პოეზია

ერეშ ქიგალი – მეგრული მოტივები

ჩემო, შურიგე!
ოღონდ ცოტაცა
და დავიბრუნოთ,
თუკი მოგვტაცა
მტერმა ცისფერი
ზღვა და
ლურჯი ცა.
შენ შემოგევლე,
ოღონდ დაიცა!
თორემ სიბერე
მეცემა ყელში,
ჩამაბერდება
ლექსები ხელში.

თუკი შენამდე
ჩამომყვა სული
და მონატრებით
დავრჩი
ორსული,
ვიტიროთ უხმოდ
ჩვენი წარსული,
დრო, ბოროტებით
თავგადასული.

სანამ არ არის
ჯერაც ჩასული
მზე შემოდგომის
სანამ ძალა მაქვს
ჯერ ფეხზე დგომის….

და როგორც იმ თოვლს
წაიღებს ქარი,
თუკი რომ იდო
აქ შარშანდელი,
ისე გაქრება
ნამსხვრევების ქვეშ,
ვინაც ჩვენს შორის
ჩადგა კედელი.

დამელოდება
ჩემი მორდია,
ჩემი ძუძუმტე,ჩემი გამდელი..
ტახტთან დამიცდის
ჩონგური ძველი
დაჭიმავს სიმებს
ოცამდე წელი.

დავჯდებით მერე
მე და შურიგე
და ავაკვნესებთ
ჩელას და ნანას
და ჩემი ხვიჩა
შეხვდება ცირას
მერე მოჰყვება
ამბები ამას.

ჩემო შურიგე!
მე უშენობით
ვერ ვარ ძლიერი,
უკვე საწყალი,
ნუ მომკლას ისე
არსთაგამრიგემ,
შენი ჭიდან ვერ შევსვა
წყალი..

ცოტაც, ქუგალე,
სკანი ჭირიმა,
არ მოკვდე ერთხანს,
დამხვდი ცოცხალი
და გაზაფხულზე შემოვაბიჯებთ
მე დამერცხალი
მე
და
მერცხალი!

***

ჩემი ცხობრების,
ჩემო ტაია,
შემომაღამდა
ნახევარ გზაზე…
დავკარგე
გზაში
ოქუმი ჩემი
და ვერ
მოვსულვარ
სიმწრისგან
აზრზე.

ვიღა მატარებს ,
ჩემო ტაია,
დარჩენილ გზაზე
ნახევარ გზიდან?
უცხოა ჩემთვის
ნაპკური ზეცით
თუკი არ მაწვიმს
ოქუმის ციდან.

მურზაყანელი
უმარზაყანოდ
წამოიზარდნენ
უკვე ლეკვები,
თუკი შენამდე
ჩამოვაღწიე,
შენ შემოგევლე,
შემოგევლები.

ჩემი ცხოვრების,
ჩემო ტაია,,
შემომაღამდა ,
ჩემო შელია,
თუ კაკლის ძირში
აშალე სუფრა
იცოდე
უკვე გასაშლელია!!!

ჩემო ტაია,
ჩემო შელია,
მე სიყვარული
მმართებს შენია.

ჩამოვანგრიოთ თუა კედელი!!!!!!
ოღონდ თუ მელი,
ოღონდ თუ მელი!

***
მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!
ჩამესმის
ყურში ხმა
თამარის.
ვიღვიძებ,
დავეძებ
წყვდიადში.
ხმა ჩანს და
თამარი
არ არის.

მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!
დამდევენ
ზღვისფერი
ლექსები.
მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!
რელსები!
რელსები!!
რელსები!!!

მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!

შირვანშაჰს
მოვტაცე
ასული.
მე მისი
ნაწნავი
მახრჩობს და
მე აქ ვარ,
იქ არის
წარსული.

მისოუსტ!
მისოუსტ!!
მისოუსტ!!!

შირვანშაჰს
მოვტაცე
ასული.
მე მისი
ხელში მაქვს
ნაწნავი,
ვაგონში
ხარჭად მყავს
დასმული.

