ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ედგარ ალან პო – დუმილი

„ყური მიგდე“-თქვა დემონმა და თავზე ხელი დამადო. მხარე რომლის შესახებაც მინდა გიამბო ლიბიის სევდიან მხარეში, მდინარე ზაირის სანაპიროზე მდებარეობს. იქ სადაც არც სიმშვიდეა და არც მდუმარება. ამ მდინარის წყალს რაღაც მკრთალი ზაფრანისფერი გადაჰკრავს. ის ზღვისკენ არ მიედინება, არამედ მუდამ ფეთქავს და ასე ათრთოლებული და აღტაცებული მარად მეწამული მზისკენ ისწრაფვის. მდინარის შლამიან კალაპოტს მთელს სიგრძეზე მიუყვება ფერმკრთალი შროშანების ვეება ტევრი. ამ მარტოობაში ჩაკარგულთ ოხვრით აღუპყრიათ გრძელი და ფერწასული კისრები ზეცისაკენ და გამუდმებით თავს უკრავენ ერთმანეთს. ამოუცნობია მათი ჩურჩული ვითარცა წყალი მიწის ქვეშ მიმავალი. ოხვრით შესცქერიან ერთიმეორეს.

მაგრამ ამ სამეფოსაც აქვს თავისი საზღვარი-ბნელით მოცული უღრანი ტყე…აქ გამუდმებით ისევე ღელავს ბუჩქნარი როგორც ტალღები ჰიბრიდის კუნძულებთან თუმცა ნიავიც კი არ იძვრის ამ ცისქვეშეთში. ზათქით ასკდებიან აქეთ-იქით მარად უკვდავი ბუმბერაზი ხეები. მათი მწვერვალებიდან მარადიული ნამი იფრქვევა, მათ ფესვებთან კი საუკუნო ძილით გათანგული შხამიანი ყვავილები დახვეულან. რუხი ღრუბლები ხმაურით მიიგრაგნებიან დასავლეთისაკენ ვიდრე ჩანჩქერივით არ გადავლენ ჰორიზონტის ცეცხლოვან ხაზს. თუმცა ნიავიც კი არ იძვრის ამ ცისქვეშეთში და მდინარის არცერთ ნაპირზე არ სუფევს სიმშვიდე და მდუმარება..

ღამე იყო..წვიმდა..წვიმის წვეთებისისხლად იღვრებოდა მიწაზე..და მე ვიდექი ჭაობში მაღალ შროშანებს შორის და თავზე მაწვიმდა-შროშანები კი ისევ ოხრავდნენ ამ საზეიმო მარტოობაში..

და უეცრად გამჭვირვალე ნისლში ალისფერმა მთვარემ გამოანათა.თვალი გამექცა მდინარის ნაპირას აღმართული მთვარის შუქით განათებული სალი კლდისაკენ. საზარლად პირქუში იყო კლდე. წარწერა დავლანდე მასზე და ფეხით გავუყევი ნაპირისაკენ მიმავალ შროშანებით დაფენილ ჭაობს რათა წარწერა ამომეკითხა მაგრამ ვერ შევძელი. უკან მივბრუნდი ჭაობისაკენ. ახლა უკვე მეწამულისფრად ბრდღვიალებდა მთვარე. კიდევ ერთხელ შევხედე კლდეს და წარწერა ამოვიკითხე- გაუდაბურება.

უეცრად კლდის ქიმთან მდგარ კაცს მოვკარი თვალი.შროშანებში დავიმალე სათვალთვალოდ. ტანმაღალი იყო დიდებული აღნაგობის თავიდან ფეხებამდე ძველ რომაულ ტოგაში გახვეული. მკრთალად ჩანდა სხეულის მოყვანილობა მაგრამ ვერც ღამის სიშავეს, ვერც ნისლს და ვერც მთავრეს ვერ დაეფარა მისი სახის დიდებული ნაკვთები. მოხდენილად ჩაფიქრებული უფრო დიდებული ჩანდა მკრთალ ნაოჭებში კი ღრმა სევდას, მარტოობის წყურვილს და სიძულვილს დაესადგურებინა კაცთა მოდგმის მიმართ.

კლდეზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ასე უმზერდა გაუდაბურებას. უმზერდა მოშრიალე ბუჩქნარს, მარად უკვდავ ხეებს, მოგრუხუნე ზეცას და მეწამულისფერ მთვარეს. მე კი შროშანებში ჩამალული ჩუმად ვუმზერდი მას. კაცი თრთოდა ამ სიმარტოვეში, ღამე ილეოდა ის კი კვლავ გაუნძრევლად იჯდა კლდეზე. წამით მოაცილა ზეცას თვალი და დახედა სევდით მოცულ მდინარე ზაირს, მის შემზარავ მოყვითალო ტალღებს, თეთრი შროშანების წყებას და ყური დაუგდო მათ ჩურჩულს. მე კი ჩემი სამალავიდან ვუმზერდი მას. კაცი თრთოდა ამ სიმარტოვეში, ღამე ილეოდა, ის კი კვლავ გაუნძრევლად იჯდა კლდეზე..მე ქვევით ჩავუყევი შროშანების ტევრს და ჰიპოპოტამებს მოვუხმე..ჭაობის ბინადართ. მათ გაიგონეს ჩემი ძახილი, მოვიდნენ და ქვევიდან შეჰღრილეს მთვარეს. მე კი ვიჯექი სამალავში და ჩუმად ვუმზერდი მას. კაცი თრთოდა ამ სიმარტოვეში, ღამე ილეოდა, ის კი კვლავ გაუნძრევლად იჯდა კლდეზე..

მაშინ კი საშინლად დავწყევლე ყოველი სტიქია და მძვინვარე ქარიშხალი მოევლინა ზეცას, სადაც ნიავიც კი არ ყოფილა არასდროს. მკვდარივით გაფითრდა ზეცა და წვიმამ დასცხო კაცს თავზე, მდინარე აბობოქრდა, აქაფდა, შროშანებს გულიდან კივილი აღმოხდათ, ტყე ზანზარებდა ქარისაგან, ჭექა-ქუხილი ატყდა ელვამ ცა დასერა და კლდე შეარყია. მე კი სამალავიდან ჩუმად შევცქეროდი კაცს. კაცი თრთოდა ამ სიმარტოვეში, ღამე ილეოდა ის კი კვლავ გაუნძრევლად იჯდა კლდეზე.

უფრო გამწარებულმა დავწყევლე დადუმდესთქო მდინარე, შროშანები, ქარი, ტყე, ზეცა, ჭექა-ქუხილი, ყოველი ოხვრა შროშანებისა. და დაწყევლილნი იქმნენ ისინი და მდუმარენი…მთვარე აღარ იძვროდა ცაზე, ქუხილი ჩაკვდა, ელვამ დაკარგა სინათლე, ღრუბლები ერთ ადგილას გაირინდნენ, წყალმა დინება შეწყვიტა ხეებმა რყევა, შროშანები აღარ ოხრავდნენ და ჩურჩულიც შეწყდა. ჩქამიც კი აღარ ისმოდა ამ თვალუწვდენელ სიცარიელეში..კლდეს გავხედე და წარწერა შეცვლილიყო. ახლა ის გვამცნობდა-დუმილს.მზერა მივაპყარი კაცის სახეს, ფერი დაჰკარგვოდა შიშისაგან, თავი ასწია, წამოდგა და ყური მიუგდო.ჩამიჩუმი არ ისმოდა ამ თვალუწვდენელ უდაბურ მხარეში და ისევ დუმილს გვამცნობდა კლდის წარწერა. ძრწოლამ აიტანა კაცი, თავი მიაბრუნა ადგილს მოსწყდა და მას შემდეგ აღარ მინახავს..

მშვენიერი ზღაპრებია მოთხრობილი რკინით შეჭედილ მელანქოლიურ გრძნეულთა წიგნებში. მე გეუბნებით რომ სწორედ აქ არის დიდებული თავგადასავალი ზეცისა და მიწის, ძლევამოსილი ზღვის და იმ ჭინკების ზღვასა და მიწაზე რომ გაბატონდნენ..ხელთ რომ იგდეს ცის სიდიადე..დიდი ცოდნა გამოსჭვივის სიბილას გამონათქვამებიდან და წმინდათა-წმინდა სიტყვა გაისმის ოდეს ბუნდოვანი ფოთლების ქვეშ დოდონას ირგვლივ რომ თრთოდა, მაგრამ ვფიცავ ალაჰს რომ ის ამბავი, რომელიც საფლავის ქვიშ ქვეშ ჩემს გვერდით მჯდომმა დემონმა მიამბო ყველაზე დიდებულია მათ შორის. და როცა დემონმა ამბავი დაასრულა სიცილით ჩაეშვა სამარეში მაგრამ მე ვერ შევძელი გაცინება და ამისათვის დამწყევლა მან..საიდანღაც სამარის მარადიული ბინადარი ფოცხვერი გამოჩნდა, ფერხთით დაუწვა დემონს და დაჯინებით მისჩერებოდა სახეში….

თარგმანი სალომე ღვინიაშვილის..

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button