ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

გოდერძი ჩოხელი – ხუჭუჭულა

ეს ამბავი იმაზე უფრო სევდიანია, ვიდრე მინდოდა გამოსულიყო. საქმე ის გახლავთ, რომ არავინ მოელოდა ამ ამბის ასეთ დასრულებას. იმ სოფელში, სადაც ეს მოხდა, ყველა მოწყენილი დადის. ზედმეტად სევდიანებს, მზერა წამდაუწუმ ზეცისკენ გაურბით; იქნებ ინებოს მაღალმა ღმერთმა და ხუჭუჭულა დააბრუნოს იქიდან. ამ ამბავში ყველა საკუთარ დანაშაულს გრძნობს, მათ ხომ უსაზღვროდ უყვარდათ ხუჭუჭულა, რომელსაც თავისი სიპატარავის გამო, სიყვარულით, მოლეკულა შეარქვეს, თორემ ნამდვილი სახელი ბერდია ერქვა. ხუჭუჭულა თვითონ შეირქვა და ძალიან სწყინდა, როცა რომელიმე თანასოფლელი დაუძახებდა:

_  მოლეკულა, მოდი აქ!

_  არა ვარ მოლეკულა!  _  ბრაზობს ბერდია.

_  მოლეკულა ხარ, აბა ვინა ხარ?

_  მე ხუჭუჭულა ვარ, მაგარი ბიჭი ვარ.

ეს სახელი იმის მერე შეირქვა ბერდიამ, ერთი წლის წინათ ბებიამისმა კალთაში რო ჩაისვა და ხუთკუნჭულას ზღაპარი მოუყვა. მაშინ ორი წლისა იყო ბერდია. ბებიას ფართოდგახელილი თვალებით შეჰყურებდა, ოდნავპირდაღებული წამწამებს არც კი ამოძრავებდა, რომ ამბის მოყოლის დროს ბებიისათვის ხელი არ შეეშალა.

_  აი, ეგეთი მაგარი ბიჭი იყო ხუთკუნჭულა,  _  დაამთავრა ზღაპრის მოყოლა ბებიამ.

_  მეც ხომ მაგარი ბიჭი ვარ, ბებო?

_  მაგარი ხარ, ბებო გენაცვალოს, ჩემო ხუთკუნჭულა ბიჭო.

_  მეც ხუჭუჭულა ვარ, ბებო?

_  აბა, შენნაირი ბიჭი სხვა ვინ იქნება.

_  მეც მოვერევი დევებს?

_  მოერევი, მაშ!

ბერდიას სიხარულით გაებადრა სახე და ბებიის კალთიდან ამაყად ჩამობობღდა. ასევე ამაყად გამოვიდა სახლიდან, ბანზე გადმოდგა და სოფელს გადახედა.

_  გამარჯვება მოლეკულა!  _  მიესალმა მეზობელი.

_  არა ვარ მოლეკულა!

_  გამარჯვება ბერდია!  _  ახლა უფრო სერიოზულად მიესალმა მეზობელი.

_  არა ვარ ბერდია!

_  ვა, აბა, მაშ ვინა ხარ?

_  ხუჭუჭულა.

_  ეგ რაღაა?

_  მაგარი ბიჭის სახელია, მეც მაგარი ბიჭი ვარ!

იმ დღის მერე დადის სოფელში ბერდია და ამტკიცებს, რომ ხუჭუჭულა ჰქვია, თუმცა, ამაოდ, ყველა მაინც მოლეკულას ეძახის.

ხუჭუჭულა კი ბრაზობს და დარდიანი დაიარება, რომ მოლეკულას ეძახიან. რაღაცით უნდა დააჯეროს ყველა, რომ მაგარი ბიჭია. ირიჟრაჟებს თუ არა, წამოხტება ლოგინიდან, ფეხშიშველა გამოდგება სახლის ბანზე და მორთავს ყვირილს:

_  გაიღვიძეთ, ხალხო, გაიღვიძეთ, გათენდა, გათენდა!

_  გაჩუმდი, შე მოლეკულა, შენა, დაგვაძინე!  _  უბრაზდება უფროსი ძმა, ბაჩანა, სახლიდან.

ხუჭუჭულას ძალიან უყვარს ბაჩანა და ჩუმდება მისი ხათრით. გულში კი სწყინს, რომ ბაჩანაც მოლეკულას ეძახის, მაგრამ წყენას არ იმჩნევს, არც საყვედურს ეუბნება ძმას.

_  შეგცივდება, ბებო, შეგცივდება, წამო სახლში, გაიღვიძებენ, მა რას იზამენ, დარდი ნუ გაქვს,  _  სახლში შეჰყავს ფეხშიშველა ხუჭუჭულა ბებიას.

