პოეზია

ერეშ ქიგალი – ლექსები

რომ აკიაფდეს ცაზე ვარსკვლავი, დაღამდეს უნდა

მეც დავილევი
შენს ხელებში,
ვით თოვლის გუნდა,
რომ აკიაფდეს
ცაზე ვარსკვლავი,
დაღამდეს უნდა.
ბეწვის ხიდზე ვარ
არადა გზებში
მე ფართო მშურდა.
აღარ მწყურია,
უკვე
არც მახსოვს,
თუკი რა მსურდა.

ალბათ მანეთი მოვითხოვე,
მომიგდეს ხურდა,
ოცნებისფერი სილაჟვარდე
ვარდით გახუნდა
და გასროლილი ბუმერანგიც
აღარ დაბრუნდა
ისმის სიჩუმე,
მდუმარებაში
რომ გახახუნდა.

აღარ გაწვიმდა,
ჩემს უდაბნოში
ამაოდ ქუხდა.
აღარ დაღვინდა
მაჭარი ქვევრში
არადა,დუღდა.

სული კი…
წუხდა…
სული კი წუხდა…
წუხელაც წუხდა.

ყველამ ამიგდო,
არც მზემ დამინდო
და გაახურა,
უჩინმაჩინის
თეთრი ქუდი
დღემ დამახურა.

მახსოვს,რომ ქუხდა…
ხურდა მახსოვს…
და სული წუხდა…

რომ აკიაფდეს
ვარსკვლავები,
დაღამდეს უნდა.

***
უკან მომდევდნენ ძაღლები ყეფით.
ფიქრები იყო
ოცნების მყვლეფი.
მიზანი ჩემი აღმოჩნდა ბლეფი,
ახლა უმიზნოდ
ვცხოვრობ და…
ვკვდები!

რას მოვბობღავდი
მე ჭირთა ჭიდან?
/ოცნება მქონდა,
თუკი მიჭირდა/
ნუთუ ამისთვის
სიცოცხლე ღირდა?
ნუთუ ამისთვის
ახლა გაწვიმდა?

ვგავდი ვივალდის ივლისში… ზამთარს,
ეკლესიაში დამწყვდეულ თათარს.
გზა წინ არ მქონდა….
უკან კი ორი
თავში მირტყამდა
კეტს დირიჟორი.

უკვე არავინ
მანებივრებდა
და გასავლელსაც მარბენინებდა.

წინ….. არ უჩანდა გზას დასაწყისი
და ცხვირში მუშტებს ქარი მირტყამდა,
რაც გავიარე ხომ მარბენინეს
და გასავლელიც ვეღარ მიტანდა/დედას მიტ…ნავდა/

წინ გზა არ მქონდა-ვიყავი მგზავრი
უკან კი მიწას დაედო ბზარი.

ვიდექი, მზიან ივლისში ბნელში
და არვინ მყავდა ამ განსაცდელში.
თეთრი ფერები შავით გახუნდა
მიჭერდა ყელში
ივლისის გუნდა.

თხრიდა გვირაბებს
ივლისი თოვლში-
სააქაოდან საიქიოში.

ივლისს ნაბადი თავზე ეფარა
დანაბარები სული ებარა.
ვგავდი ვივალდის ზამთარს… ივლისში
საზღვართან სული რომ გაეპარა.

ვგავდი ვივალდის ზამთარს ივლისში.

***

შენი ღიმილი,
ქარვისფერი,
მზის ჩასვლას ჰგავდა
და განშორების მოახლოებას
ვეღარ ჰფარავდა.

ჩემი ხარ-ხარი
მეფე ლირის ჰგავდა ნაბიჯებს
და ოცნებებიც ჩამოჰგავდნენ
უფრო ნაბიჭვრებს.

ვერ დავიჭირე სხივი შუქიდან
ქვე-ჩამავალი
და ერთი ქარვით ვერ განვაქარვე
ნაქარგი ვალი.

ღამე კვალდაკვალ
ქარვის მძივებს თუ იპარავდა,
შენი ღიმილი
ტკივილისგან
დამიფარავდა?

***

დალი….ანუ სვანური კანტანტა
(ამონარიდი პოემიდან)

“ფეთქვა-საოცრებავ და მოუხელთებელო სურნელებავ!”…
“მზე, ხორბლისფერ თმებში ბუდეს დაიდებს”.
(ესმა ონიანი)

ადანდალი
დანდალი,
იქ იშთარი ,
აქ დალი.
შვიდტროედი შანდალი,
ცაზე მთვარის ბანდალი.

თუ არ შეგეშვა ალქალი-მოგხვია თუკი მან ხელი,
დაგიხსნის მისი ნუსხისგან წმინდა გიორგის სახელი…
ნაფხეკით გაზრდილს ანგელოზი მყავს ვით სალი კლდე და
ვერც დევი დამძლევს და ვერც მისი ცალთვალა დედა.
***
თუ შეგეპარა გულმარიხიანს სევდის ბაცილა,
ალქალი დაგედევნება,ანდა მხარს გიქცევს მაცილა.
თუ მარტოხელა იმგზავრებ,ჩაგისაფრდება ალიო,
იარო მისგან ზომბივით,თუმც გერქვას კაცს ცოცხალიო.

მოგნუსხავს კენტ მონადირეს ოქროსთმიანი დალიო,
იძულებული იქნები,მისი შარბათი დალიო.
თუ სიყვარულზე ვარს ეტყვი,გაცოფდეს,როგორც იშთარი,
ხოლო ჰყვარობდეს რომელსაც,ნადავლით იყოს მდიდარი.

თუკი სიყვარულს გაამხელ,ან დაარღვიე პირობა,
დაგღუპავს…და მონადირეს ვერ შეგერგება გმირობა.
ვინც უღალატებს,ამოწყვეტს.. დაედევნება ის ცემით,
სჯობს,მის წინაშე რიდი და ხსენება პატივისცემით.

ოქროს სავარცხლით ივარცხნის ოქროს ნაწნავებს დალიო,
სალ კლდეზე მისი ფანჯარა ბინაა მიუვალიო.
ნაწნავებს კიბედ იყენებს,თუ მგზავრი აიწონაო,
მოაჯადოებს სუყველას,ვინც საქმროდ მაიწონაო.

მონუსხავს,ვისაც ჩაიგდებს ხელთ საკუთარი ალობით.
ვისაც სადგომში აიყვანს ოქროს ნაწნავის წყალობით,
არის ფერებით უხვი და სიყვარულშიაც ალალი,
ერთ ლოგინს უსაბნოდ გაშლის დალის გაშლილი დალალი.

ნანადირევ მამრს ამაყად
დალი უშგულის ჯიხვს არქმევს
და ახალგაზრდულ სიყვარულს
თავს ვულკანივით ის აფრქვევს.
***
ლაჭბდანის მთაზედ ხვრელია,
კაცი ეტევა ცხენითა.
იქ დალი ცხოვრობს,ივარცხნის
თმას ოქროს სავარცხელითა

და ცხოვრობს,სადაც მუხლმაგარ
ჯიხვს ძნელად მიესვლებისა,
იქ იბადება,იქა აქვს
შესანახავი ძვლებისა.

სიმაღლით თვალსაჩინოა
ამორძალივით მხნე დალი.
იღბლიანია,ჰკიდია
მისგან ვის ტრფობის მედალი.

არ მოაკლდება არასდროს
მას ჯიხვის,შუნის მწვადები,
ვინც უბრად დალს შეუთანხმა
ურთიერთობის ვადები.
***
მან,ვინც რომ…და არაერთხელ
დალისთან ღამე ათია,
იცოდა ქცევის წესები,
ქალღმერთთან დიპლომატია.

