ლიტერატურამოთხრობა

ბასა ჯანიკაშვილი – გენერალი და ზურბა

მოქმედი პირნი:
გენერალი
პატიმარი ზურბა

განათებულია სცენის შუაგული, სადაც ორი ჭა დგას. ერთ ჭასთან დგას ზურბა, მეორესთან – გენერალი. ორივე გარემოს ათვალიერებს. სჩანს, რომ მათთვის ეს სიახლეა.

ზურბა – აქ როგორ მოხვდით?
გენერალი – სჯობს დავბრუნდეთ.

სიჩუმე.

ზურბა – რომ დაბრუნდე, უნდა იცოდე, როგორ მოხვედი.
გენერალი – კი მაგრამ, ჩვენ არსად არ წავსულვართ.
ზურბა – ამაშია საქმე. ჩვენ უკვე აქ ვართ.

სიჩუმე. ზურბა ჭაში იყურება. გენერალი ვერ ბედავს ჭასთან მისვლას.

გენერალი – რას ხედავ მანდ?
ზურბა – მოდი და ნახავ.
გენერალი – ე-ე, ადვილი სათქმელია.
ზურბა – გეშინია?
გენერალი – შენ არა?
ზურბა – აქ გაჩერება არ შეიძლება.
გენერალი – შენი მიკვირს.
ზურბა – რა გიკვირს? იქ იცი, რომ ახალი და უცნობი არაფერი მოხდება.
გენერალი – რატომ გგონია, რომ აქ რამე მოხდება? არაფერიც არ მოხდება.
ზურბა – მოდი აქ, ჩაიხედე!
გენერალი – მანდ ყურებას სჯობია, აქედან წასვლაზე ვიფიქროთ.

ირგვლივ იყურება და გაუბედავი ნაბიჯით განათებული სცენის ბოლოში მიდის.

გენერალი – რა უნდა იყოს იქით? ზურბა… რა უნდა იყოს იქით?

ზურბა ჭას სცილდება და გაუბედავი ნაბიჯით განათებული სცენის ბოლოში მიდის.

ზურბა – (სიჩუმის შემდეგ) არაფერი არ სჩანს. საინტერესოა…
(ერთმანეთს შეხედავენ.)
აუცილებელია?
გენერალი – ყოველთვის უნდა გქონდეს უკან დასახევი გზა. რა იცი, რა ხდება?
ზურბა – უკან დასახევ გზას როგორ იპოვნი, თუ გზა საერთოდ არ სჩანს?
გენერალი – გზას ყოველთვის აქვს თავი და ბოლო. მთავარია, ერთ-ერთი ვიპოვნოთ.
ზურბა – კარგი იქნებოდა… (ნაბიჯს გადაადგამს და სიბნელეში გაუჩინარდება).
გენერალი – შეჩერდი! (ზურბას სიბნელიდან გამოიყვანს). რომ არ დაბრუნდე?
ზურბა – დავბრუნდები.
გენერალი – ვთქვათ და რაიმე შეგემთხვა. მაშინ? მე რას მიპირებ?
ზურბა – არ მიფიქრია… მაგრამ ხომ შეიძლება შენ შეგემთხვეს?
გენერალი – ერთად უნდა ვიყოთ.
ზურბა – ერთად შევიდეთ.
გენერალი – კარგი აზრია, მაგრამ ერთად რომ დაგვემართოს რაიმე?
ზურბა – ეს ხომ აქაც შეიძლება მოხდეს?
გენერალი – შეიძლება, მაგრამ აქ დაინახავ მაინც. იქ კი არაფერი არ ჩანს. შეიძლება ორი ნაბიჯი გადადგა და კიდევ ერთი ჭა იყოს. უპირო ჭა. აქ უპირო ჭა არსად არ არის. ერთი ხიფათით ნაკლებია. ეს კი დიდი პლიუსია.
ზურბა – არ მეგონა, ასეთი მშიშარა თუ იყავი.
გენერალი – რასაც ვერ ხედავ, ყველაფერი საშიშია.

სიჩუმე. სცენის შუაგულში შედიან.

ზურბა – სხვა გზა არ არის. გამორიცხვის მეთოდით უნდა დავიწყოთ. მე დავასახელებ ყველა შესაძლებელ ვარიანტს. რომელიც მიუღებელია, უნდა გამორიცხო.
გენერალი – (სასოწარკვეთით). ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მეტი გამბედაობა მართებს.
ზურბა – დავიწყოთ, გენერალო. თემა პირველი – სად ვართ?
გენერალი – არ ვიცი.
ზურბა – ეს კითხვა არ არის. ეს საერთო თემაა – სად ვართ – ახლა ვიტყვი შესაძლებელ ვარიანტებს. შენ გამორიცხე.
გენერალი – როგორც გინდა, ისე მოიქეცი.
ზურბა – სად ვართ.
გენერალი – არ ვიცი.
ზურბა – სად ვართ? პირველი – უდაბნოში.
გენერალი – შეუძლებელია. უდაბნოში ცხელა და ჭებიც არ არის.
ზურბა – მეორე – მდინარის პირას.
გენერალი – მდინარის პირას ჭას რა უნდა?
ზურბა – მაშ ასე გავაკეთოთ: ჩვენ საორიენტაციოდ გვაქვს ორი ჭა. სად შეიძლება იყოს ჭა? პირველი – გზის პირას.
გენერალი – დასაშვებია.
ზურბა – სოფელში.
გენერალი – შეიძლება.
ზურბა – ეზოში?
გენერალი – ბუნებრივია.
ზურბა – ასე არ შეიძლება. ყველა უნდა გამორიცხო და ერთი სწორი პასუხი დარჩება.
გენერალი – ხომ შეიძლება ჭა იყოს გზის პირას, სოფელში და ეზოში?
ზურბა – არც ერთი რომ არ ჩანს?
გენერალი – ღამეა…
ზურბა – აქ რომ სინათლეა?
სიჩუმე.
კიდევ ერთი ათვლის წერტილი! სად შეიძლება იყოს ჭა, სიბნელე და სინათლე?

