წერილები

ძვირფასო ძმაო აბესალომ (გალაკტიონის წერილი აბესალომს)

“ძვირფასო ძმაო აბესალომ! შენი წერილი ბაკურიანში მივიღე, მაგრამ ამდენი ხანი ვერ გიპასუხე, დიდი ხნის სულიერად დაუმშვიდობლობის გამო… ისეთი აპატიით ვიყავი გარემოცული, რომ კალმის ხელში აღება არ შემეძლო. ხომ იცი, ჩემი ჩვეულებრივი მელანქოლია როცა დამიბყრობს, ყველაფრის ხასიათი მეკარგება. ბაკურიანში მომკლა ამ მელანქოლიამ. აქ ათასგვარი გასართობია, მშვენიერი ბუნება, სულ ფიჭვები და ნაძვები, როცა ტყეში გახვალ (ირგვლივ სულ უზარმაზარი ტყეებია), მშვენიერი სუნი სდგას, ჰაერი ფიჭვის სუნითაა გაჟღენთილი…არიან მთები, საიდანაც დიდებული საყურებელია მზის ამოსვლა; მე ვნახე მზის ამოსვლა “ცხრა წყაროს” მთიდან და დიდი ხნით მემახსოვრება იგი. ათასი წყაროები და ნაკადულები, საღი ჰაერი… ერთი სიტყვით ყველაფერი, რომ ადამიანმა მართლაც დაისვენოს, მაგრამ ჩემთვის აქ თითქო არაფერი არ არსებობდა… პარკში ყოველდღე ვთამაშობდით ისეთ გასართობებზე, როგორიცაა კეგლი, ლაონ-ტენისი, ლოტო და სხვა. ეს მხოლოდ წყალწაღებულის ხავსზე მოკიდება იყო. ეს გასართობები ისე მართობდნენ, რომ მათზე შეჩერებაც არ ღირდა. დროდადრო ვაკეთებდი ექსკურსიებს წაღვერისკენ. მინდოდა ბაკურიანიდან წარვერში გადასახლება, მაგრამ იქ უფრო შფოთიანი ცხოვრება იყო, სწორედ ისე, როგორც ქალაქში და არა სააგარაკო ადგილზე, ქალები კორსეტებით დადიოდნენ, მამაკაცები გალსტუკებით და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქო ეს ხალხი სრულიადაც არ იყო ჩამოსული დასასვენებლად. ბაკურიანში ქუთაისიდან რამდენიმე ოჯახი ჩამოვიდა, ესენი ქუთაისშიდაც მეზარებოდნენ და აქ ხომ თვალის დანახვადაც მეჯავრება ყველა. სხვათაშორის ადგილობრივ მღვდლად არის შენი ამხანაგი ინოკენტი სხირტლაძე, ისეთი სასაცილო ვინმეა, რომ პირდაპირ მეშინია მასთან შეხვედრა, რომ არ გამეცნოს და არ შევრცხვე…ამასწინად ცხენი შემომთავაზა გასასეირნებლად მთებში, მაგრამ მე უარი ვსთქვი, რადგან ცხენი სრულიადაც არ უვარგა. ცხენი სხვას ვთხოვე და მთელი დღის განმავლობაში იგი ჩემს განკარგულებაში იყო.”

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button