ბიოგრაფია

ილია ჭავჭავაძე – ბიოგრაფია

1837-1907

მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქართული ეკლესიის მიერ ,,წმინდა ილია მართლად,, შერაცხული.

მე-19 საუკუნე საქართველოში ილიამ კიდეც მოიგონა, 

კიდეც შეჰქმნა და თავისი სისხლით კიდეც დაჰკირა.

ტიციან ტაბიძე

 ჭავჭავაძეთა გვარს ორი შტო ჰქონდა, ყვარლის და წინანდლის. ყვარლელი  გადამდგარი ოფიცერი გრიგოლ ჭავჭავაძე წოდებით თავადი იყო, მაგრამ ხელმოკლედ ცხოვრობდა. ილიას სიღარიბის გარდა სხვა ტკივილიც გამოჰყვა ოჯახიდან. ათი წლისას დედა გარდაეცვალა, თოთხმეტისას მამა. დარჩათ ვალები, გაპარტახებული და დაგირავებული მამული. სამი ვაჟი და ორი ქალი მამიდა მაკრინეს საპატრონო გახდა. გარდა იმისა, რომ ობლებს დედობრივი მზრუნველობა არ მოაკლო, მამიდამ მამულიც აღადგინა და ძმისშვილებს სწავლაც გააგრძელებინა.

წერა-კითხვა სოფლის მთავარდიაკვანმა ასწავლა. ,,გლახის ნაამბობის“ მღვდლის სახე იმ დიაკონის შთაგონებით უნდა იყოს შექმნილი და მისი სიტყვებიც – ,,სიცოცხლე ჩვენი არც დედისაა და არც მამისა, ქვეყნისა არის“ – ილიამ ყვარელში მოისმინა და ღრმად ჩაიბეჭდა გონებაში. თერთმეტი წლისა თბილისში ჩამოიყვანეს, ჯერ პანსიონში მიაბარეს, შემდეგ გიმნაზიაში. 20 წლის გამოეთხოვა კავკასიონის მთებს და პეტერბურგში გაემგზავრა.

თუმცა პეტერბურგის ჰავა სწყენდა, ილიასათვის იქ გატარებული ოთხი წელი გახდა ცხოვრების საძირკველი, სიბნელესა და სინათლეს შორის გადებული ხიდი. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლექციებს ისმენდა სამართალში, პოლიტიკურ ეკონომიაში, აგრონომიასა და არქიტექტურაშიც კი.

პეტერბურგი ერთი ამბითაც არის მნიშვნელოვანი – 1858 წლის ზაფხულში ქართველი სტუდენტები ცარსკოე სელოში ეკატერინე ჭავჭავაძეს ესტუმრნენ. სამეგრელოს დედოფალმა აქ გადასცა ახალგაზრდებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების ორი რვეული. ,,მთელი ერთი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილითო“ – იხსენებს კოხტა აფხაზი. დავიწყებულ პოეტს ილიამ და მისმა თაობამ დაუმკვიდრა სათანადო ადგილი.

ილია ჭავჭავაძისათვის სტუდენტობის წლები შემოქმედებითად ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა – ლექსების უდიდესი ნაწილი იმ დროს დაწერა, პოემების პირველი ვარიანტებიც მაშინ შექმნა, მაგრამ იმ სტატიას, პეტერბურგიდან ჟურნალ ,,ცისკარში“ რომ გამოაგზავნა, ყუმბარის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. აშკარა გახდა, რომ მოდიოდა ახალი თაობა, ახალი იდეით: ,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“ მამების თაობამ წინააღმდეგობა გაუწია შვილებს, უზრდელობასა და უვიცობაში დასდო ბრალი, ,,თერგდალეულებად“ მონათლა, მაგრამ დაძრული ტალღა ვეღარავინ შეაჩერა.

სამშობლოში დაბრუნებულ, მოქმედებას მოწყურებულ ახალგაზრდას, ქვეყანა ძილით მოცული დაუხვდა, მაგრამ ილიას არ შეეძლო უმოქმედოდ ყოფილიყო. ,,საქართველოს მოამბის“ გამოცემა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა, მაგრამ მაინც გამოსცა. რედაქტორი მეთაურ წერილში აცხადებდა: ,,ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გაუმჯობესება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია.“  ჟურნალი 11 ნომრის შემდეგ დაიხურა. ილიამ ოლღა გურამიშვილზე იქორწინა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა, ჯერ ქუთაისში, შემდეგ დუშეთში ცხრა წელი გაატარა. სამწუხაროდ, შემოქმედებისთვის ნაკლებად იცლიდა.

1871 წელს მამათა და შვილთა შორის ახალი ბრძოლა გაჩაღდა და ამ ბრძოლას სიმძაფრე ილიას ,,გამოცანებმა“ მისცა. პაექრობაში გრიგოლ ორბელიანიც ჩაება. ორივე მხარე სამშობლოს სიყვარულში ეცლებოდა ერთმანეთს. ილიას პოზიცია ახალი ძალით გამოვლინდა. მას შეეძლო ტკბილი სიტყვაც ეთქვა – ,,ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?“ და დაუნდობლად დაეცინა – ,,გარეთ მხდალი, შინ ძლიერიკკ, იმედიც მიეცა – ,,აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია~ და ნაკლიც ემხილებინა – ,,ერთმანეთსა მათ სიკეთე შურთ~

სათავადაზნაურო ბანკის დაარსების იდეა დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნის, მაგრამ ბანკი ვერ გახსნა. ახალგაზრდებმა ილიას სთხოვეს, სათავეში ჩასდგომოდა ამ საქმეს. ნებართვის მისაღებად 17 თვე მოსკოვში იყო გადახვეწილი და ვიდრე საქმე ბოლომდე არ მიიყვანა, ფეხი არ მოიცვალა. ილია 31 წელი იყო ბანკის მმართველი, რადგან სწამდა, რომ ახლა მტერი ხმლით კი არა, ფულით მოდის და ჩვენც ჩვენი ფულით უნდა დავხვდეთ, რომ არ გაგვთელოს. ქართული ბანკის მონაგებით გახადა შესაძლებელი უამრავი ეროვნული საქმის დაფინანსება,  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება. ილია 6 წელი ამ საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო, 22 წელი კი თავმჯდომარე.

1877 წელს ილიამ გაზეთი ,,ივერია~ დააარსა და 25 წელი რედაქტორობდა.

1906 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს.

ილია ყველაფერი იყო – მწერალი, ბანკირი, რედაქტორი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, მემამულე, მაგრამ ის სხვა, უფრო უხილავსა და ძნელ საქმეს შეეჭიდა. მან თქვა ხმამაღლა, ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო. ჩვენი ეროვნული ვინაობის აღდგენას ცდილობდა, ერთიანი საქართველოს შეგნებას ამკვიდრებდა. დარაჯად ედგა ქართულ ენას, ისტორიას, მწერლობას. რჩევით, პირადი მაგალითით, ხშირად მკვახე შეძახილით, თავისი შემოღობილი ეზოებიდან გარეთ გამოჰყავდა კახელი, ქართლელი, იმერელი და ქვეყნისათვის გარჯას სთხოვდა. საქართველოს მტრებსაც დამაჯერებელ პასუხს სცემდა. ძირითად დროს პუბლიცისტურ წერილებს უთმობდა, იმ პერიოდში მხოლოდ ,,განდეგილიკკ და ,,ოთარაანთ ქვრივი~ დაწერა.

ილიას პირველი გამოჩენისთანავე გაუჩნდენ ოპონენტები, მაგრამ სოციალ-დემოკრატებთან დაპირისპირება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოდგა. ქართველთა ერთობის მღაღადებელი ჭავჭავაძე ავტონომიისთვის იბრძოდა, მარქსისტები – ეროვნულობის წინააღმდეგ. გაზეთი ,,კვალიკკ და ჟურნალი ,,მოგზაური~ გაივსო ჭავჭავაძის შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური წერილებით. როდესაც ნოე ჟორდანიამ მას ჯაშუში და ქვეწარმავალი უწოდა, ცხადი გახდა, განაჩენი გამოტანილი იყო:

„კრიმინალური ცნობა 1907 წლის 30 მარიამობის თვისა. მოკლულს მკერდი ბერდენკის ტყვიებით აქვს შენგრეული, ხოლო შუბლი კონდახის ცემით. მისი მხლებელი 10 ტყვიითაა განგმირული, მეუღლე მხეცურადაა ნაცემი და არაფერი ახსოვს გარდა იმისა, რომ მოკლულს დაუძახია: – რას შვრებით, ქართველებოო?“

ილია მოუკლავთო! ამ ხმამ ფეხზე წამოაყენა მთელი საქართველო.

„ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავდნენ!“ – აღმოხდა ვაჟა-ფშაველას.

„რას იზამ, ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივა!“ – თავი იმართლეს  სოც-დემოკრატებმა.

„თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, შენც იმასთან ერთად უკვდავი ხარ!“ – ამითღა დააიმედა შარაგზაზე მოკლული, 70 წლის თანამებრძოლი აკაკი წერეთელმა.

გავიდა წლები და ქართველმა ხალხმა ირწმუნა გალაკტიონის ნათქვამი: „წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი.“

დაბადებიდან 150 წლისთავზე ილია ჭავჭავაძე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მას ,,წმინდა ილია მართალი~ უწოდა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button