იაკობ გოგებაშვილი – სხივი წარსულისა
(ისტორიული ამბავი)
დიდს აღმართს დიდი თავდაღმართი მოსდევს; ხანგრძლივ გვალვას ხანგრძლივი წვიმა მოჰყვება ხოლმე; დიდი სიხარული ხშირად დიდ სიმწუხარედ იცვლება ადამიანისა და ქვეყნის ცხოვრებაში.
მსგავსად ამისა, დიდს ბედნიერებას საქართველოისას თამარ მეფის დროს მოჰყვა დიდი უბედურება მისი შვილების მეფობის ჟამსა. თამარის სიკვდილის შემდეგ თორმეტი წელიწადი ჯერ არ გასულიყო, რომ ბედნიერს საქართველოს უცბად შემოესია ველური და შეუბრალებელი მტერი. ეს მტერი იყო მონგოლთა ჯარი. მეთორმეტესა და მეცამეტე საუკუნეში მონგოლები, რჯულით მაჰმადიანნი, იყვნენ უძლიერესნი მეომარნი და მათ დაიპ-ყრეს ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, რუსეთი და კიდევ სხვა ქვეყნები. თუ უზარმაზარმა ქვეყნებმა ვერ მოიგერიეს ეს მტერი და იძულებულნი გახ-დნენ მისი უღელი კისერზე დაედოთ, მით უმეტეს ვერ გაუმაგრდებოდა მას პატარა საქართველო, რომელსაც მონგოლები შემოესივნენ ოთხპირად. თითო პირს ჯარისას შეადგენდა ათი ათასი კაცი და ჰყავდა ცალკე სარდალი, რომელსაც მონგოლურად ნოინი ერქვა. ასე რომ სულ ორმოცი ათასი მონგოლი, ოთხი ნოინის წინამძღოლობით, დაესხა თავს ჩვენს ქვეყანასა. ამ ჯარს არა ერთი ქვეყანა დაეპყრო, ძლიერ გამოცდილი და გაფოლადებული იყო ომში და მასთან ბრძოლა მეტად ძნელი იყო.
მართალია, ქართველმა ჯარმა ძლიერ გაუჭირა მონგოლებს საქმე, ყოველი ნაბიჯის წინ წამოდგმა მტერს ძვირად უჯდებოდა, ბრძოლის ველზე ბევრი მონგოლი ესალმებოდა წუთისოფელს, მაგრამ მტერს ახალ-ახალი ჯარი ემატებოდა, ქართველებშიაც მტკიცე ერთობა არ იყო და ამის გამო ბოლოს საქართველო იძულებული შეიქმნა ქედი მოეხარა. მონგოლების ნოი-ნები გახდნენ მბრძანებლები საქართველოსი, დაადგეს მას მძიმე უღელი, დაადეს მძიმე ხარჯი. ხარჯს გარდა ჩვენი ქვეყანა მონგოლებმა ვალდებული გახადეს, რომ მას თავისი ჯარი ყოველთვის გაეყოლებინა მათთვის, როდესაც ისინი სხვა ქვეყნებზე გაილაშქრებდნენ. ქართველის ჯარის თან გაყოლა უფრო იმის გამო მიაჩნდათ მათ საჭიროდ, რომ ეშინოდათ: ვაი თუ ჩვენი სხვაგან ყოფნის დროს ქართველმა ჯარმა თავისი ქვეყანა ააჯანყოს ჩვენს წინააღმდეგ, ციხეები, რომლებშიაც ჩვენი ჯარი გვიყენია, აიღოს, ჩვენები ამოჟლიტოს, ჩვენი მფლობელობა და ბატონობა გააუქმოს და საქართველო გაათავისუფლოსო.
