გოლი თარაყი – სახლი ზეცაში
ცუდი ზაფხული იყო, ცხელი, უწყლო, უშუქო. იყო ომი, შიში და სიბნელე. მასუდ დ. თითქოს შფოთიან ძილბურანს მისცემოდა. აფორიაქებულმა და დაბნეულმა, ხელი დაავლო ცოლ-შვილს და საფრანგეთის გზას დაადგა. არც კი გაუაზრებია, წინ რა ელოდა. არც სურდა, წინდახედული და შორსმჭვრეტელი ყოფილიყო. არ სურდა, ვინმეს მოსთათბირებოდა. არც მათ, ვინც მასზე გამოცდილი იყო, არც მათ, ვინც ყოველგვარ ცვლილებას და გადაადგილებას უფრთხოდა და არც მათ, ვისთვისაც დარჩენა ზნეობრივ არჩევანს წარმოადგენდა, რადგანაც საკუთარ ფესვებს, მიწას და ადათ-წესებს იყვნენ მიჯაჭვულნი. მასუდ დ-ს ომი სძულდა და სიკვდილის ეშინოდა. ღამეული შფოთვა ძილს და მოსვენებას უკარგავდა და ალიონის მტანჯველი მღელვარება კიდევ მეტად აწამებდა. უნდა წასულიყო, გაქცეულიყო და მშვიდი ადგილისათვის შეეფარებინა თავი. ისეთი ადგილისათვის, სადაც არ იქნებოდა აურზაური, ყუმბარები და აფეთქება. სადაც არ იქნებოდა სიკვდილი, სიგიჟე და… თავისი საქმეები ერთბაშად, ელვასავით სწრაფად და ნიავივით ჩუმად მოიკეთა. ბინის მთელი მოწყობილობა აუქციონზე გაიტანა, სახლი კი ლამის მუქთად მიჰყიდა პირველსავე მუშტარს. მიიღო ვიზა, იყიდა ბილეთი, ბარგი-ბარხანა შეკრა და, ის იყო, წასვლას აპირებდა, რომ მისი არეული მზერა მოხუც დედაზე შეჩერდა… ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. როგორ მოიქცეს? ძლიერმა ტკივილმა მოუჭირა გულში და მუცლისკენ ჩაცურდა. წამიერად დაივიწყა ომი და სიკვდილი და დარჩენა გადაწყვიტა. მაჰინ ბანუ მთელი ამ დროის მანძილზე უხმოდ შესცქეროდა ყველაფერს, არც არაფერს ეკითხებოდა ვინმეს, არც პროტესტს უცხადებდა, არც საკუთარ არსებობას შეახსენებდა. ხედავდა, რომ მთელი მისი ავლა-დიდება გასაყიდად გაჰქონდათ და არაფერი უთქვამს. ხედავდა, რომ მის ოთახებში უცხო ადამიანები მიმოდიოდნენ და ბაგეც არ შესტოკებია. კედელთან ჩამჯდარიყო, კუთხეში, დიდ თავრიზულ ხალიჩაზე და ჩუმი სევდით ეალერსებოდა მის ხავერდოვან ყვავილებს, ოქროდ აფერადებულ ხვეულებს. წინაპართა ეს სახსოვარი გარდასულ დღეთა ნიშანი იყო, მისი თითები უკანასკნელად გრძნობდნენ ძველი მეგობრის სხეულს. ეჩვენებოდა, რომ ნახევრად გაციებულ ადამიანს ეხებოდა ხელით სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. მაგიდის გადასაფარებელს კიდეებში ჩაჰფრენოდა, თითქოს წამით მაინც ცდილობდა მის შეჩერებას. თვალი მიურბოდა ფაიფურის მოხატული თასებისაგან, რომლებიც ხელიდან ხელში გადადიოდა, მაღალი რუსული ლამპებისაკენ, გასაყიდად რომ მიჰქონდათ. უნდოდა ეთქვა, არა, ჩემს ქაშმირის შალს და ნიშნობის სარკეს არ გაგატანთო, უნდოდა, აეღო რაიმე და გადაემალა, მაგრამ არაფერი უთქვამს. იჯდა ერთ კუთხეში, ჩუმი და უჩინარი, უყურებდა, როგორ გაჰქონდათ სახლიდან კედლის საათი, მაგიდა და სკამები, ჩინური თეფშები, მოოქროვილი ჩარჩოები. იტანჯებოდა, როგორც დედა, რომლის შვილებიც შორეულ ქვეყანაში მიემგზავრებიან. ხვდებოდა, მწარე არსებობა ელოდა და შეჰგუებოდა ბედს. შვილზე არ იყო ნაწყენი. წლების წინ თვითონვე გადააფორმა სახლი მის სახელზე. მხოლოდ ეს ჰქონდათ პირობად, რომ მის სიცოცხლეში სახლს არ გაყიდდნენ. ეს პირობა კი მოძველდა. იგი მაშინ დადეს, როცა არც რევოლუცია იყო და არც ომი, არც შიში იყო და არც შვილების გაჭირვება. მაჰინ ბანუს კი თავისი ვაჟისა და ქალიშვილის (რომელსაც ინგლისელი ქმარი ჰყავდა და თეირანში არ იმყოფებოდა) ჯანმრთელობისა და ბედნიერების გარდა არაფერი უნდოდა. არც იმ ხალიჩას დაინანებდა, რომელზედაც ფეხი მოერთხა, სულსაც მისცემდა, რომელიც უკვე მილეულიყო და აღარავის სჭირდებოდა… შვილებსაც