გენერალი – მხოლოდ აქ!
ზურბა – უნდა გამორიცხო.
გენერალი – ვიცი! შენზე უკეთ ვიცი!
ზურბა – ასე შორს ვერ წავალთ.
გენერალი – მოდი, კითხვებს მე დავსვამ. შენ გამორიცხე. თემა ნომერი ორი! რა ვქნათ? პირველი – წავიდეთ.
ზურბა – პირველ თემას რას უპირებ?
გენერალი – თემა ნომერი ორი! რა ვქნათ? პირველი – წავიდეთ?!
ზურბა – წავიდეთ?
გენერალი – უნდა გამორიცხო.
ზურბა – რატომ უნდა გამოვრიცხო? იქნებ სჯობს, რომ წავიდეთ?
გენერალი – კარგი, მაშინ პირველი კითხვა ასეთი იყოს – დავრჩეთ?
ზურბა – უნდა გამოვრიცხო..? არა!
გენერალი – დამისაბუთე.
ზურბა – იმიტომ, რომ უნდა წავიდეთ.
გენერალი – შენი ატანა შეუძლებელია!
ზურბა – არავინ არ გთხოვს!
გენერალი – გვინდა თუ არ გვინდა, ერთად უნდა ვიყოთ.
ზურბა – ამიტომ მინდა აქედან წასვლა…
გენერალი – კარგი, წადი… მე აქ დაგიცდი.

ზურბა განათებული სცენის ბოლოში გადის და სიბნელეში ფრთხილი ნაბიჯით შეაბიჯებს. რამდენიმე წამში იგი მეორე მხრიდან შემოდის.

ზურბა – სიცარიელეა.
გენერალი – მთავარია, მშვიდად ვიყოთ. ჯერჯერობით სიტუაციას ვაკონტროლებთ.
ზურბა – ვერ ვიტყოდი…

ზურბა ჭას უახლოვდება, გენერალი – მეორეს.

გენერალი – (ჭაში იყურება). ღმერთო… გამიგონია, რომ ზოგიერთ ჭას ფსკერი არა აქვს, რომ ჭის ბოლოში სხვა ცხოვრებაა. ზურბა, იქნებ ჩვენ ჭის ქვემოთ ვართ და გვგონია, რომ ზემოთ ვართ? იქნებ იქ არის ჩვენი წარსული? იქნებ აქ ყურყუტს სჯობს, ჩავიდეთ შიგნით და აქაურობას თავი დავაღწიოთ?
ზურბა – კაცმა რომ თქვას, აქ არც ისე ცუდია.
გენერალი – შენთვის შეიძლება.
ზურბა – მოიცა, მოიცა… ახლა მე მგონი მიხვდი, რას ნიშნავს იყო სხვაზე დამოკიდებული? ცვლის ეს რაიმეს?
ზურბა – სასიამოვნოა, როცა იცი, რომ მარტო არა ხარ.
გენერალი – ისა სჯობს, საქმეს მივხედოთ. ასე ხომ არ ვიქნებით ჭასთან მიბმულები? როგორ მოვხვდით აქ?
ზურბა – არ მახსოვს.
გენერალი – მე ვარ გენერალი – ბატალიონის მეთაური. შენ ხარ ჩემი პატიმარი – ზურბა – ხომ ასეა?
ზურბა – ადრე დაგეთანხმებოდი, ახლა კი ეჭვი მეპარება.
გენერალი – ნუ შემშლი ჭკუიდან! ასე აქედან ვერ წავალთ!
ზურბა – (ჭასთან წამოგორდება). რა აზრი აქვს, აქ ვიქნები თუ საკანში?
გენერალი – ღმერთო ჩემო..!
ზურბა – ახლა შენ გახდი ჩემი პატიმარი.
გენერალი – ამ სიტყვებით შენ ამტკიცებ, რომ ადრე პირიქით იყო. მე ნამდვილად ვარ გენერალი, შენ კი – ჩემი პატიმარი. ჩემი თავის მიკვირს, რომ კიდევ გიძლებ.
ზურბა – სხვა რა გზა გაქვს..? მშვენიერია აქ ყოფნა… საკანში კიდევ სულ მარტო ვიყავი.

გენერალი ბუდედან იარაღს ამოიღებს და ზურბასკენ გაიწევს.

გენერალი – მოიცა… (შეჩერდება). მე მოვედი შენთან… თუ შენ მოხვედი? ღმერთო საიდან მახსოვს ეს სცენა? (ნელი ნაბიჯით უახლოვდება ზურბას, პისტოლეტის ლულას შუბლზე მიადებს) არ გახსოვს ეს სცენა?
ზურბა – მეცნობა.
გენერალი – (ჩახმახს შეაყენებს) ღმერთო, გამახსენე… საიდან მახსოვს?
ზურბა – (ფეხზე წამოდგება) ე-ე, გაგიჟდი?
გენერალი – (ზურბას ადგილზე ჯდება, პისტოლეტს უყურებს) მე მოვედი შენთან, თუ… ღმერთო, გამახსენე.
ზურბა – შენ ხშირად მოდიოდი ჩემთან.
გენერალი – მომკალი და ვერ ვიხსენებ.
ზურბა – კიდევ კარგი, ის მაინც გვახსოვს, ვინ ვართ ჩვენ.
გენერალი – აბა…

სიჩუმე. გენერალი იარაღს ბუდეში ინახავს.

ზურბა – თავს როგორ გრძნობ, გენერალო? როგორც გენერალი, თუ როგორც პატიმარი?
გენერალი – როგორც პატიმარი.
ზურბა – თუ როგორც დაპატიმრებული გენერალი? მე თავი გენერალი მგონია. ეს მდგომარეობა ჩემთვის ნაცნობია.

ზურბა სცენის შუაგულში დგება. ტანისამოსს ისწორებს. რაღაცისთვის ემზადება. ზურბას წარმოსახვით მათ წინ ჯარისკაცების მწყობრი დგას. აქაც და შემდგომაც ზურბა და გენერალი მიმართავენ წარმოსახულ ჯარისკაცებს.
ზურბა – სწორდი! სმენა!
გენერალი – (მიმართავს ზურბას) ცოტა ომახიანად.
ზურბა – სწორდი!!! სმენა!!!

სიჩუმე.

გენერალი – (ზურბას) უთხარი \”თავისუფლად\”.
ზურბა – ხელს ნუ მიშლი. (ჯარისკაცებს) ჯარისკაცებო, დღეს ღირშესანიშნავი დღეა, კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერება ბატალიონის ცხოვრებაში. ჩვენმა ბატალიონმა რესპუბლიკურ შემოწმებაზე სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი შეფასება მიიღო – რამდენიმე პუნქტით გაუსწრო სხვა მოწინავე ფორმირებებს და ეს, უპირველეს ყოვლისა, დამსახურებაა როგორც საკადრო ოფიცრების და ხელმძღვანელობის, ასევე უშუალოდ ამ ბიჭების, რომლებმაც პირნათლად მოიხადეს მხედრული ვალი ჩვენს ბატალიონში!
გენერალი – სიგელები?

ზურბა უახლოვდება ჯარისკაცებს და იმიტაციით დააჯილდოებს. ზურბა პირვანდელ ადგილს უბრუნდება. სიჩუმე დიდხანს გრძელდება.

ზურბა – (გენერალს) ასე დაიწყო ყველაფერი.
გენერალი – შენი თავი დაგავიწყდა.
ზურბა – (ჯარისკაცებს) წვევამდელებს მინდა მოვულოცო დღევანდელი დღე. თქვენ ბედმა გაგიღიმათ, რომ ქვეყნის სამსახურში ჩადექით – ყველა როდია ამის ღირსი.
გენერალი – მართალია.
ზურბა – (გენერალს) მერე?
გენერალი – ჩვენთან მკაცრი რეჟიმია.
ზურბა – ჩვენთან მკაცრი რეჟიმია. (სიტყვებს ვერ იხსენებს) მე ორჯერ არ ვიმეორებ… ერთის გამო ყველა დაზარალდება…
გენერალი – (შეახსენებს) ბავშვი ბაბუას ეკითხებოდა…
ზურბა – (სწრაფად აიტაცებს) ბავშვი ბაბუას ეკითხებოდა: ბაბუ, რატომ დგამს ადამიანი ნაბიჯს ყოველთვის წინ და არა უკან? ბაბუა ძველი მეომარი იყო და მან ღირსეული პასუხი გასცა. ყველა ადამიანი, – უპასუხა ბაბუამ, – ყველა ადამიანი ქვეყნის ჯარისკაცია. ჯარისკაცს არა აქვს უფლება უკან დაიხიოს.
გენერალი – და ბოლოს…
ზურბა – დღევანდელი დღე ტრადიციულია ბატალიონის ისტორიაში და მას ღირსეულად ეწოდება \”მშვიდობის დღე\”. მშვიდობით ჯარისკაცებო, გილოცავთ ჯარისკაცებო! (გენერალს) ასე ხომ?

სიჩუმე. გარემოს ათვალიერებენ.

ზურბა – საინტერესოა, რა არის სიბნელის იქით? (სიბნელეში იყურება).
გენერალი – ჩვენ ორნი ვართ და ორი ჭა.
ზურბა – გენერალო, რა იქნება იქით?
გენერალი – სინათლეს მიმატებული სიბნელე იქნება ორი.
ზურბა – ეგ რას ნიშნავს?
გენერალი – …რომ აქ ყველაფერი ორია.
ზურბა – საინტერესოა…
გენერალი – იქნებ გაიხსენო, სად შეგხვედრია ორი ჭა, სიბნელე და სინათლე?
ზურბა – მოდი კითხვას მე დავსვამ.
გენერალი – (თავისთვის) ჩვენ ვართ ორნი… ორი ჭა, სიბნელე და სინათლე…
ზურბა – კიდევ კარგი, რომ მარტო არა ხარ.
გენერალი – რატომ?
ზურბა – იმიტომ, რომ მაშინ ერთი ჭა და მხოლოდ სინათლე იქნებოდა.
გენერალი – რატომ სინათლე, იქნებ სიბნელე?
ზურბა – სინათლეში ჭას როგორ დაინახავდი?
გენერალი – სამაგიეროდ მაინც ორნი ვიქნებოდით: მე და სიბნელე.
ზურბა – ვერაფერი გამოსავალია.
გენერალი – დასკვნების გაკეთება ყველაზე ადვილია! მე ვცდილობ, რაიმე გამართლება მოვნახო. შენ კიდევ…

