გალაკტიონ ტაბიძე – ჰაერი
მძიმე ჰაერი მხურვალეა, უფრო ჩქარ-ჩქარა
აშრიალდება ფიქრთა სამოსი.
დაბერა ქარმა და ოცნება ააჩანჩქარა,
ხმაში ინთქმება გზა მიდამოსი.
ჩამოდის ღამე. ჩამოფრინდა. აი წამები!
გულში ხმაურობს სურვილთა ზღუდე,
თითქო აშლილა იქ წყვდიადი და აკლდამები
და განზრახვების ახალი ბუდე.
უცებ: მორთულან, მოკაზმულან ის ძველნი დრონი.
შორ სიშორეთა ელვარებს თოვა.
მაინც წუხილი მიუძღვება მათ მსუბუქ რონინს,
ვით მგლოვიარე არფების გროვა.
ცელქი ნიავი და შრიალი, უღრუბლო დღენი
თითქო ზარია ანატაცები, –
მიეჩქარება მთვარის შუქში გაჭრილი ცხენი,
მთვარენი დგანან, როგორც ანძები.
მთვარის შუქთაგან შეკრებილი ფეთქს სიმღერები,
თუმცა არ სჯერათ ბედნიერება,
რაღაც უღრუბლოდ, გატაცებით, ყელმოღერებით,
მოდის სიმშვიდე და ძლიერება.
და გადიღვრება სივრცეებში ყვავილთა შორის
ნელი ქანება სხვა დანანებით –
მარმარილოდან უდროო დროს აფრენილ ქორის
ზეცად ავარდნილ შადრევანებით.