სახლში კი უკვე ლოგინიდან წამომდგარა ბაჩანა, სკოლაში წასასვლელად ემზადება და გაკვეთილს იმეორებს:

_  ჯერ კიდევ ოცდახუთი საუკუნის წინ, ბერძენმა ფილოსოფოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ნივთიერება შედგება უმცირესი, თვალით უხილავი ნაწილაკებისაგან… ნივთიერების უმცირეს ნაწილაკებს მოლეკულები და ატომები უწოდეს.

_  მე ხუჭუჭულა ვარ, ხო, ბებო?  _  იმედით შეაჩერდა ბებიას ხუჭუჭულა.

_  ხოო, ბებია გენაცვალოს, მოდი, ფეხებზე ჩაგაცვა.

ხუჭუჭულა კალთაში ჩაუჯდა ბებიას.

ბაჩანამ წიგნები ჩანთაში ჩაალაგა და კარი გაიხურა. ხუჭუჭულას მშობლები კი სამუშაოზე არიან წასულები.

,

გუდამაყრის ხეობაში, სადაც ერთ-ერთი მთის ფერდობზე ხუჭუჭულას სოფელია შეფენილი, ყველაფერი წელიწადის გარშემო ბრუნავს. აქაური ამბები ახალი წლიდან ახალ წლამდე დატრიალებულ წრებრუნვაშია ჩართული. ამ ვიწრო ხეობაში დასაბამიდან ბრუნავს წელიწადის ბორბალი და თავის წრებრუნვაში ატრიალებს გუდამაყრელთა ბედ-იღბალს. აქაური დრო, ახალი წლიდან ახალ წლამდე, ერთი დიდი რიტუალია, სადაც ყველა დღეს თავისი საკრალური დანიშნულება აქვს. ქრისტიანულ ადათ-წესებთან ერთად, ძველს, ქვეყნიერებისაგან მივიწყებულ დღესასწაულებსაც ზეიმობენ და მთელი წელიწადი თითქოს ერთი დიდი დღესასწაულია, რომელიც ღმერთის წინაშე დღემდე ერთგულად სრულდება.

ახალ სახლებთან ერთად, ძველებური, ბანიანი სახლებიცაა შემონახული ხუჭუჭულას სოფელში. ძველებურ სახლებში, საახალწლოდ კერას გააჩაღებენ და ასეთ რიტუალს ასრუ-ლებენ:

კერასთან დევს დიდი ხის მორი, რომლის თავსაც ერბოს წაუსმევენ და ცეცხლში შეურთავენ. ოჯახის წევრები ამ მორზე გადასხდებიან და წინ მჯდომარე ცხენივით შეიხვიხვინებს; თან დაიძახებს:

_  ბებერაი მობრძანდება! (ვითომ ძველი წელი).

_  ბებერაი რასა ბრძანებს?  _  ეკითხებიან.

_  ბედსა, ბედნიერობასა,

პურსა, პურიანობასა,

ვაჟსა, ვაჟიანობასა,

წულსა, წულიანობასა,

ოჯახის კარგად ყოფნასა,

ოჯახის ბარაქიანობასა!  _  პასუხობს მორის თავზე მჯდომარე და თან მორის ცეცხლმოდებულ თავზე ჯოხს ურტყამს, რომ ნაპერწკლები გაყაროს.

ამის მერე მამაკაცები ხატში მიდიან, რომ იქ შეხვდნენ ახალ წელს და ყველას იმდენი ადლი სანთელი მიაქვს, რამდენი მამაკაციც არის მათ ოჯახში.

ხუჭუჭულას სახელზე ჩამოქნილი სანთელი წელს მესამედ უნდა წაიღოს მამამისმა ხატში ასანთებად. ძალიან მოსწონს ხუჭუჭულას ახალი წელი. განსაკუთრებით კერაში შერთული ხის მორზე ჯდომა უხარია და თვითონაც ურტყამს მორის თავს ჯოხს, რომ ნაპერწკლები გააყრევინოს.

_  აქეთ გამოიწი, შე მოლეკულა, ცეცხლში არ ჩაიწვა!  _  გული ატკინა ბაჩანამ ხუჭუჭულას საახალწლოდ.

ხუჭუჭულამ, რა თქმა უნდა, არ შეიმჩნია წყენა. მას ხომ ძალიან მაგრად უყვარს ბაჩანა.

ხვალ დილით, ხატში წასული მამა კარებს შემოაღებს, ოთახში თოვლს შემოყრის, მერე თვითონაც შინ შემოვა და ყველას თეთრ თოვლს აყრის სახეზე.

_  ასე თეთრად დამიბერდით!

_  ეგრევ შენა! ეგრევ შენა!  _  პასუხობენ მას.

ხუჭუჭულასაც აყრის მამა სახეზე თეთრ თოვლს და მასაც ეუბნება: ასე თეთრად დამიბერდი! ხუჭუჭულას ძალიან უკვირს, რატომ ეუბნება მამა დამიბერდიო.

_  მე არ დავბერდები!  _  იძახის იმედიანად.

