IBM ბანკებს განუმარტავს დეცენტრალიზებული ფინანსების არსს
IBM-ის ფინანსური სერვისებისა და ციფრული აქტივების დირექტორმა Nitin Gaur-მა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური კორპორაციის გეგმაშია უხელმძღვანელოს ფინანსურ დაწესებულებებს აქტიურად მზარდ DeFi სფეროში.
Cointelegraph-თან საუბრისას წიგნის – „ბლოკჩეინი ბიზნესისთვის“ – ავტორმა აღნიშნა ბანკების მიერ დეცენტრალიზებული ფინანსების აღქმის უკიდურესი მნიშვნელობა.
„DeFi-ს აქვს პოტენციალი გახდეს არსებული ბიზნეს-მოდელის ალტერნატიული ელემენტი. ფინანსურმა დაწესებულებებმა ეს უნდა გაიგონ“ – განმარტა ტოპ-მენეჯერმა.
გაური მიიჩნევს, რომ IBM შეამსუბუქებს ბანკების ნავიგაციას ამ სივრცეში, სადაც საქმიანობა დატვირთულია უამრავი „მარეგულირებელი გამოწვევით“. მისი აზრით, ამჟამად ბევრ ფინანსურ დაწესებულებას არ შეუძლია გასცდეს კვლევის ადრეულ სტადიას. ისინი გაიჭედნენ ტრადიციული ფასიანი ქაღალდების გაციფრულებიდან „ჭეშმარიტ დეცენტრალიზებულ ფინანსებამდე“ გასავლელ გზაზე.
ტოპ-მენეჯერი დარწმუნებულია, რომ უპირველეს ყოვლისა საინვესტიციო ბანკები გარდაუვლად წავლენ წინ ამ მიმართულებით. ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო Goldman Sachs-ის ციფრული აქტივების განყოფილების ახალი უფროსის გამოჩენა, რომელმაც გაახმაურა შორსმიმავალი გეგმები DLT-ის გამოყენებით, ასევე დააანონსა საკუთარი Stablecoin-ის გამოშვება.
IBM-ის წარმომადგენელი თვლის, რომ DeFi-პროდუქტების შექმნის დაჩქარებისთვის ფინანსურმა დაწესებულებებმა თავიანთი მიდგომა უნდა შეცვალონ. იგი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია ბანკებმა მიიღონ ბლოკჩეინის გლობალური ბუნება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ღირებული მათ მიერ შემუშავებული ბლოკჩეინ-პროდუქტები მომხმარებლებისთვის.
გაურმა ხაზი გაუსვა, რომ IBM მზად არის დააკავშიროს ბანკები „გლობალური DeFi-ბაზრის დინამიკასთან და დაეხმაროს ფასეულობის მქონე ინოვაციური, კონკურენტუნარიანი პროდუქტების შექმნაში“.