სიჩუმე.
ზურბა – (მრავალმნიშვნელოვნად) არა, ჩვენ მაინც წარსულის შვილები ვართ.
გენერალი – საიდან დაასკვენი?
ზურბა – დასკვნების გამოტანა ყველაზე ადვილია.
გენერალი – ხუმრობის ხასიათზე ხარ.
ზურბა – (ჭასთან წამოგორდება) სხვა რა საქმის ხელია, როგორც იტყოდა ჩემი ყარაული.
გენერალი – ყარაული?! გაიხსენე, როდის ნახე ბოლოს.
ზურბა – ბოლოს..? არ მახსოვს.
გენერალი – დაწვრილებით უნდა გავიხსენოთ ყველაფერი, რომ არაფერი გამოგვრჩეს. უნდა გავიხსენოთ, როგორ მოვედით და მაშინ გვეცოდინება, როგორ წავიდეთ აქედან. მიმიხვდი..? საიდან დავიწყოთ?
ზურბა – გამორიცხვის მეთოდით ვიფიქროთ. თემა: გავიხსენოთ ყველაფერი, კითხვა – საიდან დავიწყოთ.
გენერალი – მოდი შევთანხმდეთ, კითხვებს მე დავსვამ.
ზურბა – კარგი.
გენერალი – საიდან დავიწყოთ – ბავშვობა?
ზურბა – არა.
გენერალი – დამიმტკიცე.
ზურბა – ჩვენი აქ ერთად ყოფნა შემთხვევითი არ არის. ბავშვობაში შევხვედრივართ ერთმანეთს?
გენერალი – ხომ მოვილაპარაკეთ, რომ კითხვებს მე დავსვამდი?
ზურბა – ღმერთო! ჩვენ აქ ერთად აღმოვჩნდით, შესაბამისად პასუხიც ჩვენს შორის უნდა ვეძიოთ. რა შუაშია აქ ჩემი ან შენი ბავშვობა?
გენერალი – ჩვენ სწორედ მოვდიოდით. ვიცით, როგორ დაიწყო ყველაფერი. პირველად ერთმანეთს შევხვდით მშვიდობის დღეს. შემდეგ რა მოხდა?
ზურბა – კეთილი. მე ვარ გენერალი, შენ ხარ ჩემი პატიმარი.
გენერალი – რატომ?! გენერალი მე ვარ!
ზურბა – გამორიცხვის მეთოდმა შენზე ცუდად იმოქმედა.
გენერალი – რა შუაშია აქ გამორიცხვის მეთოდი?! ერთადერთი რაც მახსოვს ისაა, რომ მე ვარ მე. შენ კიდევ გონებას მირევ.
ზურბა – რატომ მეწინააღმდეგები ყველაფერში? მე უნდა ვიყო გენერალი, რომ გავიხსენოთ ყველაფერი. შენ რომ გენერალი იყო, მაშინ ისედაც მოგვაგონდებოდა.
გენერალი – ერთადერთი, რაც დამრჩა – ჩემი სახელია. შენ კიდევ ამასაც მართმევ.
ზურბა – შენი ატანა შეუძლებელია! არავინ არაფერს არ გართმევს. საქმეს ასე სჭირდება. თუ შენ, ახლა დანებდი, მარტო მე ვერაფერს შევძლებ. ერთად მოვედით და ერთად უნდა წავიდეთ. შენ თვითონ არ ამბობდი, რომ აქ ყველაფერი ორია და ჩვენ ერთად ვართ?
გენერალი – რა შუაშია?
ზურბა – აქ ერთი არ შეიძლება იყოს. ერთი ვერც შენ დარჩები და ვერც მე. ან ორივე გავაღწევთ, ან ვერც ერთი. ერთმანეთი უნდა გავიტანოთ.
გენერალი – დავიწყოთ.

სიჩუმე.

ზურბა – მართალი გითხრა, დიდი არაფერი დაგიშავებია. შენნაირი აქ საკმაოდ მოდის. მაგრამ შენ თვალში მომხვდი. ასე ვთქვათ, შენმა ინდივიდუალიზმმა გამაღიზიანა.
გენერალი – ვიცი.
ზურბა – რა იცი?
გენერალი – ვიცი, რაც მითხარი. ვიცი.
ზურბა – უნდა შემეწინააღმდეგო. შენ ახლა ჩემი პატიმარი ხარ.
გენერალი – როგორ შეგეწინააღმდეგო, როდესაც შენ ჩემს სიტყვებს ამბობ?
ზურბა სასოწარკვეთილებაშია.
(ხმამაღლა) არავის არა აქვს უფლება, ხელჰყოს ჩემი თავისუფლება!!! ასე კარგია?
ზურბა – განვაგრძობ… შენი ბრალი არ არის. ყველაფერში შენი ინდივიდუალიზმია დამნაშავე… ინდივიდუალიზმი ხომ მარტოდ დარჩენილი ადამიანის, ასე ვთქვათ, მონაპოვარია. შენ მარტო არასდროს არა ხარ, მიუხედავად იმისა, რომ სულ მარტო ხარ საკანში. (იცინის) შენთან შენი ინდივიდუალიზმია.
გენერალი – მე არ მინდა აქ ყოფნა! არავის დაცვა არ მინდა და არც მე დავიცავ არავის. რა ჩემი საქმეა ჯარი.