***
გამარჯვების
სიმწარე და
დამარცხების სიტკბო,
ამაღლების სიცივე და
ძირს დაცემის სითბო.
აირია ფერები და
ისმის სულ სხვა სტვენა,
აღარ მათრობს იები და
გალობათა სმენა…
დავიბადე სიკვდილში და
ნენამ გამასვენა,
სულ სხვა მახსოვს მხარეები,
სხვაგან მიწევს თმენა.
უხვად მინდა ცრემლთა დენა
და ღიმილის ცვენა,
დამალული სიბრძნე ვარ და
ბრიყვი გამოჩენა.

სინათლეში
არ ვჩანვარ და
ნათელი ვარ ბნელი,
გრიგალი ვარ
ქარბორბალა,
თან სიო ვარ ნელი.
აიწონა-დაიწონა
ბედის კარუსელი,
ღვინოს არ ვსვამ
რადგან ცრემლის
სასმით ვარ მსმელი.
მორჩილებით შეშლილი და
უკვე დასაბმელი.

***

მე სევდა ვარ
იმედის და
სევდიანი ბედი..
მე ყვავი ვარ მჩხავანა და
მომღერალი გედი.
ვარ ბოროტი
კეთილი და
კეთილი ვარ ბორი-
მე ერთი ვარ….და ერთში ვარ
მომღერალი ორი.

მე ლამაზი გონჯი ვარ და
თან უშნო ლამაზი,
მე ნაზი ვარ უხეში და
უხეში ვარ ნაზი.
ზიგზაგებით ვიარები
სწორი მიყვარს ხაზი.
მე ვარ გურუ
მეგრელი და
გურული ვარ ლაზი.

მე
მორჩილი მონა ვარ და
ამავე დროს ურჩი,
მჭერმეტყველი ალი ვარ და
ამავე დროს მუნჯი,
თავმომწონე
მდაბალი ვარ
და მეფე მორჩილი,
ახალბედა ბერი ვარ და
ბებერი ვარ ჩვილი.

მე
ცაში ვარ
მიწაზე და
მიწაზე ვარ ცაში
ვერ გავიგე,
რას მერჩიან
და საქმეა რაში…
..
დამატარებს აქეთ-იქეთ
ცოფიანი რაში.

***

მონატრება

ყავახანა ამირანთან
და ნაყინი ტკბილი,
“კოფე-გლიასე” “ამრასთან” და
შენი ოქროს კბილი.

ხელის გულზე ფერდობიდან
ზღვების მახსოვს ჩრდილი…
ჩვენი ნორჩი ნაძვის ხეა
ალბათ წამოზრდილი.

კოკტეილი “ამრაში” და
გაფრენილი რაში,
ზღვის ტალღებზე სირბილი და
მაგნოლია თმაში.

მე არ მინდა სხვა სამოთხე,
თუა სადმე ცაში.
თოლიების ბაბუშერის
ზღვაზე მინდა ტაში.

ბედნიერი თმებს გავიშლი,
ზღვაში შევალ ქარში,
ჩემი გზა მაქვს,გასავლელი
ხელი არ მკრათ მხარში….

თუ უჩემოდ ჩახვალ ერთხელ,
ოდეს დააპირო
მომიკითხე ჩემი მზე და
ჩემი სანაპირო.

თუ უჩემოდ იქნება და
ერთხელ დაიდარა,
დამიკოცნე ეშერა და
ჩემი აჩადარა.

მომიკითხე გამზირი და
ლესელიძის ქუჩა
თვალწინ მიდგას კელასური,
როცა თვალებს ვხუჭავ.

****
ჩემი გულის ქალაქი და..
ჩემი თმახუჭუჭა.

***
ცრემლით გასკდა ზღვები,
ნაცემია გზები,
დამფრთხალა თოლია,
“როგორ მინდა შენთან,
როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია.”

***

“ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები
და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.
ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში”.
(შოთა ნიშნიანიძე)

ურაიდა რა,ვარადა,
ვარადა,მითხარ შვარადა,
ერთ ზღვას თუ ვსვამდით,
ვისთან სვამ?
აი,მთავარი შარადა.