_  რას ამბობ, ბებია გენაცვალოს, ეგ რამ გათქმევინა?  _  გულში ჩაიკრა ბებიამ და სახიდან მამის მიერ შეყრილი თოვლი მოსწმინდა.

ყველანი სუფრას მიუსხდნენ, სადაც თაფლთან და სხვა ტკბილეულთან ერთად თავ-თავიანთ სახელზე გამომცხვარი ბედისკვერიც უნდა ჭამონ.

ბედისკვერს ყველას სახელზე აცხობენ და ვისი კვერიც კარგად ამოფუვდება და კარგად გამოცხვება, იმას ბედნიერი წელიწადი ელოდება წინ.

საქონლის სახელობაზეც აცხობენ ბედისკვერს. კვერებს ზემოდან ჯვარი აქვს გამოსახული, რაც ძალიან მოსწონს ხუჭუჭულას, ისე მოსწონს, რომ გულში იხუტებს თავის ბედისკვერს.

_  ჭამე, ბებო, ჭამე, აგრემც ბედნიერი დამიბერდები!

_  არ დავბერდები, ბებოო!  _  წყენით შეახსენა ბებიას ხუჭუჭულამ.

,

ზარ-ზეიმით ჩაიარა ახალმა წელმა.

ხუჭუჭულას ყველაზე მეტად სოფლის საერთო მხიარულობა მოეწონა. გამოიტანეს სახლებიდან ციგები, მარხილები, თხილამურები და დიდიან-პატარიანად, ყველამ ციგაობა დაიწყო. ბებრები ერთ დიდ მარხილზე დასხდნენ, ხოლო ბებიამ ხუჭუჭულა კალთაში ჩაისვა და ყიჟინ-ყიჟინით გაქანდნენ მთის ფერდობზე.

ხატში მთელი დღე ზარებს რეკავდნენ დასტურ-დეკანოზნი. ისინიც თავის წესზე შეხვდნენ ახალი წლის დადგომას: დილაუთენია არაგვზე ჩავიდნენ, გაყინულ მდინარეში იბანავეს და სიმღერით წამოვიდნენ ხატისკენ:

წმინდის გიორგის კარზედა

ხე ალვად ამოსულიყო,

თავში დაესხა ყურძენი

საჭმელად ჩამოსულიყო….

სიმღერის ხმა ექოდ აწყდებოდა მთებს და მთებიც იმეორებდნენ ამ სიმღერას. ზეცა მღეროდა საახალწლოდ.

მხიარულობდნენ ხუჭუჭულას თანასოფლელები. ისინი ერთიმეორეს სახეში თოვლს აყრიდნენ და ლოცავდნენ:

_  ასე თეთრად დამიბერდი!

_  ეგრევ შენა, თეთრად დაგაბეროს უფალმა!

ხუჭუჭულა ხომ სულ თეთრი იყო, იმდენი თოვლი შეაყარეს ზედ.

_  ნუ დამიღონეთ ბალღი,  _  სიცილით საყვედურობდა ბებია და ტანსაცმლიდან თოვლს უფერთხავდა შვილიშვილს.

_  არ დავბერდები!  _  ბრაზობდა ხუჭუჭულა.

სხვა სოფლებიდანაც ისმოდა მხიარულების ხმა. ახალი წელი ღონეს იკრებდა. ყველა ცდილობდა ემხიარულა, რადგან სწამდათ, რომ დღევანდელ დღეს როგორც გაატარებდნენ, მთელი წელიწადი ისეთი ლხინით წავიდოდა მათი ცხოვრება.

და

ლხინით,

სიმღერით ჩამოღამდა გუდამაყარში.

მაღალ მთის წვერზე მთვარეც გადმოდგა და ვარსკვლავებმაც მორთეს ჟიკ-ჟიკი.

,

ყველა ოჯახმა უნდა შემოინახოს საახალწლოდ გამომცხვარი ოჯახის ბედისკვერი. ამ ბედისკვერს ძალიან უფრთხილდებიან, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. წუნკლაობა დღეს, ამ ბედისკვერმა უნდა ამცნოს ოჯახს, როგორ წავა მათი ბედი წლის განმავლობაში.

დადგა წუნკლაობაც.

დაანთეს ჭიაკოკონები.

ხუჭუჭულას მამამ ოჯახის ბედისკვერი საცერში ჩადო, საცერი მხარზე შემოიდგა, წელში მოიხარა და ცეცხლს შემოუარა სამჯერ გარშემო. ისე იყო მოხრილი, თითქოს საცერში ჩადებული პური ძალიან ამძიმებდა; უვლიდა ცეცხლს და თან კიოდა:

_  მიშველეთ, მომეშველენით, კეთილმა წელი მომწყვიტა!

ხუჭუჭულამ მამის საშველად გაიწია.

_  გამოდი აქეთ, შე მოლეკულა, შენა, ცეცხლში არ ჩავარდე!  _  საყელოში ხელი ჩაავლო ბაჩანამ და თავისკენ წაითრია.