II
როცა საქართველოში ფეხი გაიმაგრეს მონგოლებმა, მათ მოიწადინეს დამორჩილება ერთის დიდის მთაგორიანის ქვეყნისა, რომელიც იყო სამხრეთით, მცირე აზიაში, და რომელსაც სახელად ერქვა ალმუთი. ოთხივე ნოინი თავისი ჯარებით გაეჩქარნენ ამ ქვეყნისაკენ, რათა უცებ თავს დასხმოდნენ. თან გაიყოლიეს მათ ქართველი ჯარი, რომელიც ცალკე რაზმებს შეადგენდა და რომელსაც თავისი წინამძღოლი ჰყავდა.
ალმუთის მცხოვრებნი ძლიერ მხნენი, ეშმაკნი და ვერაგნი იყვნენ. ისინი ერიდებოდნენ პირდაპირ ბრძოლას მძლავრს მტერთან, _ ციხეებში, ტყეებსა და მთებში იყვნენ შეფარულნი, უსაფრდებოდნენ გზებში, მოულოდნელად დაეცემოდნენ ხოლმე ღამით მონგოლებსა და საქმეს უჭირვებდნენ. თუმცა მონგოლები ბევრს ეცადნენ, მაგრამ შვიდის წლის განმავლობაში ვერ დაიმორჩილეს ალმუთის ქვეყანა. ალმუთელებს მაინც ძლიერ აწუხებდა და ავიწროებდა მტრის ჯარის ფარფაშობა მათს ქვეყანაში, და ამის გამო გადაწყვიტეს, რაიმე ეშმაკური ღონისძიებით თავიდან მოეშორებინათ ისინი. ამ განზრახვით ალმუთელებმა თავიანთ შორის ამოირჩიეს ერთი ჩუმს მკვლელობაში დახელოვნებული კაცი და დაავალეს, რომ მიჰპაროდა ღამით მონგოლთა ჯარსა, ჩუმად შეპარულიყო მთავარ ნოინის კარავში და მოეკლა იგი ისე ფარულად, ისე საიდუმლოდ, რომ ვერავის ვერ შეეტყო და ეს მკვლელობა ქართველებისათვის დაებრალებინათ მონგოლებსა. ამ დაბრალების იმედი იმიტომ ჰქონდათ, რომ ქართველებსა და მონგოლებს შორის არამც თუ თანხმობა არ არსებობდა, არამედ ერთმანეთი აშკარადა სძულდათ. ბრძოლაშიაც ქართველები მაგდენად არ ეშველებოდნენ მონგოლებსა და იმის ნატვრაში იყვნენ, რომ ალმუთელებს მათთვის საქმე გაეჭირვებინათ, ბევრი ზარალი მიეყენებინათ და არ დამორჩილებოდნენ.
რაკი მონგოლები თავიანთის ნოინის მოკვლას ქართველებს დააბრალებენო, ფიქრობდნენ ალმუთელნი, მიესევიან მათ, გაჩნდება ომი, ერთმანეთს დახოცავენ და მაშინ შესაძლებელი იქნება მტრის განდევნა ჩვენი ქვეყნიდანაო.
III
მეტად ოსტატური ხერხი მოიგონეს ალმუთელებმა და უფრო კიდევ ოსტატურად მოიყვანეს იგი სისრულეში.
ერთ ბნელს ღამეში მთავარ ნოინს ჩაღატარს ტკბილად და მშვიდობიანად ეძინა თავის კარავში. ვინ იფიქრებდა, თუ ეს მისი უკანასკნელი ღამე იქნებოდა. კარავს გარშემო ფრთხილი მცველები უდარაჯებდნენ. მარჯვე მკვლელი შორიდან ადევნებდა თვალს, და, როცა იდროვა, მიიპარა შუაღამისას საოცარი ოსტატობით, შეუმჩნევლად გაძვრა მცველთა შორის, შეიპარა კარავში, ამოიღო ხანჯალი, დაუმიზნა ნოინს შიგ გულში და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ჩასცა შიგ. ნოინი მოკვდა ისე სწრაფად, გათავდა ისე უცებ, რომ კრინტის დაძვრაც ვერ მოასწრო. ვერაფერი ვერ შეიტყეს თვით მცველებმაცა. მკვლელმა შეასრულა თავისი საზარელი წადილი, მერმე შეუმჩნევლად გამოიპარა კარავიდან, გაძვრა მცველებს შორის და გაჰქრა ღამის სიბნელეში.