გენერალი გასვლას აპირებს. მიდის განათებული სცენის ბოლოში.

იქნებ მეშინია? ჰო, მეშინია. სისხლის დანახვაზე გული მიმდის. ბევრჯერ წარმომიდგენია ჩემი თავი ბრძოლის ველზე და არ შემშინებია; მაგრამ რომ დავინახავ ჩემს თავს სისხლში გათხვრილს, საოპერაციო მაგიდაზე… არა, არა, მე სახლში მივდივარ. (ვერ ბედავს სიბნელეში შესვლას) გამიშვი, უთხარი, რომ გამიშვან!
ზურბა – უნდა მიხვდე, რომ შენ მე მჭირდები. ასეთი ურჩი, უდრეკი, როგორიც ხარ. ასეთის მოთვინიერებას ძალა უნდა, ძალას კი ყველა პატივს სცემს.
გენერალი – მე არ მინდა აქ ყოფნა!
ზურბა – ჯარს არ უყვარს ინდივიდები. ჯარში ყველა ერთი შალაშინით სწორდება. აქ პატარა სახელმწიფოა, სადაც წესრიგი უნდა იყოს. წესრიგისთვის კი აუცილებელია მსხვერპლი, რომ სხვისთვის კარგი მაგალითი იყოს.

გენერალი სცენის შუაგულში ბრუნდება და სასოწარკვეთილი ჭასთან ჩამოჯდება.

გენერალი – (პაუზის შემდეგ) რამდენი ღამე გამითენებია ფიქრში, რატომ დაგჭირდა ჩემი დაჭერა… რა არ ვიფიქრე, მეგონა, რომ ჩემი დასჯით სხვას აჩვენებდი მაგალითს, რომ ყველა ურჩი ასე დაისჯებოდა… მეგონა, რომ ჩემი გეშინოდა. მე მისაბაძი გავხდებოდი… ბოლოს კი მივხვდი, რომ მე და შენ გამთამაშებლები ვიყავით მხოლოდ. ჩვენი ურთიერთობა ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ჩვენ სხვისი ხელი გვმართავდა… ერთმანეთს შევხვდით, რომ ვიბრძოლოთ.
ზურბა – ზოგი ჯალათი უნდა იყოს, ზოგიც მსხვერპლი, ძალთა თანაფარდობა რომ არ დაირღვეს.
გენერალი – ნამდვილ ჯალათს ნამდვილი მსხვერპლი სჭირდება…
ზურბა – ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, რომ ვიბრძოლოთ.
გენერალი – მსხვერპლი არასდროს ყოფილხარ?

ზურბა არ პასუხობს.

