პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ჰქუხდა ხმოვანი ქარი ..
ჰქუხდა ხმოვანი ქარი მრავალი ამ ასწლოვანი კაკლის ხის კარად; ასე: მიმავალს სდევს მომავალი, დრონი მიჰქრიან მარად და მარად. ჩვენი შავი ზღვის ხმაურის გვარად აქ ხმაურია არანაკლები, ხიდან ჩამოდის ხვავიან ღვარად მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები. დიდებულია წლის მოსავალი, იგი სრულიად გადიქცა ქნარად. ბავშვი კისკისებს, როგორც მზით მთვრალი, ის მჭმუნვარებას არა სთვლის არად! როგორც იმედი, თან დააქვს მარად გული: არც მეტი და არც ნაკლები! კაკლებს უგულოს დასწონის მარად მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები! ყოველ, მარადდღე, სავსე კაკალი ახალ ცხოვრებას ედება კარად. სილაღეს სწორი აეღო კვალი და არსებობა შეიგრძნო მყარად. მოდის - სიტყვების მგზნებარე ჯარად ლექსი, რომანი და სპექტაკლები, მასა კი არჩევს: მას უნდა მარად მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები! ო, მეგობრებო! კარგთ თანაბარად ვინ სთქვა ფუჭები და საძაგლები? სოციალისტურს სჭირდება მარაგს - მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები!