ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ნინო ჯიბლაძე – კალეიდოსკოპი

სულ რაღაც ორი საათი იყო დარჩენილი… ტელეფონი ჯერ კიდევ ხელში მეჭირა, ხელი მიკანკალებდა, თუ მთლიანად ვკანკალებდი, არ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ არ ვიცოდი საიდან დამეწყო… ჯერ სააბაზანოში შევედი და შხაპი გადავივლე. მერე ხალათი მოვიცვი და სარკესთან დავჯექი. ჩემი სახე რომ დავინახე, შიშის გრძნობამ შემიპყრო… ფერი მქონდა ოდნავ შეცვლილი, წარბები არეული, ტუჩები ერთმანეთზე შეწებებული. ვნერვიულობდი…
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს მთელი ჩვიდმეტი წელი ველოდი, ვგეგმავდი, ვოცნებობდი _ ამ წუთას არაფრის თავი არ მქონდა. მთელი ჩემი ენერგია თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ შთანთქა და ასე დაცლილი დამტოვა… ალბათ ესეც ჩემს გამოსაცდელად ხდებოდა, ალბათ ახლა დადგა ის დღე, როდესაც ხუთიანი უნდა მიმეღო (ახალი სტანდარტებით ათიანი). მაგრამ, როგორც ყველა გამოცდის წინ, ახლაც მინდა აქაურმა ცივმა და აუტანელმა ქარმა დამიბეროს და ამ ოთახიდან სადმე შორს გამაქროლოს…
გარეთ ცივა, ქარია და მგონი თოვს, თუ წვიმს. აქედან კარგად არ ჩანს. ვიცი, რომ მზე არ ანათებს. ამ ქალაქში ნეტავ ოდესმე თუ ანათებს მზე? რა ძნელია ასეთ ცივ და მიუკარებელ ბუნებასთან შეთვისება… სულ რაღაც საათი და ორმოცი წუთი დამრჩა. ნუთუ შიში მომერევა და უკან დავიხევ? რა სისულელეებზე ვფიქრობ… რა თქმა უნდა ავალ, აქვე, მეათე სართულზე ბარია, იქაც იგივე ხედია, რაც, ჩემი ოთახიდან, იგივე მდინარე ჩანს, უცნაურად ნაცრისფერი, ისეთი მიუწვდომელი მდინარე, გეგონება ამ ქალაქში საერთოდ არც მოედინება… ხიდამდე ამოსული, მდორე წყალი, მდინარე, რომელსაც იგივე სახელი ჰქვია, რაც ამ გაყინულ ქალაქს. სად არის ჩემი კაბა? ახლა ის ვიცი დანამდვილებით, რომ კაბა უნდა ჩავიცვა და ლამაზი ვიყო, ისეთი ლამაზი, როგორიც არასდროს ვყოფილვარ, ისეთი _ როგორსაც ამდენი წელი ვგეგმავდი. და ვიქნები კიდეც! ეს დღე ყველაზე ლამაზი იქნება ჩემს ცხოვრებაში, ის სამუდამოდ შემცვლის, შეცვლის ჩემს ყოველდღიურობას, ჩემს ბედს…
კაბა ჩავიცვი, ფეხსაცმელი შევუხამე, თმა ჩამოვიშალე და ისევ სარკესთან დავჯექი… სახეზე თითქოს იმაზე მეტი ნაოჭი აღმოვაჩინე, ვიდრე აქ ჩამოსვლამდე მქონდა. წვრილი, ნაზი ხაზები, რომლებიც ნაზად და შეპარვით, შენს განვლილ ცხოვრებას გახსენებენ.
ნეტავ თვითონ როგორ ემზადება? ალბათ ჩემსავით შხაპი გადაივლო, კარადასთან დგას და ფიქრობს რა ჩაიცვას. ვიცი, უნდა თავი მომაწონოს, არადა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურება, მთავარია, რომ იმავე ჰაერით სუნთქავს, რომლითაც მე, იმავე ცას უყურებს, რომელსაც მე… და ალბათ მის სახლთანაც ეს ცივი მდინარე მიედინება. მისთვისაც ჩვიდმეტი წელია გასული, და ახლა ჩემთან წამოსასვლელად ემზადება.
წამწამებზე ტუში წავისვი, სულ ეს იყო ჩემი მაკიაჟი. ტუჩები ისევ დაწებებული მქონდა, წყალი მოვსვი, სიგარეტი არ მქონდა, ქვემოთ ჩასვლას ვეღარ მოვასწრებდი, უკვე ერთი საათი იყო დარჩენილი.
საწოლზე მივწექი, ვიცოდი კაბა დამეჭმუჭნებოდა, მაგრამ არ მენაღვლებოდა, ტანსაცმელს ვერაფრით გავიხდიდი. ნეტავ რისი ბრალი იყო, ასე რომ დავმძიმდი, დავიქანცე და გულზე ლოდი დამაწვა.
საწოლიდან წამოვდექი და გონზე მოსასვლელად, აივანზე გავედი. არაფერი ჩანდა, შიგადაშიგ ვარსკვლავებიც იყო, მთვარეც, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი სტატიკაში ჩაყინულიყო, შემოძარცვული ხეები აქა-იქ ირხეოდა, თვალები დავხუჭე და კედელს მივეყრდენი, ათასნაირი აზრები მიტრიალებდა. თავი ისევ თვითმფრინავში მეგონა, გუშინდელი დილა მახსენდებოდა, _ როგორ მეშინოდა დაფრენის, სრულიად უცხო ქალაქში, სადაც ფეხი არასოდეს დამიდგამს. მახსოვს, აეროპორტშივე მივხვდი, რომ ეს ცივი და უკიდეგანო ქალაქი, ჩემი არ იყო. სანამ სასტუმროში მივიდოდი, ტაქსის ფანჯრიდან რისი დანახვაც მოვასწარი, იმან დამარწმუნა, რომ სრულიად უცხო გარემოში მოვხვდი. სიცივე ამ ქალაქში ყველგან და ყველაფერში აღწევდა და შინაგანად გაყინულს და შეშინებულს, კიდევ უფრო მეტად მაგრძნობინებდა უცხოობას.