და არც გაინტერესებს? ნამდვილმა ჯალათმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს, იყო მსხვერპლი.
ზურბა – დიდი ხნის წინ ერთი ამბავი შემემთხვა. ზღვაში შევცურე, ფეხმა მიმტყუნა და ვიხრჩობოდი. მაშინ ვიგრძენი, რას ნიშნავს, იყო მსხვერპლი. მას შემდეგ ჯალათობა მირჩევნია.
გენერალი – მე ბოლომდე ვიბრძოლებ.
ზურბა – (უახლოვდება გენერალს) მე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, იცი შენ. ხო ხედავ, ჩემს გარდა ვერავინ გიშველის. ამიტომ უნდა მენდო… ვის ეჯიბრები? ვის უსწორებ ანგარიშს? ყველაფრის ბატონ-პატრონი მე ვარ. არ დაიღალე? შენხელა ბიჭები აგერ ლომებივით არიან, შენ რას დაემსგავსე. თუ გგონია რაიმე გიშველის? აქ მოკვდები წვალებით, ამიტომ ცოტა წინ გაიხედე და ყურადღებით მომისმინე, რასაც გეტყვი.
გენერალი – ახლა მივხვდი, რომ სწორ გზას ვადგავარ. მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი. რაც უფრო დიდხანს ვიჯდები აქ, მით უარესი შენთვის… განაგრძე, რას ამბობდი.
ზურბა – ჩემთან წამოდი. პირველ ჯერზე გავახერხებ და უმცროს სერჟანტობას მოგცემ. შემდეგ შენ თვითონ წახვალ. მხარი ამიბი. შენნაირი ხალხი მჭირდება… (პაუზის შემდეგ) არ ვიცი რატომ, ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე თანაბარუფლებიანი იყო. ამიტომაც მოვედი. ბევრი კარგი საქმის გაკეთება შემიძლია შენთვის. არც ისეთი ბრიყვი ხარ, რომ ვერ მიხვდე. აი, ჩემი ხელი (ხელს გაუწვდის) მოდი, ჩამომართვი ვაჟკაცურად.
გენერალი – არ მეგონა ასეთ შეცდომას თუ დავუშვებდი (ხელს არ ართმევს).
ზურბა – პასუხს ნუ იჩქარებ, ზურბა! დრო თავზე საყრელად გაქვს. კარგად დაფიქრდი.
გენერალი – შენ რომ ეს არ გეთქვა, მე თვითონ მოვიდოდი შენთან. რატომ მოხვედი?
ზურბა – არ ვიცი! მაშინ არ ვიცოდი, რომ ვცდებოდი. მე ალალი გულით გითხარი. ჰო, ვიცი, ვიცი, რომ არ უნდა მეთქვა! ბოლომდე უნდა გამესრისე… უნდა მცოდნოდა შენი შესაძლებლობები.
გენერალი – ამ დღიდან, მე უკვე მარტო არ ვყოფილვარ. შენ სულ ჩემთან ერთად იყავი. გამუდმებით, ყოველ წუთს, ყოველ წამს საკანში მყავდი და ვიცოდი, რომ მე შენთან ვიყავი – აჩრდილივით თან გახლდი. (პაუზის შემდეგ) ინდივიდუალური კაცი მარტო არასდროსაა. მასთან მისი ინდივიდუალიზმია.
ზურბა – ჩემს დანახვაზე ყველას ეშინია. შენ რა გახდი ასეთი?
გენერალი – ხომ გეუბნებოდნენ, გადავაგზავნოთ ზურბა ტრიბუნალზეო. რატომ არ ჰქენი?
ზურბა – ჩემი ნაწილიდან ტრიბუნალზე კაცი არ გასულა. მე თუ მკითხავ, ტრიბუნალზე ჯარისკაცი კი არა, ბატალიონის მეთაური უნდა გაიყვანო.
გენერალი – (იცინის) და შენ ჩემი გამოსწორება გინდა?
ზურბა – შენ, მე კი არა…
გენერალი – მაშინ რა გინდა ჩემგან?
ზურბა – ძალიან ძნელია, არ გყავდეს მოწინააღმდეგე. კაცი, რომელიც გებრძვის, კაცი, ვის ჯიბრზეც საქმეს აკეთებ. ჩემმა სიმკაცრემ საბოლოოდ მოწინააღმდეგე არ დამიტოვა. ზომაგადასული არაფერი ვარგა.
გენერალი – მე შენ არ გებრძვი, გენერალო.
ზურბა – ნუ ეშმაკობ. მე და შენ ერთმანეთს ვებრძვით და მალე გავიგებთ, ვინ არის მსხვერპლი და ვინ ჯალათი.
გენერალი – ყველა ჯალათი საბოლოოდ თავისი თავის მსხვერპლი ხდება.
ზურბა – ჩემთვის საკმარისია შენი არსებობაც. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გამოგიწვიო.
გენერალი – (ფიქრებში გართული) აბსოლუტური ძალაუფლება საშიშია პირველ რიგში იმისთვის, ვინც მის სათავეში დგას. ამიტომ ფრთხილად… იყო ერთი იმპერატორი, რომელიც აბსოლუტური ძალაუფლების კარგი მაგალითი იქნებოდა. მისი მოთხოვნილება, ყველაფერი დაიმორჩილოს, რეალურად ხორციელდებოდა და რა თქმა უნდა, იმპერატორიც კმაყოფილი იყო. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და იმპერატორსაც განესაზღვრა კმაყოფილების საზღვარი. ხომ იცი, როდესაც არაფერი აღარ გაკმაყოფილებს, დაუკმაყოფილებელი რჩები. ამ მდგომარეობისგან გათავისუფლება იყო მისი ცხოვრება. იმპერატორიც თავს ისე გრძნობდა, როგორც საზღვრებს გარეთ – ის და ყველა დანარჩენი. დაუკმაყოფილებელი ადამიანის თვისებაა იფიქროს, იფანტაზიოროს, რომ რითიმე შეძლოს თავის დაკმაყოფილება. ფანტაზიას კი ყოველთვის მოჰყვება სურვილი. იმპერატორისთვის სურვილი რეალობად იქცეოდა, რეალობა კი მას არ აკმაყოფილებდა. ასე გრძელდებოდა დიდხანს. და ბოლოს იმპერატორი მიხვდა, რომ მას ხელს უშლიდა მისი აბსოლუტური ძალაუფლება. ცხოვრება უინტერესოდ მიდიოდა, რადგან მას მტერი არ ჰყავდა. ბევრი გააკეთა იმპერატორმა, რომ მტრები გაეჩინა, მაგრამ მისი ყველა მტერი იმდენად უსუსური და არაფრის გამკეთებელი იყო, რომ ეს იმპერატორს არ აკმაყოფილებდა. ბევრი იფიქრა იმპერატორმა, სად ეპოვნა ნამდვილი მტერი, ვისთანაც ღირდა ბრძოლა და ბოლოს მიაგნო… რაც ყველაზე საინტერესოა, მისი ღირსეული მტერი უხილავი იყო.
ზურბა – ჩვენს წინა ცხოვრებაში ეს არ ყოფილა.
გენერალი – წინა ცხოვრებაში?! რა თქვი?! (უახლოვდება ზურბას) რა თქვი?!

ზურბა ხმას არ იღებს.

შენ გინდა თქვა, რომ ჩვენ ახლა სხვა ცხოვრებით ვცოცხლობთ?! შენ გინდა თქვა, რომ ჩვენ დავიხოცეთ? არა ბატონო! თუ ეს სიკვდილია, მაშინ სად არის ახალი სამყარო, ახალი გრძნობები, ემოციები – ბოლოსდაბოლოს! სად არის? მიპასუხე!
ზურბა – დამშვიდდი, რა მოგივიდა? ისეთი არაფერი მითქვამს.
გენერალი – ერთ სიტყვას შეუძლია ყველაფერი შეცვალოს! ისედაც სასოწარკვეთილები ვართ, ისედაც გვიჭირს, უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებით, შენ კიდევ…
ზურბა – კარგი, ჰო, გეყოფა! ერთ სიტყვას შეუძლია, ერთ სიტყვას შეუძლია… ჩვენ რა შეგვიძლია, ის მითხარი. რა შეგიძლია შენ ან მე? მიპასუხე!
გენერალი – აუცილებელი არ არის, რასაც გაიფიქრებ, ყველაფერი თქვა.
ზურბა – გამოტყდი, რომ პირველად შენ მოგაფიქრდა… მივხვდი.

