ბიოგრაფია

გიორგი ჭყონდიდელი

XI-XII სს.

დავით აღმაშენებლის პირველი ვეზირი, მისი აღმზრდელი და მრჩეველი, ”კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა და სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა… სვიანი და ფრთხილი”.

გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის პირველი ვეზირი, მისი აღმზრდელი და მრჩეველი. კაცი, რომელმაც დავითთან ერთად შექმნა ერთიანი, ძლიერი საქართველოს ეპოქა და რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ  დავით აღმაშენებელი ხელისუფლებაში პოლიტიკური გადატრიალების გზით მოვიდა. მამამისი, გიორგი მეფე, საქმეებს რომ ჩამოაშორეს, შესაძლოა,  ამის ინიციატორი იყო არა თექვსმეტი წლის დავითი, არამედ მეფის კარზე მყოფი ენერგიული დასი, რომელსაც სწორედ გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ედგა სათავეში. თუ თვალს გავადევნებთ დავითის მოღვაწეობას, ცხადი ხდება, რომ მისი მეფობის განმავლობაში გიორგი იყო თანაავტორი მეფის მიერ განხორციელებული საქმეებისა. სწორედ გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა დაინახა თექვსმეტი წლის ყმაწვილში ის პოტენციალი, რომელმაც შეცვალა საქართველოს განვითარების გეზი და საბოლოოდ ქვეყნის აღმშენებლობა გამოიწვია.

გიორგის შესახებ ცნობები მწირია. „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთათა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სვიანი, და ფრთხილი, თანააღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა~ – ასე ახასიათებს მას დავითის ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა „ცხოვრება მეფეთდმეფისა დავითისი“. 

გიორგი ჭყონდიდელი დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც ვარაუდობენ, წმინდანი სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. მისი მრავალმხრივი მოღვაწეობიდან გამომდინარე შეიძლება  ითქვას, რომ გიორგიმ ბავშვობიდანვე მიიღო უმაღლესი საერო და სასულიერო განათლება. ის ერთნაირი წარმატებით მოღვაწეობდა ორივე სფეროში, მაგრამ გიორგი უპირველესად მაინც ღვთის დიდებასა და ქვეყნის სამსახურს შეწირული მონოზონი  იყო, ჭყონდიდელი მღვდელმთავარი და მეფის პირველი ვეზირი. 

დავითის გამეფების შემდეგ გიორგი მისი მესაიდუმლე და მრჩეველი ხდება.ისტორიკოს ნიკო ბერძენიშვილის აზრით,  მეფე 20 წლისაა, როცა ბაღვაშთა ურჩ საგვარეულოს უპირისპირდება და ამარცხებს. 24 წლისა თურქ-სელჩუკებს ხარკის მიცემას შეუწყვეტს. 28 წლისა ზედაზნის ერისთავს ძაგანს „დაამცრობს“, 31 წლისა კი საეკლესიო კრებაზე ეკლესიაში წესრიგის დამყარებას ცდილობს. ქვეყნის აღმშენებლობის ყველა ამ ეტაპზე გიორგი დავითის გვერდითაა. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მის შესახებ ნათქვამია:  „ვითა მამა არს მეფისა აგრე ყველა საურავი უმისოდ არ იქნების“. 

1104 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრებიდან მცირეოდენი ხნის შემდეგ დავითმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მან შემოიღო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ახალი თანამდებობა. მწიგნობართუხუცესი იყო მეფის კანცელარიის უფროსი (მას 26 მწიგნობარი ემორჩილებოდა), ჭყონდიდელი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს შეეძლო ჩარეულიყო როგორც საერო, ასევე საეკლესიო საქმეებში და, რა თქმა უნდა, დავითმა ეს თანამდებობა ყველაზე ერთგულ თანამოაზრეს, გიორგის მისცა. მით უმეტეს, რომ საეკლესიო კრების ინიციატორი, „კრების თვალი~, როგორც მას კრების „ძეგლისწერა“ უწოდებს, სწორედ გიორგი იყო: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხუცესისა მრავალმცა არიან წელნი~. ,,ხელმწიფის კარის გარიგების~ მიხედვით, შემდგომში დავითმა ჭყონდიდელს დაუქვემდებარა კიდევ ორი ეპარქია:  ბედიისა აფხაზეთში და ალავერდისა კახეთში. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის გავლენასა და ავტორიტეტს კიდევ უფრო ზრდიდა ის გარემოება, რომ იგი განაგებდა სასამართლო ორგანოს – „სააჯო კარს“, რომელიც სახელმწიფოში მართლმსაჯულებას აღასრულებდა და აღასრულებდა ისე, რომ იყო ყოველთა გაჭირვებულთა ნუგეში – „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი~.

გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი არ ყოფილა სამხედრო ხელისუფალი, მაგრამ მის განსაგებელთა შორის სამხედრო საქმეს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ლაშქრობები და ლაშქრის ორგანიზაციის საკითხები მის გარეშე არ წყდებოდა. შემთხვევითი არ იყო, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიბრუნა საქართველომ ქალაქები: სამშვილდე და რუსთავი, რომლებიც თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი, თუმცა ქვეყნიდან თურქ-სელჩუკთა საბოლოო განდევნისათვის საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის ორგანიზება.  ამის აღსრულება საქართველოს საკუთარი  ძალებით არ შეეძლო, ამიტომ გადაწყდა ჩრდილოეთ კავკასიიდან თურქული წარმოშობის ხალხი –  ყივჩაღები ჩამოესახლებინათ და ამგვარად შეექმნათ რეგულარული არმია. ყივჩაღთა ჩამოსახლებას საქართველოში ის აბრკოლებდა, რომ მათ ომი ჰქონდათ ოსებთან და ოსები საზღვარზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. დავითმა ოსები ყმადნაფიცობის პირობით დაიმორჩილა და მშვიდობიანად დაასრულა ყივჩაღთა გადმოყვანა. აქაც მეფეს გვერდში ედგა გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, რომელიც, სამწუხაროდ, სწორედ ოსეთში ყოფნის დროს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისი იყო საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი დავითისთვის. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, მეფე 40 დღე შავებით იყო შემოსილი და გიორგის გლოვობდა „როგორც მამას და მამაზე მეტს“. მხოლოდ მაშინ შეწყვიტა გლოვა, როცა  უმცროსი ძე, ვახტანგი შეეძინა. გიორგი დიდი პატივით იქნა  დაკრძალული. ვარაუდობენ, რომ მისი სამუდამო განსასვენებელი  გელათში ან შიომღვიმის მონასტერში უნდა იყოს.  წმიდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის კანონიზაცია მოხდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე 2005 წლის 27 ივნისს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button