დღისით ვისეირნე კიდეც, მაგრამ ამ ქალაქის მიმართ განწყობა არ შემცვლია, ისევ ისე არ მომწონს, როგორც გუშინ დილას, აეროპორტიდან რომ მოვდიოდი. არ ჰგავს არც ერთ ჩემს საყვარელ ქალაქს, არც რომს, არც მადრიდს, თითქოს ნიუ-იორკს ჰგავს რაღაცით, ალბათ სიდიდით, ან დაკარგულობის შეგრძნებით, რომელიც თავიდანვე გეუფლება ნიუ-იორკში ჩასულს, მაგრამ მალევე ეჩვევი, და ისე გიყვარდება, როგორც ის ქალაქი, სადაც დაიბადე და გაიზარდე.
დავიკარგე, გავიყინე, სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ყველგან თბილი და ოქროსფერი მზე ანათებს. გუშინ დილას რომ ჩამოვფრინდი, ცრიდა და ცივი ქარი ქროდა, ამ სიცივეში იყო რაღაც შეურაცხმყოფელი, რაღაც ძალიან შორეული და უცხო… ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მოდურ კაფეშიც შევედი, მარტო, დიდხანს ვერც იქ გავჩერდი. სახლში გაყინული დავბრუნდი. იქამდე სანამ დავრეკავდი, დრო ვერაფრით გავიყვანე. დიდხანს ვფიქრობდი ჩემს თავზე, როგორ უნდა მეცხოვრა ამ უზარმაზარ, უცხო ქალაქში, პასუხი არ ჩანდა, ამაზე ფიქრიც კი მზარავდა. როგორ აღმოვჩნდით ასეთი განსხვავებული ადამიანები? როგორ გაძლო ამ უკიდეგანო და უსაზღვროდ გაყინულ, ნაცრისფერ ქალაქში? კითხვები არ მასვენებდა, ამიტომაც ავდექი და მისი ნომერი ავკრიფე…
– ალო, მე ვარ – სულ ეს იყო რისი თქმაც მოვახერხე.
– ჰო, გისმენ, ჩამოხვედი? აქა ხარ?
– ჰო, ჩამოვედი, და აქა ვარ, სასტუმრო „ჰაიათში“.
– მერე, როგორა ხარ? ხომ კარგადაა ყველაფერი?
– კი, თითქოს ყველაფერი კარგადაა! შენ როდის მოხვალ?
– სად?
– სასტუმროში.
– ექვსისთვის შევხვდეთ.
– აქ ამოხვალ, ჩემს ოთახში?
– არა, მოდი ექვსზე ზემოთ ბარში ამოვალ, მეათე სართულზე.
– კარგი, გელოდები – ტელეფონი გაითიშა, – საყვარელო… ჩავილაპარაკე ჩემთვის.
ვიგრძენი, რომ აივანზე გავითოშე. უცებ გამოვფხიზლდი, სულ ვკანკალებდი, ქარმა ყურები მომიყინა, ფიქრებმა შორს წამიღო და ვერ მივხვდი, როგორ გავიდა დრო. ოთახში რომ შემოვბრუნდი, უკვე ექვსს ათი წუთი აკლდა…

ბავშვობა

ბავშვობაზე როცა ვფიქრობ, ვიძაბები ხოლმე… თითქოს, არც მახსოვს ვიყავი თუ არა ოდესმე ბავშვი? რაც მეტს ვფიქრობ, უფრო მეეჭვება, იყო კი ოდესმე? ყველაზე ხანმოკლე ეტაპი (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის) გრძელ სიზმარში, თავისი პერსონაჟებით, ადგილებით. ბავშვობა, ჩემი ყველაზე ადრეული მოგონებაა, ალბათ მანამდეც იყო რაღაც, არ შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ ეგ უკვე აღარ მახსოვს, იმის ნიჭი არავის მისცა ღმერთმა, იქამდე რაც იყო _ ის ახსოვდეს. ბავშვობა რომ სიზმარი იყო, მაგას ბევრი ფიქრი არ უნდა, – დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ბაბუა ნანახი მყავს. ორი წლის ვყოფილვარ, რომ გარდაიცვალა, არადა,სიზმარივით, ერთი კადრი მიტრიალებს თვალწინ, როცა ბაბუას სახელს ახსენებენ – მე ვწევარ ბადეებიან საწოლში, (პატარა რომ ვიყავი, ბადეებით შემოფარგლული ნიკელის საწოლი მქონდა), წინ ბაბუა მიზის, ხელში ჩემი ყვითელი „დონალდი“ უჭირავს, _ ხან მომაწვდის _ ხან წამართმევს და, ისევ მომაწვდის. ამას ვყვები და ყველას ეცინება – `ბაბუ რომ ცოცხალი იყო, მაშინ არც „დონალდი“ გყავდა და არც ბადეებიანი საწოლი გქონდაო. ბაბუ რომ გარდაიცვალა, მერე გაჩუქეს ყვითელი „დონალდი“ და ნიკელის საწოლშიც მერე იწექი, ქეთუნა (ჩემი დეიდაშვილი), რომ გაიზარდა და შიგნით ვეღარ ეტეოდაო!” არადა, ბაბუ ნანახი მყავს, ყავისფერ-თეთრ ზოლიან პიჟამოში, მიზის გვერდში და „დონალდით“ მეთამაშება. რაც უნდა თქვან, მე მაინც ვიცნობდი ბაბუას.