უყვარდათ. მასუდ დ. არასდროს გულში არ გაივლებდა, რომ მოხუცი დედა მიეტოვებინა და გაქცეულიყო, უქონელად ექცია, ღვთის ანაბარა მიეგდო და საკუთარი ტყავი გადაერჩინა. ეგ იყო, რომ ამ არეულობასა და განუკითხაობაში, ომსა და სიკვდილის მეუფებაში, თავგზა აჰბნეოდა და თავის გრძნობებსა და საქციელში ვერ გარკვეულიყო. ეს იცოდა მაჰინ ბანუმ და ბედსაც ამ დედობრივი გრძნობის გამო დამორჩილებოდა. რა თქმა უნდა, უტირია კიდეც, გულამოსკვნითაც უქვითინია, უჩუმრად, სხვებისაგან მალულად – ღამით, საბანში თავჩარგულს, დღისით, სააბაზანოში ჩაკეტილს, ან ბაღში, მაღალ ფიჭვებს ამოფარებულს. უყვარდა თავისი ძველი ნივთები – ხალიჩები და ქაშმირის შალები… მამის, ქმრის, სიყმაწვილის ბედნიერი დღეების სახსოვრად დარჩენილნი. ერთად დაბერებულიყვნენ და ძველი ახლობლობა ჰქონდათ. ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოგონებები ოთახებში ტრიალებდნენ, ეზოს ქვაფენილს და კედლებს მისი ბავშვობის ნაკვალევი შერჩენოდათ. ამ სახლის გარდა თავისად არც ერთი ადგილი არ ეგულებოდა ქვეყნად და ხედავდა, რომ აღარ იყო „აქაურობის“ პატრონი. არაფრის პატრონი აღარ იყო. ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და ცაში გამოეკიდა. უნდოდა, მომაკვდავ კატასავით თავჩაღუნული გასცლოდა აქაურობას, გამქრალიყო, მაგრამ იცოდა, ჯანსაღად იყო, ცოცხლობდა და არაფერი სჭირდა სასიკვდილო. სიბერე თითქოს სხვებს მოეხვიათ მისთვის თავს. ადამიანების უსამართლო შეხედულება და წარმოდგენა ადგამდა მხრებზე ასაკის ტვირთს და მის ლოყებზე წლების კვალს ტოვებდა. თავისი ახალგაზრდობის პორტრეტი ჰქონდა, ძველ სარკეებში არეკლილი სურათი, გარდასულ დღეთა მშვენიერ მოგონებებს შერჩენილი სახე. გული კვლავ უცემდა და თვალს ყველაფერი ახარებდა. მომავალს შესცქეროდა, გაზაფხულს და ზაფხულს ელოდა. ათასი იმედი და ოცნება ჰქონდა – თავისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. სამოცდათოთხმეტი თუ სამოცდათექვსმეტი? თუ კიდევ მეტი? ამ ანგარიშს სხვები აწარმოებდნენ, მისი დაბადების და ქორწინების თარიღებს ადგენდნენ. მაჰინ ბანუ კი ორმოც წელზე მეტის არ იყო. ამას მხოლოდ თვითონ გრძნობდა და ასე სჯეროდა. და ახლა, უსახლკაროდ დარჩენილს, ვერ გაერკვია, როდის ჩამორჩა დროის სვლას, ვინ არის, სად არის და რა ევალება? სრულიად ზედმეტად ქცეულა, გამოვარდნილა სამყაროს მწყობრიდან; ასე ვარსკვლავი მოწყდება ხოლმე, ზეცის შორეთში მარტოობისთვის განწირული. გულით უნდოდა, წასულიყო, მაგრამ… სიკვდილს მისთვის ჯერ არ ეცალა. ფეხები მიწას ითხოვდნენ. სხეული სინათლის და სითბოს წვეთებს ისრუტავდა და ფიქრები უხილავი ძაფებით ჩახლართვოდა სიცოცხლის ტკბილ კუთხე-კუნჭულებს. გადაწყდა, რომ მაჰინ ბანუს რამდენიმე კვირით (ან იქნებ, ორი-სამი თვითაც) დასთან დატოვებდნენ, სანამ მასუდ დ. პარიზში დამკვიდრდებოდა, ბინას და სამსახურს იშოვიდა, ცხოვრებას ააწყობდა და მერე, როგორც კი შემთხვევა მიეცემოდა, გულარხეინად გამოგზავნიდა ვინმეს დედის წასაყვანად. ქალიშვილიც წუხდა დედაზე და, თუმცა მცირე შემოსავალი ჰქონდა, რეგულარულად რეკავდა ლონდონიდან და დედას თავისთან ეპატიჟებოდა. ინგლისელი სიძეც კეთილი კაცი იყო და უარს არ ამბობდა სიდედრის მიღებაზე. ეგ იყო, რომ უნდა მოეთმინათ. ბოლოს ყველაფერი კარგად იქნებოდა, იქნებ, წინანდელზე უკეთესადაც. და მაჰინ ბანუც მომთმენი და გონიერი ქალი იყო. შვილებიც მისი შინაგანი ტაქტის მადლიერნი იყვნენ. პირველი ორი კვირა ცოტა გაუჭირდა. ადგილის ცვლა ადვილი არ იყო, მაჰინ ბანუ არ იყო ნაჩვევი სხვადასხვა ადგილას ძილს. თავის ოთახს, საწოლს და ბალიშს იყო მიჩვეული; ქუჩის