წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) ამონარიდები #2
* * *
მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა არ რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც-კი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავის-დღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი არსებობს: შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა – რჯულის დაცვად. რჯული ჩვენი მამულის, ჩვენი ეროვნების ხმლად იქცა ზედმისევისათვის და ფარად ზედმოსეულთათვის.
* * *
წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა. და, აი, ათასხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა.
ქრისტიანობის მოფენა და დამკვიდრება თითონ ცალკედ, თავსითავად დიდი ღვაწლია, და რომ ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეგვკრა და გაგვამაგრა, რომ ქრისტიანობა გაგვიძღვა მამულისა და ეროვნების შერჩენისა და ხსნისათვის, ღვაწლი იგი გვიორკეცდება, გვიდიდდება, გვიძლიერდება. ეგ გაორკეცებული, ეგ განდიდებული ღვაწლი დაგვდო ჩვენ ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ნინომ. აი რით არის მართლა სადიდებელი, მართლა სადიდ-დღესასაწაულო იგი დღე, როდესაც ჩვენი ეკლესია დიდებით იხსენიებს ამ მოციქულთა-სწორს ქალწულსა. ამა ღვთაებურის მადლით მოსილმა მოციქულმა დაგვაწაფა დაუშრობელს წყაროს ღვთაებურის ჭეშმარიტებისას და მოგვივლინა იგი მოძღვრება, რომელმაც იშვილა ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება, და ერთსაც და მეორესაც უპატრონა დღემდე.
* * *
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენს ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს – სამართლიანის თავმომწონებით ვეძახით.
* * *
სარწმუნოებსი სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.
* * *
საქართველო, როცა-კი მოიცლიდა ხოლმე გარეშე მტერთა ზედმოსევისა და მოგერიებისაგან, მაშინვე შეუდგებოდა ხოლმე ქრისტეს აღსარების განმტკიცების და გაძლიერების საქმესა. როცა-კი ქვეყნის მდგომარეობა ნებას აძლევდა, ქართველნი, ცნობილნი სულიერის მოღვაწეობითა და აღრტყინებულნი ღვთის მოსაობით და სარწმუნოების გრძნობითა, გამოდიოდნენ გამავრცელებლად და მოსარჩლედ მართლმადიდებელის სარწმუნოებისა აღმოსავლეთში: მცირე აზია, სირია და თვითონ ბალკანეთის ნახევარკუნძული თვისდა ახლო მახლო კუნძულებითა დღესაც ჰმოწმობენ ქართველთა მოღვაწეობას სარწმუნოებისათვის. აქ ყველგან მრავალგვარი ნაშთია დღესაც უტყვ, მაგრამ უტყუარ მოწამედ იმისა, რომ გულმოდგინებას ქართველებისას სარწმუნოებისათვის შორსაც გაუდგამს ფეხი და ხელი გაუწვდენია. მონასტრები, ქართველთა ხარჯით და ფულით აშენებულნი, არა ერთი და ორი დღესაც ჰღაღადებს ათონის მთაზედ, სინაზდ, სირიაში, იერუსალიმის ახლო-მახლო, რომ ქართველთა თაგვამომეტებით და დიდის მხნეობით უღვაწნიათ თავის ქვეყნის გარეთაც სადიდებლად თვისის სარწმუნოებისა.
* * *
„ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“ – აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, – ამ სისრულის გზაზე, ვინ წამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, – აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.
* * *
ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო „პურითა ერთითა ცოცხალ არს“. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტების ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოდაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორის დიდის ტოტისა: ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, – გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსათვის მაინცა. ამიტომაც, ვინცა ჰჩივის და ჰღაღადებს სახოციელო პურისათვის, ის იმდენადვე, თუ არ მეტად, უნდა იღვწოდეს სასულიერო პურისათვისაც. ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმისათვის, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი.
* * *
ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს, ღმერთი ძლიერია… ყველას გულში, – ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, – ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს… რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის… ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.
* * *
ღმერთა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას – ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, – იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ – შენია, რაც არა – დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.
* * *
იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.
* * *
როცა… ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო… სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..
* * *
ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.
* * *
სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არი; სიყვარული ტანჯვაა; „ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა“ – ამბობს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისთვის. სადაც გამოერევა ადამიანის „მე“, იქ უთუოდ უნებლიედ წარმოსდგება მონებაცა ერთისა მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერს, იქ იქნება დესპოტობა, მონება და არა სრული ერთხმოვანი გარმონია ორთა თანასწორთა სულთა, რომელთა შეერთება შეიქმს ხოლმე ერთ დაკარგულს ერთარსებასა; უნდა დაივიწყო შენი „მე“ და შეერთდე იმის „მესთან“; მაშინ აღსრულდება მნიშვნელობაც სიყვარულისა, მაშინ გადაიშლება მთელი ზღვა ტანჯვისა…
* * *
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, –
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?
* * *
სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა,
სულგრძელობითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა
* * *
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.
* * *
არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.
* * *
საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით.