ენიგმაუცნაურიუცხოპლანეტელები

ამბები უცხოპლანეტელთა მიერ ადამიანების გატაცებაზე

სტუმრობენ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწას და ატარებენ თუ არა ადამიანებზე ექსპერიმენტებს? ეს კითხვა დიდი ხნის განმავლობაშია დავის საგანი და ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად რჩება. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უცხოპლანეტელებმა მათთან გარკვეული ფორმით კონტაქტი დაამყარეს. აზრთა სხვადასხვაობის გამო ასეთი ამბები ხშირად ხდება პოპულარული და მითქმა-მოთქმის საგანი.


უცხოპლანეტელთა მიერ ადამიანების გატაცების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევაა ალაგაშის ფარვატერის მოვლენა, რომელიც 1976 წელს მოხდა მეინის შტატში. ტყუპი ძმები ჯეკი და ჯიმი ვეინერები და მათი მეგობრები ჩაკ რაკი და ჩარლი ფოლცი მხატვრები არიან. ერთხელაც, სათევზაოდ წასულებმა გადაწყვიტეს, ღამით ეთევზავათ და არწივის ტბის სანაპიროზე დიდი ცეცხლი დაანთეს.

კანოეში ყოფნისას მეგობრებმა ცაზე კაშკაშა მანათობელი ობიექტი შენიშნეს, რომელმაც მათ თვალწინ ფერების გამოცვლა დაიწყო. ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) მათი მიმართულებით დაიძრა, რის დანახვაზეც მეთევზეებმა სასწრაფოდ მოუსვეს ნიჩბები, რათა სანაპირომდე მიეღწიათ. მაგრამ ამო მაინც დაეწია მათ, ზემოთ გაჩერდა და სინათლის სხივი გამოუშვა. ამის შემდეგ მათ მხოლოდ ის ახსოვთ, რომ გამოიღვიძეს სანაპიროზე და მათი დანთებული დიდი ცეცხლი სულ ჩამქრალიყო, მხოლოდ ცივი ნახშირის გროვაღა იყო დარჩენილი.

მეგობრები სახლში დაბრუნდნენ, მაგრამ მალე ყველა მათგანი კოშმარებით დაიტანჯა. სიზმარში სწორედ ის პერიოდი ესიზმრებოდათ, რომელიც ტბაზე გაღვიძებისას მათი მეხსიერებიდან ამოშლილი იყო – ხედავდნენ, თუ როგორ ატარებდნენ უცხოპლანეტელები მათზე ექსპერიმენტებს კოსმოსურ ხომალდში. რეგრესიულმა ჰიპნოზმა აჩვენა, რომ ოთხივე მამაკაცი გატაცებული იყო და მათზე განხორციელდა დამამცირებელი ცდები, მათ შორის სპერმისა და სხეულის სხვა სითხეების იძულებითი გამოყოფა.

ოთხივე მსხვერპლმა ცალ-ცალკე გაიარა ტესტები ჰიპნოზის ქვეშ, მაგრამ მათი მონაყოლი აბსოლუტურად ერთნაირი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ მხატვრები იყვნენ, შეძლეს და დახატეს კიდეც საექსპერიმენტო ოთახი, ასევე უცხოპლანეტელები და ის იარაღები, რომლებსაც მათზე იყენებდნენ.


1967 წლის 25 იანვარს დიასახლისი ბეტი ანდრეასონი და მისი ოჯახის წევრები სახტად დარჩნენ, როცა სახლში ელექტროობა გამოირთო და ჩაბნელებული სამზარეულოს ფანჯრებიდან წითელმა შუქმა შემოანათა. როცა გარეთ გაიხედეს, დაინახეს 5 უცნაური ფორმის არსება, რომლებიც მათი სახლისკენ მოემართებოდნენ. მათ პირდაპირ გაიარეს ხის მაგარ კარებში და ანდრეასონების მთელი ოჯახი მაშინვე ტრანსში ჩააგდეს.

ბეტიმ და მამამისმა აღწერეს უცხოპლანეტელების გარეგნობა – მათი თქმით, ისინი იყვნენ დაბლები და ადამიანური შტრიხები ნაკლებად ჰქონდათ. ერთ-ერთს აშკარად ეტყობოდა, რომ ლიდერი იყო. ისინი ტელეპატიურად ახდენდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციას. ბეტი თავს მშვიდად გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრები უგონოდ იყვნენ. ბეტი ხომალდზე აიყვანეს და უხეში, ზოგჯერ კი მტკივნეული გამოცდები ჩაუტარეს. დაახლოებით 4 საათის შემდეგ ბეტი გამოუშვეს და ის ოჯახს დაუბრუნდა, ბეტის ნათესავები კი ტრანსიდან გამოიყვანეს. თუმცა ბეტის ბევრი არაფერი ახსოვდა იქიდან, რაც ხომალდზე გადახდა თავს.