ახსოვდა დალის სითეთრე
კლდის მონადირე ბეთქილსა-
იყო ზიარი თავთუხში
ორ გულის ერთად ფეთქვისა.

ვისაც რომ დიდხანს ჰყვარობდა,
კლდის ფანჯარაში დალიო,
ნამეტნივ ჭენებისაგან
ხდებოდა ის გამხდარიო.

ვაი,რომ ალქალის ტრფობა
კაცისთვის მძიმე ტვირთია,
ანანოს,ვინც გაიშვიროს
ქილიკით მისკენ თითია.

მამრის წესია,ტრფობაში
მეტი თქვას,ვიდრე ყოფილა
და ვით იყუჩოს,ქალღმერთი
მკლავს ეწვას დედიშობილა?

ის,ვინც რომ ბევრს ტრაბახობდა
და ენას კბილს ვერ უჭერდა,
ტრფობაში ღალატს ქალღმერთი
მოლაყბეს ძვირად უჯენდა.
***
ვინც მასთან საწოლს გაიყოფს,
ტრფობის გამხელა ვაშინერს,
თორო კლდის წვერზე აიყვანს,
სიკვდილს უჩვენებს საშინელს.

თუმცა,მკვდარს დიდხანს იტირებს
მსხვილი,ალალი ცრემლითა,
დიდხანს იგლოვობს საყვარელს
მჯიღის გულმკერდზე ცემითა.

წესი აქვს- მკაცრად დასაჯოს,
ვინც გაამხილა რომ თქმითა,
მერე კი ოქროს თმებს იგლეჯს,
მთებს აზანზარებს მოთქმითა.
***
ვინაც დალს ჰყვარობს,თან დააქვს მისი სახება მას ხატი,
ვნებათაღელვის მოწმეა ულხვაანი და ლალცხატი.
თუკი გაჩუქა საყვარელს სკივარი,სარკე ან სხვა რიდე,
ცნობისმოყვარე თვალისგან შორს დადე,ბალღს მოარიდე.

მთაჩია მონადირეთა ბედ-იღბლის ის გამგებელი,
იგია ჯიხვის,არჩვის და შუნ-ირმის გამჩუქებელი.
სვანეთის მთებში ეკუთვნის რეზიდენცია პირადი,
(ამბობენ,თურმე შუმერში წინაპრად ჰყავდა დილბადი).

ტყეში,თავლაში,ჭაობში,სხვა ალთა მაგრობს ფრაქცია,
ხოლო სვანეთის კლდეებში დალი ერთია მაქცია.
იგი-შამჰათი,იშთარი,იშხარა ნებიერია,
თუ გამოქვაბულს გაგიყოფს,ნაყოფით ბედნიერია.

დალს სიყვარულის შეტევამ მოჰგვარა თუკი ტკივილი,
მთელ სოფელს ესმის უსაზღვრო და შემზარავი კივილი,
შეწუხდა ერთხელ სოფელი,მოიხმეს მათ დარჯელანი:
გვიშველე,სანამ კივილით მიწამ დაიწყო ძგერანი.

დარჯელანელსაც გაუტკბა ტყეში ვნებანი ქურდული,
ჯურღმულებში გზას იკვლევდა ვით ასხლეტილი შურდული.

დაუცხრო ალმოდებულ დალს ტანს მოდებული მან ალი,
დარჯელანისგან მუცელი გაუხდა ალქალს რა მრგვალი,
გაცოფდა ცოლი,მონახა კლდე მიუვალი და სალი,
მძინარე ნიმფას მოაჭრა თავთუხი თმები და ბრჭყალი.
***
სხვა მონადირემ იხილა,თვეში ჩამდგარი დალიო,
გაფატრა,ამოიყვანა ფურის ხბო მარქენალიო.
ამოიყვანა,გაჰხვია ბოჩოლა კუროს ტყავშიო
და მერე ჩვილი დააგდო სამი გზის შესაყარშიო.

სამმა წმინდანმა დალოცა,(ღვთის ნიშნით იცნეს შუბლზეო):
-დაგვილოცნიხარ რჩეულო,ანათებს შენთვის თუ მზეო,
ვით ნაწილიანს,შუბლზე გაქვს,მზის წარუშლელი ხალიო-
უთუს რჩეულთა ნიშანი,ვითარცა ღვთის მისხალიო

და ამარ-უთუს წილხვედრილს დაარქვეს ამირანიო,
დევებს ებრძოდა,ძმებს სთხოვდა,ომში მომეცით ბანიო.
***
ბოსელი,ბოსლე,ბოსლა,ბოსლო, ხოშა ღერბეთი
ხარისა და მზის კულტის შერწყმა,სვან-ხევსურეთი,
შუმერთა კვალი ქალდელების ყველა კუთხეში
და ახალი წლის გაღვიძება კედროვან ხეში.
***
როგორც მარცხნიდან შეუერთდა ენგურს ლასილი,
ბოსელის თანამოზიარე გახდა ბასილი.
_________________________________
თავზე დამადგა
ამ დილით
თეთნულდი
თეთრი მანდილით.

მარგალიტივით თეთრი გუნდები,
ვით ყელსაბამი,
ყელმოღერებულ
თეთნულდს ამშვენებს.
თუ სიყვარულის
ყივილი ღამეს
თეთრად ათენებს,
აქ უსიმღეროდ
ვინ გამიშვებს,
ვინ დამაყენებს?

მდუღარე სისხლი
ვნებით დაბერილ
მხარბეჭიან
უშბის ღრმა ვენებს
არღვევს…
და ერთი წვეთი
თეთრი თეთნულდის
თეთრ ფეხთან
აღწევს.
ნამგზავრი სისხლის
ერთი წვეთი
ააელვარებს მიბნედილ
ღაწვებს,
მერე თეთნულდი
გულისცემით
თეთრ თავს გადაწევს
უშბისკენ ვნებით
და დაკვირვებით
ახედავს მხედარს….
ერთი შეხედვით,
თითქოსდა ცხედარს-
გაქვავებული სიყვარული კი
ქვაშიაც ფეთქავს
და სიყვარულის მოშურნეს შუა
გულზე გახეთქავს.

აქ უსიმღეროდ ვინ გამიშვებს,
ვინ დამაყენებს?
აქ ყოველი ქვა,
ყოველი კენჭი
ვნებით მახელებს.

ამ თეთრ ღამეში
ვულკანივით იფეთქებს
ლილე…..
დატყვევებულო სიყვარულო,
გერი მი-
შვილე!

***
“დაბადებულა ჩემი მემკვიდრე!
რძეო,ჩამიდექ, ქვიშავ, მერიდე”
(ესმა ონიანი)

ვაიმე,დედა!
შავ ზღვაში დღესაც ჩაიხრჩო
მზე და
მე შენს მუცელში მომაკლდა
ხნე და
ვეღარ ვარ
მხნედა.

ძუძუმწოვარა შენი ძუძუს
სურნელს დავ-
დევ და
ვყვირივარ-
დედააააააა!!!
რატომ ვერ გხედავ?

ვაიმე,დედაააა!
დამეკარ-
გე და
შავი ზღვისაკენ მივყვები
რიონს
და გველეშაპის მუცლად
ემბრიონს
მზე ვეღარ მზვერავს
მზეჭაბუკს,
დედა.

ლაბირინთებში ვიხარჯები
ისევლე
მე და
ვყვირი სისხლიან უდაბნოში
სიცოცხლის
ხე და
გამოსავალს ვერსაით
ვხედავ….
მიშველე,
დედაააააა!

