ისტორია

ბოლნისის ბრძოლა 1228

1225 წელს,საქართველოში შემოჭრილმა ხვარაზმელთა ურდოებმა და მათმა მეთაურმა ხორეზმშაჰ ჯალალ ად-დინ მანგუბერტმა სომხეთში,სოფელ გარნისთან ბრძოლაში გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწია ქართველებთან ბრძოლაში.მართალია გარნისთან დაპირისპირებას არ მოჰყოლია ქართველთა მხრიდან ათეულ ათასობით დანაკარგი,მაგრამ მან სათავე დაუდო საქართველოს სრულ სამხედრო-პოლიტიკურ ფიასკოს.ჯალალ ედ-დინმა მეორე წელს (1226) აიღო და გაძარცვა საქართველოს დედაქალაქი თბილისი,სადაც დიდი სიმხეცე გამოიჩინა და მოსახლეობის დიდი ნაწილიც გაჟლიტა.

400px-Памятник_Джелал_ад-Дину_Манкбурны

ჯალალ ად-დინი

მტრის ამ წარმატებულ ნაბიჯებს ქართველთა სარდლობის შეუთანხმებლობა და უუნარობაც რიგიანად ეხმარებოდა.ხორეზმშაჰს კარგად ესმოდა,რომ თბილისის დაკავებით საქმე ვერ მოგვარდებოდა და მის წინააღმდეგ შეიძლებოდა დარაზმულიყვნენ კავკასიის სამეფო-სასულთნოები,ამიტომაც თბილისის აღებიდან არც თუ ისე დიდი დროის შემდეგ,იგი სასწრაფოდ ილაშქრებს:ანისზე,ყარსზე,ხლათზე,მაგრამ ყველა ეს კამპანია სიზიფეს შრომა გამოდგა მისთვის.ასეთ ვითარებაში ქართველებმა დრო იხელთეს და თბილისში მყოფი ხვარაზმელთა გარნიზონი შეავიწროვეს და თბილისის გათავისუფლებაც კი შეძლეს.იბნ ალ-ასირი გადმოგვცემს,რომ თბილისი ქართველებმა ჰიჯრით 624 წლის რაბის პირველ თვეში– 1227 წლის 19.II – 21.III აიღეს.ჯალალედინის პირადი მდივანი-შიჰაბ ალ დინ მუჰამედ ან-ნასავი კი ქართველთა მიერ თბილისის აღების თარიღად 1226 წელს ასახელებს (თ.ფარცვანია-ნასავის თხზულება ,,სულთან ჯალალ ად დინ მანკბურნის ცხოვრების აღწერა,როგორც საისტორიო წყარო საქართველოს ისტორიისათვის” საისტორიო კრებული VII, ,,მეცნიერება”  თბილისი 1979)

kwarazmianwarrior13thce


                    1.მებრძოლი ბედუინი ; 2.ერაყელი ქვეითი ; 3.ხვარაზმელი კავალერისტი

სამხრეთ კავკასიის ციხეების ალყით გართულ ჯალალედინს,ხელიდან ,,ურწმუნო გურჯებმა”თბილისი გამოაცალეს.იგი ამ ამბის გაგებისთანავე გაეშურა საქართველოსაკენ.ქართველებმა მტრის ხელის შეშლის მიზნით,გადაწვეს და ცეცხლს მისცეს თბილისი (ივ.ჯავახიშვილი,ქართველი ერის ისტორია,ტ:III,პალიტრა L,თბილისი 2012).შემდეგ კი ჯარების შეკრება დაიწყეს.
ჟამთააღმწერელი დაწვრილებით გვიამბობს იმ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ,რომელიც ქართულ სამეფო კარს გადაუდგამს: ამირსპასალარმა ავაგმა მალებსრბოლები აფრინა:შანშე მანდატურთუხუცესთან,ვარამ მსახურთუხუცესთან,ჰერ-კახელ ერისთავებთან,მესხ-თორელ-ჯავახელ დიდებულებთან,იმერეთში-ცოტნე დადიანთან,აფხაზეთში,ჯიქეთში და მთელ დასავლეთ საქართველოში.მთავარსარდლობამ არ იმყოფინა მხოლოდ ქართული ძალები.ამ უკანასკნელმა გახსნა დარიალის კარი,უმთავრესი სტრატეგიული პუნქტი კავკასიონზე და გადმოიყვანა ძურძუკები,ოსები და ჩრდილოკავკასიული მეომარი სამხედრო ძალა.კავშირი გააბა კავკასიის პოლიტიკურ ერთეულებთან ხლათის სასულთნოსთან,აზერბაიჯანის ილდეგიზიან მმართველთან,მაგრამ იბრძოდნენ თუ არა მათი ძალები ბოლნისთან,ქართველების მხარდამხარ,ძნელი სათქმელია.ქართულ ლაშქარში აგრეთვე ვხედავთ ყივჩაღებს,რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ ბრძოლის მიმდინარეობაში.როგორც ვხედავთ ქართველ მესვეურთა სამზადისმა მაშტაბური სახე მიიღო.ქართველთა ჯარის რაოდენობასთან დაკავშირებით ერთადერთი ცნობა ეკუთვნის ან ნასავის,იგი 40000 კაცს ასახელებს.
გაერთიანებულმა ლაშქარმა თავი ნაჭარმაგევში მოიყარა და ბოლნისისაკენ აიღო გეზი.ნიშანდობლივია,რომ რუსუდან დედოფალმა ლაშქარს ,,სეფე-დროშა” არ წაამძღვარებინა წინ.ამ ფაქტს ქართველი მემატიანე ივანე მხარგრძელ-ათაბაგის სიკვდილით ხსნის:,,ხოლო თვით დროშა სეფე არა წარგზავნა საქმესათვის ივანე ათაბაგისა”,როგორც ჩანს ივანე ამ დროს გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო:,,შემდგომად ორისა წლისა (გარნისის ბრძოლიდან 1225 წლიდან,ანუ 1227 წელს) მიიცვალა ივანე ათაბაგი.აქედან გამომდინარე ივანე მხარგრძელი 1227 წელს უნდა აღსრულებულიყო.ბოლნისის ბრძოლა კი 1228 წელს გაიმართა.

