სხვადასხვა

თავისუფლება – უფლება და პასუხისმგებლობა

ის, რაც დღეს ადამიანის (/ერის) ფუნდამენტურ და ხელშეუხებელ უფლებად ითვლება, ეს არის არსებობის, აზროვნებისა და სიტყვის, ასევე არჩევანის უფლებები და თავისუფლებები. მე–19 საუკუნეში ამაზე ბევრს წერდნენ, რადგან მაშინდელ მოაზროვნეთა ფოკუსში მოექცა როგორც ერის, ასევე ინდივიდების თავისუფლების პრობლემა. ბევრს საუბრობდნენ იმაზეც, რომ თავისუფლება უფლებასთან ერთად პასუხისმგებლობაცაა, რისთვისაც ბრძოლა და შესაბამისი მომზადებაა საჭირო. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გლეხთა დიდი ნაწილი მონობას მისტიროდა. გავიხსენოთ გლეხი პეტრე ილია ჭავჭავაძის “გლახის ნაამბობიდან”, რომელიც თვლიდა, რომ მის შვილს არ ჰქონდა განათლების უფლება, ან “გუთნისდედა”, სადაც მწერალი პირუტყვისგან არ განარჩევს ადამიანს, რომელსაც საკუთარი უმაღლესი უფლება – თავისუფლება არ აქვს გათავისებული.

აკაკი წერეთლის ამ ლექსის გმირის ისტორიის მიღმა შეიძლება საქართველოს, როგორც ერის ამბავი ამოვიკითხოთ.

გიორგის აღსარება

ადრე ყოფილა ჩემი გვარი „ქართველიშვილი“,
შემდეგ მეძახდენ „გურჯიოღლის“ დიდხანს თათრები,
დღეს კი „გრუზინსკით“ შევიქენი მე გარდაქმნილი,
სულ დამეკარგა გვარ-ტომობის ძველი დავთრები!
მამა ყოფილა ჩემი თურმე მამაცი, სრული,
მტრისა მებრძოლი, გულადი და შეუპოვარი;
ბრძოლის ველზედა სისხლით იყო ის დაწურული,
ბარათაშვილმა მისთვის მორთო უკვდავი ქნარი!
დედაჩემიცა ქალი იყო სულით მაღალი,
მამულისათვის შვილის მზრდელი სისხლის სათხევლად!’
მას აუხსნია შვილებისთვის მათ-მათი ვალი,
ისინი ჩხუბში დახოცილან, მე დავრჩი მძევლად…
ჯერ არ შემეძლო მომეხმარა კარგად ფარ-ხმალი,
როდესაც მამა ბრძოლის ველზედ სისხლად დასწურეს!
იმან ქართულად აასრულა მით თვისი ვალი,
ყიზლბაშებმა ტფილისისკენ რომ მოაშურეს.
დედამ ოდეს სცნა ეს ამბავი, მას ელდა ეცა,
ვეღარ გაუძლო იმდენ ჯავრსა, მუცელს გადაჰყვა!
ასე ჩვენს ოჯახს გაურისხდა სასტიკად ზეც,
მე დავრჩი ობლად და მომვლელიც აღარავინ მყვა.
მაშინ ხელთ მიგდო ვიღაც უცხო მე დედაკაცმა,
დიდხანს დამდევდა და მასინ კი იშოვა მან დრო:
ხელში ჩამიგდო კაკიები მან ერთი აცმა,
მით მომატყუა და ცრემლებიც მითი შემაშრო.
მაგრამ ნაცვალი დედის, იცით თქვენც, თუ რა არი,
გერისა კუჭი მისგან ხომ ვერ გამოძღება!
ოჰ, მიეყაროს იმ კუდურსა თვალში ნაცარი,
რომ ობლის კვერი იმის ხელში გვიან ცხვებოდა!
წინაგანზრახვით არ მომცა მე მაღალი სწავლა,
ოქროქსოვილით ამიხვია ორივე თვალი,
რომ ვერ შევიძლო მე უმისოდ სწორ გზაზე გავლა
და მის მონასა მებნეოდეს აწ გზა და კვალი!
არავინ მომცა მე საშველად დაცემულს ხელი
და სიყრმიდანვე შევეზარდე ამა მონებას!
აღარ მამძიმებს ეს მონების მძიმე უღელი,
სული მკვდარია… და არც ველი მე აქ ცხონებას!
და როს მოვჰკვდები, თუ მის შემდეგ ჩემი შვილები
აიცილებენ მამის ხვედრსა, უბედურებას,
მასინ საფლავში შეიძვრიან ნსწრაფლ ჩემი ძვლები
და სული ზეცას მაინც იცნობს ტკბილ ნეტარებას.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button