სიჩუმე.

არ მეგონა, ასე თუ გამიხარდებოდა სიკვდილი. კარგია, რომ ხმამაღლა ითქვა.
გენერალი – სულ გაგიჟდი.
ზურბა – რატომ? ახლა ვიცით, რომ მოვკვდით. რაღაც მაინც ვიცით. ალბათ სიკვდილის წინ ჩვენ ვფიქრობდით, რომ სხვა ფიქრობს ჩვენზე, რომ ვკვდებოდით. ჩვენ ხომ ყველაფერს სხვის დასანახად ვაკეთებთ… შენ ფიქრობდი, რომ კვდებოდი, როდესაც კვდებოდი?
გენერალი – არ მახსოვს…
ზურბა – არც მე… ერთი თვალი მაინც დაგვრჩენოდა ცოცხალი, რომ გვენახა, როგორები ვართ მე და შენ სიკვდილთან ერთად.
ზურბა – ჩვენ ყველაფერს სახელს ვარქმევთ, თვითონ კი უსახელოდ დავდივართ. ჩვენი საკუთარი სახელი ატრიბუტად გვექცევა ხოლმე და ეს ხდება განმსაზღვრელი.
გენერალი – რა შუაშია?
ზურბა – არ ვიცი… რაიმე ხომ უნდა ვთქვათ? ბოლოსდაბოლოს ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, თავისუფალ ცხოვრებას, ატრიბუტების გარეშე.
გენერალი – თუ ეს სიკვდილია, მაშინ უნდა მოვიდეს ვინმე და დაგვიდასტუროს, რომ მოვკვდით? მე აქ პატიოსანი ხალხი მგონია. ასე ხომ არ დაგვაგდებენ ზეცასა და მიწას შუა? არ მინდა, ვიყო აქ კურდღელივით გამოჭერილი! არ მინდა არავის ლოდინი. არ მჯერა, რომ დახურულ სივრცეში შეიძლება იყო თავისუფალი! რა არის სინათლის იქით?!
ზურბა – სინათლის იქით სიბნელეა.
გენერალი – სიბნელეშიც იქნება რაღაც. არ შეიძლება მხოლოდ სინათლეში იყოს ყველაფერი. რა არის სიბნელეში!!!
ზურბა – რა გაყვირებს? კითხვების დასმა ყველაზე ადვილია!
გენერალი – სად არის შენი ღმერთი? რატომ არ სჩანს? იქ ხომ ყოველდღე შენთან ერთად იყო? ახლა სად არის?
ზურბა – არ ვიცი. მეც მაგას ვეძებ.
გენერალი – არ შემიძლია აქ გაჩერება… აღარ მინდა!
ზურბა – შენზე არ არის დამოკიდებული.
გენერალი – წასვლა მინდა, ან გაფრენა. რას მომჩერებიხარ? აქ შეიძლება გაგიჟდეს კაცი. (სასოწარკვეთილი ჭასთან ჩაიმუხლავს) ზურბა, სად არის შენი ღმერთი. შენ ხომ გშველოდა, იქნებ ახლაც გვიშველოს… დაგვეხმაროს, გაგვაგებინოს.
ზურბა – ყველა ადამიანს თავისი პირადი ღმერთი ჰყავს.
გენერალი – მე რომ არ მყავს?
ზურბა – ადამიანში ვარ მე – ამბობს ის. ადამიანში კიდევ არის ერთი ადამიანი, რომელიც მისი ღმერთია. სწორედ ის არის ადამიანის საკუთარი ღმერთი. ადამიანი საკუთარი თავის წინაშეა პასუხისმგებელი. საკუთარი ღმერთი ინახავს ყველა იმ საქციელს, რომელსაც ადამიანი აკეთებს. რამდენიც ადამიანია, იმდენი ღმერთია.
გენერალი – რატომ არ ჩანს?
ზურბა – ჩემი ღმერთი ჩემთან სიცოცხლის შემდეგ მოვა. ანუ როდესაც მე მოვკვდები… მირჩევნია დავიჯერო, რომ ცოცხალი ვარ, თორემ…
გენერალი – თუ არაფერში არ ვართ დარწმუნებული, მაშინ საიდან დავასკვნით, რომ მოვკვდით?
ზურბა – ჩვენ ვერაფერს ვამტკიცებთ, მხოლოდ ვვარაუდობთ. შესაბამისად, არც იმის მტკიცება არ შეიძლება, რომ მოვკვდით.
ზურბა – რა თქმა უნდა.
გენერალი – და თუ არ მოვკვდით, ე.ი. ცოცხლები ვართ.
ზურბა – ასეა, მაგრამ ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა უჩვეულოა. ჩვენ ცოცხლები ვართ, მაგრამ არც ისეთი, როგორიც ვიყავით.
გენერალი – რას ნიშნავს?
ზურბა – ღმერთო, არ შეგიძლია დამეხმარო? გამზადებულ პასუხებს ელი ჩემგან. მე კიდევ მარტო ვფიქრობ.
გენერალი – გაურკვევლად ლაპარაკობ. რას ნიშნავს – \”არც ისეთი ცოცხლები ვართ, როგორიც ვიყავით?\”
ზურბა – რატომ სვამ კითხვებს?
გენერალი – იმიტომ, რომ არ ფიქრობ, რას ამბობ. საიდან იცი, რომ სხვანაირი ცოცხლები ვართ?
ზურბა – საიდან გვახსოვს, რომ მე გენერალი ვარ და შენ ჩემი პატიმარი?
გენერალი – საიდან მოიტანე, რომ შენ გენერალი ხარ? იქნებ გენერალი მე ვარ?
ზურბა – ცოტა ხნის წინათ ლექცია წაიკითხე ძალაუფლებაზე.
გენერალი – ე-ე, ნუ მაბნევ, ეგ ლექცია ჩემს თავს წავუკითხე. ე.ი. მე ვყოფილვარ გენერალი –
ზურბა – შეიძლება, მაგრამ მაშინ მე რატომ ვარ პატიმარი?
გენერალი – იმიტომ, რომ მე გენერალი ვარ.
ზურბა – ეს არაფერს წყვეტს. შენ თუ გენერალი ხარ, მე შეიძლება ვიყო მაიორი, ჯარისკაცი ან უბრალოდ მუშა.
გენერალი – შენ ეჭვი გეპარება ჩემს გენერლობაში?
ზურბა – რა თქმა უნდა.
გენერალი – ძალიან კარგი. შენ თუ მუშა ხარ, მე ქარხნის დირექტორი ვყოფილვარ.
ზურბა – რატომ გინდა, რომ ჩემზე გქონდეს უფლებები?
გენერალი – მიჩვეული ვარ. ჩვენ ხომ წარსულის შვილები ვართ.
ზურბა – წარსულის შვილი მაშინ გახდები, როდესაც აწმყოს ეკუთვნი.
გენერალი – შეხედე! შეხედე! ჯარისკაცები…

