ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

გოდერძი ჩოხელი – სიყვარულის ცეცხლი

სება სახელია.

ამ შემთხვევაში ცისა და მიწის ანაბარა დარჩენილი, ოთხმოც წელს მიღწეული, კაცის სახელი. ცისა და მიწის გარდა კიდევ ერთი მარჩენალი ძროხა ჰყავს სებას იმედად.

ძროხას მთორია ჰქვია. შუბლზე თეთრი მთვარე აქვს გამოსახული. ფერით წითელია. რაკი აქაურები მთვარეს მთო¬რეს ეძახიან, იმიტომ შეარქვა სებამ მთორია. სხვა ძროხაც ჰყავდა სებას, იმას მესკვლიას ეძახდა, რადგან ვარსკვლავივით თეთრი წინწკალი  ჰქონდა შუბლზე. აქაურები ხო ვარსკვლავსაც მესკვლევს ეძახიან.

მესკვლია გასულ წელს ელიას მთაზე გადმოვარდა. დარჩნენ სება და მთორია ეულად. დიდხანს დარდობდნენ მესკვლიას სიკვდილს. თვალებში სევდა ჰქონდათ ჩამოწოლილი. დროდადრო, ხან კაცი ამოიოხრებდა, ხან ძროხა.

შემოდგომა მიიწურა და ჰაერში ზამთრის სუნი დატრიალდა.

ჩამოთოვა.

თოვლმა რაღაც ზეციური სიხარული მოიტანა. კაცსა და ძროხას დარდი გადაჰყარა გულიდან. თითქოს ზეცა მოახლოვ¬და მათთან. მოახლოვდა და თოვლის ფიფქებით უჩურჩულა ის მარადიული საიდუმლო, რაც ზეცის საუფლოში ხდება.

სება და მთორია ერთ ოთახში ცხოვრობენ. ძროხაა მო¬ხუცის სიმარტოვის დამაფრთხობელი. აქაურ სოფლებს სო¬ფლები ჰ¬ქვია, თორემ ამ თოვლით გადაპენტილ ხეობაში, იმის მიხედვით, თუ რამდენი სახლის საკვამურიდან ამოდის ბოლი, კარგად მიხვდები, რომელ სოფელში რამდენი კომლი ცხოვრობს.

სებას სოფელში მხოლოდ სება და მთორია ცხოვრობენ.

ზამთარი გრძელია და გაუთავებელი ღამეებით სავსე.

მთორია მაკედ არის. ამიტომაცაა სება მის მიმართ ზედ¬მეტად მზრუნველი. სადღაც, ძველ კიდობანში, თავისი ახალ¬გაზრდობის დროინდელი რუსული შინელი იპოვა და ძროხას ჩააცვა, რომ არ გაუცივდეს. არც იმდენი შეშა აქვს, ოთახი ნორმალურად გაათბოს ღამ-ღამობით, როცა იანვრის ქარი ისე ზუზუნებს, მოხუცის სულს რაღაც შორეულ ელდასა ჰგვრის, მთელ მის წარსულში ფორიაქობს და ამსოფლიური ამაოების შეგრძნებას უძლიერებს.

ამაოდ გამქრალა ოთხმოცი წელიწადი და ეს იცის იანვრის ქარმა.

ზუზუნებს მოხუცის სულში!

ზუზუნებს მოხუცის გულში!

ზუზუნებს მოხუცის ძვლებში!

ზუზუნებს მოხუცის მუხლებში!

და ზუზუნებს მოხუცის უიღბლოდ ჩაფერფლილ სიყვა¬რულში…

გმინავს მოხუცი

და

გმინავს

მთორია. ხბოს აჩენს. ეს მისთვის პირველი მშობიარობაა.

დაიხრჩო, ვერ გადაარჩინა სებამ ხბო. ძროხამ არ იცის რა ხდება. მას დედური ინსტიქტი უბიძგებს შვილისაკენ, რომე¬ლსაც სება რატომღაც არიდებს, ახლოს არ აკარებს, რომ ძუძუ მოაწოვოს და უფრო მეტი, ამ სიცივეში, მისი შვილი გარეთ გაჰყავს და სადღაც მალავს, უკან მარტოკა ბრუნდება. ძროხა ზმუის, გარეთ გასავარდნად იწევს, მაგრამ ყელზე გამობმული საბმელი არ უშვებს.

გარეთ იანვრის ქარი ზუზუნებს.

ზუზუნებს მთორიას სულში!

ზუზუნებს მთორიას გულში!

ზუზუნებს მთორიას ძვლებში!

ზუზუნებს მთორიას მუხლებში, რომლებიც ისე კანკალებენ, ძლივს იკავებენ მას, რომ არ წაიქცეს.

