ლიტერატურაპოეზია

თემო ჭახნაკია – ფიროსმანს

ღარიბი მხატვრის ნიჭს ხედავდნენ ადრეც მკაფიოდ,
ნიკოც ხატავდა ერთი ჭიქა ღვინის სანაცვლოდ,
ყველა შედევრი საფირონის ცაზე გავფინოთ
და”ფიროსმანი” ხმამაღლა და რიხით დავმარცვლოთ.

ის ძუნწ თავადებს უხატავდა ,თურმე ,სურათებს,
მაინც არავინ არ ეტრფოდა მხატვრის აღმასვლას,
მაგრამ დრო-ჟამი ბნელ გონებას ყველას უნათებს,-
კიბის ქვეშ ფიქრით, მან აიგო ოქროს ქარვასლა.

ღვთითნასწავლ მხატვარს არ გადარებ და ვინჩს,რენუარს,
შენ სიდუხჭირემ ვერ დაგჩაგრა , დიდო ფერმწერო,
ტანშიშველ ქალებს კირით აცმევ კოხტა პენუარს,
დიდების ხეზე შენ გეკუთვნის მხოლოდ კენწერო.

თუ ხელოვანი ცივ ალკოჰოლს ფიქრთან მიიტანს,
რომ გზები გახსნას დარდებიდან გამოსასვლელი,
ახლაც სავსეა დუქნები და გულქვა მიკიტანს
გული არ უზამს დაენანოს შენთვის სასმელი.

ნიკო ხატავდა მშიერი და მთვრალი, ნახატებს,
ბევრი ბრძენკაცი იგერიებს ღვინით კაეშანს,
როგორც ჯერ დღეა,საღამოს კი უნდა დაღამდეს
და სივრცის შუქი დედამიწას ზურგზე დაეფშვნას.

ალბათ ის ახლაც ,ნამთვრალევი ,სადმე ღვინოს სვამს,
ხელში უჭირავს დალეული ფუნჯის ნამტვრევი,
ჟამი ვერ მოკლავს უსულდგმულოდ ნიკო ფიროსმანს
და ჩვენს გულებში არ კვდებიან ბრძენი მხატვრები.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button