ვაიმე დედა!
მგონია,ვკვდები.
და სხვის მუცელში
სულს ვღაფავ
მტრედი
და ვეღარ აღწევს
მზე
ჭაბუკამდე
სხივი
მცირედი.
ამ გველეშაპის ლაბირინთებში,
სამარსებურ სიჩუმეში
როგორ ვიპოვო გზა ზღვიდან მთებში
სიცოცხლის ხეში?

ვაი,ვერ მიცავს
შენი ჯავშანი
და კურმუხეთში
ვეღარ მაწვდის
მშვილდებს ანშანი.

ვაიმე,დედაააა!
გეძახი,დალი!
დატყვევებული
ერის სარდალი.

ვაიმე,დედააააააა!
გზები სად არი?
მახურავს თავზე
გველის საყდარი.

ვაიმე,დედაა,
სადა ხარ,
დალი?
ვით დავიბადო,
შენი ბა-
დალი,
თუკი არ დარჩა
გამო-
ქვა-
ბულში?
ვინ გამიცოცხლოს,
დედი,
ქვა
გულში?

ვაიმე,
დედაა!
გავიზარ-
დედა,
ამოვალ
მთაში,
მინდა ჩაგიდო
თავი კალ-
თაში.

ვაიმე,
დედა!
მომენა-
ტრე და
მოვდივარ შენსკენ.
შორია გზა და
ხელს
შემაშველებს
გრანდიოზული
ადგილის
დედა
და გული
მწყდება,
ადგილს ჰყავს
დედა,
მე უკვე არა…
უკვე ჭაღარა
ვყვირი:
-ვაიმეეეეეეე!
მიშველე,
დედააააააააააააა!!!

მომნატრებიხარ!
ისევ ერთი ხარ
იმედი დედი,
უი-
მე-
დობის
კორიანტელში.

გეძახი,დედი!
ხმაჩახლეჩილი
შენსკენ მოვბობღავ
გზით დაგლეჯილი.
ყაყაჩოების
უკან ჯეჯილი
სისხლია ჩემი-
მწვანე მდელოზე
აჯანყებული,
ცრემლის მდინარეს
ჯებირად რომ
ირგვლივ არტყია
და ველის კაბას
წითელ კოპლებად
გზად რომ ატყვია.

მომეცი ხელი,
მითხარი:
-ადე!
და გაზრდილს ისევ:
-შენ გამეზარდე!

თუ დამიღამდა,
ხმას გამოვყვები…
გიცნობ ათასში.
ავქვითინდები
და ჩაგიდებ თავს
თბილ კალთაში.

ჩავიცუცქები შენს ფეხებთან,
როგორც ფინია
და დაჯავშნული
ვიტყვი:
-არაფრის
არ მეშინია!
***
მე დავბრუნდები
თოლიების გადაკივლებით!
მე დავბრუნდები
ზღვის ტალღების
შემოხეთქებით!
მე დავბრუნდები
თეთრ აფრებზე
თეთრი გედებით
და შემოქმედის
დავბრუნდები
შემოქმედებით!
————————–

გაღვიძებულნი დილითა,
მზის ნაცვლად მთვარის ჩრდილითა,
გზას მივუყვებით ვირითა
და ცხენის გამო ვტირითა.

ვაითუ,ვერვინ შეავსოს
ამირანების ნიშანი?
ბეჭებქვეშ მანათობელი
მზის ვერ ვიხილოთ ნიშანი.

დანაღმულია მზის ნიშნით
როგორც ნიკორა ხარიო,
ნაწილიანის ბარძაყი,
ან შუბლი,ანდა მხარიო.

თუ გვინდა შემოდგომაზე
მრავლობდეს კრუხ-წიწილები,
ნაწილიანმა ქართველმა
მტერს დაუმალე წილები.
***
ჩამოვჯდეთ,ხალხო!
დავფიქრდეთ ერთხელ-
ვინ ვართ და რანი?
დატყვევებული
იქნებ,ვიხსნათ
ჩვენ ამირანი.
სანამ ყოველში
დევის ბახალა მოიქცა დევად,
დავიხსნათ დევთან მეომარი –
ჯაჭვს რომ ჰყავს მძევლად.

სანამ ხმაურით ჩემი სოფელი კვლავ არ
დადუმდა,
გვალე,ამირან!
ავადაფდაფოთ
და ვთქვათ:
“დაბრუნდა”!!!

“შორი გზით იარა,
დაშვრა და …
დაბრუნდა”
***
ღმერთო,მაჩვენე ყანები,
შენს სახელს ვეთაყვანები.
გამოხდა დრო და ხანები,
კვლავ ამარ-უთუს ბანები
ხამს მივცეთ,გულში თუ ვმღერით
და დიდება გვსურს თუ ერის.

გამოვაღვიძოთ ისანი,
გულების დავხსნათ ქისანი,
სადაც ყოფილა ქვისანი.
მზე ღამით ვნახოთ მთისანი.
ჟინი შამაშის რქისანი.
სადაც დაზრდილან მგლისანი,
წყალი-ცივი ვსვათ ჭისანი,
კვლავ ცვარი ჭიუხისანი….
და ძველებურად
მტრისანი……
ჯავრი.
***
არც სხვისი მინდა ირანი,
არც ძმად უფროსი ტირანი,
ამერი მინდა მირანი
და ამირნის ბირანი.

ამირი ნახავს კვლავ იმერს
და გამარჯვება კვლავ იმ ერს,
ვისაც არ ტოვებს უფალი,
ბელი და ჭირუსუფალი.

მოყმეს კი კვლავაც ახსოვდეს,
სხვა ქვეყნის ქარებს რა მოსდევს
რასაც ლაგამი ამოსდეს,
კი არ მღეროდეს…ბღაოდეს.

იქ,სადაც ყვავი ჰყვაოდეს,
არწივს დავკარგავთ რაოდენს.
ხმალი ქარქაში დაობდეს,
ძმა სადაც ძმასთან დაობდეს.

ჩემს ხალხს ვუსურვებ გაძლებას
სახლში მოსული მდგმურების.
ვუსურვებ,გეგმა დაძრახოს
ქალდელთა განადგურების..
***
ვნახო მირიმი გაზაფხულზე დაბრუნებული,
რომ ქვესკნელიდან არ გაირღვეს დაბუდრებული.
ვიხილოთ ნაწილიანი და ყმა შუბლმზიანი,
იქნებ მონები გავიმართოთ…ვართ კუზიანი.

უფალო,იქნებ,იხსნა ამირი ქვედა სკნელიდან,
იქნებ,გახეთქოს იმ ერმა ქვაბი შუა სარკმელიდან,
იქნებ,ბალახმა გახლიჩოს შუაზე შავთავა კლდენი
და ზღვაზე ნახოს კოლხელმა ფეხის კვლავ დასაყრდენი.

მიეცი ძალა ქვესკნელიდან სულის გამყოფი
ხეს.დაუბრუნე მსხმომიარე,როგორგც ნაყოფი
მას,გველეშაპის მუცელშია ვინაც ნამყოფი,
ვინც დევებს ებრძვის,გზას არ სცნობს,თუა ზღვრით დანაყოფი.

სანამ გვახსოვს და არ წაშლილა სახსენებლიდან.
იქნება გვიხსნას მზეჭაბუკმა ზღვა სენებიდან.
ასეთი საქმე გამოვა მხოლოდ უთუს ხელიდან-
სხივი რა გაგლეჯს მიწას-გზას ნახავს საწნახელიდან.

განა,ყოველი,რაიც ითქვა,მითია ჩმახი,
რაც არ ყოფილა,ვით იქნების იმის კარნახი?
არცარა თქმული არ იქნების მხოლოდ ზღაპარი,
ყველა სიცრუეს სიბრძნე უძღვის წინ წინაპარი.