თავიდანვე ვთქვი, ვიძაბები ბავშვობას რომ ვიხსენებ-მეთქი, – კიდევ ერთი კადრი მაქვს პატარაობიდან ჩაბეჭდილი გონებაში და ვერაფრით ამომიშლია. ვითომ, მე და ჩემი ნათლიის შვილი, არწივით დავფრინავდით ჩემი ქუჩის თავზე, ხან ტრამვაის ჩავუფრინეთ, ხან დიდი ალვის ხის კენწეროს, ბოლოს კი მთაწმინდაზე, მოედანზე დავეშვით, არწივიდან გადმოვხტი და ბებოსთან ჩავირბინე. მივრბოდი და თან ვყვიროდი, – ბებოოოო, არწივზე ვიჯექით მე და გიაააა! – ამ კადრის შესახებ არავისთვის მომიყოლია, მაგრამ ოდესღაც, ნამდვილად იყო. გიას `კლეჩატი” პერანგი და `ვრანგლერები” ეცვა. ამ კადრს არ ვყვებოდი სახლში, ვიცოდი გიჟად ჩამთვლიდნენ, და ალბათ მართალნიც იქნებოდნენ. ეს სურათები ჩემს გონებაში, ფილმივით ჩაბეჭდილია და ყველაფერი, სწორედ იქიდან დაიწყო, საიდანაც ეს კადრები მოდის. პატარა იტალიური ეზოდან, ბებიას სახლიდან, რომელიც მთაწმინდის, ერთ-ერთი ვიწრო ქუჩის ბოლოს იდგა…
პატარა რომ ვიყავი, დედამ თავთან, სამი პაწია ოქროსფერი ანგელოზი დამიკიდა, დღემდე თან დამყავს ჩემი ანგელოზები, ბავშვობაში, თუ რომელიმე ჩემი სურვილი ამისრულდებოდა _ ანგელოზები მეხმარებოდნენ, ბავშვურად ვთხოვდი, ღამით ჯადოსნურ სურვილებს ვეჩურჩულებოდი _ ჩემი ბავშვური ღამეების ანგელოზებს…
ბებომ ბაღში არ მიმიყვანა. სახლში თვითონ იყო ჩემი ბაღის მასწავლებელი. დილიდან ღამემდე ბებო იყო ჩემი ერთადერთი და განუყრელი მეგობარი, იქამდე, სანამ…
ერთხელ მამამ უზარმაზარი შუშის ქილა მოიტანა და დიდ ოთახში ფანჯრის რაფაზე დადგა. შიგნით სხვადასხვა ფერის ქვები ჩაალაგა და პატარა კენჭები ჩაყარა. მერე კი, რაღაც მილი და ცელოფანის პარკში მოცურავე ხუთი თევზი ჩაუშვა – ორი ოქროსფერი და სამი წითელი. მათთვის საჭმელიც დამიტოვა, დამიბარა, _ დღეში სამჯერ აჭამე, მიიჩვიე და გიყვარდესო! – თევზების პატრონს სხვა ყველაფერი დამავიწყდა. ჩემი პატარა გონება და დიდი დრო მთლიანად თევზებმა მოიცვა. თევზებს შუშის გარედან ვეფერებოდი, პატარა თითებს აკვარიუმს ვაყოლებდი და რაღაცეებს ველაპარაკებოდი. დილას გაღვიძებაც მაგიტომ მიხაროდა – ვიცოდი, თევზები მიყვარდა, იმათაც ვუყვარდი და მელოდნენ…
ერთ დილას გავიღვიძე, ბებო თავთან მეჯდა, მითხრა მამამ თევზები უკან წაიყვანაო. დიდ ოთახში გამოვვარდი, ფანჯარა ცარიელი იყო, აღარც აკვარიუმი, აღარც თევზები… დღემდე არ ვიცი, რატომ გამიქრო მამამ თავისი მოყვანილი თევზები, არც არასოდეს მიკითხავს… ბებოს ჩავეხუტე და სლუკუნი დავიწყე… მერე დედამ და მამამ პარკში წამიყვანეს სასეირნოდ, თითქოს გულის გადასაყოლებლად. სახლში დაბრუნებულმა კი უარესად მოვიწყინე, თავი მარტო ვიგრძენი… თოჯინას ვახვევდი, ბებო ვერ შევნიშნე და ასე, უეცრად, ჯუღუს ვთხოვე, თოჯინა დაეჭირა.მანაც ხელი გამომიწოდა, გამომართვა და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა…
_ ჯუღუ, დაიკავე პატარა გოგო, მე ჰამაკს გავჭიმავ და ჩავაწვინოთ – ვეუბნები ჯუღუს.
ჯუღუც ანგელოზებს ვთხოვე, მარტო ვიყავი, და… გამიჩინეს… ჯუღუ ბებოს და თევზების შემდეგ, ჩემი პირველი მეგობარი იყო, სადამდეც მიწვდებოდა ჩემი გონება, იქამდე ვფანტაზიორობდი.
_ ბავშვი ტირის, მოდი აქ, სად დადიხარ, გამაგიჟებ შენ, – მეუბნება ჯუღუ.
_ ჯუღუ, წამოდი ყვავილები დავკრიფოთ, ჯუღუ, წამოდი ციგებით ვისრიალოთ, ჯუღუ, მოდი ბურატინოს ვუყუროთ ერთად, გამოგიშვებენ? ბებომ ვაშლის `პეროგი” გამოგვიცხო.
_ დღეს წვიმს, ალბათ არ გამომიშვებენ!
