
NVIDIA-ს ხელმძღვანელმა 14 მაისის პრეზენტაციისთვის მსოფლიოში უმსხვილესი ვიდეო დაფა მოამზადა
იზოლაციის პერიოდში ბევრმა დაიწყო საკუთარი კულინარიული უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობა. მათ რიცხვს არ ჩამორჩა NVIDIA-ს დამფუძნებელი Jen-Hsun Huang, რომელმაც 14 მაისისთვის დაგეგმილ პრეზენტაციამდე საზოგადოებას აჩვენა პროდუქტი, რომელსაც ხუმრობით უწოდა „მსოფლიოში ყველაზე დიდი ვიდეო დაფა“, და იგი საკუთარი სამზარეულოს ღუმელიდან გამოიტანა.
როგორც წესი, აქამდე NVIDIA-ს პრეს-სამსახური დაგეგმილ ღონისძიებამდე ადრე იწყებდა სოციალურ ქსელებში საზოგადოების დაინტრიგებას სხვადასხვა რებუსით, თუმცა ამჯერად კომპანიის ხელმძღვანელმა სწორხაზოვნად იმოქმედა: 27 წამიან ვიდეორგოლში მან წარადგინა საკუთარი ღუმელიდან „მომზადებული“ ყველაზე დიდი ვიდეო დაფა. უზარმაზარი სერვერული სისტემა, რომელიც მას მოხერხებულად ეკავა დამჭერებით, განთავსებული იყო საკვების დასანაწევრებელ დაფაზე.

კადრებზე შეგვიძლია ვიხილოთ გაგრილების სისტემის რადიატორები, რომლებიც ნამდვილად ამშვენებს გრაფიკულ პროცესორებს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ NVIDIA-მ ცოტა ხნის წინ დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი „DGX A100“, ჩვენ წინაშე შესაძლოა იყოს გამომთვლელი სისტემა DGX-2-ის შთამომავალი, რომელშიც გამოყენებულია Volta გრაფიკული პროცესორები. განსხვავება ის გახლავთ, რომ DGX-2-ში მოცემულია 16 Volta გრაფიკული პროცესორი, DGX A100 კი შესაძლოა ახალი თაობის რვა გრაფიკული პროცესორით შემოიფარგლოს.
თავის ქმედებას Jen-Hsun Huang-მა დაურთო რეპლიკები – „გარკვეული პერიოდი მზადდებოდა“ და „მსურს რაღაც გაჩვენოთ“. ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაბამისი სერვერული სისტემა ახალი (Ampere) თაობის გრაფიკული პროცესორებით უახლოეს პერიოდში იქნება ოფიციალურად წარდგენილი.