და ზუზუნებს სულ ახლახან უიღბლოდ ჩაფერფლილ დედა¬შვილურ სიყვარულში. მთორიამ ეს ჯერ არ იცის. იმას ჰგონია, რომ დაუმალეს და გარეთ გასავარდნად იწევს, მაგრამ ყელზე გამობმული საბელი არ უშვებს.

გარეთ იანვრის ქარი ზუზუნებს.

ზუზუნებს.

ზუზუნებს…

და სახლის სარკმელში მთვარე ხან გამოკრთება, ხან კი, ეტყობა, ცაზე სათოვნელად მოჯარებულ ღრუბლებში იმალება.

,

გაზაფხულია!

ლაღი, ხალისიანი გაზაფხული.

იღვიძებს მიწა. ნაზამთრალი სიზმრები მზის სხივებში ცხოველდება და ნაირ-ნაირ ყვავილებად გამოდის გარეთ. ეს ის დროა, როცა ყოველი არსი გამრავლების სურვილით იმუხტება. ეს ის დროა, როცა ყველას რაღაცა უხარია. დედამიწას სიყვარულისა და სიხარულის ჟრუანტელი უვლის ძარღვებში, ჰაერი ისეა გაჟღენთილი სიხარულით და სიყვარულით, ყოველი სულდგმული, ვინც კი მას ისუნთქავს, ადგილს ვერ პოულობს, გულის სწორს ეძებს, მასთან შესაყრელად და საალერსოდ არის აღტყინებული.

არც ეს გაზაფხულია გამონაკლისი.

ერთ-ერთი მთის ფერდობზე ბებრის დაძონძილ საფარტნესავით გასაცოდავებულ სოფლის ბილიკს კაცი და ძროხა მიუყვება.

კაცი სებაა, ძროხა მთორია.

სება შეძლებისდაგვარად კოხტად არის ჩაცმულ-დახურული. მთელი ზამთრის გაბურდული წვერიც გაპარსული აქვს. როგორც ჩანს, მასაც უხარია გაზაფხული. მასაც ვიღაცისაკენ მიუწევს გული

და

ის ვიღაც იმ სოფელში ცხოვრობს, სადაც ახლა სება და მთო¬რია მიდიან.

ძროხას ისევ შინელი აცვია და შორიდან მნახველს ეგო¬ნება, თითქოს ვიღაც თავზეხელაღებულ ოთხმოცი წლის მთიელს რუსის შინელში გამოწყობილი ჯარისკაცი დაუჭე¬რია, იძულებით ოთხზე წაუკუზავს, წინ გაუგდია და ამ გაღუღუნებულ გაზაფხულზე, როცა ყველას ლაღად, წელში გამართულად უხარია სიარული, ამ კაი დედმამიშვილს, ეს საცოდავი შინლიანი ჯარისკაცი, იმ სოფლის აღმართზე მიჰყავს, რომელ სოფელსაც სოფლობისა ბევრი აღარც არაფერი ეთქმის; წეღან არა ვთქვი, კარჩხაზე უპატრონოდ ჩამოკიდებულ დაგლეჯილ ბებრის საფარტნეს უფრო ჰგავს, ვიდრე სოფელს.

მნახველს, ალბათ, ისიც გაუკვირდება, ამ ოთხმოც წელს გადაცილებულმა ბებერმა რითი დააშინა ეს პატიოსანი ჯარი¬სკაცი, რო ოთხფეხზე მიჰყავს და ხმის ამოღების უფლებასაც კი არ აძლევს. კიდევ კარგი სამართალი არსებობს და დღემდე რაღაც გვინახავს ქართველებს, რომ ჩვენი ავი საქმეები საქვეყ¬¬ნოდ არ გამომზეურდეს, თორემ ეს ამბავი რომ ამ მიყრუებულ სოფლის შარაგზაზე არ ხდებოდეს, მერე გენახათ მთელ მსოფლი¬ოში ჩვენი ლანძღვა-გინება. ეს რო ვინმე რუსმა, ან უცხოელმა დაინახოს, რუსი ხო ასტეხავს განგაშს, ნახე რა დღეში ვყავართ ქართველებს, როგორ გვჩაგრავენ და გვავიწროვებენ, მაგათ შიშით გაზაფხულზე ორ ფეხზე ვეღარ გაგვივლია, სამართალი აღარ არისო?! არ ვესროლოთ ბომბებიო?!

გაჩუმდება მსოფლიო, მა რას იზამს.