kypchaki

                                                               ყივჩაღი მეომრები

კოალიციურმა ჯარმა გაიარა თბილისი და მალევე შეამჩნია ბოლნისთან დაბანაკებული ჯალალედინის ურდოები.მხარეები საბრძოლველად გაეწყვნენ.ბრძოლისთვის ორივე მხარე მზად იყო,მაგრამ ხორეზმშაჰის ჯარს გარკვეული რაოდენობის მხედარი გამოეყო და იქითკენ მიაშურა სადაც ყივჩაღები იყვნენ განლაგებულნი.ეს მცირე დელეგაცია ყივჩაღებთან პურითა და მარილით წარდგნენ და შეახსენეს მათ ის სიკეთე,რაც ერთ დროს ჯალალედინს ჰქონდა მათთვის გაწეული (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ:III, საბჭოთა საქართველო ,თბილისი 1979)
სწორედ ამ მომენტში ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა.ყივჩაღებმა უეცრად ზურგი უჩვენეს ქართველებს და ბრძოლის ველი დატოვეს.როგორც ჩანს ჯალალის სიტყვამ გასჭრა.ამით გულმოცემული ხორეზმშაჰი მთელი თავისი ჯარით ეკვეთა ქართველებს: ,,და იქმნა ომი სასტიკი” რიცხვით მცირე ქართულ მხედრობას თავიდან გარკვეულ წარმატებებს მიუღწევია,მაგრამ მტრის სიმრავლეს თავისი გაუტანია და ქართველები დამარცხებულან:,,იძლივნენ სპანი მეფისანი” ქართველები დამარცხდნენ.ქართველთა მარცხი ამ ბრძოლაში ყივჩაღთა ღალატით დიდწილად უნდა ყოფილიყო განპირობებული.

byzantinearmies11181461sw9

                                  2.ყივჩაღი ცხენოსანი ; 3.ალანი დაქირავებული მებრძოლი

ახლა მიმოვიხილავთ ყივჩაღთა ღალატის საფუძვლებს:

საქართველოსადმი აქტიური მოქმედება ყივჩაღთა მხრიდან მონღოლთა გამოჩენის შემდეგ დაიწყო.1225 წელს ყივჩაღებმა გაარღვიეს დარუბანდის კარი და შირვანში შეიჭრნენ.მომთაბარე ყივჩაღთა მასამ, საქართველოს მეფე რუსუდანს საცხოვრებელი ადგილის გამოყოფა სთხოვა.უარის მიღების შემდეგ კი მათ დაარბიეს შირვანის ერთ-ერთი ქალაქი ყაბალა.რაღათქმაუნდა ქართველთა მხრიდან ცივი უარი და საცხოვრებელი ადგილის არმიცემა,მათ ანტიპათიას გამოიწვევდა.მითუმეტეს,რომ ქართველებმა ბრძოლაც კი გაუმართეს მათ,პირველ ბრძოლაში ქართველები დამარცხდენენ და ყივჩაღებმა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ,მაგრამ შემდეგ ქართველებმა რევანში აიღეს და გამარჯვება მოიპოვეს.ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც რომ ხვარაზმის ჯარის დიდი ნაწილი დაქირავებული ყივჩაღებისაგან შედგებოდა(ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, ,,საბჭოთა საქართველო” ,თბილისი,1979,გვ:544-545).ჯალალ ად-დინმა შეძლო ყივჩაღთა დაყოლიება,რომ ბრძოლის ველი დაეტოვებინათ,რაც ქართველთათვის ფატალური შედეგით დასრულდა.საბოლოოდ კავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა საკმაოდ სერიოზული ცდა,რომელიც მიმართული იყო ხორეზმის შაჰის ექსპანსიური პოლიტიკის განეიტრალებისაკენ უშედეგოდ დასრულდა.

გიგა ჩალიგავა

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ქართლის ცხოვრება,ტ:II,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,თბილისი 2012
2.ივანე ჯავახიშვილი,ქართველი ერის ისტორია,ტ:III, თბილისი 2012
3.ნოდარ ასათიანი,საქართველოს ისტორია , თბილისი 2004
4.ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბილისი : მეცნიერება , 1966.
5.ლევან სანიკიძე,წიგნი მოწამეთა , ფრესკა 1991
6.საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ:III ,საბჭოთა საქართველო,თბილისი 1979
7.საისტორიო კრებული VII ,მეცნიერება თბილისი 1977

Source
https://msoflioistoria.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button