ხმაურს და ყოფილი მეზობლების რია-რიას; ძველი სამზარეულოს არომატს და ზედა კიბეების ნოტიო სუნს; რა თქმა უნდა, ხვიარა ყვავილების სურნელს თავისი ფანჯრის წინ და მამამისის ხნის ოთხ მაღალ ოფის ხეს. მისი და ალერსიანი იყო და სტუმართმოყვარე, სიძე კი, დოქტორი იუნეს ხანი, არავის საქმეში არ ერეოდა. გაცრეცილი, მარტოსული კაცი გახლდათ, შორს მყოფ შვილებზე დარდობდა. რევოლუციის შემდეგ მისი ექვსივე შვილი წასულიყო ირანიდან. უფროსი ვაჟი ავსტრალიაში დასახლებულიყო, მასთან კავშირი შეუძლებელი იყო; ორი ქალიშვილი (ნებიერა ტყუპები) ამერიკაში წასულიყო. შუათანა ვაჟი სინგაპურს, ტაილანდსა და იაპონიას შორის მიდი-მოდიოდა, უმცროსი კი წარამარა იცვლიდა ადგილსამყოფელს. ერთ გოგონას (იუნეს ხანი დარწმუნებული არ იყო, რადგან მეხსიერება ღალატობდა), კანადის, ინდოეთის, თუ აფრიკის რომელიღაც ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო. დები ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ამ მხრივ მასუდ დ. არ ღელავდა, სინდისი მშვიდად ჰქონდა. იცოდა, რომ დედამისი კარგად იყო. ეგ იყო მხოლოდ, რომ ღამეულ დაბომბვებს და სარაკეტო შეტევებს ბატონი იუნეს ხანის სულიერი წონასწორობა დიდად დაერღვიათ. უცნაური ფიქრები დასჩემდა და ყველას ეჭვის თვალით უმზერდა. კარს უკან მიიმალებოდა და სხვების ლაპარაკს ყურს უგდებდა. ცოლის ხელჩანთაში და ცოლისდის ჩემოდანში იქექებოდა, სრულიად უვარგის ხარახურას ინახავდა და აღარ ახსოვდა, სად რა დადო. ეგონა, რომ მაჰინ ბანუმ მისი სათვალე, ან სანთებელა აიღო და ამაში ცოლის დარწმუნებას ცდილობდა. ცოლი უარყოფდა და დიდი უსიამოვნება ჰქონდათ. კარს უკან მიყუჟული მაჰინ ბანუ სირცხვილისგან იტანჯებოდა და დღეებს ითვლიდა, ერთი სული ჰქონდა, ევროპის გზას დასდგომოდა და შვილებთან ეპოვა სიმშვიდე, დოქტორ იუნეს ხანის გამოც სტკიოდა გული. იცოდა, მისი საქციელი ცუდი ბუნებისაგან არ იყო. არც იმ დღეს უტირია და დაუჩივლია, როცა კარში თითი მოიყოლა და ფრჩხილი მოსძვრა და არც იმ ღამეს უთქვამს საყვედური, იუნეს ხანმა თავისი მიკარგული აყიყისთვლიანი ბეჭდის ძებნაში ცოლისდის ლოგინი და ჯიბეები რომ გადმოაქოთა. თავისთვის თქვა მხოლოდ, რომ ეს წუთები წარმავალია, მადლობა ღმერთს, რომ შვილები კარგად ჰყავს და თვითონაც, ამდენი დავიდარაბის მიუხედავად, ცოცხალია და სრულ ჭკუაზე. და აი, აღთქმული დღეც დადგა. მაჰინ ბანუ თითქოს სიზმარში იყო. სიხარულის ცრემლები ღვარად სდიოდა. მას ასე, სხვების დასანახად, არასდროს უტირია! მაგრამ რა ექნა… დაუსრულებლად კოცნიდა შვილიშვილებს. ძილი და დასვენება სადღა ახსოვდა, თუმცა მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს: აეროპორტი, საბაჟო, ბარგი… მერე ჩანთა დაკარგა, სათვალე და წამლების შეკვრაც სადღაც დარჩენოდა. ფეხის ტკივილის გარდა, უეცარი თავბრუსხვევაც იგრძნო, თვითმფრინავში კი ყველაფერ ამას საშინელი გულისრევა დაემატა. ამის მიუხედავად, რომ ეცლიათ, მთელი დღე ილაპარაკებდა, შვილიშვილებს, შვილსა და რძალს დაკოცნიდა, ივლიდა და ივლიდა მათ ბინაში, თაგვი რომ კუდს ვერ მოიქნევდა და, აგზნებულ-აფორიაქებული, აქეთურ-იქითურ ამბებს გამოიკითხავდა. მაჰინ ბანუ პირველ ორ ღამეს ძალისძალად დააწვინეს ბავშვების ოთახში. ბავშვებს სასტუმრო ოთახში დაუგეს ლეიბი და ყურში ჩასჩურჩულეს, რომ ბებია გზაში დაიღალა და ცოდოა. მოგვიანებით სხვაგან გადაიყვანენ და ოთახს ბავშვებს დაუბრუნებენ. მაჰინ ბანუმ ბავშვების მდუმარე უკმაყოფილება დაინახა და შეწუხდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ გაბედა. აღარც ძალა ჰქონდა. სხეულს დაღლილობისაგან ვეღარ იმორჩილებდა. როგორც კი თავი ბალიშზე დადო, ძილმა წაიღო, ღრმად ჩაეძინა, მაგრამ გამთენიას უეცრად გამოეღვიძა. თითქოს ტყვიის ნაჭერი აწვებოდა მკერდზე. აქამდე უცნობი მტანჯველი გრძნობა, სირცხვილის, დანაშაულისა და დამცირების, მთელ სხეულს ტკივილივით უსერავდა. შვილიშვილების უკმაყოფილო სახეები გაახსენდა. უხერხულობა იგრძნო, რომ მათი ოთახი დაიკავა. თითქოს შამფურებს უყრიდნენ, ლეიბიდან და ბალიშიდან წვრილ-წვრილი ნემსები იჩხვლიტებოდნენ. ერჩია, კარს უკან, დერეფანში დაეძინა, ან სავარძელში მოკუნტულიყო, ოღონდ სხვისი ადგილი არ დაეკავებინა. მესამე დღეს ადგილი გამოუცვალეს და მაჰინ ბანუმ შვებით ამოისუნთქა. ერთი მსუბუქი ლეიბი გამოუყვეს, რომელსაც ღამით იატაკზე შლიდა, დილით დივანში ინახავდა. ჩემოდნები სამზარეულოს ერთ კუთხეში დააწყო. ხელჩანთა კი, სადაც წავიდოდა, თან დაჰქონდა. ტანსაცმლით გამოტენილი კარადები არ იკეტებოდა, ტახტებშიც ტევა არ იყო. ბინაში განძრევა არ შეიძლებოდა. მაჰინ ბანუს მთელი ცხოვრება დიდ სახლში, ნათელ ოთახებში ჰქონდა გატარებული. ფანჯრებიდან ცას და მზეს ხედავდა, გარშემო კი ბაღები ყვაოდა. მის სახლში კარადებიც იყო და საკუჭნაოებიც, სხვენშიც ასობით ჩემოდანი დაეტეოდა და სარდაფში საბარგო მანქანაც მოთავსდებოდა თავისი ტვირთით. ოჰ, ეს ყველაფერი ჩავლილი ზღაპრებია. ცხოვრებაში აღმართიც შეგხვდება და დაღმართიც. სასტუმრო ოთახში ძილსაც ჰქონდა თავისი ხიბლი. თუმცა ქუჩიდან ხმაური შემოდიოდა და იქვე ახლო მდებარე მეტროს ვაგონები ფანჯრებს აზანზარებდა, მაგრამ მაჰინ ბანუმ მაშინვე დაიმშვიდა თავი, რას იზამ, ევროპაში ცხოვრება ასეთია! საწუწუნო არაფერია. მადლობა ღმერთს, რომ შვილებთანაა და მშვიდად ცხოვრობს. შვილიშვილები თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილნი იყვნენ. სკოლა მოსწონდათ და არაბი და პორტუგალიელი მეგობრებიც გაეჩინათ. დროდადრო სტუმრები ჰყავდათ და მაჰინ ბანუ იძულებული ხდებოდა, ადგილი შეეცვალა. თავისი ლოგინით ხელში წყნარ კუთხეს დაეძებდა. სად უნდა ეპოვა? ორი საძინებელი ოთახი იყო, ერთი ვიწრო, გრძელი სამზარეულო და პაწაწინა სააბაზანო-საპირფარეშო. ცოლ-ქმრის ოთახში ხომ ვერ შევიდოდა. თუმცა, ვაჟი ეპატიჟებოდა და კეთილი რძალიც არ იყო წინააღმდეგი. ბავშვების ოთახში ადგილი არ იყო: ორი საწოლი ერთმანეთზე იყო მიდგმული, წიგნების დასტა, ჩოგბურთის რაკეტა და ფეხბურთის ბურთი იატაკზე ეყარა. სამზარეულო რჩებოდა, არც იყო წინააღმდეგი. ანდა, რა იმოდენა ადგილი სჭირდებოდა მაჰინ ბანუს? ბავშვისხელა იყო. თხელი, გამხდარი და სიფრიფანა. თაროზე ან ტახტის ქვეშაც შეეტეოდა. ერთი ღამე აბაზანაშიც გაათია და ეძინა კიდეც. თუმცა, ვაჟი წავიდა წინააღმდეგი და დედა ძალით დააწვინა თავის ლოგინში. რძლის გვერდით ყველაზე მწარე ღამე გაათენა მაჰინ ბანუმ. რცხვენოდა რძლის, საწოლის კიდეზე მიწვა, იმდენად ნაპირას, რომ, რომ განძრეულიყო, ჩამოვარდებოდა. თვალი არ მოუხუჭავს. საბანი ტანს სწვავდა, მთელი სხეული უხურდა. ისე მობუზულიყო, პატარა ბურთს დამგვანებოდა. ხელი რომ გაგეკრა, გაგორდებოდა. რძალმა რამდენიმე ღამე გაუძლო ამ ამბავს, მერე კი რბილად აგრძნობინა ქმარს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. მასუდ დ. თუმცა გონიერი და მშვიდი კაცი იყო, რატომღაც ერთბაშად აფეთქდა, აყვირდა და მისი ხმა ყველას ყურს მისწვდა. ბავშვები შეშინდნენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაეტაკა და ისე იჩხუბეს, არასდროს რომ არ უჩხუბიათ. მაჰინ ბანუ მოკვდა და გათავდა. თავს იწყევლიდა, რომ აქ ჩამოვიდა და ოჯახური სიმყუდროვე დაარღვია. გადაწყვიტა, აქედან წასულიყო. ჩემოდანი