კარგი, დავუშვათ რუსმა ვერ დაინახა და შეგვრჩა ეს ამბავი, მივარდნილი სოფლის ბილიკია, თანაც მიხვეულ-მოხვეული, არც ისე კარგად ჩანს შორიდან, მაგრამ ვინმე უცხოელმა რომ გამოიაროს? რუსებს თუ მობეზრებულ-მოყირჭებული აქვთ ამ დროს ჩვენ მთებში სიარული და ურჩევნიათ სხვა ქვეყნებში წავი¬დნენ, გახსნილია საზღვრები, აღარ არის საბჭოთა კავშირი¬ს რკინის ღობე, წადი სადაც გინდა თუ ფული გაქვს. ამ იმედით ნაკლებად საშიშია, როგორ მიჰყავს მზით გაჩახჩახებულ გაზაფხულის დღეს, მჩაგვრელ ქართველს წაკუზული შინლი¬ანი რუსი.

უცხოელმა რომ გამოიაროს, მერე რას შვრები. მე შენ გეტყვი ფოტოაპარატი არ ექნება. გადაუღებს სურათს და მთელი ქვეყნის ჟურნალ-გაზეთებს მოივლის მერე ის ფოტო. ეგ კიდევ არაფერი, ვიდეოკამერაზე გადაიღებს და მერე ნახე ტელევიზორების ყაყანი. მე შენ გეტყვი და კომენტარს ვერ გაუკეთებენ “იმნაირს”, იმას კი არ იტყვიან ბებერი კაცია და ამას რა შეუძლიაო.

ამის მერე ხო გაიგებს და მერე ხო ეწყინება ამ ჩვენ დღემდეკეთილმოყვარულ რუსს. გამოაცხადებენ ტერორისტების ბუდედ ამ საწყალ სოფელს, გადმოუფრენენ ერთი-ორი თვითმფრინავით კავკასიონს და ვაი თქვენ, ჩემო სებავ და მთორიავ.

მაგრამ სებაი, რა თქმა უნდა, ამას არ ფიქრობს. იმან რა იცის რა ხდება დღევანდელ ქვეყანაზე. თავის ჯიელობაში ერთხელ იყო რუსის ჯარში, ეს შინელიც იქედან მოიტანა დაჭრილმა, ახლა მთორიას რომ აცვია. მართალია გაზაფხულია და საკმაოდ თბილა, მაინც იმიტომ არ ხდის შინელს მთორიას, ეშინია, გაზაფხულის გრილმა ნიავმა არ და-ჰკრას მთელ ზამთარს ნათბუნებ ძროხას. რომ დასცადოს და მოუკვდეს, მერე რა ქნას? ეს ძროხაა მაგის შემნახავი, მაგის სიბერის უღური, მაგის სიმარტოვის დამფრთხობი, მითუმეტეს მაშინ, როცა ზამთრობით იანვრის ცივი ქარი ზუზუნებს, სადღაც შორეული წარსულიდან ამაოების განცდა მოაქვს, მის სულში ატრიალებს, მის სხეულში აბედებს და ბნელ ღამეებში აკრთობს, აელდებს, აშინებს, როგორც იქვე, სახლის შორიახლო აყმუვლებული მგელი.

იქნებ მგელი არ არის და სიკვდილი ყმუის?

ვინ გაუფრთხობს მაშინ ამ შიშს, თუ არა ეს ძროხა. ის ხომ მისი დედაც არის თითქოს. მისი ცხელი რძით ითბობს სიბერისაგან გამომშრალ სხეულს. ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავა¬რია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ-ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონა¬ქროლის ამაოების ქარი.

რაკი თვითონ ენატრება სებას სითბო, ამიტომ ჰყავს თავის მარჩენალი ძროხა ასე თბილად. და გაზაფხულის სურნელით აღტაცებული, იმას როგორ იფიქრებს, რომ მის წინ მიმავალი მთორია, ვიღაცას შინლიანი წაკუზული ჯარისკაცი ეგონება, თანაც ამას პოლიტიკურ სარჩულს დაუდებს, ზემოდან თვითმფრინავით გადმოუფრენს და მის სოფელს იმ საძმო სასაფლაოს მიწასავით ამოუთხრის, როგორსაც დიდი ხნის წინათ თხრიდა რუს ჯარისკაცებთან ერთად, დაღუპული თანამებრძოლებისათვის. ეს შინელი, ახლა მთორიას რომ აცვია, რა თქმა უნდა, მასაც ახსენებს იმ დროს, როცა მისი თანამებრძოლები, გაზაფხულის სუნით აღგზნებულნი, სანგრებში ისხდნენ და შეყვარებულებს საალესრო წერილებს წერდნენ. სებამაც რამდენჯერმე მოსწე¬რა ასეთი წერილი სალომეს, რომელიც ახლა იმ სოფელში ცხოვრობს, სადაც მთორია მიჰყავს. ამბობენ, რომ არსებობს უიღბლო სიყვარული. თუ სებას და სალომეს სიყვარული შეუღლებით დაგვირგვინდებოდა, მაშინ ეს იქნებოდა ჭეშმარიტად იღბლიანი სიყვარული, რადგან ორივეს თავდავიწყ¬¬ებით უყვარდათ ერთმანეთი და სიყვარულის იღბლიანობა კი იმით უნდა გამოიხატებოდეს, რომ ამ სიყვარულის შედეგი, სიყვარულით მოვლენილი შვილებია, რაც სალომეს და სებას ცხოვრებაში არ მოხდა.

სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყა¬¬ნა¬ზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნიურ შარა-გზაზე, ზოგისთვის რომ მარლაც შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ-მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ-მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!!!

სალაღოს ფერდობზე, თხილიანში ჰქონდათ შეხვედრა სებას და სალომეს. სებას იქვე ახლოს ჰქონდა საბინაო, სალომემ კი თხილის მოსაკრეფად მოიმიზეზა იმ დღეს წასვლა.

მართალია მაშინ გაზაფხული არ იყო, მაგრამ შეყვარებულ ადამიანებს, რაკი ერთხელ სიყვარულის ცეცხლი წაეკიდებათ, მერე იმათთვის სულ გაზაფხულია, სულ გაზაფხულის სასიამოვნო ჟრუანტელი ჩქეფს იმათ ძარღვებში.

შეიყარნენ სება და სალომე დათქმულ ადგილას. დახარეს თვალები, მერე თანდათან გაუბედავად შეხედეს ერთურთს და სალომეს თვალებიდან რაღაც ისეთი ცეცხლი შემოეგზნო სებას, უცებ რაც არ უფიქრია ის გააკეთა  _  ხელები შემოხვია მხრებზე, ტუჩებზე დაეკონა და თანდათან ისე დაკარგა გრძნობა, საკინძე შემოახია სალომეს. როგორც არაგვის ტალღიდან ამომხტარი კალმახები, ისე ამოხტნენ ქალის მკერდიდან ბროლის ძუძუები.

სალომემ სასოწარკვეთილი ყვირილი მორთო. ამ ხმამ გამოაფხიზლა სება, ქალს ხელი უშვა და უკან დაიწია.

იქვე ეგდო სალომეს გუდა და შინდის ჯოხი, რომელიც ძაღლების მოსაგერიებლად წამოეღო.

ჰაერში შხუოდა მუჟრიანი შინდის ჯოხი და სება იმასღა ახერხებდა, რომ სახეში არ მოხვედროდა. ჩაჩოქილი იყო, სახეს ხელებში მალავდა, გაქცევას არ ცდილობდა.

ძლივს დაწყნარდა სალომე.

სება ტკივილთან ერთად გრძნობდა, როგორ უსველდებოდა სისხლისაგან ზურგი.

ასე ისხდნენ შებინდებამდე.

და თუ მართლა არსებობს უიღბლო სიყვარული, ეს შებინდება იყო მათი სიყვარულის უიღბლო შებინდება.

ისე კი, არც სალომე გათხოვილა და არც სებას მოუყ¬ვანია ცოლი. მართალია შერიგდნენ კიდეც, წყენაც დაივიწყა სალომემ, მაგრამ სებას ცოლობაზე უარი უთხრა.

 _  არ შემიძლია იმ დღის დავიწყება. შენთან სიახლოვისას ყოველთვის გამახსენდება, როგორ გამეტებით გირტყამდი შინდის ჯოხს, როგორ მალავდი სახეს, რომ არ დამემახინჯებინე და როგორ მოგდიოდა ზურგიდან სისხლი. მე აღთქმა მივეც ღმერთს, რომ შენ სიყვარულს სხვას არ გავუფენ და არც იმაზე დაგძრახავ, ცოლს თუ მოიყვან…

მერე?

მერე ეს ხეობა ხალხისაგან დაიცალა.

რაკი არც სებას მოუყვანია ცოლი და არც სალომე გათხოვილა, სად უნდა წასულიყვნენ.

ჩამობერდნენ.

ხანდახან ნავთისთვის ან მარილისათვის მიაკითხავენ ერთმანეთს. სება თიბვაში და შეშის მოტანაში ეხმარება სალომეს. ბევრს არასოდეს საუბრობენ. ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ბილიკი აერთებს მაგათ სოფლებს. როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი, სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი, და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს. ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა  _  სიყვარული!

სება კი თითქმის ნაგზევარზე მიდის, წინ რუსის ფარაჯიანი ძროხა მიუძღვება და გრძნობს, რომ ჯერ კიდევ ბობოქრობს მის გულში სიყვარული. მიდის და არ იცის, როგორ აუხსნას სალომეს, რა საქმისთვისაცაა სახლიდან წამოსული.

