ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

რევაზ ინანიშვილი – ზამთრისპირის სევდა

ზამთრისპირის ბურუსიან დღეს ოთხი თეთრი ვეება ფრინველი უხმაუროდ მოვიდა და ბაღის ბოლოში, ფოთოლგაცვენილ კაკალზე დაჯდა. ისხდნენ, როგორცბავშვის ნახატში, ხესთან შედარებით უზომოდ დიდები, ნაცრისფერში შეჟღენთილი თეთრი აკვარელივით, დაღლილები თუ საგონებელში ჩაცვივნულნი. შეშინებილნი იყურებოდნენ ღობის ძირში შემალული ქათმები.
                გამოვარდა კედლის იქიდან ჩემი მასწავლებელი, აკანკალებული ხელით ჩააწყო გადახსნილ თოფში ვაზნები, ჩაიპარა ორღობით და ყველაფერიდააზანზარებინა წყვილ გასროლას, მაგრამ ფრინველთაგან არც ერთი არ ჩამოვარდნილა, თითქოს არც შეშფოთებულან, გაშალეს ფართო, გრძელი, ძლიერი ფრთებიდა თანდათანობით შეერივნენ ბურუსს – რა შეუცნობლობიდანაც მოვიდნენ, ისევ იმ შეუცნობლობაშივე შეიკარგნენ.
                მასწავლებელი -ჯანმაგარი, მჭევრმეტყველებით განთქმული კაცი, – მრგვალ საფანტს აბრალებდა, მრგვალმა საფანტმა ვერ გაუარა თივთიკსო. მე კი, ათიწლისას, მცენარეებიდან და ცხოველებიდან ჯერ კიდევ სულგაუმიჯნავ ბავშვს, ძალიან მიკვირდა, როგორ ამბობდა ამას: როგორ შეიძლება მოკლა ქვეყნიდანქვეყნად მოხეტიალე ზამთრისპირის ულამაზესი სევდა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button