ასე გადიოდა დღეები და ალბათ თვეებიც, ჯუღუს გვერდიდან არ ვიშორებდი, მასაც ახარებდა ჩემთან მეგობრობა. მისთვისაც ხომ მე ვიყავი პირველი მეგობარი.
ერთხელ, ჯუღუსთან ერთად სამზარეულოში შევიპარე, და უფროსების ლაპარაკს მივაყურადე. ანერვიულებული ბებო, დედაჩემის მეგობარს ეუბნებოდა:
_ ძალიან მადარდებს ბავშვი, სულელივით სულ თავისთვის ლაპარაკობს, ხელგაშვერილი დადის, თითქოს ვიღაცაზე უკიდია ხელი. ღამე ძილის წინ საწოლთან ჩამოჯდება და უმღერის ვიღაცას _ `დაიძინე, ჩემო პატარა ჯუღუ-ო”, ჯუღუ-ჯუღუ, გადამრია უკვე.
_ იქნებ ექიმთან წავიყვანოთ, ფსიქოლოგთან, რას იტყვი? – ჩაერია საუბარში ჩემი ნათლია.
_ ჩემი გოგო, ჯანმრთელი ბავშვია, ჯუღუ მოიგონა, ალბათ მარტო გრძნობდა თავს, გაუვლის, არაფერია, – თქვა დედამ, გადმომხედა და თვალი ჩამიკრა. იცოდა, რომ იქ ვიყავი. ჯუღუს გავხედე, თვალებში ცრემლები დაგუბებოდა. ხელი მოვუჭირე და გავამხნევე – `უფროსებს ყურს ნუ უგდებ, ჩვენი არ ესმით-მეთქი”, მაგრამ ჯუღუ ძალიან მოწყენილი ჩანდა, ვერაფრით მოვახერხე მისი შემორიგება…
მალე სკოლაში შევდიოდი, ვიცოდი, ჯუღუსაც უნდა დაეწყო სწავლა, მერე ერთმანეთს ისე ხშირად ვეღარ შევხვდებოდით. მეორე დილას, ჯუღუ რომ მოვიდა, ბებოს გამომცხვარი ნამცხვრით გავუმასპინძლდი, არ ჭამა (როგორც ყოველთვის, ნამცხვარი, ამ დღესაც ხელუხლებლად იდო ჯუღუს თეფშზე), წვიმდა… გარეთ ცუდი ამინდი იყო, მივხვდი, რომ ჯუღუ მალე უნდა წასულიყო სადღაც, ჩემგან შორს, მე თვითონ უნდა გამეშვა. ჯუღუ `გორკაზე” წავიყვანე, ხელი მეკიდა, მე, ბებო და ჯუღუ მივდიოდით, როცა მივედით, ბებოს გავენთავისუფლე, მოშორებით, კუთხის სკამზე ჩამოვჯექი და დავიწყე:
_ ჯუღუ, ჩვენ ერთად ვეღარ ვითამაშებთ, ვეღარც „გორკაზე“ ამოვალთ ერთად… უნდა წახვიდე…
_ ვიცი, აღარ მოვალ შენთან, შენ კი, თუ მოგენატრები, იცოდე _ მე შენი მფარველი ანგელოზი ვიქნები ყოველთვის, და სულ გიყურებ …
_ არ გამებუტები?
_ არა, მოდი ჩაგეხუტო, წადი, ბებო გელოდება, მე კი აქ დავრჩები და მერე წავალ… ბედნიერი იყავი…
დავინახე როგორ მიდიოდა ჯუღუ, წვიმაში მარტო… ბებოს თავი კალთაში ჩავუდე და გავიბუტე. სახლში რომ მივედი სიცხე მქონდა, ბებომ დედას და მამას დაურეკა, დედას მოვუყევი ჯუღუსთან განშორების ამბავი და ცოტა შემიმსუბუქდა ტკივილი. კარგად რომ გავხდი, აბასთუმანში წავედით, იქ ბევრი ბავშვები იყვნენ, ერთად ვთამაშობდით და ჯუღუც მივივიწყე… ისე მივივიწყე, როგორც დიდი გოგო ივიწყებს ტკბილ სიყვარულს _ მაშინვე, როცა ახალი ტკბილი სიყვარული მოდის. ახლა ვხვდები, ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ ჯუღუსთან განსაშორებლად დიდი ქალივით წავედი, ისიც კი მახსოვს რამდენი ხანი ვტრიალებდი სარკის წინ, მინდოდა ჯუღუს მოვწონებოდი და ისე წასულიყო, _ ჩემზე მეტად დასწყვეტოდა გული ჩვენი განშორების გამო… ყველა გოგო ბავშვობიდანვე პატარა ქალად იბადება, პატარა ამბები კი დიდ ამბებად იქცევა, ჯუღუსნაირ მეგობარს, მეზობლის ბიჭი ცვლის, მეზობელს_ კლასელი, კლასელს_ უფროსკლასელი და ასე, როგორც რუსები იტყვიან, `пошло – поехало!” მერე კი, ყველაფერი მეორდება, ცხოვრების ყველა ეტაპი ერთმანეთს ჰგავს, უბრალოდ ადამიანები, ადგილები, და ხანდახან მუსიკა იცვლება… დანარჩენი კი ბრუნავს… ყველაზე საინტერესო ურთიერთობები, რომლებიც არასოდეს მთავრდება!
აბასთუმნიდან დავბრუნდი, მანქანიდან გადმოვფრინდი და მახსოვს, ბებოსთან ჩასახუტებლად გავიქეცი, მაგრამ ჩემს ჩიხში, დათვივით უზარმაზარი ძაღლი დამხვდა, ისე შემეშინდა, იქვე, კედელთან, გავშეშდი.