_  გამიშვი, მამას შველა უნდა,  _  პირველად შეეწინააღმდეგა ბაჩანას ხუჭუჭულა.

მამამ კი სახლისაკენ წაიღო საცერში ჩადებული ბედისკვერი, კარებთან დაიჩოქა, საცერი ძირს ჩამოდგა, იქიდან კვერი ამოიღო და სამჯერ შეაგორა სახლში.

ყველანი გულისფანცქალით ადევნებდნენ ამ სცენას თვალ-ყურს, რადგან აქ წყდება ოჯახის წლევანდელი ბედი: თუ სახლში შეგორებული კვერი ისე გაჩერდება, რომ მასზე გამოსახული ჯვარი ზემოთ მოექცევა, მაშინ საშიში არაფერია, მაგრამ თუ კვერი გულაღმა დაეცემა და ჯვარიც ქვეშ მოყვება, რაღაც უბედურება დაატყდება ოჯახს.

სამჯერვე გულაღმა დაეცა ხუჭუჭულას მამის მიერ სახლში შეგორებული ბედისკვერი.

თითქოს მეხი დაეცა ოჯახს.

გამტკნარდნენ,

გაფითრდნენ,

ელდა ეცათ და ხმაამოუღებლივ შეხედეს ერთიმეორეს.

_  ნუ გეშინიათ, ნუ, ჩემზედამც გადაიაროს რაც ავი და ბოროტი გველოდება!  _  გაამხნევა ოჯახი ხუჭუჭულას ბებიამ და შვილიშვილი გულში ჩაიკრა.

ორი დღის მერე, დედის ტირილმა გამოაღვიძა ხუჭუჭულა.

ოთახი სავსე იყო ხალხით. ყველანი ბებიის ლოგინს ეხვეოდნენ.

ხუჭუჭულა ლოგინიდან წამოდგა. დედამ ხელში აიყვანა და იქით ოთახში გაიყვანა, სადაც დაღვრემილი სახით იჯდა ბაჩანა.

_  ბალღს მიხედე!  _  უთხრა მას დედამ და თვითონ ისევ იმ ოთახში შებრუნდა, სადაც ბებია იყო.

ხუჭუჭულამაც დააპირა ისევ იმ ოთახში დაბრუნება.

_  მოდი აქ, შე მოლეკულა, შენა!  _  ისე ბრაზიანად უთხრა ბაჩანამ, ხუჭუჭულა შეცბა, წყენით შეანათა ჭრელი თვალები ძმას.

_  ბებოსთან მინდა.

_  ბებო აღარ არის.

_  ჰო, მაშ, იქ არის, წეღან დავინახე. ლოგინზე წევს.

_  მოდი, მოდი, ლოგინში ჩაწექი და ხმა არ ამოიღო,  _  ძალით ჩააწვინა საწოლში ბაჩანამ ხუჭუჭულა.

გვერდითა ოთახიდან ტირილი ისმოდა.

უნდოდა იქ გასვლა ხუჭუჭულას, მაგრამ ბაჩანა არ უშვებდა.

_  ვერ გაიგე? ხომ გითხარი, ბებო აღარ არის-მეთქი!  _  თითქმის ყვირილით უთხრა ძმამ.

ხუჭუჭულამ კი მართლა ვერ გაიგო. მან ხომ სულ ახლახან დაინახა ლოგინზე გულაღმა მწოლარე ბებო. ბაჩანა კი ატყუებს, ბებო აღარ არისო.

“ტყუილი ცუდია”….

“ტყუილი ცუდ ბიჭებს უყვართ”…

“კარგი ბიჭები არ იტყუებიან”…  _  თითქოს ყურში ესმის ხუჭუჭულას ბებიის ნათქვამი და თავისთვის გულში იმეორებს:

“ბაჩანა ცუდი ბიჭი არ არის”…

“ბაჩანა კარგი ბიჭია”…

“ბაჩანა ჩემი ძმაა”…

და

ამ ფიქრებში გართულს, ისევ ძილმა წაართვა თავი.

,

ყველაზე დიდი ელდა ის იყო, როცა ბებია სახლიდან წაიღეს, ამოთხრილ მიწაში ჩადეს და ზემოდან მიწა მიაყარეს.

_  ბებო! ბებო!  _  იყვირა ხუჭუჭულამ და საფლავისაკენ გაიწია.

_  გამოდი აქეთ, შე მოლეკულა, შენა!  _  ისევ საყელოთი დაითრია ბაჩანამ.

მთელი მიწა ბებიას მიაყარეს, თვითონ არაყი დალიეს და ყველანი სახლში წამოვიდნენ.

_  ბებო?  _  იკითხა ხუჭუჭულამ.

_  წამო, წამო, ბებო აქ უნდა იყვეს,  _  უთხრა ბაჩანამ და საყელოში წაავლო ხელი.