ის ხალხი,ვინაც კლდეზე მიჯაჭვას შეეგუება,
აღარ ოცნებობს…უიმედოს დასჯის ბუნება.
ვერ მოაბრუნოს უკუღმართმა წაღმა დინება,
კურთხევის ნაცვლად შეუკურთხონ,სდევდეს გინება.
***
მზე მხოლოდ ღამით ბინადრობს მდგმურად
უკუნ ქვესკნელში,
დაბორკილია ამირანივით
დილამდე ბნელში.
ცვალებადობას დღე-ღამისა
ჰყავს განსაცდელში:
სანამ იდგესო ამირანი
სულგასახდელში.
****
ნეტაი,დარჯელანელი
კვლავ დალის გახდეს ქმარიო,
იქნება,კვლავ დაიბადოს
დევებთან მეომარიო…

კვლავ ამარ-უთუს,შუბლმზიანს,
ხელთ გილგამეშის ხმალიო.
ეგება,კვლავ დავიბრუნოთ
ბაჯაღლო ერკემალიო.
***
ამირანი დაგლეჯს ჯაჭვებს,
ამოვიდა თუ მზეო.
სოფელს ბერი დაუდგება
თეთრი საყდრით ზურგზეო.

მერე ლილე,თუკი დათვმა
არ დაგა.ვა ყურზეო….
გაიმართე,ჩემო ხალხო,
თუ რომ წაიკუზეო!

ისეთ ხალიჩას მოგიქსოვ,
დაეტიოს მეფის ჯარი.
ოქროსთმიანს შვლის რძეს გასმევ,
სანამ დუღდება მაჭარი.

რაც ამირანს უტირია
ღრუბლის იქცა ქულადა,
მზე და მთვარე მოწმედა ჰყავს,
წვიმა მოციქულადა.

ქარებს ზურგზე აეკიდა
შეუმჩნევლად ერთი სიო,
გავიზარდე,დროა,ვნახო
უცნაური მეჯლისიო.

მთიდან წვეთი ჩამოვარდა
ზღვაში ჩახტა-გზას არ ასცდა.
აკვანში რომ ბიჭი იწვა,
ნახე,როგორ დავაჟკაცდა!

გეყო სტუმრად,დროა სახლში
იკუნტრუშო ოქროს კრავო!
ოქროს ტახტზე წამოვწვები,
ოქროს ჩონგურს დაგიკრავო.

დევს წავართმევ მზეთუნახავს,
მზეო,ფერმკრთალს ხელს ნუ ჰკრავო,
ხეს დავრგავ და სათითაოდ
ნერგებს გულში ჩავიკრავო.

დავრჩე ერთ ხანს…მერე მგზავრი
გუდა-ნაბადს ავიკრავო.

დიელო და კვლავ დელიო,
დედა შვილის გამზრდელიო.
კვლავ აკვანი ასეული
გაზრდილი კი ფასეული.

ისევ ამირანი გვინდა
და ყარამან ყანთელიო,
შუბლზე მზის ნიკორი გვინდა,
ხელში თითო სანთელიო.

დოლაბში რომ რძე შემიდგამს
უკვე გასისხლიანდაო.
ამირანი არ მომკვდარა
მხოლოდ დაგვიზიანდაო.

დარჩენილი მიწა მაინც
მტერს რომ არ გავათელიო,
ერი გვინდა ჯანმრთელიო
ვით ყარამან-ყანთელიო.

ოქროსფერი დალი გვინდა
ლალცხაატის მნახველიო,
ერთიც მარდი მონადირე-
დალის თანამძახველიო.
***
თუ დათმობ თუნდაც ბალახს,მამულის
ქვას რომ აცვია,
ერის ხსოვნასაც დაემუქრება
ამპუტაცია.

***
იახსარი და კოპალა,ანუ ფშავური კანტანტა

„დევს მაუქნიე საგმირო,
კლდეს მააფარა თავიო….
ღვთისაგან ვიყავ შათვლილი,
თან ჩავყევ იახსარიო”
(ხალხური)
****
თუ არ მასვენებს
ისევ იჭვები-
მჭლე და ოხერი,
ისევ ცალცალკე
თუ დამდგარა
ხალხი და ერი,
ან შენ მამულო,
თუ ვერ იცანი
შვილი და გერი,
სჯობს მარტოობის
ორდენის დავრჩე
რომ კავალერი.
***
თუკი რამ გვებადებოდა,
ყველა მტერს მანდამებოდა:
ჩვენი ბადაგით ტკბებოდა,
ჩვენი ღვინოთი თვრებოდა.

მტერზე უარესი მოყვარე
ღიმილით ეგებებოდა,
ფოჩია კამფეტს ელოდა,
საცა კაი ყმა კვდებოდა.

ვახ,ჩემი ქვეყნის ბედო და,
ფეხქვეშ თუ მტერს ზღვა ედო და,
რა გიხარია ყბედო და,
მამულს განა ეს ხვდებოდა?

ალუდა ვნახე სიზმარში,
კაცი სირცხვილით კვდებოდა,
სამას არაგველს სიბრაზით
პირს ცეცხლი მაჰკიდებოდა.

მიწყივ,იუდა არასდროს
სამშობლოს არ უხდებოდა.
***
თუშო,ნუ დალევ დევის შვიდწლიან ღვინოს,მაიცა!
განა,სუყველა ცოდვა დევთან ერთად გაიქცა?

უძილაურთა კოპალა ვიხილე გაღვიძებული,
ხელში ეჭირა კომბალი,სხვა ქვეყნად გაძიძებული.
მითხრა-დაბრუნდეს ბეღელა,მთა ნახა თუ დაგდებული,
ხევსურს გამოჩნდეს მუზაცა,უხატოდ განდიდებული.

დევისგან საქართველოში
ბევრჯერ გვტკენია გულები,
თუმცა,გვყოლია უფლისგან
ხვთისშვილნი-მოციქულები.

მათ გილგამეშის ღვთის კარი
ფშავ-ხევსურს გაიხსენესო,
შეკრბენ ხვთსიშვილნი ხვთისკართან-
მოვრჩეთ ტირილს და ქელეხსო:

-რახან დევები ბილწავენ
დიაცს და სამლოცველოებეს,
პატარებს ჰკლავენ,თელავენ
დათესილ ყანა-მდელოებს,

უზენაეს ღმერთს ვევედროთ
ქალდელებისთვის გარჯაო,
გათავხედებულ დევების
ღვთისშვილთა ხელით დასჯაო.

სთქუა გამრიგემ-კოპალა
და იახსარი აქ არი,
როგორც ხორციელ ხვთისშვილებს,
მათ ძალუძთ დევთა ლაშქარი

გაჟლიტონ,ან დაადუმონ,
ანდა ამოსდონ ლაგამი,
თუ რომ დაჩაგრა ჰუმბაბამ
ჩემი ერთგული თარგამი.

ვისაც იახსარი თან ახლდა,მას გამარჯვების სჯეროდა,
გახვთისშვილებულს სწირავდნენ დეკეულს გასამრჯელოდა.
როგორც გილგამეშს-ენქიდუ,იახსარს-კოპალა შველოდა,
მათ დახმარებას ქართველი გუდამაყარშიც ელოდა.

ებრძოდა ბოროტს იახსარი,კოპალს უქებდნენ ვაჟობას,
ებრძოდნენ ქაჯებს,ეშმაკებს,დევების ვოიაჟობას.
მწყემსების სადგომს იცავდნენ დევის მხრივ წაბილწვისაგან,
ჰკურნავდნენ სულით მანკიერს ბოროტი ნაბიჯისაგან

და მფარველობდნენ,უწევდა თუ ვინმეს ზვავში მოყოლა,
მათ პატივს სცემდა ალუდა და მუხლს უყრიდა ჯოყოლა.
ორ ღვთისშვილს ძოღან თან ახლდა სამოცდაშვიდი მაყარი,
მათ იხსნეს ფშავ-ხევსურეთი,თუშეთი,გუდამაყარი.