სიყვარულის ასახსნელად კი არ მიდის, გაზაფხულია და მთორიას მოზვერი სჭირდება. სებას მოზვერი არა ჰყავს, სალომეს კი, კაი ჯიშიანი ჭრელი მოზვერი ჰყავს. უნდა სებას, რომ ბერწი არ დატოვოს მთორია, დედობა გამოსცადოს. დანაშაულის განცდა არ ასვენებს, ის ღამე უდგას თვალწინ, მკვდარი ხბო რომ გაიტანა სახლიდან და მგლების შესაჭმელად გადააგდო. მთელი ორი კვირა საზარლად ღრიალებდა ძროხა. სებას შვილის სიყვარულის განცდა არ ღირსებია ცხოვრებაში და მთორი¬ას ყვირილმა, რაღაც დიდი ტკივილი გააღვიძა მის გულში. ზამთრის ქარებისაგან აწეწილ ამაოების სევდებს უშვილობის სევდაც მიემატა. ამის გარდა, როგორ აუხსნას ძროხას, რომ ხბო მკვდარი იყო. გავიდეს, მგლების მიერ გამოხრული ძვლები იპოვოს და აჩვენოს? ამით ხომ უფრო გულს დასწყვეტს. არადა ისეთი მუდარის თვალებით უყურებს ძროხა, ეტყობა ფიქრობს, რომ სებას ჰყავს დამალული მისი შვილი. ყვირის, ემუდარება, რომ გამოუჩინოს, ანახვოს. სება კი წველის და მისი შვილის საკვები რძით, თვითონ ითბობს დროთასვლაში ამაოების უიმე¬დო ქარით გამოციებულ სხეულს.

მიდიან ბილიკზე და თანდათან უახლოვდებიან სალომეს სახლს.

ეზოში, ღობის მარგილზე გამოაბა სებამ ძროხა.

 _  სალომე!  _  დაიძახა ჩუმად.

 _  ჰო, რომელი ხარ?  _  სახლის დერეფანზე გადმოდგა სალომე.

 _  მე ვარ.

 _  მშვიდობა შენ მოსვლას.

 _  მშვიდობა მოგცეს ჩემმა სალოცავმა.

 _  ამოდი, მანდ რას სდგეხარ, დერეფანში უფრო თბილა.

 _  არა, ვერ ამოვალ.

 _  რატო კაცო, აქ მოსულხარ და დერეფანში აღარ ამოდიხარ?!

 _  ისეთ საქმეზე ვარ მოსული როო…

 _  ეგეთი რა საქმეა, რო მანდედან უნდა მთხოვო?

 _  ეეე, რო იცოდე როგორ მერიდება, არც ვიცი საიდან დავი¬წყო.

 _  რამე ავი ამბავი ხო არ არის, კაცო?!

 _  ამაზე როგორ მოვიდოდი, მაგრამ ყველას სჭირდება შვილის სიყვარული.

 _  ვაი, ჩემ თოლებსა!

 _  დღეს ან ხვალე რო სული ამომივიდეს ჩემი უღონობით, ჩემი გაურჯელობით, სხვა რატო უნდა ვადარდო უშვილობაზე, სალომე?

 _  ვაი, ჩემ თოლებსა!

 _  არ ვიცი, არ ვიცი, როგორა გთხოვო, არ ვიცი.

 _  რა შავი ჭირი უნდა მთხოვო, კაცო, აქამდე არაფერი გაგიბედნია შენ ჩემთვის ეგეთი და ახლა რა ღმერთი გიწყრება, ორივე ფეხი თუ არა, ცალ-ცალი ფეხი სამარეში გვიდგას.

 _  არ ვიცი სალომე, ხო გითხარ, არ ვიცი როგორა გთხოვო-მეთქი, მაგრამ ხო იცი, გაზაფხულია და სუყველაფერს თავის დრო აქვს.

 _  აი, იმ კუთხეში მიყუდებულ შინდის ჯოხს ხო ხედავ? თუ დაგავიწყდა?

 _  არა, სალომე, მაგას რა დამავიწყებს, მაგრამა…

 _  თუ კარგად არ მოგხვდა და ვერ გეკმაინა?

 _  ეეხ, გულის ფიქრს და გულის სევდას რა ვუყო, სალომე, ხო იცი გაზაფხულია და ყველა სულდგმულს სჭირდება სიყვარული, ყველას უნდა რო დედობრივი გრძნობა განიცა-დოს.

 _  ვაი, ჩემ თოლებსა, ვაი, ჩემ დღეს და მოსწრებასა! მერე და ვის შეატყვე რო, ჰა?!

