოჩვენებებსაც უყვართ. შექსპირი დანტეს ძმაა..შექსპირი, პირველ რიგში, წარმოსახვაა.ყველა მოაზროვნემ იცის, რომ წარმოსახვა სიღრმეა. გონების ვერცერთი სხვა უნარი ვერ ჩაწვდება იმ სიღრმეებს, რომლებსაც წარმოსახვა. ხშირად ჩიხში მოქცეული მეცნიერებაც მას მიმართავს. ლოგარითმებში, ალბათობების გამოთვლაში, ბგერის ტალღებზე დაკვირვებაში, ალგებრისა და გეომეტრიის გამოყენებაში წარმოსახვა ანგარიშის კოეფიციენტი ხდება და მათემატიკა პოეზიად გადაიქცევა. მე არ მჯერა სულელი სწავლულების მეცნიერების. შექსპირის კომედია ცრემლებში იბადება, ქვითინი – სიცილში, პოეტური სახეები ერთმანეთს ერევიან და ეჯახებიან, მასიური ფორმები დიდი მხეცებივით მძიმედ მოძრაობენ, მოჩვენებები ქალებივით ნარნარებენ ან კვამლივით იტალღებიან. სულები ჩრდილის პეპლებივით თრთიან ბნელ ლერწამში, რომელსაც ვნებას და მოვლენებს ვუწოდებთ.Hhauteville House, 1865.(მთარგმნელი ციცაგი შორენა)

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button