ორმა ძმამ(როგორც შუმერში),ჩაიცვა მამის აბჯარი,
მოჰკლეს მუზა და ბეღელა,გაწყვიტეს დევის ზღვა ჯარი.
როგორც შუმერში,ორმა ძმამ მამის ელამი მოირგო,
გაურღვეველი ღვთის ველით ომი ორანმა მოიგო.

იახსარმა ურტყა ჩუგლუგი,კოპალამ დრუზა კომბალი
ჰუმბაბას…და დატრიალდა წაღმა ბაბალეს ბორბალი.
***
კაციჭამია დევებსა
სახელი შორს გავარდნიათ.
ჰაი,დედასა,იყო დრო,
როს ხალხზე უნავარდნიათ.

ისე,ვითარცა შუმერში
დევია ძმათა დევნილი,
ფშავშიაც იგი,ვითარცა
ბოროტად წარმოდგენილი,

მაოხრებელი ხალხისა,
განდევნა თურმე ორანმა.
წაიღო მათი ხსენება
თან დავიწყების ბორანმა.

კოპალა თვისი ისრითა
დევებს ზედ თავზე დაახტა,
ვინც რომ იახსარს გაექცა,
სულ სათითაოდ დალახტა.

ციხე გორს სტუმრად მისულმა
მგზავრის მოირგო როლია
და ქვასროლია დევებსა
სულ კუდით ქვა ასროლია.

(მას საფალავნო ზღვარს იქით
თავისი გაუსროლია).

და მას,ვინც მასხრად აიგდეს,
მიიღეს როგორც ტეტია,
ხელის მოსმითა ციხე გორს
დევები გაუჟლეტია.

ეყოსო რაიც ავის ხეს
ცოდვა და ჭირი უსხია,
დროა,რომ დევმა გაიგოს
ანგელოზების სუსხია.

თანდათანობით დაიხსნა
დევისგან ფშავში ერია,
თუმცა,ბრძოლაში ჭაღარა
აქა-იქ გამოერია.

სხვა რამეც ბევრი უქნია
თავის გამოსაჩენია,
ხოლო დევთაგან ნადავლად
მას ერთი ქვა დარჩენია.

ხალხმა ზეიმი გამართა,
რა მოიშორა ავია.
არაგვის პირას ქვა დადეს,
ვითარცა სალოცავია.

კართანელ დევს გაუგია
ციხეგორელთა ზარალი,
გაცოფდა:დევის ქვა ხალხში
რად უნდა დარჩეს ალალი?

მოუტაცნია იგი ქვა-
განვლო რა ვერსი ოცია.
დასდევნებია კოპალა,
ისარი გაუტყორცნია.

მოჰკლა დევი და როდესაც
ხეს გაუწორდა ჩრდილია,
მას მიაყოლა მისი ძმაც,
სახელად ავთანდილია.

ასე გაიგეს დევებმა,
რომ თურმე ხურმაც ხილია.
დაგორებულმა ავთომ კი
ხევად აქცია თხრილია.

ფშაველი დღემდე ეძახის
ხევს ავთანდილის საქანსა,
დევი თუ გაწყდა,ბახალას
ნეტა,ვინ ურწევს აკვანსა?

დატოვა რა მისი მძორი
იმა საქანა ხევშია,
წავიდა,პირქუში იხსნა,
დევების ტყვე ხუშხევშია.

ჩაეგდო თურმე მჭედელი
ღორისჯაგრიანს ხელშია,
ყოფილა მისგან პირქუშა
უზომო განსაცდელშია.

ან ვინ იქმოდა დევებთან
ომს კოპალაზე უკეთა?
თუმცა,მანამდე მჭედელმა
ისრის ზროც არ შეუკეთა.

გასწია ხუშხევს,რამეთუ
არ იყო დრო რომ ევადა.
არად ჩააგდო რომ იყო
მჭედელთან ნამდურევადა.

დაუვიწყნია პირადი,
პირქუშისაგან წყენაო…
როცა მტერია ძლიერი,
გმირს გამოცდიდეს თმენაო.

ბევრი სხვა დევიც მოუკლავს,
აავსო მთები მძოვრითა.
ფხვიერი მიწა დამბალა
იმათი სისხლის ძოვნითა.

ჯეელი დევი თუ გაწყდა
ბებერი ვერ იქმს შობასა,
ესეა ბოლო ყოველთა,
ვინცა იქმს ნარდიშობასა.

რაც დევებს თავზე დაატყდათ
მათზე სუყველა ახია,
მას აქეთ დევი ფშავეთში
თვალით არ დაგვინახია.
….
(იმ ქვას კი არაგვის პირას
კოპალას ქვას ეძახიან).

კართანელ ცხრათავიანმა:
ვინ არს ეგ მეტიჩარაო?
მასაც შეება კოპალა-
მეტი არ იყო ჩარაო.

მოაჭრა ცხრავე მას თავი,
არ შეუშინდა დიდობით
და ბერყოფილი იხინჭას
გმირი ჩავიდა მშვიდობით.

იფიქრეს დევთა:არ გვარგებს
გმირ კოპალასთან თამაში.
ხალხი წავლეკოთ!დავგუბოთ
არაგვი,ჯერ კართანაში

ერთ დიდ ზღვად შევკრათ.ჯერ ხალხი
უწყლოდ ავავსოთ ნაღვლითა,
მერე წავლეკოთ ფშავეთი
ხელოვნურითა წარღვნითა.

კოპალას რა გაუგია
დევების გეგმა შავიო,
გაწყვიტა დევი,დაიხსნა
განსაცდელისგან ფშავიო.

მეც ბევრი არ დავაყოვნე,
სანამდე უნდა მეცადა?
რაიც ხალხს თხრობითა უთქვამს
იმას ვეცადე ლექსადა.
***
დევების რისხვა ყოფილა
სამოცდაცხრაში ორია.
იახსარმა დევის სადგური,
სახელად “ავის გორია”,

დაიხსნა დევებისაგან-
სულ ლახტით გაუწყვეტია.
გაექცა ხოლო ცალთვალა,
თუმც,მასაც მოხვდა რეტია.

ხატი იახსარ ცალთვალა
დევს დაედევნა თავადა,
გაიქცა დევი და ახადს
წაწადას ტბაში ჩავარდა.

ღვთისშვილმა თავის განწირვა
რა ვალდებულად ჩათვალა,
დევს ტბაში ჩაჰყვა ბოლომდე
და ფარით მოსპო ცალთვალა.

ტბის ზედაპირი დაიპყრო
რა სისხლის აბლაბუდამა,
უწმინდურობას არჩია
ტბის ფსკერზე დგომა მუდამა.

რამეთუ ცოდვა ყოველგან
ბინძ-ური სისხლით ძღებოდა,
ხატი ტბას დარჩა,ან-გელოზს
სისხლი რომ არ წასცხებოდა.

დარჩა იახსარი წაწადას,
“ან” ვით იქმოდა ურობას.
ტბის ფსკერზე დგომა არჩია
წმინდ-ანმა უწმინდ-ურობას.

დარჩა იახსსარი წაწადას,
პირს სისხლით შეკრულ ტბაშია,
იხარა ავმა უხატოდ
ხმელზე,შემოჰკრა ტაშია.