სახლიდან კი ისევ ბებიის საფლავზე გაიქცა ხუჭუჭულა, ფრთხილად მიუახლოვდა ამობურცულ მიწას და ჩუმად ჩასძახა: ბებო! ბებო!  _  ბებიამ ხმა არ გასცა.

ხუჭუჭულა იქვე ჩამოჯდა.

ბაჩანამ მოირბინა და ისევ სახლისაკენ წაათრია ხუჭუჭულა.

ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე. დილაადრიან წამოხტებოდა ხუჭუჭულა და ბებიის საფლავისაკენ გარბოდა. მივიდოდა, დადგებოდა და შეჰყურებდა ამობურცულ მიწას.

მოვიდოდა ბაჩანა და სახლში წაათრევდა:

_  წამო სახლში, შე მოლეკულა, შენა!

სახლიდან კი ისევ საფლავისაკენ გარბოდა ხუჭუჭულა და რომ ვერაფერი მოუხერხეს, მამამ თქვა:

_  გვიან ღამემდე აცადეთ იქ ყოფნა; შეეშინდება და აღარ წავა.

იმ დღეს მთელი დღე უჭმელმა დააღამა საფლავთან.

მზე ჩაიწვერა.

ჩამობინდდა.

ხუჭუჭულა სახლში წასვლას არ აპირებს. ეცოდება, რომ ბებო ღამეში მარტო უნდა იყოს.

ვარსკვლავები ამოიშალნენ ცაზე.

ყინვამ მოუჭირა. მთლიანად ააკანკალა ხუჭუჭულას.

მაინც არ მიდის, ბებოს ყარაულობს, და

უცებ:

_  წადი, ბებო, სახლში, წადი!  _  მოესმა საფლავიდან ხუჭუჭულას ბებიის ხმა.

_  ბებო!

_  ჰო, ჩემო ხუთკუნჭულა ბიჭო, მე ვარ. წადი სახლში, მე აქ არა ვარ, ბებო, ნუ მყარაულობ. შენ თუ სახლში არ წახვალ, მე საიქიოს ვერ წავალ. წადი, ბებო გენაცვალოს, წადი! მადლობელი ვარ ეგეთი კარგი ბიჭი რო ხარ. წადი სახლში.

ხუჭუჭულა სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა, ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და სიცივისაგან გათოშილი ცეცხლს მიეფიცხა.

მამამ, დედამ და ბაჩანამ ღიმილით გადახედეს ერთიმეორეს. ალბათ იფიქრეს, რომ ხუჭუჭულა შიშმა მოიყვანა სახლში.

,

დიდმარხვა მოახლოვდა. დადგა ყველიერის კვირა. მთელი სოფელი ამ კვირას ყველის ჭამას ეშურება. აცხობენ ხაბისგინებს, ხარშავენ ყველის ხინკალს და რომელ ოჯახშიც არ უნდა მიხვიდე, ყველგან ნაირ-ნაირი ყველით გიმასპინძლდებიან. მთაში დიდ პატივს სცემენ ყველს, იგი ერთ-ერთ უპირველეს საჭმელად ითვლება აქაურთათვის და რაკი დიდმარხვაში ყველის ჭამა არ შეიძლება, ამ ერთი კვირის განმავლობაში წინასწარ იკლავენ წადილს.

უხარია ხუჭუჭულას ამდენ ყველს და ერბოს რომ აჭმევენ. წელს პირველად დააცვევინეს მას შობის მარხვა და ვერაფრით ვერ გაიგო, რატომ უმალავდა მისი საყვარელი ბებია ყველს და ერბოს.

_  ბებო, ყველი მინდა, ყველი!  _  ითხოვდა ხუჭუჭულა.

_  მარხვაა, ბებო, მარხვა,  _  გული უდნებოდა მკერდში ბებიას.

_  მარხვა რა არის?

_  ღმერთის დღეებია, ბებო გენაცვალოს.

_  ღმერთის დღეებში ყველისა და ერბოს ჭამა არ შეიძლება, ბებო?

_  არა, არ შეიძლება.

_  არც კვერცხის?  _  ახლა კვერცხი მოუნდა ხუჭუჭულას.

_  არც კვერცხის, ბებო.

_  და არც რძის დალევა არ შეიძლება, ბებო?

_  არც რძისა.

_  ჩიჩია, ბებო?

_  არც ჩიჩია, ბებო გენაცვალოს!  _  უფრო და უფრო უდნება პატარა ბიჭის საცოდაობით მოხუცს მკერდში ცხოვრებისაგან ისედაც დალეული გული.

_  როცა ჭამა შეიძლება, მაშინ ღმერთის დღეები არ არის, ბებო?

_  მაშინაც ღმერთის დღეებია, ოღონდ სამხიარულო დღეები.

_  ყველა დღე ღმერთის დღეა?

_  ხო, ბებო, ყველა დღე ღმერთის დღეა, დაილოცოს იმის სამართალი.

_  ჩვენც ღმერთმა გაგვაჩინა.

_  მაშ!

_  ხან ჭამეთ და ხან არ ჭამოთო?  _  ისე კითხულობს ხუჭუჭულა, ეტყობა შია.

ბებიამ სკივრში გადანახული კაკალი ამოუღო და უბე გაუვსო.

სიხარულით ცას ეწია ხუჭუჭულა.

_  კაკალი სულმუდამ ჭამეთო ბებო?  _  სიხარულჩამდგარი თვალები შეანათა ბებიას.

_  ჰო, გენაცვალოს ბებო, ჩემო ხუთკუნჭულა ბიჭო!  _  ხმაშიც და გულშიც სითბო ჩაუდგა ბებოს.

კაკლით, ჩირით, თხილით და სხვადასხვა სასუსნავით  გაასრულა ხუჭუჭულამ თავისი პირველი მარხულობა.

მერე სამხიარულო დღეებიც დადგა.

მერე ბებია გარდაიცვალა, ისევ მწუხარება ჩამოდგა.

ახლა ყველიერია, მხიარულობს სოფელი და ხუჭუჭულასაც უხარია ამდენი ყველის ხინკალი და ხაბიზგინები.

ჩათავდა ყველიერი და დადგა შურის კვირა. ახლა ხორცის ჭამას ეშურება მთელი სოფელი. ყველის ხინკლები ხორცისამ შეცვალა.

ხუთშაბათს დათვქადაობაა. ცხრაქერქა ქადებს აცხობენ. მიდიან ხატში.

პარასკევს ჟამთ უქმეა, ხელს არავინ არაფრისთვის არ გაანძრევს. ეს მძიმე უქმეა.

შაბათი ხორცის შაბათია, ხორცის ხინკალს ხარშავენ და მიცვალებულებს შენდობას ეუბნებიან.

_  ბებოს იქ მიუვა ეს ხინკლები, დედიკო?  _  ეკითხება დედას ხუჭუჭულა.

_  ხო, შვილო, ეს ტაბლა საიქიოს ბებოს წინ დაიდგმება  _  პასუხობს დედა.

_  აქედან რომ არ მიფრინავს?

_  იქ ასეთივე ტაბლას გააჩენს ღმერთი.

_  იქაც იქნება და აქაც იქნება?!  _  გაკვირვებულია ხუჭუჭულა.

_  ჭამე, ჭამე, რამდენ ხინკალსაც შეჭამ, ბებო იქ დაინახავს თავის ტაბლაზე და გაუხარდება.

ხუჭუჭულამ იმდენი ჭამა, ტიკივით გამოებერა მუცელი.

გათენდა კვირა  _  აბრამძოლობა.

ამ დღეს უკანასკნელად სჭამენ ხორცს.

გამოხრულ ძვლებს წითელი ძაფით შეკრავენ, გარეთ გამოვლენ, ძვლებს ძველებურ, მაღალ ბანზე შეაგდებენ და მანამ ძვლები ბანზე დაეცემა, შემგდები სამჯერ უნდა შეხტეს ჰაერში. თან ზემოთ ბანზე მყოფ ვიღაც უჩინარს შესძახიან:

_  აბრამძოლ, ველის ნადირო, წელს ამას დაგვჯერდი, კვლავ სხვას მოგართმევთ!

ხუჭუჭულა ცდილობს ბანზე ძვლის შეგდებას, მაგრამ ვერ ახერხებს. შეაგდებს ჰაერში, მაგრამ ძვალი ისევ მას ხვდება თავში.

_  მოიტა აქ, მოლეკულა შენა!  _  გამოართვა ძვალი ბაჩანამ და მაღალ ბანზე შეაგდო.

მაღალ ბანზე ასვლა უჭირთ პატარა ბიჭებს, რადგან იქ ასასვლელი ქვის საფეხურები ისეა კედელში ჩატანებული, რომ ბალღები ადვილად ვერ ავიდნენ, რადგან ბანი მაღალია და თუ პატარები შესძლებენ იქ ასვლას, შეიძლება გადმოვარდნენ. უფროსებიც იშვიათად ადიან იქ, ან თოვლის გადმოსახვეტად, ანდა წვიმაში მიწის გასაზეპად. თოვლის ხვეტის დროს კიდევ ნახულობენ აბრამძოლობა დღეს შეყრილ ძვლებს, რომელთა წაღებაც ჯერ კიდევ ვერ მოუსწრიათ ყვავ-ყორნებს. თუმცა ამათ კი სჯერათ, რომ “აბრამძოლ ველის ნადირს” სწირავენ ძვლებს და ათასნაირ ამბებს ჰყვებიან ამის შესახებ პატარა ბიჭები, რომლებმაც აბრამძოლობის მეორე დღეს, დილაუთენია, სანამ სოფელი გაიღვიძებს, ბანზე ასვლა უნდა მოახერხონ და იქედან უნდა ჩამოიტანონ გამოუხრავი ცხვრის ბეჭი, რომელსაც იმიტომ შეაგდებენ ხოლმე ბანზე, რათა მერე წილი ჰყარონ და რომელ ბიჭსაც ერგება, ის უნდა გამოსცადონ გულადობაში. მან, დილით, ბანიდან ჩამოტანილი, გამოუხრავი ბეჭი უნდა დაახვედროს სოფელს.

აქედან იწყება მარხვა.

ბეჭი კი ისევ იმ ბიჭმა უნდა შეაგდოს ბანზე. მან უკვე კაცობაში შედგა ფეხი. გულადია, სოფელს შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს, თუმცა ჯერ კიდევ პატარა ბიჭებისათვის ძალიან ძნელია ამ იმედის მოპოვება; უნდა გაიღვიძო დილაუთენია, როგორმე უნდა ახვიდე მაღალ ბანზე, რომელზეც ჯერ ვერაფრით ვერ ასულხარ და იქ რომ “აბრამძოლ ძვლების შემწირველი” დაგხვდეს?

მერე რას არ ჰყვებიან “გულადი” ბიჭები  _  რო ავედი, ვხედავ დიდი გველები წვანან ბანზე, ტანზე ბალანი ასხიათ და ბეჭისაკენ გზას მიღობავენ. მე ბეჭისაკენ მივდივარ, ისინი კი მიყურებენ და სისინებენ. პირჯვარი გადავიწერე და ქრისტე ღმერთს ვთხოვე, შემეწიე მეთქი; გველებმა დაისისინეს, ფრთები გაშალეს და გაფრინდნენ. მე ბეჭი ავიღე და ჩამოვიტანე! _  აი, ასეთ გაუგონარ ამბებს  ჰყვებიან ბანიდან ბეჭის ჩამომტანი “გულადი” ბიჭები.

წელსაც შეაგდეს ბეჭი.

ყარეს წილი

და  _  ხუჭუჭულას ძმას, ბაჩანას ერგო ის.

გაფითრდა ბაჩანა, სახლში გაიქცა, შიშის ბურთი გაეჩხირა გულიდან ყელამდე.

დაღამდა.

ბაჩანა ლოგინზე პირქვე წევს და ჩუმად ტირის.

_  რა მოგივიდა, კაცი არა ხარ?  _  უბრაზდება მამა.

_  ნუ უტევ, ხო ხედავ ბალღია, ყველას კი არ შეუძლია  _  იცავს ბაჩანას დედა.

_  ეხლა თუ მაიჭრა სოფელში თავი, სამარემდე გაჰყვება ეგ სირცხვილი,  _  იძახის მამა.

_  იქნებ შენ ახვიდე დილაადრიან და ჩამოუტანო,  _  სთხოვა დედამ.

_  როგორ? მე ჩამოვუტანო თავისი კაცობა?! მერე თვითონ არ შერცხვება? მერე თვითონ ქურდულად ატარებს თავის ნამუსს? არც კი გესმის, რას ამბობ! ადგება ხვალ დილაუთენია და ჩამოიტანს იმ ბეჭს, მორჩა და გათავდა!  _  ბრძანებით თქვა მამამ.

უფრო მწარედ აქვითინდა ბაჩანა. დედამ მისი დაწყნარება სცადა, მაგრამ მამა გაუბრაზდა:

_  შეეშვი, ქალი ხომ არ არის, რომ მოფერება აწყნარებდეს?

ღამე თანდათან დაშავდა და ჩაღრმავდა.

ძილმა მოიცვა სოფელი.

ხანდახან მგელი წამოიყმუვლებდა გაღმა ტყეში და ისედაც სევდიან ზამთრის ღამეს, უფრო სევდიანს ხდიდა.

ოხრავდა ბაჩანა და არც ხუჭუჭულას ეძინა.

დედასაც ჩაეძინა,

მამასაც…

მარტო ხუჭუჭულა არ იძინებს, ისე ეჭიდავება ღამეს, როგორც ხუთკუნჭულა ეჭიდებოდა დევებს ზღაპარში.

დრო და დრო მგლის ყმუილი და ძაღლების შეშინებული ყეფა აკრთობს ხეობაში ჩამოწოლილ ღამეს.

როგორც იქნა, იყივლა მამალმა.

ჯერ ერთი ყიოდა, მერე იმას სხვებიც აჰყვნენ. ფანჯარაში ოდნავ გაფერკმთალდა ღამე.

ბაჩანას სძინავს.

დედასაც,

მამასაც…

თენდება. ფანჯრებიდან სახლში შემომზირალი ღამე სადღაც მოეპარება ჩუმად.

წამოდგა ხუჭუჭულა.

ჩაიცვა.

