მეცნიერებატექნოლოგია

ტექნოლოგიის უარყოფითი მხარე

ცნობილი თეორეტიკოსი ფიზიკოსი და მეცნიერების პოპულარიზატორი მიჩიო კაკუ პასუხს სცემს მკითხველის კითხვას – რა არის ყველაზე საშიში ტექნოლოგია?

– ჩემს წიგნში „Physics of the Impossible” ნახსენები მაქვს ტექნოლოგიის უჩვეულო ფორმები, რომლებიც შესაძლოა მომავალში გვქონდეს, თუმცა იქვე ფრთხილად შევნიშნავ, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება სიტუაცია გააუარესოს და საბოლოოდ ადამიანთა მოდგმა გაანადგუროს. მაგალითისთვის ავიღოთ შიდსის ან ებოლას ვირუსი და წარმოვიდგინოთ, რომ ვაქცევთ იარაღად, რომელიც საჰაერო გზით ვრცელდება. დაფიქრდით: თქვენ დააცემინებთ და ეს სიკვდილის გარანტია იქნება. ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია ეს? პასუხია დიახ, შესაძლებელია. მართალია, ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ მაინც შესაძლებელი, რადგან ვიცით, საჰაერო გზით გავრცელებისთვის რა გენებია საჭირო. ასევე ვიცით, რომ შიდსის ვირუსი საკმაოდ მარტივია, მას ათამდე გენი აქვს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალში მთავრობამ შეიძლება მოინდომოს ვირუსის იარაღად გამოყენება.

მომავალ ათწლეულებში სკოლის მოსწავლე ბავშვებს შეეძლებათ, მანიპულირება მოახდინონ სიცოცხლის ფორმებზე. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მათ ექნებათ ერთგვარი საბეჭდი მანქანა, სადაც უბრალოდ აკრიფავ A-T-C-G და ის შექმნის დნმ-ს ზუსტად ამ თანმიმდევრობით. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ მომავალში სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პროექტებისთვის გამოიყენებენ ამ საბეჭდ მანქანას, კლავიატურაზე აკრეფენ ასოებს და შექმნიან სიცოცხლის სხვადასხვა ფორმებს. ეს ისეთი რამაა, რასაც საკმაოდ დიდი შანსი აქვს, იქცეს რეალობად.

ასევე გავითვალისწინოთ, რომ ესპანური გრიპის ვირუსის გენომი ინტერნეტშია გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ესპანური გრიპი ის დაავადება იყო, რომელმაც უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა. თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მკვლელის გენომი და როცა ადამიანებს ექნებათ სიცოცხლის შესაქმნელი საბეჭდი მანქანები, რომელსაც ნებისმიერი სახის დნმ-ის აწყობა შეეძლება, შესაძლოა განზრახულად ან უნებურად შეიქმნას სუპერვირუსი, რომელიც კაცობრიობის დიდ ნაწილს ამოწყვეტს. განსაკუთრებით დიდია ამის შანსი, თუკი ასეთი ტექნოლოგია გახდება იაფი და ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის.

ამის შემდეგ ფიზიკის ფრონტზე ჩნდება ახალი კოშმარი, რომელიც ცნობილია, როგორც ურანის ლაზერით გამდიდრება. როდესაც აშშ-მ პირველმა დაიწყო ურანის გამდიდრება, ეს ხდებოდა რთული გზით. ტენესის შტატში აიგო უზარმაზარი ქარხანა და შიგნით დაყენდა ასობით კმ სიგრძის მილები. შემდეგ იღებდნენ ურანის ჰექსაფტორიდს, ზემოქმედებას ახდენდნენ მასზე ძალიან მაღალი სიმძლავრის ელექტროდენით და ნელა გამოყოფდნენ მძიმე ურანის ჰექსაფტორიდს მსუბუქისგან. სწორედ ასე მიიღებოდა ატომური ბომბი. დღეს კი იგივე რამის გაკეთება ცენტრიფუგების ბრუნვითაც შეიძლება. როდესაც ურანი გადავა თხევად მდგომარეობაში, მისი მძიმე ფორმა ანუ U238 წავა ფსკერისკენ, ხოლო მსუბუქი U235 – ზემოთ.