ატირდა ხალხი:მივიდეთ
როგორო სულის პურთანა?
მათი უხატო ვედრება
მისულა უფლის ყურთანა.
(გულით ნათქვამი ქადაგი
მიუტანია გულთანა).

არ უთქვამს ხალხისთვის ვარი,
ქადაგის პირით თქვა:ცხვარი
იპოვოთ ხამს საოცარი,
იხსენით ხატ-სალოცარი.

გულაჩუყებულ უფალსა
თხოვნაზე როგორ ევარა?
ურჩია ოთხრქა,ოთხყურა
ცხვრის სისხლი ხალხს ჩაეღვარა

იმ ტბაში,სადაც იახსარს
სისხლი იჭერდა ღვედივით:
უბრალო სისხლი უწმინდურს
გაწმენდს და ნახავთ მტრედივით

ან-გელოზს,წყლიდან ამოსულს,
ყოფილა მანამ ციდ-ანა.
ხალხმაც იგი ქნა ქადაგმა
მის ყურთან რაც მიიტ-ანა.

ცხვარი ცხვარია,თუცაღა,
ყველა როდია სულერთი.
ფშავში ეძებეს,ვერ ნახეს,
იაერს მთლად ხევსურეთი.

და ბოლოს მაინც იპოვეს
ცხვარი განსაკუთრებული,
ჩააკლეს ტბაში,გაწმინდეს
გზა დევის სისხლწაცხებული.

ტბამ პირი გახსნა,იხილეს
მტრედი ბუმბულის ბღერტითა,
კაცს რაც არ ძალუძს,გამოვა
ნებითა ხოლო ღმერთითა.

რასაც რომ კაცი ვერა იქმს,
გამოვა უფლის ხელითა,
თუ ლოცვას გულით ვიტყვით და
თუ რომ სასწაულს ველითა.

ხოლო უფალსა ძალუძდეს
კაცი რომ ვერ იქმს ჯერაო,
თუ სიტყვას გული გვკარნახობს,
თუ სასწაულის გვჯერაო.
***
იქ სადაც ავის გორი დგა
და დევი გაუმაძღარი,
დღეს შუაფხოში იმ ალაგს
ამშვენებს სულის ტაძარი.

პატარა სალოცავი და
დიდსულოვნების საყდარი.
დევი?სულ გადაკარგულა,
არც არვინ იცის სად არი.

ადიდა ხალხმა უფალი,
ადიდა იახსარიო
და შუაფხოში წმინდა ხატს
ჩამოუკიდეს ზარიო.

თუ ხალხი ხატთან შეეშვა
სულების ვარჯიშობასა,
სამალავიდან დევები
კვლავ მოჰყვენ ნარდიშობასა.

თუ რწმენას საზრდოს მოვაკლებთ,
ანუ გავლანძღავთ ხატებსა,
რაიც ხატებას დააკლდეს
ბოროტს ძალას შეჰმატებსა.

როცა უხატოდ სოფელსა
ფშავ-ხევსურეთში იგულებს,
ურწმუნოება დევს ისევ
ხალხებზე გაადიდგულებს.

მათ მხოლოდ შიშით მოირგეს
უჩინმაჩინის ქუდები,
თუმც,პარალელურ რეჟიმში
დღესაც ცხოვრობენ ქურდები…

დევი არასად არ გამქრალა-დევია,სადავ ავია,
თუმც,ჯერჯერობით კაცისა თვალითა უხილავია.
***
დევებმა დროებით დადეს
პაქტი ხელუხლებლობისა,
რამეთუ იყო ზედმეტი
ხელშეკრულება ძმობისა.

ომის დრო თუკი წავაგეთ,
დრო მოვა კვლავ ლაყბობისა.
განსაცდელს თუ ვერ ავიტანთ,
დრო დადგეს დევის ყმობისა.

ვაი რომ უფლისთვის გარჯა
შევცვალეთ სამ-სახ-ურითა.
გული ჩავახშეთ,ვისმინეთ
რაც მოგვითრიეს ყურითა.

ღვთისშვილთან დგომას ვარჩიეთ
ეშმაკის სამ-სახ-ურია
და დავივიწყეთ რომ გვყავდა
საცხონებელი პურია.

ვახარეთ საკუთარ თავში
ბრაზი,სევდა და შურია
და ამ ქვეყნიდან ჩვენი გზა
ვაი,ვერ შესაშურია.

თანასწორობა ყოფილა
ყურში ქაჯების თაქთაქი.
ვაი,რა ტყვილა გარჯილა,
ვინც დევთან დადო ტრაქტატი.

ძმობა,ერთობა ყოფილა
ვაი,რა დიდი ჭორია!
კაციჭამია დევებთან
კაცი რა თანასწორია?

ბევრმა სიმართლედ მიიღო
დევების ნაბოდვარია,
ხატი დატოვეს,ლოცვაზე
დავიწყებით თქვეს ვარია.

ხატებს პორტრეტი ანაცვლეს,
გადაუგდიათ ჯვარია,
ხევსურელს აღარ ახსოვდა,
თუ ვისი ჰქონდა გვარია.

პირველად თუ სიტყვა იყო,
რატომ გავყევით ქაქანსა?
თუ კვლავაც ასე გაგრძელდა
დევი ჩამოდგეს ბაქანსა.

დაბრუნდეს მუზა,ბახალას
კვლავ წაურწევდეს აკვანსა.
უწყლობით დედას გვიტირებს,
არ მოგვცემს წყლით გასაქანსა

ავი არასად არ გამქრალა-დევია,სადავ ავია.
თუმც,ჯერჯერობით კაცისა თვალითა უხილავია.

დევი არსად არ გამქრალა,
დევია სადაც ავია,
იგი იქაა,სად ყოფნა-
არყოფნა საკითხავია.

თუ ცოდვილ სოფელს ჩამოდგა
უფლისა მატარებელი,
იქნებ მივუსწროთ,ვართ ყველა
სიკვდილის გამკარებელი.

სხივი ვარჩიოთ სხვის შამფურს,
ვიხილოთ ფშავ-ხევსურია,
თუ წინაპრები დაგვიცავს,
აჩრდილი უსუსურია.

***

დედა ენა

”დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიის საწამებლად,
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. ….”
(ზოსიმე)

ხილული ხალხი უხილველი მზის წყაროსთვალში
საკრალურ ენით მარადიულთან ვართ მუდამ ვალში.
სანამ ქართულად ვლაპარაკობთ სიტყვით ვივსებით,
როგორც მდინარე შენაკადთა ზნით და თვისებით.

ენა ქურუმთა,ჟამ-მვითარებით ვერმორეული,
მისტერიული,დაუშრეტელი,ზნით ორეული.
მხატვრული თვალმარგალიტებით გადატკეპნილი,
ენა მარხული,ოღონდ არასდროს ხმაგაკმენდილი.

შორსმხედველობით ენა ახლოდან ვერ დანახული
გულით ვიხილოთ თვალის ჩინისთვის ჯერ დამარხული.
ვიხილოთ მოკაშკაშე სხივში ენის აღლუმი,
ყოველ სიტყვაში სიტყვა მეორე,მზით დანაღმული.

მიწა და ზეცა,
ზეცა და მიწა-
ქი-ანა,
(ან-ქი),
ანუ ამდენი მინიშნება
სხვა ენას ან კი
ექნება სადმე?
მითხარი,ანუ,
რად არის ან-ქი
მიწა ასეთი ჭლექიანი და
ღრუბელი ტლანქი?
ანუ,იცოდა როცა კაცს ჰქმნიდა
ზეცაში მან კი,
მოედებოდა დედამიწას და ცას
კაცის მანკი?
ქათქათა ღრუბელს თანდათანობით
თუ რომ ჭამს ჟანგი,
უშველის ვინმე აქოშინებულ
ქიანას ან-ქი?
ვინ შეაჩეროს ცოდვით გამძღარი
ჰუმბაბას ტანკი?
კბილით ძლივს იჭერს გადაჭიმულ
ბოლო სიმს ჩანგი
და პირველ სიტყვას
უკანასკნელი დაეძებს ჰანგი.