ფრთხილად გააღო კარი და გარეთ გავიდა. ვერავინ გაიგო მისი გარეთ გამოსვლა. იმ ბანისაკენ წავიდა, სადაც ცხვრის ბეჭი შეაგდეს და ბაჩანას ერგო მისი ჩამოტანა.

რიჟრაჟია. ხუჭუჭულა მაღალი ბანის ქვის საფეხურებზე ასვლას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს.

ძალიან წვალობს,

თან ისე ცდილობს, ისე უნდა ბანზე ასვლა, ეტყობა ამ დიდი სურვილით ანთებულს ეძლევა ძალა და ისიც ქვის საფეხურებზე მიბობღავს, ზემოთ მიიწევს და ბანზე ადის.

დათოვლილ ბანზე, აქა-იქ მიმობნეულ ძვლებს შორის უშველებელი შავი ყორანი ზის და ხორციან ცხვრის ბეჭს კორტნის.

_  ქში!  _  აუქშია ხუჭუჭულამ.

_  ყრრრააა!  _  ჩუმად დაიყრანტალა ყორანმა.

ხუჭუჭულამ ფეხსაცმელი გაიხადა, ყორანს ესროლა და ისევ აუქშია.

_  ქში!

ყორანმა ფრთები აიქნია, მაგრამ არ აფრინდა. ახლა მეორე ფეხსაცმელი ესროლა ხუჭუჭულამ, მაგრამ ვერ მიუწვდინა ყორნამდე.

_  ყრორ!  _  დაიყრანტალა ყორანმა და როცა ხუჭუჭულა ფეხსაცმლის ასაღებად დაიხარა, ზურგზე დააცხრა, ტანსაცმელში ბრჭყალები გამოსდო, აიქნია ფრთები, აატყლაშუნა, ჰაერში აიწია და ფარტენასავით მსუბუქად აიტაცა ხუჭუჭულა, რომელსაც ფეხსაცმელი ხელში ეჭირა და უცებ ვერც კი მიხვდა, რომ ჰაერში მიფრინავდა, სანამ მაღლიდან არ ჩამოხედა სოფელს.

ყვირილი მორთო ხუჭუჭულამ.

ყორნის ყრანტალმა და ხუჭუჭულას ყვირილმა გამოაღვიძა სოფელი.

_  ბებოო! ბებოო! მიშველე, ბებოო!  _  ყვიროდა მაღლიდან ხუჭუჭულა. ეტყობა ან ბებიის საფლავს ხედავდა ზემოდან, ანდა სულაც აღარ ახსოვდა, რომ ბებია აღარ ჰყავდა. ამაოდ გამოიტანეს სახლებიდან თოფები. სროლა არ შეიძლებოდა.

ყორანი ჭიუხებისკენ გაფრინდა და მთელი სოფელი შეძახილებით გაჰყვა თან.

მალედვე მიეფარა ყორანი მთას. ისეთი პატარა და მსუბუქი იყო ხუჭუჭულა, ოდნავადაც არ უჭირდა ყორანს ფრენა.

ამაოდ გაჰყვირიან მთებს ხუჭუჭულას ძებნით დაღლილი სოფლელები:

_  ხუჭუჭულაა! ხუჭუჭულაა!  _  იქნებ საიდანღაც გამოეხმაუროს ხუჭუჭულა, რომ მიეშველონ.

_  მოლეკულაა! მოლეკულაა!  _  ტირილით გასძახა ბაჩანამ.

_  ხმა ჩაიკმინდე!  _  შეუტია მამამ.

ბაჩანა გაჩუმდა.

_  ხუჭუჭულაა!  _  იმეორებენ მთები და ექო მთელ კავკასიონს გადაეცემა.

კავკასიონი კი დგას.

დგას ამაყად ამოზიდული და შორს მომზირალი. იგი ვერ ხედავს, როგორ ცდილობს მის გულ-მკერდზე უშველებელი შავი ყორანი პატარა ბიჭის დაკორტნას.

_  ქში! ქში!  _  ყინულის გრძელი ლოლუებით იგერიებს ბიჭი ყორანს.

კავკასიონი ამას ვერ ხედავს, რადგან ბიჭი ძალიან პატარაა და შეუმჩნეველი. ისეთივე პატარა ამ მთებს შორის, როგორც მოლეკულა სამყაროში.

მარტო კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი ხედავს ყორანთან მოჩხუბარ ხუჭუჭულას.

ბორგავს ამირანი, ჯაჭვების გაწყვეტას ცდილობს, მაგრამ ამაოა მისი მცდელობა.

თანდათან ღონე ელევა ხუჭუჭულას.

საზარლად ყრანტალებს ყორანი.

არ ჩანს მშველელი.

ბორგავს ამირანი

და  _

საიქიოში, ხუჭუჭულას ბებიის სული, მაღალ ღმერთს ევედრება, რომ აუშვას ამირანი, რათა დროზე მიეშველოს მის საყვარელ, პატარა ხუჭუჭულას.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button