ჩაალაგა, ჩაიცვა, დერეფანში სკამზე ჩამოჯდა და დაელოდა. დაელოდა, რომ გული საგულეს ჩასდგომოდა და აზრებიც მოეკრიბა, მოეფიქრებინა, სად შეიძლებოდა წასულიყო. თეირანში დაბრუნდება, დასთან. ყველაფერს ასე აჯობებს… ისევ დოქტორ იუნეს ხანის უაზრო თავის შექცევა? არა, შეუძლებელია… დეიდაშვილთან წავა. გაახსენდა, რომ დეიდაშვილი, ორი თვეა, გარდაიცვალა. ისევ ატირდა. ბიძაშვილთან წავა, ძმისშვილებთან (ძმისშვილები ამერიკაში იყვნენ). სიკვდილში წავა, ჯანდაბაში, იმათხოვრებს, მოსამსახურედ დადგება. ბოლოს და ბოლოს, თავის ქვეყანაში იქნება. სულაც, მიწაზე მიდებს თავს და მოკვდება. აქ ვეღარ დარჩება, შეუძლებელია. საბედნიეროდ, მაჰინ ბანუს ქალიშვილმა მანიჟემ (რომელსაც ევროპაში მაგიდ იხსენიებდნენ) ლონდონიდან დარეკა და მოითხოვა, რომ დედამისი დღესვე, ამ წუთასვე ჩაესვათ თვითმფრინავში და მასთან გაეშვათ. მაშინვე, რა თქმა უნდა, არ მოხერხდა. ერთ კვირაში კი მაჰინ ბანუ აეროპორტში წაიყვანეს. მაჰინ ბანუმ, გალიიდან გამოშვებული ჩიტივით, ახალი სიცოცხლე შეიძინა. თვითმფრინავი სახლივით იყო, თბილი და საიმედო. თავისი სკამი ჰქონდა, საკუთარი სკამი. ეს ადგილი მას ეკუთვნოდა და ვერავინ წაართმევდა. მიწაზეც რომ მიეცათ მისთვის ერთი სკამი, ერთი მტკაველი ადგილი, მისი რომ იქნებოდა, იკმარებდა. უგემურად ისაუზმა და ნენე ხანუმი გაახსენდა, ლანგრით რომ მოართმევდა ხოლმე ვახშამს (ეს ის დრო იყო, როცა რაღაცას წარმოადგენდა და სხვასთანაც მიდიოდა და მასთანაც მოდიოდნენ). როგორ ეტკინა გული და რამდენი იტირა, როცა გაიგო, რომ ნენე ხანუმის შვილიშვილი ომში დაიღუპა, შვილი კი ფსიქიატრიულში წაიყვანეს. ეს რომ არ მომხდარიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მასუდ დ. აპირებდა, რომ დედისთვის პატარა ბინა ექირავებინა და იგი ნენე ხანუმისთვის ჩაებარებინა. ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო, მისთვისაც და დედამისისთვისაც, მაგრამ ვინ იცის, რა მოგელის? ნენე ხანუმის შვილიშვილს ჭურვი მოხვდა თავში და წამში მოუღო ბოლო. საბზევარიდან რამდენიმე კაცი ჩამოვიდა. მეორედ მოსვლა იყო. კომიტეტიდან იყვნენ; შაჰიდთა ორგანიზაციიდან; მისალოცად და სამძიმარზე. ნენე ხანუმი სოფელში წაიყვანეს, ოთახი გამოუყვეს და პენსია დაუნიშნეს. გადაწყდა, რომ იქ იცხოვრებდა. ეს ყველაფერი იქამდე მოხდა, სანამ მაჰინ ბანუ დასთან გადავიდოდა საცხოვრებლად. მაგიმ (ყოფილმა მანიჟემ) დედა ჩაიხუტა და ისეთი სიყვარულით ჩაიკრა გულში, რომ მაჰინ ბანუმ ტკივილით და სიხარულით შეჰკივლა. სიძემაც აკოცა და ხელი ღონივრად ჩამოართვა. დევიდ ოუქლი კარგი კაცი იყო, ებრაული სისხლი ჰქონდა და ამიტომაც იყო თბილი ადამიანი. მაჰინ ბანუ სულაც არ იყო კმაყოფილი, ქალიშვილი რომ ინგლისელ ებრაელს გაჰყვა ცოლად, უნდოდა, ირანელი, მუსლიმი სიძე ჰყოლოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. შვილების საქმეში არ ერეოდა. თუმცა გული დამძიმებული ჰქონდა და მხოლოდ მაშინ ჩამოეხსნა სიმძიმე, როცა დევიდ ოუქლის ჯანსაღი სახე და გულღია, ალალი თვალები დაინახა. ხელი მის მამაკაცურ ხელში ჩამალა, გაიცინა და კვლავ შენიშნა, როგორ გამხდარა და დალეულა. სიძეს წელამდეც ვერ სწვდებოდა, წიწილას ჰგავდა, ორმოცი კილო თუ იქნებოდა. იქნებ, ნაკლებიც. ფუტურო ძვლებით, ასანთის ღერებივით ფეხებით. წვიმდა. ციოდა. დევიდ ოუქლი მანქანით იყო. ჩემოდნები საბარგულში ჩადო და ხელი მხიარულად დაჰკრა მაჰინ ბანუს სუსტ მხრებზე. მაგი გვერდით მიუჯდა დედას და თავით მიეყრდნო. ყურში ჩასჩურჩულა, რომ მეტად აღარსად გაუშვებდა მას, არც პარიზში და არც თეირანში. ასეთმა სიყვარულმა და სითბომ მაჰინ ბანუს