ასე აღუსრულდათ ალმუთელებს თავიანთი პირველი წადილი, აღუსრულდათ სავსებით და მათთვის სანატრელის საიდუმლოებით. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ამაზე უფრო უარესი ის იყო, რომ მეორე მათი ეშმაკური წადილიც აღსრულებაში მოდიოდა. მონგოლებმა ეს საზარელი მკვლელობა დააბრალეს არა ალმუთელებს, არამედ ქართველებს, რომელთაც არამც თუ არავითარი მონაწილეობა არა ჰქონდათ ამ მკვლელობაში, არამედ სრულიად არაფერი იცოდნენ მისი.
ქართველი ჯარი ჩავარდა საშინელს განსაცდელში და მისი გაწყვეტა აუცილებელი იყო გაშმაგებულის მონგოლების ხელით, თუ რომ მას მხსნელად არ გამოსჩენოდათ ის, ვისიც წილხდომილი იყო საქართველო.
«და ვითარ გათენდა, _ მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება, _ იხილეს კარავის მცველთა ჩაღატარ ნოინი მოკლული, იწყეს ტირილი, თავპირის ტყეპა და ვაება. და როცა ესმათ სპათა ჩაღატარ-ნოინისათა, მირბოდეს და, იხილეს რომ მათცა მოკლული, იწყეს ვაება და ტირილი, და არ უწყოდეს, თუ ვითარ, ან ვის მიერ მოკლულ იყო. მაშინ თქვეს ყოველთა: რადგან ქართველნი დიდს ჭირსა და სასჯელში არიან ჩვენ მიერ, ამისათვის მოუკლავთ ქართველთაო». ამას ყოველნი უცილობით ამტკიცებდნენ, გარდა ქარმაღან ნოინისა, რომელიც იტყოდა: «დაწყნარდით, კაცნო, რამეთუ არ არიან ნათესავნი ქართველთანი კაცის მკვლელნი და არცა სჯული აძლევთ მათ ნებას ესრეთი საქმე ჰქმნან». ხოლო სპანი, აღშფოთებულნი და განძვინებულნი თავიანთი პატრონის სიკვდილით, გამოექანენ ქართველთა ბანაკისაკენ, რათა თავისი ბრაზი იმათზე ამოეყარათ.
ამ სრულიად მოულოდნელმა გამოქანებამ მონგოლთა ჯარისამ ქართველი ჯარი შეაძრწუნა და საშინელს საგონებელში ჩააგდო. არ იცოდნენ, რა ექნათ. ზოგნი სწრაფად ემზადებოდნენ საომრად, ზოგნი კი აშოშმინებდნენ მათ, ომს არ ურჩევდნენ და ეუბნებოდნენ: რა გაგვივა ამოდენა მტრის წინააღმდეგ. ისინი არიან მრავალნი, ჩვენ კი მცირენი, იმათ მომშველებელი სხვანიც ბევრი ჰყავთ, ჩვენ კი მარტოდმარტო ვართ უცხო ქვეყანაში.
