კომიქსებისაკითხავი

The Sandman: რევოლუციური კომიქსი

კომიქსები ყოველთვის მიიჩნეოდა/მიიჩნევა მაკულატურულ ლიტერატურად. ასეთი სახის ნამუშევრები ძირითადად ეხებოდა ფერად კოსტუმებში გამოწყობილი მამრობითი სქესის სუპერგმირებისა და გამომწვევად ჩაცმული მდედრობითი სქესის კოლეგების თავგადასავლებს. თუმცა, 1990-იან წლებში გაჩნდა აზრი, რომ საჭირო იყო ახალი სისხლი, რადგან კომიქსებს ბევრად უფრო დიდი პოტენციალი ჰქონდათ. „ცვლილებათა ქარმაც“ მალე დაბერა.
ამის ერთ-ერთი მიზეზი და პიონერი იყო დღეს უკვე ლეგენდარული კომიქსი, თანამედროვეობის სიტყვის ჯადოქრის, ნილ გეიმანის The Sandman [! ეს სულ სხვაა და ადამიანი-ობობას ვილანი ქვიშის კაცი სულ სხვა]. ამ სერიამ საფუძველი ჩაუყარა DC Comics-ის ახალ ბრენდს – Vertigo-ს, რომლის მიერ გამოშვებული კომიქსები თინეიჯერების, სათვალეებიანი ნერდებისა და ჰორმონების შემოტევაში მყოფი მოზარდების ნაცვლად გათვლილი იყო მკითხველთა უფრო „სერიოზულ“ წრეზე. The Sandman-ის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 90-იან წლებში, როცა მან მიიღო The World Fantasy Award. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კომიქსმა მოახერხა ამ ჯილდოს აღება.
შესაბამისად, თუ ადრე ფიქრობდნენ, რომ კომიქსები იყო „დაბალი კულტურის“ მედიუმები, გათვლილი იყო მასებზე, ემსახურებოდა მხოლოდ გართობის მიზნით კითხვას და არ შეიცავდნენ ღირებულ მესიჯებს, მგდომარეობა რადიკალურად შეცვალა The Sandman-მა.  შეიძლება ითქვას, რომ გეიმანმა The Sandman-ის სახით ინოვაციური და კრეატიული გადაწყვეტა მოუძებნა „მაღალი კულტურა v. დაბალი კულტურის“ პრობლემას. მან ერთმანეთს შეაჯახა ეს ორი სამყარო, წარმატებულად გააერთიანა ეპიკურ საგაში და შედეგად მიიღო უნიკალური მესიჯი (ნაწარმოების თემებს და კონცეფციებს განვიხილავ ქვემოთ).
The Sandman არის ნილ გეიმანის რევოლუციური მნიშვნელობის კომიქსების სერია, რომელმაც შეცვალა საზოგადოების მიერ ზოგადად კომიქსების ლიტერატურული ღირებულების აღქმა და აჩვენა, რომ კომიქსიც შეიძლება იყო სერიოზული ლიტერატურული ნამუშევარი. The Sandman რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული კომიქსებისგან. თუ ამ უკანასკნელთა უმრავლესობა ორიენტირებულია ექშენზე/დრაივზე, The Sandman აგებულია პერსონაჟების განვითარებაზე, უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ამბის თხრობის ტექნიკას, პერსონაჟების ქცევისა და ფსიქოლოგიის კვლევას.
The Sandman არის ამბავი ამბების შესახებ. მთლიანი სიუჟეტი ჩაშლილია უფრო მცირე წრეებად, რომელთაგან თითოეული მათგანი, განსხვავებულ სივრცეში, დროსა და განზომილებაში, ეხება კონკრეტულ ამბავს ან პერსონაჟს. თავად ეს მცირე წრეები კი ქმნიან ურთიერთდაკავშირებულ სიუჟეტურ ხაზს – თითოეული მათგანის შინაარსს თავისი წვლილი შეაქვს ერთიანი ამბის ჩამოყალიბებასა და ნაწარმოების კულმინაციაში. 
The Sandman-ის ძირითადი ნაწილი შედგება 75 ნომრისგან. ძირითად პერსონაჟებს წარმოადგენენ ენდლესების ოჯახის წევრები. ესენია: სიზმარი/ოცნება (Dream – იგივე მორფეუსი და კიდევ სხვა მრავალი სახელის მფლობელი); ბედისწერა (Destiny); სიგიჟე (Delirium), რომელიც ადრე იყო სიამოვნება (Delight); სურვილი (Desire), სასოწარკვეთა (Despair); სიკვდილი (Death) და აწ უკვე ოჯახისგან განდგომილი წევრი – განადგურება (Destruction). ენდლესები არ არიან სუპერგმირები ან ღმერთები – ისინი წარმოადგენენ მეტაფიზიკური ერთეულების ანთროპომორფულ პერსონიფიკაციებს. ისინი არსებობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა „დრო ახალგაზრდა იყო“, როცა „იბადებოდნენ“ ადამიანთა ღმერთები და მტვრისგან და გაზისგან იქმნებოდა მზის სისტემა.

„ენდლესები არის იდეა. ენდლები არიან ტალღოვანი ფუნქციები. ენდლესები არიან განმეორებადი მოტივები.“ „ჩვენ ენდლესები, ცოცხალთა მსახურები ვართ, ჩვენ არ ვართ მათი ბატონები. ჩვენ ვარსებობთ, რადგან მათ, გულის სიღრმეში, იციან ეს.“

ენდლესები (მარცხნიდან მარჯვნივ): განადგურება, სასოწარკვეთა, სურვილი, მორფეუსი, სიკვდილი, სიგიჟე, ბედისწერა

გარდა ენდლესების ოჯახის წევრებისა, ნაწარმოებში დიდ როლს თამაშობენ ადამიანები, სწორედ მათ მიმართ ვლინდება ენდლესების არსებობის მნიშვნელობა და დანიშნულება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ენდლესები წარმოადგნენ მეტაფიზიკური ერთეულების განსახიერებას. ადამიანთა ყოფიერების განუყოფელ ცნებებს. მათი სახელები სწორედ ის იდეებია, რომელთა გარეშე ადამიანთა არსებობა წარმოუდგენელია. ადამიანებს ჭირდებათ მორფეუსი და მისი ოჯახი, ისევე , როგორც მორფეუსს და მის ოჯახს ჭირდებათ ადამიანები. ადამიანების გარდა კომიქსში თავიანთი ადგილი უჭირავთ მითოლოგიურ პერსონაჟებს. აქ შეხვდებით ღმერთებს ბერძნული, სკანდინავიური, ეგვიპტური, შუმერული, იაპონური პანთეონებიდან; ჯოჯოხეთის მმართველ ტრიუმვირატს, ღვთის ანგელოზებს, DC-ის ცნობილ გმირებს (ჯონ კონსტანტინი, მარშან მენჰანტერი, დოქტორი დესტინი), მორფეუსის სამფლობელოში მცხოვრებ ბიბლიოთეკარს (ამ ბიბლიოთეკაში ყველა წიგნია, რომელიც ვინმეს ოდესმე დასიზმრებია ან მის დაწერაზე უოცნებია), გოგრისთავა დამლაგებელს, გილბერტ კით ჩესტერტონის სახით წარმოდგენილ „ფიდლერის ოაზისს“ (საიქიო ცხოვრების ერთ-ერთი ვერსია), მეთიუს – მორფეუსის ყორანს, კაენს და აბელს, კოშმარ კორინთიანს, გაიგებთ ბიბლიური ადამის სამი ცოლის შესახებ… ეს არის საინტერესო პერსონაჟების დიდი გალერეა, გაზავებული მითოლოგიის, ისტორიის, ფანტაზიისა და გეიმანის თხრობის სტილის არომატით. 

The Sandman-ის კონცეფცია აერთიანებს რამდენიმე იდეის ახლებურ ინტერპრეტაციას, სხვა კუთხით წარმოადგენს ჩვენთვის ერთი შეხედვით კარგად შესწავლილ ცნებებს. განსხვავებულ და კრეატიულ ახსნას უძებნის ჩვენი ყოფიერების განუყოფელ მოვლენებს, ქმნის ახალ სამყაროს, რომელსაც ბევრი ჩვენგანი დაუფიქრებლად მიანიჭებდა უპირატესობას, ვიდრე არსებულ რეალობას (თუმცა, კაცობრიობა ჯერ რეალობის არსსაც ვერ ჩაწვდა, როგორც მორფეუსი აღნიშნავს).  

ნაწარმოების ბირთვია ამბავი, რადგან მორფეუსის ცხოვრება – ერთი დიდი ამბავი, მოთხრობილია ამბების საშუალებით. „ამბავში“ იგულისხმება როგორც ამბის შინაარსი, ისე – ამბის თხრობის მნიშვნელობა. კომიქსის დასაწყისში ნაჩვენებია ამბების მნიშვნელობა ინდივიდთა ცხოვრებაში. მაგალითად, ერთ-ერთი ოფიციანტი თავისი რუტინული სამუშაოს განმავლობაში წარმოიდგენს ხოლმე კლიენტთა ამბებს და ამით იმრავალფეროვნებს მონოტონურ ცხოვრებას; შემოქმედებით კრიზისში მყოფი მწერალი, ამბების ნაკლებობის გამო, იმ ზომამდე მივა, რომ ერთ-ერთ მუზას დაატყვევებს და მასთან ყოველი სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ ამბის გამოგონების უნარი უბრუნდება. ამბის თხრობის, როგორც სოციალიზაციისა და დაახლოვების საშუალების მნიშვნელობა, განსაკუთრებით კარგად ჩანს კომიქსის იმ ნომრებში, სადაც, სამყაროს დასასრულში არსებულ სასტუმროში, რეალობის შტორმის (აუხსნელი ფენომენი) განმავლობაში, პერსონაჟები სხვადასხვა სამყაროებიდან დროს ატარებენ ამბების თხრობაში. თუ ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიული მოთხრობებიც“ წაკითხული გაქვთ, კიდევ უფრო კარგად მიხვდებით ამ სიუჟეტის მნიშვნელობას. საინტერესოა ამბის თხრობის როლი წინაპრებთან და ტრადიციებთან კავშირის შენარჩუნებაში. მაგალითად, ერთ-ერთი ტომის უხუცესს ტომის ახალგაზრდა უდაბნოში გაყავს და უყვება ამბავს მორფეუსის სიყვარულის შესახებ, რომელიც უხსოვარი დროიდან თაობებს გადაეცემა.

არსებობს თუ არა ღმერთი ენდლესების სამყაროში? – ის არსებობს და ამავდროულად, არც არსებობს. ეს საკითხი საინტერესოა იმ მხრივ, რომ ენდლესებს შეთავსებული აქვთ ღმერთების ფუნქცია, რადგან დიდ როლს თამაშობენ ადამიანთა ცხოვრებაში. თუმცა, ღმერთის (The One, The Shaper) არსებობა კარგად ჩანს ისეთი მომენტებიდან, როგორებიცაა მორფეუსის მიერ კაენის ლუციფერთან გაგზავნა. ლუციფერს არ შეეძლო კაენისთვის რაიმე დაეშავებინა, რადგან კაენს ღმერთისგან დადებული ნიშანი ჰქონდა და ღმერთის გარდა ვერავინ შეეხებოდა. ამას ლუციფერიც ხვდება და მორფეუსიც. ღმერთის არსებობა დადასტურებულია კიდევ სხვა მომენტებითაც (არ მინდა, რომ ბევრი შინაარსობრივი დეტალი გავამჟღავნო). თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ღმერთი იმ გაგებით, რომელიც მსოფლიოს რელიგიებში არსებობს. შეიძლება ეს იყოს სამყაროს კანონზომიერება, უზენაეს წესთა ერთობლიობა, რომელთა დაღრვევა არც მორფეუსს და არც  ენდლესების სხვა წევრებს არ შეუძლიათ. ღმერთის არსებობაზე ირიბად მიუთითებს თავისუფალი ნების არსებობა The Sandman-ის სამყაროში: ვალდებულებებით შებოჭილმა რამდენიმე პერსონაჟმა უარი თქვა თავის ფუნქციებზე და თავისუფალი ცხოვრება აირჩია (სხვათაშორის, The Sandman-ის ერთ-ერთ სპინ-ოფში სიკვდილმაც კი დაისვენა და შედეგად ანარქია მიიღო).

„მე არ ვარ ნოველისტი. მე ვარ ამბების მთხრობელი“ – ნილ გეიმანი

საინტერესოა ჯოჯოხეთის კონცეფციაც. თუ მორფეუსის ერთ-ერთ უსაყვარლეს დას – სიკვდილს დავუჯერებთ, ჯოჯოხეთი არის ფსიქოლოგიური და სიმბოლური ტანჯვა, ვიდრე სხეულის წამება (თუმცა ამის ფონზე ვხედავთ ლუციფერის ჯოჯოხეთს, ჰადესისა და პერსეფონეს მიწისქვეშეთს). როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი დაასკვნის, „ჯოჯოხეთი არ ის, რაც მუდმივად თან გსდევს.“ აქ იგულისხმება სინდისის ქენჯნით გამოწვეული შინაგანი შფოთვა. ჯოჯოხეთის არსებობაშიც კი დიდი როლი აქვს ოცნებებს, ანუ მორფეუსს:

„ლუციფერი: მორფეუსს, რატომ უნდა მოგცე ჯოჯოხეთის დატოვების ნება?.. რა ძალა გაქვს ჯოჯოხეთში?
მორფეუსი: შენი აზრით, აქ უძლური ვარ? შეიძლება მართალს ამბობ… თუმცა…ამბობ, რომ ოცნებები აქ უძლურია? მითხარი ლუციფერ ცისკრისვარსკვლავო… ყველა თქვენგანი საკუთარ თავებს შეეკითხეთ… რა ძალა ექნებოდა ჯოჯოხეთს, თუ მასში მოხვედრილებს არ შეეძლებოდათ, რომ სასუფეველზე ეოცნებათ?“
ერთი სიტყვით, სენდმენის სამყაროში „კლასიკური გაგებით ღმერთი“ ქმნის კაცობრიობას და ანიჭებს მას თავისუფალ ნებას, ჯოჯოხეთი წარმოადგენს სინდისის ქენჯნის შედეგად შექმნილ ფსიქოლოგიურ სატანჯველს, რომელიც არსებობს ცნობიერში, ქვეცნობიერში, ან სულაც, სიკვდილის შემდეგ, ტრანსცედენტულ სამყაროში. ღმერთი არის ადამიანის მოლოდინებისა და იმედების ადრესატი, ან, ამ მიზნით გამოგონილი იდეა, რომელიც არ არის ინტერვენციონისტური ბუნების. ღმერთი ქმნის ფორმებს, ენდლესები კი მათ მნიშვნელობასა და შინაარსს ანიჭებენ.

ნაწარმოების მანძილზე დანარჩენი ენდლესებიდან ყველაზე ხშირად ჩნდება სიკვდილი, რომლის აზრით, „ადამიანები იმიტომ კვდებიან, რომ ყველა ასე იქცევა. არავის უცდია სხვანაირად მოქცევა.“ თავის მრავალბილიკიან ბაღში დააბიჯებს ყველაზე უფროსი ენდლესი – ბედისწერა, თავის წიგნში კითხულობს ცხოვრების გზებს, მიუხედავად იმისა, რომ ბრმაა. თავის სხეულს იკაწრავს და ვირთხებს ჭამს სასოწარკვეთა. ადამიანთა გულებში ცხოვრობს სურვილი, რომელშიც მდედრობითი და მამრობითი სქესი ერთადაა გაერთიანებული. მუდმივად არალოგიკურად იქცევა სიგიჟე. მათი განდგომილი ძმა – განადგურება კი სამყაროებში დახეტიალობს, ხურჯინით მხარზე.

The Sandman-ის კითხვისას თქვენ ნახავთ, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს რეალობა ათასი კატის სიზმარმა; როგორ იქცა შექსპირი ფაუსტური გარიგების შედეგად უდიდეს მწერლად; როგორ ცხოვრობს უკვდავი ქალი, რომელიც სიკვდილზე ოცნებობს; რატომ დადის მორფეუსი ყოველ ას წელიწადში ერთხელ ბარში; ნახავთ ქალაქის სიზმრებში დაკარგულ ადამიანს, რომელსაც ეშინია, რომ ქალაქები ოდესმე გაიღვიძებენ და რეალობაც შეიცვლება; გახდებით ფერიების პოლიტიკური ინტრიგების მონაწილე; მოისმენთ ამბავს მეფეზე, რომელმაც ცოლი და მისი საყვარელი მოკლა, უკვდავების ხილი შეჭამა და დედამიწაზე დაძრწის; გაიგებთ ოქრის ბიჭუნაზე, რომელიც 1972 წელს ნიქსონის მაგივრად აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, ჩაწვდებით ამერიკული ოცნების არსს და გაიცნობთ ბატონ სმაილის, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას; იმოგზაურებთ ნეკროპოლის ლითარჯში – ცოცხალ მკვდართა ქალაქში და გაიგებთ მათი უცნაური ცხოვრების წესის შესახებ; ნახავთ რას გრძნობს რეჟისორი, რომელიც პირველად დგამს ახალ სპექტაკლს; გაიცნობთ ამერიკის პირველ იმპერატორს, რომელმაც მორფეუსის დახმარებით თვითმკვლელობა გადაიფიქრა და ცხოვრების აზრი „რეალურ სიზმარში“ იპოვა (სწორედ აქ ჩანს რეალობის განსაზღვრის პრობლემა. რეალობა მხოლოდ შეგრძნებათა ერთობლიობაა თუ რაღაც უფრო მეტი?); იმოგზაურებთ საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში, შეხვდებით მაქსიმილიან რობერსპიერს და ჯაშუშ ქალს, რომელმაც დავალება უნდა შეასრულოს; მოისმენთ მაქციის ამბავს, რომელსაც პრინცესა შეუყვარდა; გაიგებთ იმპერატორ ავგუსტუსის ბავშვობის ბნელ მოგონებებზე და რა როლს თამაშობს ამ მოგონებებში იულიუს კეისარი; გახდებით უდაბნოში დაკარგული მარკო პოლოს თანამგზავრი, რომელიც რეალობისა და მორფეუსის სამფლობელოს საზღვარზე აღმოჩნდა; თქვენ ნახავთ, თუ რა აკავშირებს მორფეუსსა და ორფეუსს, ყველაზე ცნობილ მითოლოგიურ მომღერალს, და რა როლს თამაშობს მათი ურთიერთობა მორფეუსის მომავალში; გაიგებთ, თუ რატომ კლავენ ჭილყვავების პარლამენტში სიტყვით გამომსვლელს ამბის მოყოლის შემდეგ; და ბოლოს, თუ როგორ დაკარგა ბაღდადის ხალიფამ თავისი ბრწყინვალე ქალაქი.

მორფეუსი ცვლის ადამიანთა ცხოვრებას, ადამიანები სიზმრებში პოულობენ დაკარგულ იდენტობას, სიზმრებში ხედავენ გამოსავალს რეალურ ცხოვრებაში შექმნილი სიტუაციიდან. სიკვდილი არც ისე საშინელია, როგორც ჩვენს ცნობიერებაში არსებობს. ადამიანები ყოველთვის რომელიმე ენდლესის სამფლობელოში ვართ, რადგან გვესიზმრება, ვოცნებობთ, გვიყვარდება, სასოწარკვეთაში ვვარდებით, ვანადგურებთ, ვცდილობთ გავიგოთ მომავალი, სიგიჟემდეც მივდივართ. ამ დროს კი სადღაც, რომელიც არსად არ არსებობს, მრგვალი მაგიდის ირგვლილ იკრიბებიან ენდლესები. ყოველ მათგანს აქვს პირადი პრობლემა, თუმცა ადამიანები არ ავიწყდებათ. იცით რატომ დადო მორფეუსმა გარიგება შექსპირთან? იმიტომ რომ მას, სიზმრების მეუფეს, არაფერი ესიზმრება, მას საკუთარი ამბავი არ გააჩნია. ის მარტოსულია.

„ქორონზონი: მე ვარ საშინელი სამყარო, მსხვეპლებზე მონადირე, სიკვდილის მომტანი.
მორფეუსი: მე ვარ მონადირე, ცხენზე ამხედრებული, მგელთა მფატრავი.
ქორონზონი: მე ვარ ცხენის მკბენელი ბუზი, ცხენის მნესტრავი, მონადირის გადმომგდები.
მორფეუსი: მე ვარ ობობა, რვაფეხიანი, ბუზებზე მონადირე.
ქორონზონი: მე ვარ გველი, ობობათა გამანადგურებელი, შხამიანი კბილებით.
მორფეუსი: მე ვარ ხარი, გველთა მჭყლეტავი, მძიმე ფეხებით.
ქორონზონი: მე ვარ დაავადება, ყასაბი, ბაქტერია, სიცოცხლის გამანადგურებელი.
მორფეუსი: მე ვარ სამყარო, სივრცეში მოტივტივე, სიცოცხლეზე მზრუნველი.
ქორონზონი: მე ვარ ნოვა, ასაფეთქებელი, პლანეტათა ფერფლადმქცევი.
მორფეუსი: მე ვარ სამყარო, ყველაფრის, სიცოცხლის მომცველი.
ქორონზონი: მე ვარ ანტიმატერია, განკითხვის მხეცი. მე ვარ სიბნელე ყველაფრის დასასრულის ბოლოს. სამყაროთა, ღმერთების, მსოფლიოების დასასრული… ყველაფრის. ახლა რაღა იქნები სიზმართა მბრძანებელო?
მორფეუსი: მე ვარ იმედი.”

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button