ურაიდა,შვა
რაი და,
ვა შვა,შვარადა,არადა.
ძმას თუ ბილიკი წაართვი,
ვის გაუგრძელე შარა და

იმქვეყნად რა პასუხს გასცემ
ძუძუმტეს,შენს ძმას- მათესა?
მითხარ,მის ნაცვლად რად იძმე
ვინც სიძულვილი დათესა?

რუსარაიდა,ვუი და
ურა რაინდს არ ურდია.
ნანას კი ძმის მოსაკლავად
კაენი შინ გაუზრდია.

ვინც რომ აკვანი გირწია,
რად აწყენინე,მას რადა,
ან ვაშინერსი რად იგდე
მტრის გახელებით მასხრადა?

ძუძუს თუ ძმურად ვიყოფდით,
ვარა,მითხარი შვარადა,
შენს ძმასთან სალაპარაკოდ
სხვა რად დაგჭირდა შვა რადა?

ო,რა ვუი და ვაი და,
არ მინდა ურა,ყურადა.
სახლში რად შეიპატიჟე
ქური,მითხარი,ძმურადა?

მარდუალ ბაბას სანაცვლად
რად ენდე სულ სხვა ბიძასა,
ან შავი რად შეუკერე
შენს გამზრდელ ნანა-ძიძასა?

მას საკუთარი ძუძუმტე
რად ჩაუწვინე მიწასა,
ნანას ძუძუ თუ არ გლოცავას,
მითხარი ვისი გიცავსა?

ეშმაკმა რად დაგაბნია,
ედები ღობეს,თუ რასა?
ნანას დასატირებელი
ატირებინე ტურასა.

ვინც შენს თავს რომ იფიცებდა,
რად გაუცუდე ამაგი,
სად არის შენი მორდია,
დღეს უსახლკარო ჭარმაგი?

მის სახლში მის უკითხავად
ტურისტები რომ მოდიან?
საერთოდ თუ გიკითხია,
სად ცხოვრობს ჯვებე მორდია?

რა ცუდად მოუნათლიხარ,
თუ რომ გაჰყვირი ურასა,
აღარც ბიბლიას ენდე და
ვერც შეეგუე ყურანსა.

ვიღა შემოგეგებება:
“სკუა,თეზმა ხანს სორდია?”
-ან შენს შვილს ტკბილად ვინ ეტყვის
ქუგალე,აშო მორთია!

დილით გამოღვიძებულზე
ვინ ეტყვის უზმოზე ხვალე
“გურშა ქომხუტოლე, ვარა,
ცოდა ვორექ, სი ქუგალე”

ნანა,ანუნიტ,ინანა
მარტო სიტყვები როდია,
ყველა რომ საკრალურია,
გეტყოდა,ალბათ, მორდია.

თუ არაიდა,თუ არა,
დარი თუ დამემდურადა,
სუყველამ თავზე დაგვა.ვა
ვინც სახლში გვყავდა მდგმურადა.

ურაიდა რა,ურადა,
სულ აიდა და ურდია,
ძმას იმას ნუ დაუძახებ,
ვინც შენი მიწის ქურდია.

ო,რა რაი და,რაიდა,
ვოსსა ვაი და ურა და,
შენს სახლში არ დაგაყენონ,
გაგონილია ყურადა?

ვარა იდა რაი,ჰურადა
და მე არ ვიცი,თუ რადა
ბაბუას სახლში მასპინძლობს
მოსული ვითომ სტუმრადა .

ქრისტიანობას მასწავლის
შემოპარული ქურადა,
მოყვრად მოსულმა აგვწაპნა
სახლ-კარი ტექნიკურადა.

ვარაიდა რა,ვუ რაიდა,
მინდა რომ გითხრა რაი და
ბრიყვობა ცოდვა ყოფილა,
თუ რომ გაკმინდე ხმაი და

მუნჯი ხარ? მაშ,ჩამოიღე
ნოხ-ფარდაგიდან ხმალი და….
მოთმინებას რა ვუთხარი-
გავკარი ნაპერწკალიდან.

ოსსა რაიდა,ვაი და,
მინდა რომ გითხრა,რაი და
უმადურების დედებიც…
თუ არ მოვწონვართ …ჰაიდა!!!
***
ღობე შევკრათ გარღვეული-
იქედან შენ,მე -აქედან.
ცუდია მასპინძლობა თუ
მოსისხლე მტერი აქე და

ხოლო მასპინძლის ბრალია,
რაიც სტუმარმა აკეთა.
კვერცხს ცილას თუ მოაშორებ,
ხელში შეგვრჩება ლაყე და

კვერცხის მიუვალ გულს ვინაც
კვლავ ცილებს ჩამოა-ცილებს,
მითხარით,ვინ გაუმკლავდეს
ბაცაცებსა და ბა-ცილებს?

რა ჩიტმა უნდა გაუძლოს
გრიპს და ფილტვების ანთებას?
ესე სცოდნია ბუხარში
სხვისი ნაპერწკლის დანთებას.

დავკარგეთ უფლის შიში რა,
დავრჩით შიშითა შიმშილის,
წყალობას ველით ჯორ-ვირის
და მოგვწონს ხმა ვირიშვილის.

ხმა ამაიღე,ჩონგურო,
გამაგებინე ხმაი და,
ოღონდ არ გამაგებინო
ხევსურს რად უნდა ხმალი და…

ურა,რაიდა, ჰაიდა!
თუკი ხარ ყმაი კაი და…
აბა ულა და ულა და
მხოლოდ ეს ჰიმნი ყურადა.

ოსარაიდა,ურადა ,
შვარადა,ვარა,ურადა,
ურაიდას რომ ვერ მღერის
ივარგებს შენს მეგზურადა?

ურაიდა ბზი’ აბარა
შამაშმა რა დაგაბარა?
აბზიაბარა!აბა რა.
უსიყვარულოდ ჭაღარა!
ვერ შეიყვარე ვინც შენი
ძმის სისხლი შენთან დაღვარა.

სარა ამრა ბზია იზბოიტ
მარ შამში შაშამე შამშე
სიპშაა –
სირპხა –
და ამრამ
ამირანი ნუ დაამშე.

აბ-აბბა-მამა,როგორც შუმერში,
ან-ნანა -დედა,როგორც შუმერში.
ამრა-შამაში და ამირანი,
ოღონდ ნისლია შუაში ტირანი.

უარა სარა სუგუალაშფო-
გახსოვარ ძმაო?
ან მაქეთ ტირის, აქეთ კი ნანას
ჩაუხჩა ხმაო.

უარა სარა სუგუალაშფო?
უარა სარა სუგუალაშფო?
უარა სარა სუგუალაშფო?

აჩხარა ,აჩხარა, აჩხარა!
აჩჩარა ,აჩჩარა, აჩჩარა
და ჩქარა და ჩქარა და ჩქარა
ხაიბაბოტ
და ხვანჭკარა.

აბზიარაზ ვერ გითხარი,
ბზიარა უბბაიტ! -ჭაღარას
და ამირანი ამრაში
სხივს ვნახავ აგუს თაკარას.

ვით გილგამეშს და ენქიდუს,
ორანს ერთი გზა გვივლია
შუმერიდან და აქამდე
ერთი ვიყავით წყვილია.

ერთი ამზა,
ერთი ამშინ,
ერთ ბუხართან
ორი კვლავ შინ.
ერთი ამშინ,
ერთ ამზა,
ორ ძმას არ გვაქვს
არსად სხვა გზა.
ერთი აჩა,
ერთი აგუ,
ერთი ძიძის
ორ ძმას “აღუ”.

სარა იზბოიტ …
იზბოიტ ამრა!
სარა სცოიტ!
უგხაზგოიტ!
მოვდივარ,
კმარა!

თუ წიგნის ნაცვლად გიჭირავს
სულ სხვა ჟიურის ჟურნალი,
ღმერთმა თქვა: სიყვარულია
სიძულვილისო მკურნალი.

გიყვარდეს!
გიყვარდეს!
აბზიაბარა!
მზემ დაგვაბარა.
სარა ამრა ბზია
იზბოიტ!
სარა ამრა ბზია
იზბოიტ!
მარ შამში შამშე შაშამე
მარ შამში შამშე შაშამე
მარ შამში შამშე შაშამე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button