IV
ამ საშინელის წამის დროს ქართველს ჯარს გამოუჩნდა გმირი, რომელმაც მოიწადინა თავდადებულობით და თავის განწირვით გადაერჩინა ქართველი ჯარი და მასთან საქართველო დიდი უბედურებისაგან. ეს გმირი იყო გრიგოლ სურამელი, ქართლის ერისთავი, მთავარი წინამძღოლი ქართველი ჯარისა. მან აღიმაღლა ხმა და მიმართა ქართველს ჯარს შემდეგი სიტყვებით: არა, ძმებო, არ გვიჯობს ახლა ჩვენ ბრძოლა! ჩვენ რომ ახლა მტერს შევებათ, მართალია, ვაჟკაცობას გამოვიჩენთ, სახელსაც მოვიხვეჭთ, მაგრამ ქვეყანას კი უპატრონოდ დავარჩენთ და დავღუპავთ. დიაღ, ბევრს მტერს დავუბნელებთ მზესა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დიდით პატარამდე მთლად ამოჟლეტილნი ვიქნებით ძლიერის მტრის სიმრავლისაგან, და იმა-საც ეს უნდა. მაშინ რა მდგომარეობაში ჩავარდება ჩვენი სამშობლო? მას მფარველი და მცველი აღარ ეყოლება. მისი საუკეთესო ჯარი ბრძოლის ველზე ეყრება, იგი დაობლდება და ურჯულო მტრის ხელში გამოივლის აუარებელს ტანჯვას და წვალებას. მონგოლნი უპატრონო საქართველოს გალეწავენ და მიწასთან გაასწორებენ. არა, ძმებო ჩვენ ბრძოლა მონგოლებთან სხვა დროისათვის უნდა გადავდოთ. ახლა კი ქვეყნის სიკეთე მოითხოვს, რომ ვაჟკაცური გული შევიკავოთ, ხელი არ გამოვიღოთ და არ შევებათ მტერსა. მაშინ მტერი თავის ჯავრს იყრის ჩემზე და იქნება ზოგიერთს სხვა უფროსებზედაც, ჩვენ დაგვსჯის იგი, დაგვხოცავს, მაგრამ თვითონ ჯარი კი, ეს ძალა და ბურჯი ქვეყნისა, გადარჩება და იგი თავის შორის აირჩევს ახალს სარდლებსა, უპატრონებს ქვეყანასა და თავის სამაგიეროს გადაუხდის ურჯულოებს. მხოლოდ თავდადებულობა სარდლებისა იხსნის ჯარს ამოჟლეტისაგან და ქვეყანას აოხრებისაგან.
V
«ქართლის ცხოვრების» სიტყვით, მაშინ მოხდა ყოვლად უცნაური, მოულოდნელი და სასწაულებრივი ამბავი. მაღალი და ხშირი ლერწმოვანიდან, რომელიც იყო იქვე ახლო, უცებ გამოვარდა უცნაური კაცი, რომელსაც ხელ-ში ეჭირა სისხლში მოსვრილი ხანჯალი, ჰქნა პირი მონგოლებისაკენ, ხანჯალი აიღო მაღლა, ჰაერში დაატრიალა, მთელს ჯარს დაანახვა და ძლიერი ხმით შესძახა მაღლა სპარსულად: «მან ქაუშტემ ჩაღატარ!», რაც ქართულად ნიშნავს: «მე მოვკალ ჩაღატარი».
მონგოლებმა რომ ეს უცნაური სურათი დაინახეს და გაიგონეს საზარელი სიტყვები, გაოცდნენ, განცვიფრდნენ და გაქვავდნენ ერთს ადგილს. მერე კი გაცეცხლებულნი გამოექანნენ ამ კაცისაკენ და უნდოდათ ლუკმა-ლუკმა აეკაფათ, მაგრამ იგი, შეშინებული, ისევე ლერწამში შევარდა და ისე დაიმალა, რომ მონგოლებს მისი პოვნა ვერ შეეძლოთ. მაშინ ლერწამს ცეც-ხლი წაუკიდეს მათ. გამხმარმა ლერწამმა პრიალი დაიწყო და იქაურობა აივსო კომლით და ალით. ჯერ ის უცნაური კაცი მაინც კერპობდა, არ გამოდიოდა, რადგანაც კარგად იცოდა, რომ ტანჯვა და მწარე სიკვდილი მოელოდა; მაგრამ ბოლოს კომლისა და ალისაგან შეწუხებული თავბრუდას-ხმული თვითონვე გამოვიდა ლერწმოვანიდან. მონგოლებმა შეიპყრეს და წარუდგინეს თავიანთს სარდლებს _ ნოინებსა.
