National Geographic: ვიეტნამის ფოტოები
ჩაუ დოკი მდინარე მეკონგის დელტაზე გაშენებული ქალაქია, რომელიც კამბოჯას ესაზღვრება. ქალაქის ეკონომიკის ძირითადი წყარო თევზაობაა.
მეკონგზე ხშირია მოტივტივე სახლები, ხის ნავები და თევზის ფერმები.
მდინარის გემის კაპიტანს ბორნით გადაჰყავს მგზავრები უძველესი სავაჭრო ქალაქიდან, ჰოი ანიდან, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია, სამხრეთ ჩინეთის საზღვაო სანაპიროზე.
ჰოი ანის ნავსადგური სავსეა მეთევზეებითა და სამგზავრო გემებით.
კაო დაი ვიეტნამური რელიგიური მოძრაობაა, რომელიც მოიცავს ბუდიზმის, ტაოიზმის, კონფუციანიზმისა და კათოლიციზმის ელემენტებს. ოფიციალურად დაარსდა 1926 წელს და წარმოადგენს სინკრეტულ რწმენას, რომ ყველა რელიგია ერთ პრინციპზეა აგებული.
კაო დაის ტაძრები მოფენილია მეკონგის დელტას რეგიონში,
ეპიცენტრი კი წმინდა ქალაქი ტაი ნინია.
ის ვიეტნამელები, რომლებიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ, ხშირად მიემგზავრებიან ქალაქ ჰოი ანში საქონლის საყიდლად ან სავაჭროდ.
ეს საქონელი ძირითადად წვრილმანი ხილი და ბოსტნეულია. ტურისტებს კი ამ ქალაქის სავაჭრო ობიექტები და დროში გაყინული ლამაზი არქიტექტურა იზიდავთ.
ყოველ კვირა დღეს, ჩრდილოეთ ვიეტნამის ქალაქ ბაკ ჰაში იკრიბებიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, სხდებიან, ჭორაობენ, ვაჭრობენ, ყიდულობენ და ყიდიან საკვებსა და სხვადასხვა ნაკეთობებს. ამ სურათზე ჰმონგის ჯგუფის ქალები არიან, ზოლიანი ყელსახვევებითა და საგულდაგულოდ ამოქარგული ფერადი თავსაფრებით.
ჩრდილო-დასავლეთ ვიეტნამში, ჰოანგ ლიენ სონის მთების სისტემაში მოქცეული საპას ხეობა სხვადასხვა ტომების საბინადრო ადგილია. ცვალებადი კლიმატისა და მკვეთრი დაღმართების გამო რეგიონში მოსავლის პროდუქტიულობის დონე დაბალია.
1 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მცენარის მოსავლის დამუშავებაა შესაძლებელი.
გოგონა საუზმობს ქალაქ ჰო ში მინში, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც საიგონი. ქალაქში მრავლად შეგხვდებათ მოტოციკლები, ბაზრები და აკუპუნქტურის (ნემსის ჩხვლეტით მკურნალობა) კლინიკები. რამდენიმე საუკუნის პაგოდები და ძველი მაღაზიები სრულ ჰარმონიაშია თანამედროვე პრიალა ცათამბჯენებთან.
ქალაქ ჰიუს 10 შესასვლელიდან ერთ-ერთი და ყველაზე აქტიური არის შუადღის კარიბჭე, იგივე კუა ნგო მონი, რომელიც იმპერატორის სასახლისკენ წაგიძღვებათ.
ჭიშკარი 1833 წელს აიგო იმპერატორ მინ მანგის მეფობისას და მას შემდეგ მოწმეა მრავალი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებისა, გამანადგურებელი ბრძოლისა და თანამედროვე პროცესებისა.
პატარა დამთვალიერებელი აკვირდება ამერიკელი და სამხრეთ ვიეტნამელი ჯარისკაცების ნატურალური ზომის მანეკენებს ომის მუზეუმში, ქალაქ ჰო ში მინში. ვიეტნამის ომში ამერიკელთა ქმედებების შემახსენებელი კოლექცია მოიცავს იმ პერიოდის სამხედრო აღჭურვილობას, გრაფიკულ ფოტოებსა და ომის დროის ანტიკვარულ ნივთებს.
ფეხით მოსიარულეები და მოტოციკლის მძღოლები აქტიურად მოძრაობენ ღამით ვიეტნამის დედაქალაქში. ათასი წლის განმავლობაში ხელუხლებლად ყოფნის პირობებში ჰანოის ძველი უბანი ინარჩუნებს საწყის განლაგებასა და არქიტექტურას 36 ქუჩაზე.
ვიეტნამელი ქალი საკმეველს წვავს ჰო ში მინის ტაძარში. დღესდღეობით ვიეტნამში წამყვანი რელიგია ბუდიზმია (9%), მეორე ადგილზე კი კათოლიციზმი დგას (7%).
ზოგადად რელიგიური შეხედულებებიდან მკვეთრად ჭარბობს ათეიზმი (80%).
შებინდებისას სამგზავრო გემების სტუმრები ჰა ლონგის სანაპიროზე ტკბებიან ზღვის მშვიდი პეიზაჟით, რომელსაც კირქვის სკულპტურები ქმნიან. იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორია სამშობლოა მრავალგვარი ეკოსისტემისა, მათ შორის ქვიშიანი პლაჟებისა, ლამიან ტროპიკულ სანაპიროზე გაშენებული მარადმწვანე მანგროს ტყეებისა და ნაპირიდან მოშორებით მყოფი მარჯნის რიფებისა. დაახლოებით 1600 დიდ და პატარა კუნძულზე გვხვდება ულამაზესი გამოქვაბულები ფარული ტბორებითა და ქვის უჩვეულო ფორმებით.