8 წლის შემდეგ ბეტის ისევ ტანჯავდა მოგონებები ავბედით ექსპერიმენტებზე, მან გაიარა 12 თვიანი ექსტენსიური ფსიქიატრიული დახმარების კურსი და ფსიქოლოგიური და სამედიცინო ტესტები, მათ შორის რეგრესიული ჰიპნოზი და სიცრუის დეტექტორები. ანალიზმა აჩვენა, რომ ბეტი საღ გონებაზე იყო.


1961 წლის 19 სექტემბერს ნიუ ჰემპშირელი ბეტი და ბარნი ჰილები კანადიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა მოულოდნელად ცაზე შენიშნეს “სიგარეტის ფორმის განათებული ხომალდი”. ჰილებმა შეამჩნიეს, რომ ხომალდი მათ მიყვებოდა, ამიტომ მანქანა გააჩერეს და მასზე ბინოკლებით დაკვირვება დაიწყეს. მათი მტკიცებით, ხომალდის ფანჯრებთან უცნაური არსებები შენიშნეს, რომლებიც ადამიანს არ ჰგავდნენ. ამან ისინი შეაშინა, მანქანაში ჩასხდნენ და სვლა განაგრძეს.

2 საათის შემდეგ ჰილები გონს მოვიდნენ და საკუთარი თავები აღმოაჩინეს 55 კმ-ის მოშორებით იმ ადგილიდან, რომელიც ბოლოს ახსოვდათ. ამასთან, ვერ იხსენებდნენ, თუ რა გადახდათ უკანასკნელი 2 საათის განმავლობაში. ბეტის კაბა დახეული იყო, ბარნის ფეხსაცმელები – გახეხილი, ორივეს საათი კი ერთსა და იმავე დროზე იყო გაჩერებული.

ჰილების წყვილს ეს ამბავი წლების მანძილზე აწუხებდა, სანამ საშველად ფსიქოთერაპევტს არ მიაკითხეს. ჰიპნოზის განცალკევებულ სესიებზე მათ გაიხსენეს, რომ უცხოპლანეტელებისგან იყვნენ გატაცებულნი და აყვანილნი ხომალდზე, სადაც ფიზიკურ ტესტებს გადიოდნენ “პატარა და ნაცრისფერი” არსებებისგან. გზატკეცილზე, სადაც ეს ზებუნებრივი ამბავი მოხდა, ჰილების პატივსაცემად შესაბამისი აბრა დადგეს.


1975 წლის 13 აგვისტოს ღამის 1:15 საათზე საჰაერო ძალების სერჟანტი ჩარლზ მუდი ნიუ-მექსიკოს უდაბნოში იმყოფებოდა და მეტეორების წვიმას აკვირდებოდა. უეცრად მან ლამბაქის ფორმის დიდი მოკაშკაშე ობიექტი შენიშნა, რომელიც მიწის მიმართულებით მოძრაობდა, თითქოს დაშვებას აპირებდა. მუდიმ საფრთხე იგრძნო და მანქანისკენ გაიქცა, მაგრამ ძრავის ამუშავება ვერ მოახერხა. მალევე მან გაიგონა მაღალი ტონალობის ხმა, ამო მახლობლად დაეშვა და ჩარლზმა ჰუმანოიდის ტიპის პატარა არსებები დაინახა.

როცა ხმა შეწყდა, მუდიმ იგრძნო, რომ სხეული გაუშეშდა, შემდეგ კი საათნახევრის განმავლობაში უგონოდ იყო. გონს მოსულმა დაინახა, როგორ აფრინდა ხომალდი და ვარსკვლავებიან ცაში გაუჩინარდა. მეორე დღეს მუდის ზურგის ტკივილი დაეწყო, გაუჩნდა უცნაური გამონაყარიც, ამიტომ ექიმს მიაკითხა. ამ უკანასკნელმა ურჩია, თვითჰიპნოზისთვის მიემართა, რათა ტკივილი შეემსუბუქებინა. მედიტაციების კურსისას მუდიმ გაიხსენა, რომ ის მანქანიდან გადაიყვანეს და შემდეგ ხომალდზე აღმოჩნდა. ის მეტალის მაგიდაზე მოათავსეს, სადაც უცხოპლანეტელებს ტელეპატიურად “ესაუბრებოდა”. მას შემდეგ, რაც თანამშრომლობაზე დათანხმდა, არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებმა მას ხომალდი დაათვალიერებინეს და ინფორმაციის ნაწილი გაანდეს – მათ ჰქონდათ დედა ხომალდი, რომელიც დედამიწის თავზე ლივლივებდა, თუმცა იმ დღის შემდეგ 20 წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე დაბრუნებას აღარ აპირებდნენ.