 _  ვისა სალომე და ხო მოგიყევი, შარშან, მთელი ერთი თვე როგორ ღრიალებდა ჩემი მთორია შვილი რომ მოუკვდა. დამნაშავე არა ვარ, რო ვერ გადავარჩინე.

 _  მოიცა, მოიცა, შენ იქნებ იმის სათქმელად მოხვედი, რომ უშვილობა გაწუხებს და მე ვარ ამაში დამნაშავე, ჰა?

 _  შენ რა შუაში ხარ.

 _  აბა, მაშ ვინ არის შუაში?

 _  მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, სალომე, მე. მე ვერ მოვუა¬რე მთორიას, ეტყობა შევაცივე კიდეც, სითბო დავაკელი, ან მშობიარობაში ვერ მივეხმარე ისე, როგორც საჭირო იყო. რა ვიცი აბა, ერთი უიღბლო კაცი ვარ.

 _  მერე ჩემ კარზე რას ეძებ იღბალს, სადაცაა სამარის კარს მიადგები.

 _  ხოდა, ეგ რო ვიცი, იმიტომაც გავბედე შენთან მოსვლა. ძალიან კი მრცხვენიან, მაგრამ მთორიას ცოდვას ნუ გამატან სამარეში. ვინ იცის, დღეს ამომივა სული, თუ ხვალე. შეიძლება შენც ვერ გაიგო ჩემი სიკვდილი, ეს ძროხა ან ბაგეზე დაბმული მოკვდება მშიერი, ან სადმე ნადირი შესჭამს და იმ ქვეყანაზე ვერ მოისვენებს ჩემი სული, თუ ისე წავედი მოუსავლეთში,  _  მთორიას ეგონა, რომ შვილი დავუმალე, თვალით არ ვანახე, შევუჭამე, როგორც მგელმა. იცი როგორი მუდარის თვალებით შემომყურებს. სულ ელოდება რომ შვილს გამოვუჩენ. ახლა ეს გაზაფხული რომ დადგა, ვიფიქრე, წავალ, როგორმე სალომე¬სთან თავს შევირცხვენ, თორემ ისევ უშვილოდ დარჩება ამ ზამთარს და რა ვიცი, სალომე, ხო გითხარ, სიკვდილის სული დატრიალდა ჩემს გარშემო, გავაღწევღა ამ ზამთარს? ნუ მეტყვი უარს, ცოტა ხანს მათხოვე შენი მოზვერი.

 _  მოზვერი?  _  შეცბა სალომე.

 _  კი მეხათრება, მაგრამ…

 _  წაიყვანე, მოზვერს როგორ დაგიჭერ.

 _  არა, წაყვანა არ მინდა, აქვე მყავს ძროხა.  _  სალომე ეზოში ჩამოვიდა და მთორიას გახედა.

 _  კაცო, ხო ხედავ, გაზაფხულია, რაღა შინელებში ახვევ, თბილა, ცოდოა ძროხა, ჩაიხუთება.

 _  არა, სალომე, ეს თვე მამაძაღლია, ცოტა კიდევ დათბეს და მერე გავხდი, თორემ ნათბილარს შეიძლება დასცადოს.

სალომე გომურში შევიდა და ცოტა ხანში თავისი ჯიშიანი მოზვერი გამოიყვანა.

ძროხამ წყლიანი თვალებით შეხედა მოზვერს, რომელმაც არცკი მიაქცია ყურადღება. პირიქით, დაფრთხა ამ შინელიანი ცხოველის დანახვაზე და განზე გადგა.

 _  მოდი, ჰო!  _  გაუწყრა სალომე მოზვერს, ყურში ხელი მოკიდა და ძროხისაკენ მოქაჩა.

 _  სალომე!  _  მორიდებით ჩაილაპარაკა სებამ.

 _  ჰო.

 _  შენ სახლში შედი, სალომე, ამათ მე მივხედავ.

 _  კარგი, აბა  _  თქვა სალომემ და კედელს მიეფარა.

სებამ კურტუმზე შინელის ბოლოები აუწია მთორიას და ისე დააყენა, რომ მოზვერი გაღიზიანებულიყო.

მოზვერი ისევ განზე გაფრთხა.

სებამ ძროხა ახსნა და ისევ მოზვრის წინ დააყენა, ის კი ისევ განზე გაფრთხა.

სებამ უფრო აუკეცა შინელის კალთები კურტუმზე ძროხას და ძალიან შეეცადა მოზვრის მოხიბლვას.

თითქმის ერთი საათი აწონა მოზვერს სებამ თავისი მთო¬რია, მაგრამ რაც უფრო მეტს ცდილობდა, მით უფრო მეტად აფრთხობდა ძროხა მოზვერს.

