პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ჰეინეს სტრიქონის გამო

რომანტიული
ქნარის წკირაში
ნირშეუცვლელი
იყო გალობა:
ბედნიერება
არის მირაჟი,
უბედურება
კი რეალობა.

უბედურება –
სწუხდა ჰაინე –
დინჯი, მოხუცი
არის ქმნილება,
თუ ერთი გნახა
და მოეწონე,
სიკვდილის დღემდე
ქნარს გეცილება,

ასეა, ასე:
მხოლოდ სიზმარში,
სიუბრალოე
და სიადვილე –
უბედურება არის მირაჟი,
ბედნიერება
კი სინამდვილე.

მე არას ვიტყვი:
ბევრის ვარ მოწმე
უბედობით და
ბედნიერებით;
პირად საკითხში
ამ ორი მოძმის –
ნურავინ ქვეყნად
ნუ ჩაერევით!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button