_ ნუ გეშინია, _ გამოდი აქეთ, შე მსუქანო შენა, გამოიწიე, გაატარე პატარა გოგო, შეაშინე არა? მოდი, აქედან გაიარე, – მომმართა ძაღლის უკან მდგომმა, პატარა ბიჭმა.
_ მეშინიააა, მამაააა – ამოვიხავლე შიშისგან გულგახეთქილმა.
_ ნუ გეშინია, ბანზაი არ იკბინება, იცი, რა კეთილია.
_ მეშინიაააა – არ ვცხრებოდი მე.
_ მოდი აქ, მომე ხელი, ბანზაი გაეთრიე აქედან, პატარა ბავშვს რომ აშინებ, რა გგონია, მოდი გოგონა, მომეცი ხელი, – ხელი გავუწოდე და ეზოში შემიყვანა. ჩვენს აივანზე ბებო რომ დავინახე, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
_ ბებო, იქ ბანზაია, დიდი ძაღლი, დათვს ჰგავს.
_ ჰო, ბებო, ახალი მეზობლები არიან, აქ გადმოვიდნენ ამ ზაფხულს, სვეტას სახლში.
_ სვეტა სად წავიდა?
_ სვეტა ლვოვში _ თავის ბიჭთან. შენ გენაცვალოს ბებო, როგორ მომენატრა ჩემი პატარა, სულელი გოგო.
აბასთუმნიდან დაბრუნებულს, სახლში მუდამ სიახლეები მეჩვენებოდა ხოლმე, მე და ბებო მთელი საღამო ფანჯრის რაფაზე ვისხედით და ქუჩას გავყურებდით, ბებო ქუჩის ამბებს მიამბობდა, მე კი სულ იმაზე მინდოდა ლაპარაკი, რომ ორ-სამ დღეში სკოლაში მივდიოდი, ფორმა ათჯერ მაინც გადმოვიღე, ვიზომებდი, ჩანთას ამოვალაგებდი, ჩავალაგებდი, გულიც სხვანაირად, ბავშვურად მიცემდა. ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, უცებ ის ახალი მეზობლის ბიჭი დავინახე, ძაღლს ექაჩებოდა, ჭიშკარში შეჰყავდა, ძლივს შეათრია, გამოვიდა, ჩემი ფანჯრის ქვეშ დადგა და რაღაც მანიშნა. აი, კიდევ ერთი კადრი – ახალი ბიჭი, ჩემი ფანჯრის ქვეშ დგას, მოკლე ლურჯ შორტებში და ცისფერ მაისურში, ცერა თითი ცისკენ აუშვერია და რაღაცას მანიშნებს. დღემდე არ ვიცი რა მაჩვენა, ალბათ ის, რომ ბანზაი კარგი ძაღლია და ნუ გეშინიაო, არ ვიცი, მაგრამ კადრი ჩაიბეჭდა, _ დგას და მანიშნებს, რომ კარგად არის საქმეო. ბებომ შემომხედა და საწოლში ჩაწოლის დროაო, მითხრა.

* * *

ჩემს ფანჯრებსა და სვეტას ძველ სახლს შორის, ჭერმის ხე იდგა, ალექსი ბიძიამ ხის სკამი გამიკეთა, ისე ვუყვარდი, სულ ცდილობდა რამით გავეხარებინე. მერე აკვანიც გამიკეთა თოჯინებისთვის. ჩემი სკამი, ახალ ბიჭს უკვე აეთვისებინა. მეორე დღეს – საღამო ხანს, ქუჩაში რომ გავედი, იქ იჯდა და პატარა დანით რაღაცას თლიდა, მეც მივედი და იქვე ჩამოვჯექი, მინდოდა მეთქვა, რომ პირველად, ეს ჩემი სკამი იყო, – მაგრამ ის სერიოზული სახით იჯდა და რაღაცის თლას არ ეშვებოდა.
_ მე ნინუნა მქვია, ნინო მქვია და ბებო ნინუნას მეძახის!
_ მე ნიკო მქვია, ბაბუაჩემის სახელი.
_ ნიკო? მართლა ბაბუის სახელს ჰგავს, რატომ დაგარქვეს ასეთი მოხუცი სახელი? _ გამეცინა მე. ნიკომ პასუხი არ გამცა. გასართობი ვერაფერი რომ ვერ მოვნახე, ქუჩა მივათვალიერ-მოვათვალიერე და მოსიარულე მაღაზია შევნიშნე. _ მოსიარულე მაღაზია მოდიის! – დავიყვირე ხმამაღლა და ნიკოს ყურადღებაც, როგორც იქნა მივიქციე.
_ ვიინ?
_ ვინ და გიჟი იგორა. არ იცნობ?
_ არა, საცოდავი, გიჟია?
_ ჰო, ბავშვები მოსიარულე მაღაზიას ვეძახით, ახლა ნახავ, _ შევპირდი ნიკოს.
გიჟ იგორასთან მივირბინე, ვთხოვე წამომყოლოდა და თავისი “დოვლათი” ეჩვენებინა. იგორაც ბატიფეხური ნაბიჯებით, უკან გამომყვა. ის, ჩვენი უბნის კოლორიტი იყო, ასე დადიოდა პატარ-პატარა ქუჩებში და ყველა ოჯახიდან გადასაყრელ ნივთებს აგროვებდა, მერე ტანზე აისხამდა, ან ხელში დაიჭერდა ძველმანებს და აქეთ-იქით დაატარებდა. ჩვენ ხან მოსიარულე მაღაზიას ვეძახდით, ხან კი, გიჟ იგორას. მაღალი, წითური კაცი იყო, ზამთარ-ზაფხულ ერთი ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა და არასოდეს არც სციოდა, არც სცხელოდა. ამბობდნენ გიჟები სიცივეს და სიცხეს ვერ გრძნობენო – დღემდე არ ვიცი, მართლა ასეა თუ არა. ხანდახან ბებო იგორას აივანზე შემოიპატიჟებდა, დასვამდა და საჭმელს გამოუტანდა. რაც მორჩებოდა, გაუხვევდა და გაატანდა. აი მაშინ კი ვიხელთებდი დროს და მთელ მის ბარგი-ბარხანას ყირაზე დავაყენებდი. იგორა წავიდოდა თუ არა, ბებო აბაზანაში ჩამსვამდა და კარგად გამქაფავდა. იგორას თანდასწრებით კი არასოდეს მომცემდა შენიშვნას.