სებამ ისევ ღობის მარგილზე მიაბა მთორია და როგორც მკვდრის პატრონი, ისე ჩამოჯდა ქვაზე. თავი ხელებში ჩარგო.

ამასობაში სალომე გამოვიდა და ასეთ ყოფაში რომ დაინახა სება, ჰკითხა:

 _  რა ქენით?

 _  არაფერი, ყურადღებას არ აქცევს, ფრთხება.

 _  კაცო, მოზვერი კი არა, მაგ შინელში რომ მოგკრათ თვა¬ლი, ეშმაკი სათოფეზე არ გაგეკარებათ შენ და შენ ძროხას, პაგონები მაინც მოგეხსნა და ჩინ-მენდლები.

 _  ჰოო, ეგ კი ვეღარ მოვიფიქრე  _  წამოდგა სება და შინელზე პაგონების მოხსნა დაიწყო.

 _  ე მოზვერს პაგონები კი არა, შინელი უფრო აფრთხობს, შინელი, ეგ გახადე.

 _  არა სალომე, რას ამბობ, ნათბურევზე რო გაზაფხულის სიომ დაჰკრას და დასცადოს, მერე რა ვქნა.

 _  აბა მაშ რაც გინდა ის ქენი  _  ჩაიბუზღუნა სალომემ, მო¬ზვერს ყურში ჩაავლო ხელი და გომურისაკენ წაუძღვა.

 _  სალომე.

 _  რაღა გინდა?

 _  აბა ერთხელაც შედი სახლში და გავხდი.

სალომემ მოზვერს ხელი შეუშვა და ისევ კედელს მიეფარა ბებრული ნაბიჯებით.

სებამ მთორიას შინელი გახადა.

მოზვერმა თავი მოაბრუნა და უცებ ნესტოები ჩაებერა.

დაიძაბა.

გაზაფხულის ჰაერი დაყნოსა.

ერთი ძლიერად დაიქშუტუნა და ძროხისაკენ გაექანა.

სებამ თვალები დახუჭა და ისევ იმ ქვაზე ჩამოჯდა ხელებში თავჩარგული, სადაც წეღან იჯდა.

დიდხანს იჯდა ასე.

თითქმის ერთ საათამდე.

მხოლოდ მოზვრის ქშუილი და ბრდღვინვა ესმოდა.

მერე ეს ხმაც მიწყდა.

მაინც არ ახელდა თვალებს.

არც თავის წამოწევა უცდია, სწორედ ისევე, როგორც მაშინ, თხილების ქვეშ ჩაჩოქილს და ხელებში სახეჩარგულს სალომე რომ შინდის ჯოხს ურტყამდა.

 _  სება!  _  მოესმა სალომეს ხმა.

სებას თავი არ აუწევია, ისევ იმ წარსულში ეგონა თავი და რცხვენოდა სალომესთვის შეეხედა.

 _  სება!  _  მხარზე ხელი დაადო სალომემ.

სებამ აიხედა.

 _  ავად ხომ არა ხარ?

 _  არა! არა!  _  ყვირილით წამოიძახა სებამ. მერე სალომეს შეხედა და გონს მოეგო.

დამშვიდდა.

იქით გაიხედა, სადაც თავისი ძროხა ეგულებოდა.

ძროხა და მოზვერი გვერდიგვერდ იდგნენ, თავები მიეყ¬¬რდნოთ და ალერსიანად ლოკავდნენ ერთიმეორეს.

ჰაერში გაზაფხული ზეიმობდა.

საიდანღაც წითელი პეპელა მოფრინდა და ჯერ სებას დააჯდა მხარზე, მერე გადაფრინდა და სალომეს მხარზე დასკუპდა.

მოხუცებს გაეღიმათ. თბილად, სიყვარულით შეხედეს ერთურთს თვალებში, ისეთი მონატრებით, როგორც დიდი ხნის წინათ უყურებდნენ ხოლმე.

პეპელა ისევ სებას მხარზე გადაფრინდა.

 _  კაცო, რა უნდა ამ პეპელას ჩვენგან, ჰა?  _  იკითხა სალომემ.

 _  ეტყობა, სულეთის პეპელაა.

 _  გამიგონია, გაზაფხულზე პეპელას დანახვამ ძილი იცისო.

 _  ჰოდა, მაგიტომაც დაჯდა პირველად ჩემ მხარზე.

 _  რატო?

 _  იმიტომ რომ ჯერ მე დავიძინებ.

 _  შენ, რატომ?

 _  ჯერ ერთი იმიტომ, რომ შენზე უფროსი ვარ, მეორეც იმიტომ, რომ სულეთში მე უნდა შეგხვდე. გზაზე სულის გამკითხველებს ვთხოვ, ამ გზაზე სალომე რომ ჩამოივლის, ნურაფრისთვის დასჯით, ყველაფერში დამნაშავე მე ვარ და თუ რამე უნებლიე ცოდვა აქვს ჩადენილი, მე მომაწერეთ-მეთქი.

