პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ხშირად ვოცნებობ ..
ხშირად ვოცნებობ და შევსცქერი ცას,
ვეძებ უხილავს, ვუცდი ვიღაცას.
მე ვმღერი მაშინ და მთრთოლვარე ხმას
სევდით ვუერთებ ჩამქრალ გულისთქმას!
ჩემს გულში ვეძებ ვარსკვლავებს, მთვარეს,
მეგობრებს, სატრფოს ეშხით მღელვარეს;
არ ანათებენ ისინი ჩემს გულს,
არღა მომფენენ შვებას, სიხარულს.
ბნელდება მთვარე, თრთის ვარსკვლავი ცის
და ძირს ეშვება ოცნება სივრცის…