_ ნიკო, ეს იგორაა, ჩვენი მოსიარულე მაღაზია. თუ რამე მოგეწონება, შეგიძლია იყიდო, – შევთავაზე ნიკოს. ნიკო უცნაურად მისჩერებოდა იგორას, რომელიც მომღიმარე სახით თავისი აჩონჩხლილი კოვზების, მაგნიტების, გასაღებების, სუნამოს ცარიელი ბოთლების და უამრავი წვრილმანის დემონსტრირებას ახდენდა.
_ ესა ნახე, ბებოს გოგო, მოდი ესა ნახე, რა თოჯინის კაბა მაქვს შენთვის – თხუთმეტი კაპიკია სხვა ბავშვებისთვის, შენთვის ათია, ჰა, იყიდი?
_ არ მინდა იგორა, ჩემს თოჯინას აქვს კაბები.
_ მაშინ აი ნახე, რა განახო, ეს `ბროშკაა”, სულ ბრილიანტისაა, ანაიდა ბებო იცი, ზემოთ სომხების ეზოდან, ჰოდა იმან გამომატანა გაყიდეო, იყიდი?
_ ნიკო, შეხედე რა ბრილიანტის „ბროშკაა“?
_ მერე რა, ბრილიანტის „ბროშკები“ რაში მაინტერესებს, – მკვახედ მიპასუხა ნიკომ – თქვენ, შემთხვევით რამე თვითმფრინავის ნაწილი ხომ არ გექნებათ? – ჰკითხა მოულოდნელად ნიკომ.
_ თვითმფრინავი _ это что? ზემოთ როა? ცაში რო დაფრინავს, ბავშვო? მაგის ნაწილი არა მაქვს – იგორა დაფიქრდა, – წავალ ერთი რამეს მოგიძებნი. ვინმე ლიოტჩიკს ექნება.
_ ჰო, რამე თუ ნახე მოიტანე – დაავალა ნიკომ, იგორამ თავისი პაჭა-პუჭები აკრიფა და გზას გაუყვა.
_ მოგეწონა მოსიარულე მაღაზია?
_ ისე რა, რა ვიცი, ცოდოა, – თქვა ნიკომ.
_ ცოდო რატოა, არც სცივა და არც სცხელაო – ასე ამბობენ ჩვენს ქუჩაზე.
_ ჰო, შეიძლება, მაგრამ თუ გიჟია მეცოდება. შენ, თვითმფრინავები გიყვარს?
_ რატომ უნდა მიყვარდეს?
_ მე მიყვარს, აი, ახლა თვითმფრინავს ვთლი და თუ გინდა, რომ გამოვთლი, გაჩუქებ.
_ კაი, – არ ვიცოდი რად მინდოდა თვითმფრინავი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. _ თვითმფრინავები როგორ დაფრინავენ ცაში?
_ შიგ კაცი ზის და ის მართავს.
_ ნიკო, ღრუბლების ზემოთ რა არის?
_ ღრუბლების ზემოთ _ ცა არის.
_ და თვითმფრინავები სადაც დაფრინავენ, ღრუბლებში, რომ დაიკარგონ?
_ თვითმფრინავები ცაში დაფრინავენ, ღრუბლების ზემოთ.
_ ცაში გზებია?
_ ჰო, გზებია.
_ შენ ვინ გითხრა?
_ ბაბუამ.
_ ბაბუაშენმა რა იცის, აი ჩემს ეზოში ჯონდიკოს მამა ცხოვრობს, ნოდარი ბიძია, და იმან იცის. თვითმფრინავებს ატარებს მოსკოვში.
_ რას სულელობ, პილოტია შენი მეზობელი?
_ პილოტი რაღაა?
_ პილოტი ის კაცია, ვინც თვითმფრინავებს ატარებს.
_ ჰო, ესე იგი, ნოდარი ბიძია პილოტია, ყველაფრის ტარება იცის, ტროლეიბუსისაც. ნიკო, პილოტს არ ეშინია?
_ არა, ძალიან უშიშარია, ეეეე, რისი ეშინია კაი რა, თვითმფრინავს ატარებს, ყველაზე მაგარია. მე რომ გავიზრდები პილოტი ვიქნები და თუ მოგინდება გაფრენ.
_ არ მომინდება, შენ გზები არ იცი.
ვიცი, იქ ხედავ წინ, პატარა ტელევიზორში, ბაბუამ მომიყვა, სულ დაფრინავს აქეთ-იქით.
ნიკო და ის ხალხი ვინც თვითმფრინავში ზის, აქ, მე და შენ გვხედავენ?
არა, პატარა შტერო, იქიდან როგორ დაგვინახავენ, იცი რა შორს არიან?
მოდი, გინდა აქ დავდგეთ და ხელი დავუქნიოთ იმ ხალხს, თვითმფრინავი რომ გადაიფრენს?
დავუქნიოთ, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ დაგვინახონ.
მაინც დავუქნიოთ, რომ ჩამოიფრენს, კარგი?
კარგი… ჰოდა ერთად გავფრინდებით, აი იქ აიხედე, რამსიშორეზე ვიქნებით.