სალაპარაკოდ მომშვილდულია
სიტყვაში ხმა და
დროა,გავიგოთ უდაბნოს შინა,
თუ რომ დაღამდა.
***
უტეხი კლდის ნაპრალდან,
როგორც ულევი მადანი,
გვაქვს ენა ათასწლეულთა
და საკუთარი ანბანი.

გავიცნოთ ენა პატარა ერში დიდთა მგოსანთა,
გამყარებული ხორცის სულით შესამოსადა
და მხედველობის შეზღუდულობით ვერ დანახული,
გულით ვიხილოთ ღვთის გაღვივებით გადალახული

ქართული ენა-უხვი მდინარე,მარადმედინი-
ვერ მოერია ერთს ათასი ჯალალედინი.
მდიდარი ენა,სიტყვის ძრაობით დაუდგრომელი,
მარად ცოცხალი სიტყვა,დროში დაუვრდომელი.

ერთი მდინარე პატარ-პატარა შენაკადებით,
საუკუნეთა საფეხურებით და კასკადებით,
კლდეშია ენაწყლიანთა წყლის წმინდა სათავე
და ბედაურთა ხელში სხარტი სიტყვის სადავე.

ქართული ენა,ენა მითოსის და პოეზიის,
რაშიც მჟღავნდება უფლის ნადები ცხადად იმდენად,
დროა,აღვიქვათ,როგორც ერთი წიგნი უფლისა,
ანუ აღვიქვათ მოლაპარაკემ იგი იმ ენად,

გახმაურდება რომელშიც სიტყვა დაპირებული,
როს თვალს ავახელთ მზერით ჯერ ვერ დაკვირვებული.
და ვიცნოთ ჟღერით ენა ქურუმთა და მგალობელთა,
დედამიწაზედ ნახევარღმერთთა ენა მშობელთა,

მარადიული ენა ღვთიშვილთა და მზის ადეპტთა
და მითიური პანთეონის მობინადრეთა.
ენის უხილავ წყაროსთვალში დაბუდრებული
ვიხილოთ სიტყვა “სულ ძილი ძილში”დაქუხებული.

პატარა ერი რა მდიდარი ვართ ჩვენი ენითა,
უკვდავ კლდეეში ფესვგანრთხმული დასაყრდენითა.
ლაპარაკობდა ფშავ ხევსურეთში ვაჟა ამ ენით
გამყარებული რწმენით მარხული ენის აღდგენით,

რომ დაბნელებულ უდაბნოში ზღვაში დამხრჩვალ მზეს
იმედით ვუთხრათ: ხომ დაბრუნდები?!ხომ დაბრუნდები?!
რომ უპოეტოდ დარჩენილ ყამირ საქართველოში
კვლავ ავითვისოთ პოეზიის ხოდაბუნები.

ლურჯა ცხენებით,ფაფარაშლილი გინა მერანით
პარნასისაკენ! პოეზიის “ბედ”უინებო.
კიდევ ათასი შოთა,ვაჟა,გალაკტიონი…
კიდევ ერთი და…. ჯვარს მაცვით მეტი თუ მე ვინებო

და საქართველოს მტრებს ნუ გგონიათ,გადავშენდებით
და თუ გგონიათ ნიშნავს,მანამდე ძალიან ცდებით,
სანამ ქართულად ვლაპარაკობთ,ნუ გაქვთ იმედი,
რომ წავიქცევით,თუ რომ წამით წავბარბაცდებით.

ვართ მითიური წრებრუნვის რკალში
ვერ გადალახულ სივრცის ნაკადში
დროებით სხვათა დროის ფარგლებში
და ფილმს გვიღებენ შავ-თეთრ კადრებში.

ვართ მითიური წყლების კასკადში
საღათას ძილით ოქროს აკვანში.
დავლათანთა დავდივართ იღბლით
უკვდავი ხალხი მოკვდავთა ნიღბით.
“რა გაწყვეტამდის მიიყვანს
ფინია რკინის მართულსო”,
სულ სხვანაირად გავიგებთ
გაუჟღერებელ ქართულსო.

გახმაურდება ენა როს ,
ყურს არ დაგვიხშობს საცობი,
და დამარხული გახდება
მშობლიური და ნაცნობი.

ღმერთო!უშველე იმ ხალხს და
იგი ამრავლე ერია,
ვინც შენი დედა-ენის და
ვიც რწმენის ნაშიერია.

თუმც,ზებუნებრივ ამ ენას
სხვა რად სჭიდება ქომაგი,
აქ ყოველ სიტყვას აზრი აქვს
ღვთით განზრახული-ორ-მაგი.

ამ მაგიური ორითა
ყოფილი გახდეს ყოფადი,
რასაც ვერ ვიცნობთ მზერითა
გახმოვანდება ცნობადი

და დაფარული ენითა
რაც იყო იგი იქნება,
როცა დრო მოვა და თუ რომ
მტვრის მიმღებელმა ინება.

სხვაგვარად გახმოვანდება
დაპირებული,აღთქმული
და დავინახავთ ღამეში
რაიც დღშია ჩანთქმული….

ბევრი ქვეყანა ტრაბახობს
სიდიდით,ჯარის ჯანითა,
ჩვენი პატარა კი უფლის
ნარწევი ცად ანბანითა.

თქვა უფალმა:
-ვაზი ვანდო,
სხვა ერი მე
ვერ ვნა-ხეო,
იყოს ვაზი
კულტურა და
ქართველი
მე-
ვ-
ენა-
ხეო.

ვუმადლოთ უნდა ზენასა
ენაში სიტყვის ფენასა:

ჩ-ენა,რჩ-ენა,გინა ფჩ-ენა,
ცვ-ენა,წყ-ენა,გინა რწმ-ენა,
სმ-ენა,თმ-ენა,გინა კბ-ენა,
ჯ-ენა,დ-ენა,გინა რბ-ენა,
დედა-ენა,ნ-ენა,ლხ-ენა,
რქ-ენა,ღრ-ენა,შთ-ენა,ფრ-ენა
და რამდენი დამალული…
ენამ სიტყვა აგვიშ-ენა…

განა ყველა გამახს-ენა?

ენა ცხ-ენით,
დიდი ძღვ-ენით,
სიტყვითა და მისი ძ-ენით,
მოვა თუ რომ გავიხს-ენით,
რამეთუ რომ გავივს-ენით.
მისით,ჩემით,ანუ შ-ენით-
სიტყვას დავინახავთ ენით!

მამის გვარი ძ-ენითაო,
სახელმწიფო ბრძ-ენითაო,
ვენახი ყურძ-ენითაო,
სიტყვა-დედა ენითაო.

ჩიტი- ცაში ფრ-ენითაო;
ღვინო -ყურძნის წვ-ენითაო;
ქართველები- გ-ენითაო;
დედა-დედა-ენითაო!

დედა- ენა და
დედ-მამა,
ქალ-ვაჯი,
გინა,ცოლ-შვილი-
ურყევი თანმიმდევრობა
ათასი წლით ვერ მოშლილი.

გუთნის-დედა და და-ძმანი.
დედა-ადგილის და ზარიც,
დედა-მიწაც და ქალაქიც,
ეკლესიაც და ტაძარიც.