1993 წლის აგვისტოს ავსტრალიელი კელი კაჰილი ოჯახთან ერთად მანქანით ბრუნდებოდა სახლში მეგობართან სტუმრობის შემდეგ, როცა გზის ერთ მხარეს გავარვარებული ამო შეამჩნიეს. როგორც კელი ირწმუნება, მან ადამიანების ფორმის ფიგურები შენიშნა ხომალდის ფანჯრებში. ამომ სიჩქარეს უმატა და მალე თვალს მიეფარა, თუმცა მოგვიანებით მთელი ოჯახი დააბრმავა მკვეთრმა სინათლემ, რომელმაც მანქანის გარშემო მთელი მიდამო მოიცვა. კელის თქმით, ამ სინათლეში ყოფნისას სიმშვიდის შეგრძნება ეუფლებოდა.

გამოღვიძებისას ოჯახი ისევ სახლისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდა, მაგრამ ვერ იხსენებდნენ, გასულ საათში რა მოხდა. კელიმ ჭიპთან ახლოს უცნაური ნიშანი აღმოაჩინა, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში კი თავს კარგად არ გრძნობდა და საავადმყოფოს მიაკითხა შარდის ანალიზის გასაკეთებლად და მუცლის ტკივილის საშველად. რაც მან მოგვიანებით გაიხსენა, იყო 45 მ დიამეტრის მქონე ხომალდი და მის გარშემო შეკრებილი ძალიან მაღალი უცხოპლანეტელები. გზის მეორე მხარეს სხვა მანქანაც იყო, რომელშიც მათთვის უცნობი ადამიანები ისხდნენ. მეორე ოჯახმაც მსგავსი ისტორია მოყვა, მათაც გაიხსენეს მაღალი უცხოპლანეტელები და ის, თუ როგორ დაკარგეს დროის შეგრძნება, საფრენ ხომალდზე ყოფნისას კი სამედიცინო შემოწმებები გაიარეს.


უელსის მთიან არეალში ერთი ოჯახი გზატკეცილზე მისეირნობდა მანქანით, როცა დიდი იისფერი ხომალდი გამოჩნდა და ავტომობილს აედევნა. ამან მგზავრები შეაშინა, თუმცა მალე ხომალდი გაქრა და ისინი ერთი შეხედვით ხელშეუხებელნი იყვნენ, ყველაფერი ისე გაგრძელდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

მოგვიანებით მათ აღმოაჩინეს, რომ დროის დიდი ნაწილი ძალიან სწრაფად გასულიყო და როცა ქმარი კბილის ექიმთან მივიდა ტკივილის ჩივილებით, უკანა კბილიდან უცნაური შავი ობიექტი გადმოვარდა. ოჯახმა ამ ამბის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინა, რის შემდეგაც მათ მალე ეწვია საჰაერო ძალების ფორმაში გამოწყობილი ორი ადამიანი და გააფრთხილეს, რომ სიტყვა არავისთან დაეძრათ. ოჯახი მათ აღწერს, როგორც Men in Black-ის პერსონაჟების მსგავსს.

ოჯახმა მოგვიანებით შეიტყო, რომ იმ ადგილას არც ისე იშვიათია ამოების გამოჩენა. უფრო მეტიც, იმ ღამესაც იქ კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ამო იხილა ზუსტად იმ ადგილას, სადაც ოჯახის წევრებმა დროის შეგრძნება დაკარგეს.


1988 წლის მარტში ჯონ სოლტერ უმცროსი და მისი ვაჟი ჯონ III 61-ე გზატკეცილზე მიდიოდნენ მანქანით, როცა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ საპირისპირო მიმართულებით წასულიყვნენ და საერთოდ არაფერი ახსოვდათ განვლილ 1 საათზე. შემდეგ დილას დაბნეულნი იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ, წინა დღეს რა მოხდა, თუმცა გზის გაგრძელება გადაწყვიტეს და ამჯერად დიდი ამო შენიშნეს.

ხომალდის დანახვისთანავე მათ გაახსენდათ წინა ღამის დეტალები, მათ შორის ბავშვის ზომის უცხოპლანეტელები და ერთიც უფრო მაღალი, ადამიანზე ორჯერ დაბალი არსება, რომელიც მათ ლიდერობდა. ორივე ამბობდა, რომ შიში ან აღელვება არ უგრძვნიათ, სამედიცინო ტესტების გავლისას კი მოძრაობისგან რაღაც უხილავი ძალა აკავებდათ. ტესტების გავლის შემდეგ ორივეს გაუქრა ყველანაირი პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც მანამდე აწუხებდათ.