ღამე ხომ არა, ღამე შემეშინდება, ღამე ვარსკვლავები გამოდიან, და ვარსკვლავებს რომ დავეჯახოთ არ მინდა.
ნუ გეშინია, არ დავეჯახებით.
თვითმფრინავი რომ ჩაიფრენს და თეთრ ზოლს ტოვებს, დაგინახავს?
ჰო, დამინახავს.
ეგ რა ზოლია, ნიკო?
ეგ ბოლია, თვითმფრინავი უშვებს.
ჰო, რა ლამაზი ზოლია, მერე ქრება ეგ ზოლი, თვითმფრინავთან ერთად.
ჰო, ბოლია და გაქრება, აბა რა იქნება…
ნიკო, ვარსკვლავების მერე რა არის?
ცა არის, ბევრი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.
დაბნელდა, მე და ნიკო ასე ვისხედით და ცაში ვიყურებოდით, მერე ბებომ დამიძახა და სახლში შემიყვანა. მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორ გამოდიან და ჩადიან ვარსკვლავები, რატომ ტოვებს თვითმფრინავი თეთრ, ღრუბლის მსგავს კვალს? კითხვებზე პასუხები არ მქონდა და შევეცადე ჩემებურად გამეგო… ყველა ბავშვს ხომ ყველაფერზე საკუთარი წარმოდგენა აქვს, მეც ასეთივე ვიყავი.
ნიკო, თურმე მხატვარი იყო. მე კი არაფერი. ერთი ჩვეულებრივი გოგო. თავიდან მკითხა, ”შენ ვინა ხარო”, მე ვუპასუხე ”ნინუნა-მეთქი”, მაგას არ გეკითხები _ `რა ხარო?” ასე მკითხა. ისევ ვერ გავიგე და ბოლოს მითხრა, ”მე მხატვარი ვარ და შენო?” _ ”მე არაფერი არა ვარ-მეთქი”, ვუთხარი და გული დამწყდა, იმაზე, რომ თურმე ”ა-რა-ფე-რი” ვიყავი.
_ ნიკო, და რა უნდა ვიყო?
_ შეგიძლია მხატვარი იყო, მომღერალი, მოცეკვავე, – რა ვიცი, ათასი რამე შეგიძლია იყო.
_ ისე , მოცეკვავე კი ვარ.
_ ჰოდა, ძალიან კარგი, წამოდი დაგხატავ, მერე შენ თუ მოგინდება იცეკვე. – ნიკოს ოთახში შევედით, ბებიამისის `კუშეტკაზე” შემომსვა, სახე გამისწორა, ხელები სწორად დამილაგა მუხლებზე. იდგა და მხატავდა. მე, მალე მომწყინდა, ფურცელი და ფანქარი მოვითხოვე, მეც დაგხატავ-მეთქი, ვუთხარი.
_ ეს თავია, ეს ხელები, ეს ფეხები, ესეც შენი შარვალია, ეს ჯიბეა, ეს თმებია… ფეხსაცმელი არ გამომდის ნიკო, როგორ გგავს, მოდი ნახე, მეც ვხატავ, აბა მარტო შენ კი არა ხარ მხატვარი, – ვბურტყუნებდი ჩემთვის.
_ დამაცადე, ცოტა ხანს ვერ მოვალ, თავი გააჩერე.
_ აბა, შემახედე რა დახატე – ვერ ვითმენდი მე.
_ გაიწიე, ახლოს არ მოხვიდე, მანდ იჯექი სადაც დაგსვი, თორემ ნახატი გამიფუჭდება.
_ რანაირი ხარ რა, ნიკო.
_ კარგი ბუტია, ნუ ბრაზდები, მოდი, ნახე რა ლამაზი დაგხატე, – `კუშეტკიდან” ნელ-ნელა ჩამოვძვერი და ნახატს მივუახლოვდი.
_ აბა, მანახე… რა ლამაზია!.. ნიკო, ეს მე ვარ? ეს რა პრინცესას კაბა ჩამაცვი? თეთრი და ვერცხლისფერი მძივებით მორთული.
_ ჰო, ვერ ხედავ შენ ხარ, შენც ხო პატარა პრინცესა ხარ. შენნაირი თმა აქვს, გრძელი, ოქროსფერი კულულები.
_ ნიკო, ფეხსაცმელები როგორ ჩამაცვი?
_ გასწავლი.
_ შენ რა, მართლა მხატვარი ხარ?
_ ჯერ არ ვიცი.
_ აუ, ნიკო, მაჩუქე რა, სახლში წავიღებ და ბებო კედელზე გამიკრავს.
_ არა, ვერ გაჩუქებ.
_ აუ, რანაირი ხარ, რა.
_ ნუ ხარ ბუტია, წამო, გირჩევნია `გორკაზე” წავიდეთ.
_ ბებოოო, ბეეებოოო, _ შევძახე ქვემოდან ბებოს. – ბებო, გეხვეწები რა, ნიკოსთან ერთად “გორკაზე” წავალ.
_ არა, ბებო, სახლში ამოდი, რაღა დროს `გორკაა”, დაღამდა უკვე.
_ არაო – ბებო არ მიშვებს.
_ არა უშავს, დილით წავიდეთ, ბაბუც წამოვა, ხვალ კვირაა და უთხარი შენი ბებოც წამოვიდეს.
_ ნიკო, იქ რო ნაყინებია, შევჭამთ?
_ ჰო, ჰო, აბა!