ზურბა და გენერალი გვერდიგვერდ დგებიან და წარმოსახულ ჯარისკაცებს თვალს აყოლებენ.

შეხედე, შეხედე, როგორ გიყურებენ.
ზურბა – მე რატომ?
გენერალი – ისინი თავის გენერალს აკვირდებიან.
ზურბა – მაკვირდებიან.
გენერალი – ვისიც ეშინიათ, არ აკვირდებიან.
ზურბა – ჩემი არ ეშინიათ?
გენერალი – დააკვირდი თვალებს… როგორ გიყურებენ. გსწავლობენ პირდაპირ. ადრე ამას ვერ გაგიბედავდნენ.

წარმოსახულმა ჯარისკაცებმა ჩაიარეს. ზურბა და გენერალი კვლავ მარტო დარჩნენ.

ზურბა – ამდენი წელია, ჯარში ვმსახურობ და ჯარისკაცის ასეთი თვალები არ მინახავს.
გენერალი – რა ჰქენი ასეთი?
ზურბა – შენ უკეთ იცი.
გენერალი – მე რა შუაში ვარ, გენერალო. საკანში გამომკეტე, მზის შუქი მომანატრე და მე ვარ დამნაშავე?
ზურბა – არც პატივისცემა, არც მორიდება და შიში. უტიფრად მიყურებენ და მაკვირდებიან. რა უქნა ზურბამ გენერალს, რომ გენერალი თავის თავს არ ჰგავს? – ყველას ეს კითხვა ეწერა თვალებზე.
გენერალი – შენსას არ იშლი?
ზურბა – როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ყოფნა, როდესაც ამდენი ხანია მარტო ხარ? არაადამიანი ხარ. მონობისთვის დაიბადე. შენთან იმიტომ მოვედი, რომ შემეცოდე. მეგონა, რომ შეიძლებოდა შენგან კაცის გამოყვანა. შემეცოდე, მოხუცი დედის მეტი არავინ გყავდა.
გენერალი – სტყუი! იმიტომ მოხვედი, რომ გეგონა, ღირსეული მტერი არ გეყოლებოდა ჩემი სახით. მე კი ამას ვუცდიდი. მოგაჩვენე, თითქოს დაგნებდი. შეცდომაზე გიწვევდი. შენგან განსხვავებით ძალით მტრებს არ ვიჩენ და თუ ვინმე გადამემტერა, ბოლომდე ვიცი ბრძოლა.
ზურბა – ზურბა, შენ ხომ ზღვაში იხრჩობოდი და გადაგარჩინეს..? ის მოხუცი შენი ნამდვილი დედა არ ყოფილა. გადარჩენისას მისი შვილი დაიხრჩო. რა იცოდა იმ საცოდავმა ბიჭმა, რა სულის პატრონი გამოიყვანა სამშვიდობოს. …დედაშენმა მიამბო.
გენერალი – მართალია, ბოროტი სული ან არ კვდება, ან სულ ბოლოს კვდება.
ზურბა – ჩემთან ყარაული მოვიდა და ამბავი მომიყვა. მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე.
გენერალი – რომელი ამბავი?
ზურბა – ორი ქალი მოსულა შენთან. ერთ-ერთი ჯარისკაცის მშობელი დედა და და. დედა რომ შენთან შემოსულა, იმ გოგომ დრო იხელთა და ვ

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button