1985 წელს მწერალი უიტლი სტრიბერი ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყო წასული ნიუ-იორკის შტატის შორეულ სამხრეთში. ერთხელ, შუაღამით ის გააღვიძა უცნაურმა ხმამ და საწოლ ოთახში პატარა არსება შენიშნა. რამდენიმე საათში მან აღმოაჩინა, რომ იმყოფებოდა ტყეში თავისი სახლის მახლობლად, მაგრამ საწოლი ოთახიდან როგორ აორთქლდა, ვერ იხსენებდა.

ჰიპნოთერაპევტის დახმარებით სტრიბერმა მოახერხა ინფორმაციის აღდგენა, თუ როგორ აიყვანეს ამოს ხომალდზე და გრძელი, თხელი ინსტრუმენტით ტვინი გამოუკვლიეს. სტრიბერის ამ თავგადასავალმა უბიძგა მას, შეექმნა ჯგუფი, რომელიც დაეხმარებოდა უცხოპლანეტელთა მსხვერპლებს, შემდეგ კი მათი მონაყოლის საფუძველზე წიგნი სახელად “Communion: A True Story” დაწერა, რომელიც ბესტსელერად იქცა.


1976 წელს სამი ძველი მეგობარი დაბადების დღის წვეულებიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა საჭესთან მჯდომმა იგრძნო, რომ მანქანის სიჩქარეს ვერ აკონტროლებდა. როცა ნიშნული 135 კმ/სთ-ს მიუახლოვდა, შეშინებულმა ქალებმა დაინახეს გუმბათის ფორმის დიდი და მანათობელი ობიექტი, რომელიც მათ ზემოთ ლივლივებდა. შემდეგ კი მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ მანქანა პარკინგის ადგილას იყო დაყენებული იმის საპირისპირო მხარეს, საითაც მიდიოდნენ. უფრო უცნაური კი ის იყო, რომ როგორც საათის შემოწმებისას აღმოჩნდა, მთელი 80 წუთი იყო გასული.

ქალებს სხეულზე გაურკვეველი წარმოშობის დამწვრის კვალი ჰქონდათ. როცა თავს გადამხდარი ამბავი შეატყობინეს სამხედრო-საზღვაო ფლოტსა და ადგილობრივ პოლიციას, მათ ინტენსიურად დაუწყეს დაკითხვები და გამოჰკითხეს იმ ამის ყველა წვრილმანი. საბოლოოდ ერთ-ერთი მათგანი დათანხმდა რეგრესიური ჰიპნოზის გავლაზე, რამაც მათი შიშები დაადასტურა: ისინი იყვნენ გატაცებულნი და უცხოპლანეტელების ხომალდზე ექსპერიმენტების ობიექტად იქცნენ. ქალბატონი ტესტებს აღწერდა, როგორც დამამცირებელსა და მტკივნეულს.

ამოების ხილვის ბედნიერება მხოლოდ ამ სამ ადამიანს არ ჰქონია. იმ ღამეს იგივე ობიექტი ფერმერმაც დაინახა. ის იმ საძოვრის მეპატრონე იყო, რომლის სიახლოვესაც მეგობრების მანქანა იყო გაჩერებული. ფერმერმა აღიარა, რომ უცნაური მფრინავი ობიექტი შენიშნა, რომლისგანაც სინათლის სხივი გამოდიოდა და მიწაზე ეშვებოდა.


1987 წელს პოლიციელი ფილიპ სპენსერი მისეირნობდა თავისი სახლის სიახლოვეს, იორკშირის სოფელ ილკლი მურში, ხელში კი ფოტოაპარატი ეჭირა და იმედოვნებდა, რომ რაიმე საინტერესოს გადაიღებდა, რაც ბოლო პერიოდში გაჩენილი მისტიური ნათებების შესახებ პასუხს გასცემდა. სქელ ნისლში სპენსერი გზას კომპასით მიიკვლევდა თავისი სიმამრის სახლისკენ, როცა უცებ პატარა არსება გამოჩნდა. სპენსერმა ფოტოაპარატი აიღო და სანამ უცნაური არსება გაიქცეოდა, გადაღება მოასწრო.

სპენსერი უცხოპლანეტელს გაეკიდა და ცოტა ხანში გაოცებულმა შენიშნა მასიური ამო. ის სოფლისკენ გაიქცა, რათა გადაღებული ფოტო გაემჟღავნებინა და ყველასთვის ეთქვა მომხდარზე, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ მისი ცხოვრების ერთი საათი უცებ გასულიყო, საათი გაჩერებული იყო, კომპასი კი ჩრდილოეთის მაგივრად სამხრეთისკენ უთითებდა.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button