ნოინებმა ჰკითხეს: ვინ ხარ შენ, რად და როგორ მოჰკალი ჩაღატარნოინი? მან უპასუხა: მე ვარ მულიდი, მულიდთა შორის საჩინო: მათ, მულიდთა, დიდძალი ოქრო მომცეს და გამომგზავნეს მთავარ ნოინის მოსაკლავად. წამოვედი და მოვედი აქ ღამით, მოვკალი ჩაღატარი ნოინი თავის კარავში და დავიმალე ლერწმოვანში.
მერმე ჰკითხეს ნოინებმა: რა იყო მიზეზი, რომ ლერწმოვანიდგან შენი ნებით გამოხვედი სისხლიანი ხანჯლით და დაიწყე ყვირილი: «მე მოვკალ ჩაღატარ». შენ ისე იყავ დამალული, რომ ვერავის შეეძლო შენი პოვნა. რად გამოხვედი და განაცხადე შენი ცოდო, რად აღიარე მკვლელობა დიდის ნოინისა და რად მიეცი თავი სატანჯველსა?
ხელახლად მიუგო მულიდმა: მე ვიყავი დამალული მაღალს ლერწმოვანში და უშიშრად ვგრძნობდი ჩემს თავსა; მაგრამ უცებ გამომეცხადა დედაკაცი, მადლით შემოსილი, სიტურფით აღმატებული და მითხრა: «რა ესე ჰქმენ, კაცო? შენ მოჰკალ კაცი იგი და სხვანი კი, სრულიად უბრალონი ამ საზარელს საქმეში უნდა დაიტანჯნენ და ამოიჟლიტნენ». მე ვუპასუხე შიშით: «რა ვქნა, დედოფალო?» ხოლო მან მიბრძანა: «ადეგ და მომყე მე; და როცა გა-ვალთ ამ ლერწმოვანიდან; ხმა მაღლა აღიარე, რომ შენ მოჰკალ კაცი იგი, და ამითი გამოიხსენ უბრალონი ტანჯვისა და სიკვდილისაგან».
ხოლო მე მაშინვე ავდეგ და უკან გამოვყე მას, და მან მომიყვანა თქვენს წინაშე. და რა წამს ხმა ავიმაღლე, მკვლელობა ვაღიარე და თქვენც დამინახეთ, უჩინარ იქნა დედაკაცი თვალთაგან ჩემთა. ეხლაც არ ვიცი, ვინ იყო იგი უცნაური დედაკაცი და რა იქნა. და აჰა ეხლა მე თქვენს წინაშე ვდგევარ, უნებლიეთ მოყვანილი იმ საოცარის ქალის მიერ.
მონგოლებმა რომ მოისმინეს აღსარება მკვლელისაგან, მეტად განცვიფრდნენ; შემდეგ გაბრაზებულებმა ჩაღატარ ნოინის მკვლელი ალმუთელი ხმლით შუაზე გააპეს.
როცა მკვლელი დასაჯეს, მონგოლთა წინამძღოლნი მიუახლოვდნენ ქართველს ჯარსა, ბოდიში მოიხადეს იმის გამო, რომ ტყუილუბრალოდ დასწამეს მათ მოკვლა ჩაღატარ-ნოინისა და უკანვე დაბრუნდნენ თავიანთს ბანაკში, მეტად გაოცებულნი და განცვიფრებულნი ამ უცნაური მოვლენითა. ასე გადარჩა ქართველი ჯარი ამოწყვეტისაგან და საქართველო აოხრებისაგან _ ამბობს «ქართლის ცხოვრება», საიდანაც ეს თქმულება ამოვიღეთ.