საკითხავისხვადასხვა

პოლიტიკა, თამაში და ჯენტლმენური შეთანხმება

თუ პოლიტიკას ისე მივუდგებით, როგორც კულტურის მოვლენას, მასში აშკარად დავინახავთ თამაშის ელემენტებს. XVIII საუკუნის დამლევიდან ინგლისის პარლამენტში დებატები, არსებითად, თამაშის ნორმების მიხედვით მიმდინარეობს, რასაც, როგორც წესი, პიროვნული შეჯიბრის მომენტები განსაზღვრავს. ეს არის ერთი დიდი “მატჩი”, რომელშიც მეტოქეები ერთმანეთის “დაშამათებას” ესწრაფვიან ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ მათთვის უმნიშვნელოვანეს ზრუნვის საგანს _ ქვეყნის ინტერესებს. ინგლისში საპარლამენტო ცხოვრების განწყობილება ყოველთვის სპორტული იყო. ამხანაგობის სული საშუალებას აძლევს ყველაზე თავგამოდებულ მეტოქეებს დებატების დამთავრებისთანავე მეგობრულად შეეხუმრონ ერთმანეთს. საპარლამენტო თამაშის სულისკვეთებას წინაპირობად უდევს “ჯენტლმენური შეთანხმება”, რასაც შემოაქვს ისეთი მოქნილობა, რომლის გარეშეც ურთიერთობათა გამწვავებამ შესაძლებელია არასასურველი ფორმა მიიღოს. ასეთ დროს იუმორის გრძნობის დაკარგვას საბედისწერო შედეგი შეიძლება მოჰყვეს. თამაშის ელემენტი ინგლისის საპარლამენტო ცხოვრებაში მჟღავნდება არა მხოლოდ დისკუსიებსა და შეკრებებზე, არამედ საარჩევნო სისტემაშიც.

განსაკუთრებით თვალსაჩინოდ თამაშის ელემენტი ამერიკის პოლიტიკურ პროცესებში ვლინდება. ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ორპარტიული სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოთამაშეთა ორი გუნდის დაპირისპირებას დაემსგავსებოდა, წინაასარჩევნო პროპაგანდამ დიდი ეროვნული თამაშის ფორმა მიიღო. 1840 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ყველა სხვა მომდევნო არჩევნების სტილი განსაზღვრა. მაშინ კანდიდატი პოპულარული გენერალი ჰარისონი იყო. მის მომხრეებს პროგრამა არ გააჩნდათ, მაგრამ შემთხვევამ მათ ხელში ჩაუგდო
შესანიშნავი სიმბოლო _ ხის ქოხი, სადაც ჰარისონი დაიბადა და სწორედ ამ სიმბოლომ მოუტანა მათ გამარჯვება. კანდიდატის გამარჯვებას `უმრავლესობის ხმით”, ანუ მომხრეების ხმამაღალი ყვირილით, საფუძველი ჩაეყარა 1860 წლის არჩევნებზე. ეს არჩევნები ლინკოლნმა მოიგო. ამერიკული პოლიტიკის ემოციურობა ამერიკელი ხალხის ხასიათიდან მომდინარეობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ურთიერთობებში ინარჩუნებენ იმ უბრალოებას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმოსახლე ამერიკელებს ახასიათებდათ. პარტიის
ბრმა ერთგულება, მასების ენთუზიაზმი, შერწყმული გარეგნულ სიმბოლოთა ბავშვურ სიყვარულთან, ამერიკული პოლიტიკის თამაშობრივ ელემენტს იმ გულუბრყვილობასა და სპონტანურობას ანიჭებს, რომელიც ამჟამად ასე აკლია ევროპის ქვეყნების მასობრივ მოძრაობებს.

დასახელებულ ქვეყნებთან შედარებით არც ისე მარტივია თამაშობრივის გამოვლენა საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ცალკეულ პირთა და ინტერესთა გარშემო შექმნილი უამრავი პარტია აქ, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მინისტრების გაუთავებელი გადაყენებით არის გართული და ქვეყანას გამუდმებით სახიფათო პოლიტიკურ კრიზისში აგდებს. ამგვარი პარტიული ბრძოლისათვის დამახასიათებელი აშკარად გამოვლენილი ანგარებითი მოტივები, რომლებიც მთელი ჯგუფის თუ ცალკეული პიროვნების მოქმედებას წარმართავს, ცუდად ეხამება ნამდვილი თამაშის არსს.

თუ თანამედროვე სახელმწიფოთა საშინაო პოლიტიკაში საკმარისად ვპოულობთ თამაშის ნიშნებს, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება, ერთი შეხედვით, თამაშის გასახსენებლად მცირე საბაბს იძლევა. თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ ერთა პოლიტიკური თანაცხოვრება დიდწილად ძალმომრეობასა და მუქარაზეა აგებული, საკმარისი საფუძველი არ არის თამაშის ცნების გამოსარიცხად, რადგან, როგორც ცნობილია, თამაშიც შეიძლება იყოს სასტიკი და უპატიოსნო. ყოველ სამართლებრივ თუ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას ახასიათებს გარკვეული ნიშნები, რომლებიც მოთამაშეთა გუნდისათვის არის დამახასიათებელი. თამაშის წესების როლს ამ შემთხვევაში საერთაშორისო სამართალი ასრულებს.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button