მეორე დღეს ნიკო მთელი დღე არ გამოჩნდა, მე დილიდან ბებოს საკუჭნაოში ვიყავი და ვეხმარებოდი. ბებო მუდამ გარეთ მაგდებდა ხოლმე, მაგრამ იქ ყოფნა ძალიან მიყვარდა. შიგნით ჯადოსნური სიბნელე სუფევდა, რომელსაც ბებოს მოდუღებული და თავმოხუფული ალუბლის, გარგრის, კომშის, საზამთროს, ლეღვის და ნიგვზიანი თეთრი ბლის მურაბის წკრიალა ქილები, გამჭვირვალედ ანათებდა. ჭერში ლორი ეკიდა, ხის კასრში თაფლი ესხა და ტომრებში კაკალი ეყარა… საკუჭნაოში ჟოლოს, მაყვლის და ალუბლის მარინადების მთელი გამოფენა ჰქონდა მოწყობილი… მეც პატარა ქალივით, თავგამოდებით ვეხმარებოდი დალაგება-დახარისხებაში. საღამოს ბებოსთან ერთად აივანზე ვიჯექი და მატყლს ვჩეჩავდი, უცებ, ნიკო შემოიჭრა ეზოში და ჩემი აივნისკენ გამოქანდა. ბებოსთან ერთად ძირს ლეიბზე ვიჯექი, ბებო სექტემბერში საბნებს და ლეიბებს კერავდა ხოლმე და მეც ვეხმარებოდი. ნიკო რომ დამადგა თავზე, ძირს ვიჯექი და მატყლს ვწეწავდი, სიცილი დამაყარა:
_ რას აკეთებ?
_ რას უნდა ვაკეთებდე, ვერ ხედავ მატყლს ვწეწავ, – ვუპასუხე თავაუწევლად, ბავშვურად შემრცხვა ნიკოსი და ალბათ ლოყებიც ამეფაკლა.
_ არ გიხდება მატყლის წეწვა, წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო.
_ აბა აქედან დაიკარგე, თუ არ მოგწონს მატყლის წეწვა, წაბრძანდი შენს გზაზე, მე დილიდან ვსაქმიანობ, შენსავით კი არ დავხეტიალებ აქეთ-იქით.
_ ნინუნა ბებო, ნუ ჩხუბობ, რა გინდა ამ მატყლში რომ ჩამჯდარხარ, ტყუილად ხელს მიშლი, ადექი ახლა და ნიკოს გაყევი, ოღონდ არ დაიგვიანო!
_ ჰო, წამოდი ჩემთან ერთად. მოხუცი ხომ არა ხარ, მატყლის წეწვა რა გართობაა?
_ წამოვალ, ჰო, დამაცადე ცოტა ხანს, წინსაფარს მოვიხსნი, – ვუთხარი ნიკოს და სამზარეულოში შევედი. წინსაფარი მოვიხსენი, საკიდზე დავკიდე და ეზოში გავედი. ნიკომ ხელი ჩამკიდა და წავედით.
_ სად მივდივართ?
_ ერთ კაცთან უნდა მიგიყვანო.
_ ვინ კაცთან?
_ წამოდი, ოღონდ შემპირდი, იქ რომ მივალთ, ხმას არ ამოიღებ, არაფერს იტყვი და ჩუმად იქნები.
_ ჩუმად რატომ უნდა ვიყო, რა, მუნჯი ვარ? ვინ არის ის კაცი?
_ “ხუდოჟნიკია” ერთი, ჩვენი მეზობელი, თან ჩემი მასწავლებელია . – ხან ხატვას მასწავლის, ხან ინგლისურ ანბანს, ხან კიდევ ამერიკაზეც მიყვება. წამოდი, ერთად მივიდეთ, იქ რაღაც უდგას და ის უნდა გაჩვენო. თან მოდი, ნაყინს ვუყიდი.
_ ნაყინს საიდან მოიტან?
_ თხუთმეტი კაპიკი მაქვს და ვიყიდი.
_ ნაყინი უყვარს?
_ ჰო, უყვარს, ამ სიცხეში ვის არ უყვარს ნაყინი? – ცოტა ხანში სანატრელი `მაროჟნე, მაროჟნეეე” გაისმა და რამდენიმე წუთში მე და ნიკო უგრძეს რკინის კიბეს მივუყვებოდით, სულ დაგრეხილს, ქვემოთ რომ ვიყურებოდი, შიშისგან გული მეკუმშებოდა და მთელი ძალით ვუჭერდი ნიკოს ხელს. ხან ჭადრებს გადავყურებდი, ხან მატყლის წეწვით დაკავებულ მეზობლებს (ჩვენს ქუჩაზე, რატომღაც, ყველას ბებია, სექტემბერში კერავდა საბნებს და ლეიბებს), ხან ვახტანგი ბიძია გამოჩნდა, ეზოს რწყავდა, მოკლედ ყველაფერი ტრიალებდა და ეს რკინის დაგრეხილი კიბე არა და არ მთავრდებოდა. ამასობაში კატა შემოგვეფეთა.
_ ფისუნია, ფისო – დავიხარე და კატას მივესიყვარულე.
_ კარგი რა, წამოდი, თორემ დაგვაგვიანდება. გამოადგი ფეხი, რა დროს ფისოა, – დამტუქსა ნიკომ.
როგორც იქნა მივედით ნახევრად გაღებულ, ძველისძველ კარებთან. ნიკომ კარზე დააკაკუნა და ვიღაცის ფეხის ხმაც გაისმა. წუთში კარი გაიღო და ჩვენს წინ აწოწილი, წვერულვაშა, გრძელთმიანი, გაბურძგნული მოხუცი კაცი აღმოცენდა. ნაცრისფერი, დაფლეთილი, ზოლიანი შარვალი ეცვა და თეთრი, უკვე ჭუჭყისგან სიყვითლეში გადასული მაისური, შიგადაშიგ მთელს ტანსაცმელზე საღებავები აჩნდა. ფეხები აბაზა

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button