ლიტერატურამოთხრობასაკითხავი
გურამ რჩეულიშვილი – “ტკივილი? – არა. რაღაც და გათავდა”
პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.
შიოდა.
ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.
შიოდა.
რა გემრიელი იქნებოდა ბალახი.
ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა.
შიოდა.
უცებ იგრძნო რაღაც.
ტკივილი? – არა.
რაღაც და გათავდა.
ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო:
– მამა, ფეხები მომეყინა, – თქვა ბიჭმა.
– ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით, – დაამშვიდა მამამ.