ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – მოხსენება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა

ამჟამად ვბეჭდავ ახალს, მეთოთხმეტე გამოცემას “დედა-ენისას” ახალი შრიფტებით, რომელთაგან ანბანის შრიფტი ჩემი ფასით გავაკეთებინე ვენაში და დამიჯდა ოც თუმნამდე. უკვე დაბეჭდილია ხუთი ფორმა. წიგნის ბეჭდვა უნდა უთუოდ მოთავდეს მკათათვის ნახევრამდე, რადგანაც მეცამეტე გამოცემის დანარჩენი ძლივს გვეყოფა აგვისტოს პირველამდე. იბეჭდეება თვრამეტი ათასი ეგზემპლიარი (18. 000) ერთის წლის სამყოფი. მე თანახმა ვერ დაუთმო “წერა-კითხვის საზოგადოებას” მეთოთხმეტე გამოცემა იმავე ფასად, რა ფასადაც წინა გამოცემებს ვუთმობდი, ესე იგი თვითო უყდო წიგნი აბაზად. რაც შეეხება ფულის გადახდას, იგი უნდა მოხდეს ნაწილნაწილად, რვა თვის განმავლობაში, ამ წლის დამლევამდე, რათა გამგეობას შეეძლოს მომავალი იანვრიდგან იწყოს გადახდა “ბუნების კარის” ახალის გამოცემის საფასისა. მთელს მეთოთხმეტე გამოცემაში მერგება სამას სამოცი თუმანი. ეს ფული მე მომეცემა თვე და თვე ამ რიგით: მაისში, სექტემბერში და ოქტომბერში სამოც-სამოცი თუმანი, დანარჩენს დროში ოცდათექვსმეტი თუმანი თვითეულს თვეში. ნარდად მყიდველებს თვითონ წიგნზე უნდა დაეთმოს წინანდელი პროცენტი. მე ვალდებული ვარ მეთხუთმეტე გამოცემა მხოლოდ მაშინ გამოუშვა გასაყიდად, როცა მეთოთხმეტე მთლად ექნება გაყიდული გამგეობასა.

“ბუნების კარიც” ამჟამად დარჩენილია ჩვენს მაღაზიაში ათას ცალამდე, ძლივს გვეყოფა სექტემბრის გასვლამდე, რადგანაც წიგნი დიდია და მის დაბეჭდვას ოთხ თვეზე ნაკლები არ უნდება, ამიტომ საჭიროა ახლაევ შევუდგეთ მის ახალს მეათე გამოცდემას და დავბეჭდოთ ექვსი ათაი ცალი, როგორ წინათ იბეჭდებოდა. წინათ წიგნს ვუთმობდი გამგეობას ათ შაურად, ახლა დავუთმობ ცხრა შაურად, იმ პირობით კი, რომ მანაც ყდაზე დაიკლოს შაური და სამი შაურის მაგივრად იღოს ორი შაური. ეს მით უფრო სამართლიანია, რომ აკოფოვი დავიყოლიე ყდაში დასჯერდეს გამგეობას შვიდ კაპეიკსა, ნაცვლად რვა კაპეიკისა, რომელსაც ახდევინებდა წინა გამოცემაზედ. ფულის გადახდას მეათე გამოცემისას გამგეობა იწყებს მომავალის 1900 წლის დამდეგინდან და გადაიხდის რვა თვის განმავლობაში, თვეში მომცემს ოცდაათს თუმანს, გარდა მაისისა, როცა ჩამაბარებენ სამოცს თუმანს. საზოგადოდ გამოცემაში უნდა მომცეს ორასი თუმანი და შვიდასი მანეთი (2.700 მანეთი). წიგნს გამგეობა გაჰყიდის ოთხ აბაზად, ხოლო ნარდად მყიდველებს დაუთმობს წინანდელს პროცენტს, ესე იგი ათის წიგნის მყიდველს დაუთმობს ცალზე ორ შაურსა და თვითეულს წიგნზე გადაახდევინებს თოთხმეტ შაურსა, ხოლო ოცის წიგნის მყიდველს მიცემს თვითო ცალს სამ აბაზად და ოთხ კაპიკად (64).

მე ვალდებული ვარ მეთერთმეტე გამოცემა “ბუნების კარისა” არ გამოუშვა გასასყიდად, ვიდრე მეათე გამოცემა მთლად არ გაეყიდება გამგეობასა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button