მარგო ჯაფარიძე – ჩარჩენილი
ცივა, ქარია, ისეთი ქარია, პლატოს ქარი მიმიქარავს. მცივა, მაგრამ მე რომ ადამიანი ვიყო, ახლა ვერაფერს უნდა ვგრძნობდე. მივდივარ სახლში და მერე? დედა, იცი, კიდევ ერთი გამოიცდა ჩამრჩა!
მერე კივილი, წივილი, რისთვის დადიხარ საერთოდ? რას სწავლობ, ან ფულს რისთვის ვიხდი. როდემდე უნდა გათრიოს მამაშენმა. დედა… დედა… ეჰ, ვიცი, დედა. არა, დამალვას აზრი არ აქვს, გამოვრიცხავ. ახლა ვერაფერს მოვიფიქრებ, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი. კაცი რომ დილის რვა საათზე ადგები, ფეხით წახვალ ნუცუბიძის პირველი პლატოდან მეორე პლატოს ასახვევამდე, იცდი, იცდი, ფიქრობ შენთვის სისულელეებზე. მერე აზრზე მოხვალ: ნეტა, რატო იგვიანებს მეგობარი ამდენ ხანს? ერთი ათი წუთი ლექციების ცხრილს იხსენებ და ბრახ, აღმოაჩენ, რომ ერთი საათით ადრე მიხვედი გაჩერებაზე. პარკში წელავ დროს და რომელი საათია ისიც კი არ იცი, იმიტომ რომ წუხელ მობილური დამტენზე შეაერთე, მაგრამ დილას აღმოაჩინე, რომ დამტენი გაფუჭებულა. მოკლედ, ყველანაირად დაშლილ-მიშლილ-მიუბედურებული ვარ. იმედი მაქვს ამ ათ დღეში რამეს მოვიფიქრებ.
ვფიქრობდი წუხელ და რაღაც იდეა მომივიდა, აღვფრთოვანდი, მაგრამ ხომ იცით, ძილის წინ მოსულ გენიალურ იდეებს რა ბედი ეწევათ ხოლმე: გაიღვიძებ დილას და შენი თავის გიკვირს, ასეთი სისულელე საიდან მოგაფიქრდა, რამხელა სირცხვილია იმის ხმამაღლა წაკითხვა და ასე შემდეგ. არადა, ვერ ვიტან ღარიბ CV-ს, ასეთსავე ღარიბ და არაფრისმთქმელ მომავალს რომ გიწინასწარმეტყველებს. ჰოდა, ისევ ჩემი “ცხოვრების გზაზე”(curriculum vita) გავაგრძელებ მოყოლას.
ფეხების კანკალით ავიარე სადარბაზო. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, ხმა როგორ უნდა ამომეღო. სავარძელში ჩავეშვი თუ არა, ცნობისმოყვარე თვალები შემომეფეთა. ავილეწე და გადვწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, არ “დავმწვარიყავი”. სიტყვები თავისით მოვიდა: დე, რაღაც შეუძლოდ ვარ, უნივერსიტეტში ცუდად გავხდი. ბავშვებმა სასწრაფო გამოიძახეს, გამსინჯეს, ესაო-ისაო, ბრმა ნაწლავის პრობლემებიო, თავს მიხედე, რაღაც ანალიზებიო და კარგ ექიმთან მიდიო. აქვს კი აზრი, იმის გადმოცემას, რას გრძნობდა იმ წუთში დედაჩემი?! ხუთი ღამე მესმოდა ფეხის ხმა, ნელ-ნელა რომ მიახლოვდებოდა საწოლთან და მერე ისევ მშორდებოდა.
მეხუთე დღეს ჩემი ანალიზები პატრონს ელოდა კლინიკაში. გადავწყვიტე, მარტო წავსულიყავი. მცირეოდენი წინააღმდეგობა და დავითანხმე. ცხადია, ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. დრო ვიხელთე და წერა დავიწყე: მოვყევი ჩემი ერთი ფსიქოლოგიის ლექცია, სადაც ლექტორი გვიყვებოდა კონტრასტის ეფექტზე თუ რაღაც მსგავსზე, ანუ როგორ ავიცილოთ თავიდან მძიმე რეაქცია უარყოფით ამბებზე. აღვწერე ერთი სტუდენტის წერილიც, რომელიც ჩემნაირ სიტუაციაში აღმოჩნდა და ახლა მისი ხერხი ვისესხე. მოკლედ, წერილში ვუთხარი ჩემი გამოგონილი ავადმყოფობით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყნად უარესებიც ხდება, ვიდრე ჩემი ერთი კვირის წინ ჩარჩენილი გამოცდაა-მეთქი.
მაგიდაზე დავდე. ავდექი და ქუჩაში გამოვედი. ფეხსაცმლის ძირებზე თოვლი ამეკრა: თითებს ვეღარ ვგრძნობდი. უკაცრიელ ქუჩაში მხოლოდ ჩემს ორთქლიან სუნთქვას ვხედავდი. ნახევრად გამდნარ თოვლს ფეხებში ტემპით გაჰქონდა ტყლაშატყლუში. თან თვითკამყოფილი იდიოტის ღიმილს ტუჩებიდან ვერ ვიშორებდი. ვიცოდი, რომ ერთ საათში კარს გამიღებდა და ღიმილს ვერც ის მოიშორებდა. უცებ ფეხი დამიცურდა და ტალახიან თოვლში გავიშხლართე: უუფს! სიცივისგან გრძნობადაკარგული ჩემს ცხოვრებაში პირველად მხოლოდ სიცოცხლის უძლიერეს სიყვარულს ვგრძნობდი.