დედა ბოძი და რამდენი…
სიტყვა ქართული სხვა ბევრი,
კაცია მოხუცებული,
ქალი კი-კვლავ დედა-ბერი.

დედა-შვილობა და დედა-
მაწვნის,ყველის,ან ჯინჭრისა.
დედა-კაციც და ქალიცა-
გამღვივებელი ნიჭისა….

რა გავაგრძელო სიტყვითა,
თუმც ერთი მაინც მეთქმისა-
დედაა დამბადებელი
დედა-მიწაზედ ღმერთისა!

დაუღალავი ცხენითა,
გულში იმედის ლხენითა,
ვართ არნახული ენითა,
ვერ დანახული სმენითა.

რენესანსის ორი კერა,
ეპოქა …კულტურის ერა.
ქალდელი და სადა ური,
საწყისი და სათაური.

ანამ განბანა ან-ბ-ანი
იღწვოდა ოდეს ზეც-ანი.
რაიც ჩვენ გადმოგვითარგმნეს
ც-ანი-ა მისი დედ-ანი.

წმინდ-ანი და უწმინდ-ური;
ჟამი-ანი და უჟ(ა)მ-ური;
საქმი-ანი…უსაქმ-ური;
მადლი-ანი…უმად-ური;
ს-ანა ქებო …საყვედ-ური.
ან-გელოსი…ეშმაკ-ური…
ნ-ა(ნ)- ც(ა)ნობი და უ-ც(ა)ნა-ური.

უფას-ური..ფასი-ანი;
ურ-ჯუ(რ)ლო და ჯიში-ანი
და ა. შემდეგ,რაიც ქ-ური,
ვით ქაჯ-ური,
მე-დიდ-ური…
ანი კიდევ
ხათრი-ანი…
იღბლი-ან-
ბარ-აქი-ანი.
ერთი
ც-ანი,
ერთი-ანი
და რწმენა
ი-
მე-
დი-
ანი.

წვიმი-ანი ხეი-ვ(ინ)-ანი,
თოვლი-ანი აი-ვ(ინ)-ანი.
ანი ციდ-ან ს-არ-კი-ანი,
ცრემლი-ანი,
სევდი-ანი..
თუ გაბრაზდა…
თუმცა ანი,
ერის მეტად
ქეცი-ანი.

გავაგრძელოთ?
მღ-ერი-ს
ერი,
სა(დ)ცა-ერი,იქ სა-ც -ერი;
უბედ-ური …ბედნი-ერი;
უმად-ური…მადლი-ერი;
უგემ-ური… გემრი-ე(რ)ლი;
უსახ-ური… სახი-ერი;
უგუნ-ური…გონი-ერი;
უწიგნ-ური…წიგნი-ერი;
უსუს-ური…ღონი-ერი;
ხან უძლ-ური,ხან ძლი-ერი;
საზღა-ური,ზომი-ერი.
სული-ერი;
სულ მში-ერი;
ქურ ველ-ური
და ყი-ური;
უდღე-ური
და ბით-ური.

ჰ-ერი, ერი….
მიწი-ერი,
ჭ-ერი,ჯ-ერი,თუ ნაჭ-ერი,
მტ-ერი,გ-ერი,ც-ერი, მწ-ერი,
ფ-ერი,ბ-ერი,გინა კვ-ერი.
ხან მოზვ-ერი,ხან ბოკვ-ერი,
თვინი-ერი,ღვთისნი-ერი.

მშვენი-ერი,ან უზრდ-ე(რ)ლი;
დარდი-ანი …უდარდ-ე(რ)ლი;
ხათრი-ანი, კადნი-ერი,
ერი ციდ-ან ანა -ც(ა)ერი.

მზ-ი-ანს ასო თუ დააკლდა,
დაკოდილს მოაქვს ზი-ანი
და ვერ იყოს ერი მაშინ
ძველებურად ს-აზრი-ანი.

ზეცი-ერი ან-ით ნაპკურს
გვეყო,რაც ვჭამეთ ზი-ანი.
ხალხის გული კვლავ მზ(ე)-ი-ანი
ერი კი
თავ(ს)-
აზ-
ი(ს)-
ანი.
***
ნეტავ, ვნახო ჩემი ერი
ძველებურად განი-ერი,
ძველებურად ჯ-ან-მრთელი და
ჯ-ანი-ანი ჯ-ან -დი-ერი.

სახელმწიფო- ერითაო,
ბერი-ცაში მზერითაო,
შემოდგომა-ძღვენითაო,
სწავლა-დედა-ენითაო!

გავახმაუროთ ენითა,
რაც დამარხულა მელნითა,
რაც ანბანშია თმენითა
და გარდმოსულა ზენითა.

რა საიდუმლო ყოველი
ამ ენას არს დამარხული,
მდაბალი,დაწუნებული,
ვიხილოთ,ვით არნახული.

რომ დაფარული ენა იგი –
ენა ქართული,
სალაპარაკოდ აღდგეს,ვითარცა
ღმერთთან ჩართული.

ვით დედა-ენა,იგია
დედა ყოველთა ენათა,
აღსდგეს,ვითარცა ლაზარე,
ახლიდან მოსასმენადა.

ვით გაზაფხულზე ჯებირს გაამტვრევს
წვიმით მდინარე,
გამოიღვიძებს თმენით დაღლილი
ენა-მძინარე.

სხვაგვარად აგუგუნდება
აი ია და ეს ია,
გავიგებთ,რომ დედა-ენა
ყოველ ენათა ფესვია.

სხვაგვარად წასაკითხია
აი ია და ეს ია.
ბოროტთან მარტო რას ვიზამთ,
თუ არ გამოჩნდა მესია.

სხვაგვარად დაგვირგვინდება
აი ია და ეს ია,
გავიგებთ,იაც რომ ციდან
ჩამოსულ-ია…ღმერთ-ია.

იაში ნანა ვიხილოთ,
ვთქვათ ია-ვ-ნანა,ნანაო,
ბარბოლა ვიცნოთ ნანაში,
მოგვირწყას ანამ ყანაო.

იშთარი,ნანა,ანუნუტ,
ანა,მანანა,ნანული-
ერთი იმედის ხიდი და
ათასი ხის სინანული

ვერც კი წარმოგვიდგენია,
რაოდენს გვაძლევს გენია!
მზეს დავინახავთ ღამითა,
სიტყვაში მყოფი მამითა.

აი ია და ეს ია,
მისგან ვინც უმაღლესია,
ვით მ-შვიდი სამ-ოთხ ხე-შია,
სიცოცხლის ხე ხმის ხელშია.

გენაცვალე,ჩემო შამშე!
შენი რქების რქენაშიო!
ვენაცვალე მზით დაქარგულ
ქალდელს ქართულ ენაშიო.

ამ ენ-ით უთხრა უფალმა
ხალხებს სათქმელი ფარული
და გაუმხილა ამ ენ-ით
უსაზღვრო ხმა-სიყვარული!

როგორც გილგამეშის დედა
მზეს სთხოვდა სხვა ენითაო,
ღვთისმშობელიც ამ ენაზე
ქალდელს ედგა გვერდითაო.
***
ცისარტყელასაც ვიხილავთ,
გაგვბანს მზის პირის ნაბანი,
იშვას ზე-ნების და სულის
ნაკარნახევი ანბანი.

დაბადებიდან ბოლომდე
ცხოვრება დიდი ველია,
უფალი ხელს შეგვაშველებს,
გზა-ფეხით გასავლელია.

ვერ კი წარმოგვიდგენია,
რამდენს გვავალებს გენია!
***
რა გავაგრძელო სიტყვითა,
თუმც ბოლოს მაინც მეთქმისა-
დედაა დამბადებელი
დედა-მიწაზედ ღმერთისა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button