განხილვალიტერატურაწიგნები

Deutsche, hier steh’ ich

შავ ფონზე გაკრულ სვასტიკაზე ამონათებული წითელი მზე იმ ალტერნატიული მომავლის (უფრო სწორედ წარსულის…) საუკეთესო წარმოსახვაა, რომელიც ერთ შერეკილ ამერიკელს წინა საუკუნის 50-იანების ბოლოს იდეად ჩაესახა. იდეა ამბად აქცია და 1962 წელს გამოსცა კიდეც ერთ-ერთი საუკეთესო მატყუარა ისტორიის სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომი 1947 წლამდე გაგრძელდა, ხოლო მოკავშირეებს არც მაშინ და აღარც შემდგომ, არასოდეს უმღერიათ День Победы. ფიურერის სიკვდილის შემდეგ დიდებულ რაიხს სათავეში ჰერ ბორმანი ჩაუდგა, მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკა კი “ქერა-თმიანებმა” და “წვრილთვალიანებმა” სათავისოდ გაინაწილეს. ამ უკანასკნელთ ხელში იყო უძველესი აღმოსავლური ცოდნა, არიელები კი ტექნიკური მიღწევებით მარსზე შებიჯებას აპირებდნენ. მაგრამ, ერთ-ერთი კომიკოსის არ იყოს, გერმანელმა კოსმონავტებმა მარსიდან სიგნალი გადმოაგზავნეს, აქაც ებრაელები ყოფილან, ოღონდ უფრო დაბლები და ორთავიანებიო. შტატები ჯერაც ვერ გამოსულიყო დიდი დეპრესიის დროინდელი კრიზისიდან, ამერიკიდან ჩამოსული მუშა ხელი კი იაპონურ კორპორაციებში ღვრიდნენ ოფლს. 
თუმცა არსებობს კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ქალაქზე შესეული კალიის ამბავს აღწერს. წიგნი მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერესი არც მის ებრაელ ავტორს აკლია, რომელიც სადღაც მიყრუებულ მაღალ კოშკში ცხოვრობს. (რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ინტერესს სულ სხვა ხალხი იჩენს). კალიის ამბავი იმ ფსევდოალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს, რომელშიც “თურმე” ძლევამოსილი გერმანული არმია ბერლინში დამარცხდა და მსოფლიოს ომის შემდგომი ჰეგემონი სლავებთან ერთდ დიდი ბრიტანეთი გახდა. სლავებს კი რეალობაში მსოფლიო რუკის ყველაზე მტვრიან კუთხეში აქვთ ადგილი მიჩენილი. 

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

თავად პერსონაჟები რამდენიმე მიმართულებით არიან გაყოფილი. ნაწილი საიუველირო ბიზნესის აწყობას ცდილობს და ხელნაკეთი აქსესუარებს მაღაზიიდან მაღაზიაში დაატარებს, ზოგიც თავისი იაპონელი დამსაქმებლის მოხიბვლას ლამობს და ამერიკულ ტრადიციებზე მორგებული ტანჩამოსხმული აზიელებით საბოლოოდ თავადვე რჩება აღტაცებული. გმირების ნაწილი – მისტერ ტაგომი, ფრენკ და ჯულიანა ფრინკები თავიანთ ცხოვრების წარმართვას ძველ-აღმოსავლური სამისნო წიგნის დახმარებით ცდილობენ. წიგნი წიგნად, მაგრამ ამასობაში რეალობის აღქმა ეკარგებათ და მაღალ კოშკში მჯდარი უცნაური კაცის ნაწერსაც, მიუხედავად უდიდესი თავდაპირველი ინტერესისა, დასასრულის მოკლედ გაგების შემდეგ, მარტივად ხურავენ და მანქანის უკანა სავარძელზე აგდებენ.

სამისნო წიგნი არ არის ის ერთადერთი, რაზეც მიბმული არიან გმირები. რაზეც სიმწიფით დაბერილი ნაყოფის მსგავსად ოდნავღაა დაკიდებული მათი ცხოვრება, – ძირს დანარცხების წინ ძლივს რომ იკავებს თავს. აქ შეხვდებით ყველაფერს – დამონებულ პატრონებს და პატრონებად გამხდარ მონებს. ინდუსტრიული რევოლუციის ახალ ტალღას, სამეცნიერო პროგრესის მრავალფეროვნებას და თვით მომაკვდავ ჰიტლერს, შეშფოთებული თვალებით ნათქვამ მის უკანასკნელ სიტყვებს: Deutsche, hier steh’ ich !
თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…

წიგნის კითხვისას გეუფლება შეგრძნება, თითქოს მძიმე ჩექმნებით ღრმა ტალახს მიაპობ. აქა-იქღა ჩანს სინათლე. ყოველი კუთხე-კუნჭული ერთმანეთის მსგავსია, – დამპალი, გაჩანაგებული და უსიცოცხლო. ხედავ სიბნელით მოსილ მუქ ფერებიდან მომზირალ თვალებს, ამჩნევ მათ უსიცოცხლო მზერას, უემოციო სახეებს, ისმის გაბმული, გასარჩევი, მაგრამ ყოველად უაზრო ხმები. მიდიხარ გვერდიდან გვერდამდე, ვერ ხვდები რა გელის ბოლოს და საშინელი ტრაგიზმი გიპყრობს როდესაც ფინიშთან მისულს გხვდება სიცარიელე და გაურკვევლობა. ისეთივე გაურკვევლობა, როგორიც მანამდე. და რჩება მხოლოდ ერთი კითხვა. კითხვა, რომელიც ამბავს მაღალ კოშკში ჩაკეტილ კაცის შესახებ მუდმივად თან სდევს.

“ხომ არ იქნებოდა სამყარო უკეთესი – ადამიანების გარეშე?”

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button