პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ხმამაღლა! ხმამაღლა! ხმამაღლა!
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ხმამაღლა,
ხმამაღლა,
ხმამაღლა,
ისმოდეს გმირული მოტივი.
ეს ათი წელია! ეს გახლავთ
რევოლუცია, ისტორიის ლოკომოტივი.
თუ საქართველო, ასეულ წლობით
მბორგავი
კავის, სახნისის ბაზისიდან წინ გაეშურა
რეკონსტრუქციის ფართო გზაზე,
დასცა ბორკილი,
სოციალისტურ ინდუსტრიის ნიადაგს
მიჰყვა,
თუჯი, ნახშირი და ფოლადი
ამოაქვს გულით
და სახელმწიფოს მესაჭე კლასს
აბარებს იგი
კოლექტივების ენერგიას და ნებისყოფას!
დაჰკარით! ასტეხეთ გრიალი:
ხმამაღლა,
ხმამაღლა,
ხმამაღლა!
ჩვენ დავაფუძნეთ კოლექტივი,
მსოფლიო მთელი
ერთ უძლიერეს კოლექტივად
უნდა შევიქნათ.
რამდენიც დღეა, გვყავდა და გვყავს
იმდენი მტერი.
მაგრამ ჩვენ ვიბრძვით თავდადებით
გარედ და შიგნით!