ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

გოდერძი ჩოხელი – ცასწავალა

(ვუძღვნი პატარა უფლისწულის ხსოვნას)

მეტ-ნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც შეჰყმუიან ყველას, ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი, იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.
ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებული მთის ფერდობზე გავიცანი.
ზაფხულობით თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, – ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კენკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.
ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე.გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ბალახებიდან ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!
სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ცხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ხვავილებიც კი შეიშმუშნენ.
ცასწავალამ ერთ ხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახლა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!
ჩამოვარდა და ბალახებში გაუჩინარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: – ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა რათა სხვებს არ გაეგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.
ჯერ უთმინეს ფრინველებმა ეს ტყუილი მერე კი ეტყობა საწყენად მიიღეს. ჩემს იქით კენკეშიან გორაზე იწყეს შეკრება.
მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთიმეორეს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნაირად ჩაცმულები. გორაზე ტევა აღარ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.
ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!- ყვიროდა ის. მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა:- ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!
ის ის იყო ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო, ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს, აღარ აცადეს დამალვა მიმინოებმა, ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს, იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო. მე ჩუმად ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.
მოსამართლე ყვავმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:
– მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოტყუება. მითხარით ვინა გყავთ ცაში?
– არავინ,- თქვა სევდიანად ცასწავალამ.
– ვაა! – აღმოხდა ყვავს, – როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიოდი?
– ისე, ცაში მინდოდა წასვლა.
– ვისთან, ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?
– არა, არავის დავუპატიებივარ, მაგრამ…
– “მაგრამ” აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას. განა შეუძლება, ამდენი ტყუილი? მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალო! და მერე ურცხვად იმეორებ, ვტყუი! ვტყუიო!- ვინ არის შენი მოსატყუებელი. უფროსების მაინც არა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?
– არავინ.
– ობოლი ხარ?
– დიახ…- თქვა საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.
– საზოგადოების მოტყუებისთვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკაშის ღეროზე მიბმით,- გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კანკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება-ნება დაიშალა.
ყველაზე ბოლოს მოლაღური შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაფრინდა.
– გამაგრდი ცასწავალა!- ჩამოსძახა კანკეშაზე მიბმულ ცასწავალას.
ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა. მე დავაპირე აშვება. მაგრამ მერე ვიფიქრე, ვაითუ ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფად მიიღონ და ცასცავალას რაიმე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა მელას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.
დილით ადრე გავრეკე მთისკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა, ეტყობა მოლაღურმა დააფარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც რამდენიმე წუთში საიდანღაც მოფრინდა მოლაღური და ფოთლები მიმალ-მომალა რომ ფრთოსნებს არ ენახათ.
შუადღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუადღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახსნენ, ჯერ უგონოდ დაეცა, ეტყობა ფრთები ეტკინა. მოლაღურმა ნისკარტით წყაროს წყალი მოარბენინა და მოასულიერა ცასწავალა.
– გაგვითავისუფლებიხარ ცასწავალავ, ოღონდ ერთი პირობით: მეტი აღარ მოიტყუო, – უთხრა ყვავმა.
– არა, აღარ მოვიტყუებ,- პირობა მისცა ცასწავალამ.
წავიდ წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.
ცაზე მსუბუქად მიცურავდა მზე. ლუჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.
ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული.მერე ეტყობა მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! – იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სანამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე- უკანასკნელ ძალ ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შებყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა : ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! ყველანი მას შეჰყურებდნენ. ის წერტილივით ჩანდა.
უკანასკნელი ამოსუნთქვაღა ეყო ღონე და გული გაუსკდა. უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში.
საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაზე დაასაფლავეს სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღურმა ბევრი იტირა. სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით იქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორაზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა, ზემოთ დარჩენილი თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს, ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ.

(ეს ამბავი მოხდა  საქართველოში, გუდამაყრის ხეობაში.)

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button