 _  შენთან როგორ მოვადგამ ფეხს, შენ ისეთი უნდო ხარ რო, არც იქ დამინდობ  _  გაიცინა სალომემ.

ამ დროს საიდანღაც მეორე პეპელაც მოფრინდა და ორივემ გაზაფხულის მზით გამთბარ ჰაერში დაიწყო ფარფატი.

,

ზამთარია.

ისევ თეთრად ქათქათებს მთელი ხეობა.

სალომე თავისი სახლის ბანიდან გაჰყურებს სებას სოფელს და წუხს.

მესამე დღეა სებას სახლის საკვამურიდან ბოლი არ ამოსულა.

სალომემ თავის შინდის ჯოხს წამოავლო ხელი და გაუკვა¬ლავ თოვლში ბილიკს გაუყვა. მშრალში რა იყო ამ ნაგზევად ქცეულ ბილიკზე სიარული და თოვლში მითუმეტეს. შეიძლება ფეხი გადაგიცდეს და გადაიჩეხო.

ფრთხილობს სალომე.

ყოველი ნაბიჯი მოზომილია.

გააღწია სამშვიდობოს.

მიადგა სებას სახლს.

 _  სება! სება!  _  დაიძახა შიშნარევი ხმით.

არავინ შეეხმიანა.

 _  სება! სება!  _  მეტი შიში შეემატა სალომეს ხმაში.

შიგნიდან ძროხის ბღავილი მოესმა.

სალომემ კარი შეაღო. სიბნელეში მიმოიხედა. თვალი რომ შეაჩვია, დაინახა ფანჯრის პირზე, იქ, სადაც უფრო განათებული ადგილი იყო, გულაღმა იწვა სება.

 _  სება!  _  შეეხმიანა სალომე.

სახლის აქეთ, კუთხეში, ძროხამ შებღავლა. ძროხას ჭრელი ხბო გულიანად ბურჩნიდა ძუძუში.

სალომე საწოლთან მივიდა და სებას დახედა.

სება ამ ქვეყანაზე აღარ იყო. რაღაცნაირი მშვიდი ღიმილი ეფინა სახეზე. თითქოს ამ ღიმილით სალომეს ეუბნებოდა: რაც გითხარი შევასრულე, სულეთის გზა მშვიდობით გავიარე, შეხვედრასაც დიდებულს მოგიწყობ, ოღონდ ძალიან ნუ იჩქა¬რებ აქ წამოსვლას, ხო იცი, მთორიას შვილი ეყოლა და ახლა შენი თავი ძალიან სჭირდება მაგას…

ერთი დღე თხრიდა სალომე სებას საფლავს. მიწა მხვალი იყო თოვლის ქვეშ და ძალიან არ უჭირდა აყალო მიწის გათხრა.

თავისი საიმქვეყნიო სასახლეც წინასწარ მოემზადებინა სებას და სახლის კუთხეში იყო აყუდებული.

მოზვერი გადმოიყვანა სალომემ, მარხილში შეაბა და იმით მიასვენა სამარემდე სება. ჩასვენება გაუჭირდა ძალიან, არ უნდო¬და ჩაეხეთქებინა საკაცე. ქვემოთი მხარე ცერად ჩათხარა და ისე ჩააცურა. მიაყარა მიწა. სამარის თავში და ბოლოში სიპი ქვები ჩაურჭო.

თავის სიპზე სანთელი დაანთო. ფეხების მხარეს საფთხული დადგა ნადირის დასაფრთხობად. საფთხული ხელებგაშლილ კაცს ჰგავდა, რომელსაც ის შინელი ეცვა, სებას ომიდან რომ მოჰყვა და მერე კარგახანს ეცვა მთორიას. შინელს ისევ ეკეთა პაგონები და საბრძოლო მედლები.

დაინახა თუ არა სალომეს მოზვერმა ის შინელი, ისე დაფრთხა, ძლივს დაიჭირა სალომემ.

მერე?

მერე თოვლში გაჭრილ ბილიკზე მიდიოდნენ ოთხნი. წინ მოზვერი, მერე მთორია, მერე ჭრელი ხბო  _  სიყვარულით შეერთებული სამი სულდგმული. იმათ უკან მისდევდა მეოთხე, შავებში ჩაცმული ქალი, სიყვარულდაკარგული და სიყვარულის მფარველი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა წინმიმავალთ.

მიდიოდა წელში მოხრილი და თავის შინდის ჯოხს მიიბჯენდა თოვლში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button