არსებობს მესამე გზაც და ეს არის ლაზერული სხივები. როგორც აღმოჩნდა, U235-ისა და U238-ის ელექტრონული აღნაგობა (ელექტრონების განაწილება ორბიტაზე) ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა ზუსტად იდენტური არაა. კვანტური მექანიკის კანონებით კი U235-ის ენერგიის დონეები უმნიშვნელოდ განსხვავდება U238-ისგან. შესაძლებელია შეიქმნას ლაზერული სხივი, რომელსაც ზუსტად ის ენერგია იქნება, რაც ამ ორს შორის სხვაობაა. ამის შედეგად შეგეძლებათ გაააქტიუროთ ერთი მათგანი, მაგრამ არა მეორე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლაზერული სხივებს გამოიყენებთ იმისთვის, რომ გამოაცალკევოთ U235 U238-ისგან.

ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მხრივ მომავალში შესაძლოა, ვიღაცამ საკუთარ სარდაფში ააგოს გამყოფი მოწყობილობა, რომლითაც U235-ს გამოყოფს. ეს ის კოშმარია, რომელიც ჯერჯერობით არ ახდენილა, მაგრამ შემდგომ წლებში რეალობად იქცევა, რადგანაც ურანის ლაზერით გამდიდრების ფასი თანდათან იკლებს.

მესამე რამ, რაც უნდა გვაღელვებდეს, არის გლობალური დათბობა. შეგვიძლია ვიკამათოთ იმაზე, რამდენად ახდენს ადამიანი გავლენას გლობალურ დათბობაზე, მაგრამ ის დაზუსტებით ვიცით, რომ დედამიწა თანდათან ცხელდება. თუკი მოახდენთ ამის ექსტრაპოლირებას მომავლის მანჰეტენზე, დაინახავთ, რომ მისი ნაწილი წყალქვეშ იქნება. შეიძლება ჯებირების აშენება მოგვიწიოს ისეთი ქალაქების გარშემო, როგორიცაა სან-ფრანცისკო, ბოსტონი და ნიუ-იორკი. ნიუ-ორლეანი შესაძლოა, საერთოდ ამოვარდეს სიიდან, რადგან ის უმეტესწილად ზღვის დონის ქვემოთ მდებარეობს და შესაძლოა ვერ გაუძლოს წყლის დონის მატებას, რასაც გლობალური ხასიათი ექნება.

აშშ-ის პენტაგონმა Global Business Network-ს დაავალა მოხსენების გაკეთება საკითხზე: „რომელია ყველაზე უარესი სამხედრო-პოლიტიკური სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუკი გლობალური დათბობა კონტროლს აღარ დაექვემდებარება?” დასკვნა ის იყო, რომ ამან შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს. გაიხსენეთ საზღვარი პაკისტანს, ინდოეთსა და ბანგლადეშს შორის. ეს ადგილი ცხელი წერტილი იქნება იმ ფაქტის გამო, რომ გლობალური დათბობის შედეგად ბანგლადეში შეიძლება დაიტბოროს. ამ შემთხვევაში ასობით მილიონი ლტოლვილი სხვა ქვეყნებს მიაშურებს, ხოლო იმ ქვეყნებმა, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ, შესაძლოა გამოიყენონ ეს იარაღი იმისთვის, რომ თავიანთი საფრთხის ქვეშ მყოფი საზღვრები დაიცვან.

ჩემს წიგნში „Physics of the Impossible” ასევე ვსაუბრობ ნათელ მხარეზე, იმ ფანტასტიკურ ტექნოლოგიებზე, რომლებიც გვექნება შემდეგ 20, 50, 100 წელიწადში. მაგრამ ნუ დაგვაბრმავებს ეს საკითხი: ტექნოლოგიას ასევე გააჩნია ბნელი მხარე.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button