გული აუჩუყა, თვალები დახუჭა და ისე დაეძინა, სიზმარიც არ უნახავს. მაგი და დევიდ ოუქლების ბინა მეოთხე სართულზე იყო, ლიფტი არ ჰქონდათ. მაჰინ ბანუს, დაღლილს და ძილმორეულს, თაბრუ ეხვეოდა. დევიდ ოუქლიმ ჩალის ღერივით მსუბუქად აიტაცა სიდედრი ხელში. მაჰინ ბანუმ შეჰკივლა, წელში გასწორდა და გაქვავდა, მაგიმ გაიცინა. დევიდ ოუქლიც კარგ გუნებაზე იყო, სიდედრი ხის თოჯინასავით ამოიდო იღლიაში და კიბეებს შეუყვა. მაჰინ ბანუს წამწამი არ შეტოკებია, არ იცოდა, ეცინა, ეყვირა თუ ეტირა. აქამდე თავს მსგავსი არაფერი გადახდენია. არავითარი რეაქცია, დადებითი თუ უარყოფითი, ამ შემთხვევისთვის მზად არ ჰქონდა. ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ თვითონ არ იყო, რაღაც საგნად ქცეულიყო, ცოცხად ან სკამად, რომელიც ბაზრიდან მოაქვთ. „ცოცხად ყოფნა“ ახალი მდგომარეობა იყო მისთვის. მაგის ბინა უფრო პატარა იყო, ვიდრე მისი ძმისა. მხოლოდ ერთი საძინებელი ოთახი ჰქონდათ. ბავშვები არ ჰყავდათ, ჰყავდათ ძაღლი, დიდი და ბანჯგვლიანი, მაჰინ ბანუს სიმაღლის. დევიდ ოუქლი რაციონალური და მიზანდასახული კაცი იყო და საქმეც ანგარიშიანი და მოწესრიგებული იცოდა. ემოციებს არ აჰყვებოდა, გონებით ცხოვრობდა. ზედმეტი ცერემონიები არ უყვარდა, გადაწყდა, რომ მაჰინ ბანუ სასტუმრო ოთახში, დივანზე დაიძინებდა, როცა ცოლ-ქმარს სტუმრები მოუვიდოდნენ, მათ ოთახში წამოწვებოდა. ძილ-ღვიძილში იქნებოდა. არც ეს იყო უპრობლემო გამოსავალი, მაგრამ რას იზამდნენ. მაჰინ ბანუს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, მას არასოდეს არაფერი არ ჰქონდა საწინააღმდეგო. რომ ჰქონოდა კიდეც, იცოდა, რომ არ იყო ამის დრო. ეს კი ყველას უადვილებდა ცხოვრებას. დევიდ ოუქლი მასწავლებელი იყო. ეკონომიკას ასწავლიდა და ოჯახის მთელ ხარჯებს დიდი დაკვირვებით ანგარიშობდა. საბედნიეროდ, მაჰინ ბანუ წიწილაზე დიდი არ იყო და იმასაც ცდილობდა, რომ წიწილაზე მეტი არ ეჭამა. მაგი უნივერსიტეტში დადიოდა, საბუღალტრო საქმეს სწავლობდა. ცოლიც და ქმარიც დილას მიდიოდნენ და საღამოს ბრუნდებოდნენ, ისეთი დაღლილები, რომ ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდათ. თუ ლაპარაკობდნენ, მხოლოდ ცხოვრების სიძვირეზე. მაჰინ ბანუს ფული არ ჰქონდა. პირველივე დღეს თავისი ოქროს სამაჯური და ლალისთვლიანი საყურეები დიდი ხვეწნა-მუდარით მისცა ქალიშვილს გასაყიდად, მაგრამ მაგიმ უარი უთხრა, გამორიცხულიაო. მისმა ქმარმა, რა უშავსო?! მაგი ატირდა. არაო, თქვა, მაგრამ მერე დათანხმდა. რა თქმა უნდა, უგულოდ და ქმრის ჩარევით. მაჰინ ბანუს საკუთარ თავთან ლაპარაკი დასჩემდა. სიძის ენა არ იცოდა, მაგი კი იძულებული იყო, ქმართან ინგლისურად ელაპარაკა, ან სულ არ ელაპარაკა. უხმოდ ვახშმობდნენ. მაგი მეცადინეობდა და დევიდ ოუქლი გაზეთს კითხულობდა, პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამდე. შემდეგ სამივენი ტელევიზორს მიუსხდებოდნენ ხოლმე. სამეცნიერო ან კულტურული პროგრამა, საუბრები და დიალოგები… მაჰინ ბანუ უაზროდ იჯდა, ტელევიზორს მიშტერებული, ვერც ვერაფერს ხედავდა, არც არაფერი ესმოდა. მოგონებებში იძირებოდა, სხვა დროში და სხვა ადგილას გადადიოდა. დღისითაც მარტო იყო, სახლს ალაგებდა. ფანჯარაზე დადგმულ ორიოდე ქოთნის ყვავილს უვლიდა და საათობით გასცქეროდა გადაუღებელ წვიმასა და მოქუფრულ ცას. დევიდ ოუქლის ძაღლისაც ეშინოდა და შვილის მოსვლამდე უფრო ხშირად საძინებელ ოთახში რჩებოდა. თუ ამინდი საშუალებას იძლეოდა, დროდადრო სასეირნოდ გადიოდა, მოპირდაპირე პარკში ჩამოჯდებოდა და კანკალებდა ხოლმე. მკაცრი ზამთარი იყო, კიდეც გაცივდა. ჯერ ყელი ასტკივდა და მერე მკერდი გაუკავდა. როგორ ახველებდა! თითქოს მთელი შიგთავსი ამოვარდნას ლამობდა. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ხველის ხმა კედელს მიღმა მეზობელს უფრთხობდა ძილს და ისიც კედელზე მუშტს უბრახუნებდა. მაჰინ ბანუ ბალიშს თავზე იდებდა, ზეწრის კუთხეს პირში იტენიდა, სუნთქვას იკავებდა. გაზაფხულმა ყველაფერი შეცვალა. მზის ორიოდე სხივმა გამოანათა ღრუბლებიდან და გულებიც გაახალისა. დევიდ ოუქლიმ სამდღიანი შვებულება აიღო და ცოლი და სიდედრი სასეირნოდ წაიყვანა. შესანიშნავი დრო გაატარეს. მაგიმ დედას აბები და მიქსტურა უყიდა მოსამაგრებლად, მაჰინ ბანუმ ორი კილო მოიმატა და გულში ღმერთს მადლობა შესწირა. მადლობაც არ დაემთავრებინა, რომ ბედმა კვლავ უმუხთლა. ზაფხული იწყებოდა. დევიდ ოუქლი ორი თვით მამიდასთან მიდიოდა, მთაში. მაჰინ ბანუს წაყვანა არ შეიძლებოდა. ამ ორი თვით ბინის გაქირავებას აპირებდნენ, რომ ცოტა ოჯახის ბიუჯეტს შეშველებოდა. ეს გასაგებიც იყო. მით უფრო, რომ სიდედრის ხარჯებიც დამატებოდათ. ამას კი ანაზღაურება სჭირდებოდა. გადაწყდა, მაჰინ ბანუ პარიზში გაეგზავნათ მასუდ დ. -სთან. ეს გადაწყვეტილება სასწრაფოდ მიიღეს, მასუდ დ. -სთან შეუთანხმებლად. ჩასვეს თვითმფრინავში მაჰინ ბანუ და ვაჟიშვილს შეატყობინეს, რომ დედა უკვე გზაშია. ცუდი დრო იყო. მასუდ დ. თუმცა მოხარული იქნებოდა, დედა ენახა, მაგრამ ამ პერიოდში არ შეეძლო მისი შენახვა. სხვა დროს მისი თავი ენაცვალოს, ახლა არ შეუძლია. უნდა გაუგონ. ზაფხულია და ყველა საფრანგეთის სამხრეთშია წასული. სასტუმროს და კერძო სახლის ფული არა აქვთ და ზღვის პირას კარავს დგამენ. წყლის ნაპირას, უდაბნოში იძინებენ. არა, უდაბნოში კი არა, ტყეში, ან მინდვრად, რა მნიშვნელობა აქვს? მაჰინ ბანუს წაყვანა გამორიცხულია. და-ძმა შელაპარაკდა. დევიდ ოუქლის რამდენიმე სხვა გამოსავალიც ეგულებოდა. ითათბირეს და გადაწყდა, რომ მაჰინ ბანუ კვლავ ლონდონში დაებრუნებინათ და მისი ცხოვრება იქვე აეწყოთ. თუმცა ცდილობდნენ, რომ ეს საუბრები მაჰინ ბანუს ყურისთვის აერიდებინათ, მას მაინც ესმოდა და ერჩია მიწა გახეთქოდა და თან ჩაეტანა. ხედავდა, ნივთივით გადადიოდა ხელიდან ხელში. რეტდასხმული იყო. ფირუზე ხანუმი მაგის ახლო მეგობარი იყო. პატარა სამრეცხაო ჰქონდა, ამით ირჩენდა თავს. დახმარებისათვის მას მიმართეს. იგი ლამაზი და ხუმარა ქალი იყო. თქვა, რომ მისი ოთახი ძალიან პატარაა, სტუმარს ვერ დაიტევს, მაგრამ სამრეცხაოს უკან ცარიელი საკუჭნაოა. უფანჯროა, მაგრამ თბილია და მყუდრო. დევიდ ოუქლი დათანხმდა. მაგი უკმაყოფილო იყო, მაგრამ რა გზა ჰქონდა, აღარაფერი უთქვამს. მაჰინ ბანუც თანახმა იყო, ერთი სული ჰქონდა, ეს საქმე მალე დამთავრებულიყო. სამრეცხაოს უკანა ოთახი ნესტიანი იყო და ბნელი. მაჰინ ჰანუმ მთელი ღამე ტირილში გაატარა, ღმერთს ევედრებოდა, ეშველა მისთვის და მოეკლა. თავისთავს ეკითხებოდა, რა ძალას მიეჯაჭვა სიცოცხლეზე ასე ძლიერად? იგრძნო, რომ ეს ძალა შვილების სიყვარულია. ღმერთს შესთხოვდა, ამ სიყვარულისაგან გაეთავისუფლებინა იგი. ფირუზე ხანუმი კეკლუცი ქალი იყო. ბარე ათ კაცს აუვიდოდა. თეირანში ქმარიც ჰყავდა, ერთი თრიაქით გაბრუებული, მარადი სევდით მოცული კაცი. წელიწადში ერთხელ, ცოლის კმაყოფაზე, ევროპაში ჩამოდიოდა, წუწუნებდა, ჩიოდა ქვეყნისას და დროისას. ერთი უღიმღამო, საპყარი რამ იყო. ადრე კი თავი კაცი ეგონა, ნასწავლი, წიგნიერი. პირველივე დარტყმამ წააქცია, დააბნია და გაანადგურა. ფირუზე ხანუმი ძუ ლომი იყო, ვერ იტანდა ზედმეტ წუწუნს და ცრემლებს. შვილები ინგლისის გზას გაუყენა, თვითონაც ფეხზე დადგა, საქმე წამოიწყო. გულისხმიერიც იყო და, იმ ადამიანებს, ვინც იმსახურებდა, ძალიან ეხმარებოდა. როგორც კი თვალი მოჰკრა მაჰინ ბანუს საყვარელ სახეს, მის ნაღვლიან თვალებს, მაშინვე შეუყვარდა. საყიდლებზე ეგზავნებოდა, უვლიდა, სამრეცხაოში შემოჰყავდა, იქ დასვამდა, სპარსულ გაზეთებსა და წიგნებს მოუტანდა ხოლმე და ართობდა. მაჰინ ბანუს ძმა, ქარიმ ხანი, კანადაში ცხოვრობდა. სახლიც ჰქონდა, ფულიც და ბაღიც – ფრინველებითა და კურდღლებით. ერთი ნაცნობისგან შეიტყო დის აწეწილი ყოფის შესახებ (ამბავი გაბერეს, გაბუქეს) და ყვირილით ცა შეძრა. ისე აღაშფოთა ამ ამბავმა, დისშვილებს მაშინვე წერილი მისწერა, ლანძღავდა და ათახსირებდა (იქნებ, მეტიც მოუვიდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა). უბრძანა, მისი დის საქმეები მოეგვარებინათ. კანადის საელჩოში ნაცნობი ჰყავდა. მისი მეშვეობით მაჰინ ბანუს ვიზა უშოვა, თვითმფრინავის ბილეთი გაუგზავნა და, სანამ მაგი და მასუდ დ. გონს მოვიდოდნენ, დაურეკა კიდეც და ორივე გამოლანძღა. ოჯახის უფროსი იყო და არავინ შეჰკამათებია. ზამთრის პირი იყო, მაჰინ ბანუ რომ კანადაში წავიდა. უხაროდა, კვლავ ცასა და მიწას შორის იყო. თანაც, უფრო გრძელ გზაზე. როგორ ნეტარებდა! იჯდა ფანჯარასთან და თვალი მოელვარე სხივებისათვის მიეშტერებინა. რბილი და თბილი ადგილი ჰქონდა. მეტი რა უნდოდა?! სხვათათვის აკრძალული პატარა კუთხე. მზე ფანჯრის მინებს ეკვროდა. წამით ჩათვლემდა, თავი მკერდზე უვარდებოდა, მყისვე იღვიძებდა. თვალები მიელულა. მზერით ჰორიზონტს სწვდებოდა, უკიდეგანო სივრცეს, რომელსაც ბოლო არ ჰქონდა. ფეხქვეშ თეთრი ღრუბლების მინდორი ეგო – ანგელოზთა სიზმარივით ნათელი, მსუბუქი და შეურყვნელი. ვიღაცამ ყურში უთხრა რაღაც, სკამის მეზობელი იყო, ვერ გაიგონა. საჭმელი არ ინდომა და პირი იბრუნა. სახე შუშას მიადო, თვალებით მზის სხივი შეისრუტა. იგრძნო, მის ფიქრებში ათასი წვრილი ვარსკვლავი აკიაფდა, სულში სინათლე ჩაეღვარა. ცა ერთიანად ლურჯი იყო. არც ღრუბლის ფთიალა, არც ერთი ბეწო ხორკლი თუ ხინჯი, კიდით კიდემდე ლაჟვარდი ჩქეფდა. მაჰინ ბანუ თავის თავს ხედავს. თორმეტი წლისაა და დემავენდის ბაღში თამაშობს. თოვს. თითის წვერები გაუშეშდა ფიფქებთან თამაშში. თავაწეული შესცქერის ფანტელების ცვენას, ნაცრისფერ სივრცეს, და ეჩვენება, რომ მიწას სწყდება, ზევით მიფრინავს, ცისკენ… ძალიან უყვარდა ეს თამაში. დაბერდა და მაინც არ დაავიწყდა. ფანჯარას მიუჯდებოდა ხოლმე. ნენე ხანუმი ჩაის და შაქარყინულს მიუტანდა. ორივენი მონუსხულები მიშტერებოდნენ თეთრ საბურველში გახვეულ ქუჩას და თანდათან ძილი ერეოდათ. შუაღამისას ეღვიძებოდა. იცოდა, თოვდა და ყურს მიუგდებდა ხოლმე. ქალაქს ეძინა. თითქოს გაქვავებულიყო თეთრ სუდარაში. ასე ნივთებს სძინავთ ხოლმე თეთრი ზეწრის ქვეშ ადამიანებისგან მიტოვებულ სახლში. ჩქამი არ ისმოდა. იყო მხოლოდ ყოვლისმომცველი სიჩუმე, აღსავსე ღვთიური მდუმარებით. სიცხიანი იყო მაჰინ ბანუ და ოფლად იღვრებოდა, მაგრამ მთელი გზა სიამით ეკვროდა ფანჯარას. იმდენად იყო დაბანგულ-მონუსხული გარე სამყაროთი, რომ არც ახსოვდა, ვინ იყო, ან სად იყო. თვლემდა, სიზმრებს ხედავდა, იღვიძებდა, გარეთ იყურებოდა, მოგონებებში მიდიოდა და ისევ ეყვინთებოდა. ტრიალებდა. თოვლში იყო, ზეცაში ციგურებით დასრიალებდა, ქანაობდა. სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა. მრავალი მაჰინ ბანუ – მოხუცი, ბავშვი თუ ახალგაზრდა, ამ ცხოვრებაშიც და სადღაც სხვა დროშიც, ხან სივრცეში იფანტებოდა, ხანაც მწკრივში ჩამდგარი ჩაუვლიდა თვალწინ. უსაზღვროებად ქცეული, იგი მარადისობას უერთდებოდა. პირველად ხდებოდა, რომ შვილებზე და ამქვეყნიურ ადამიანებზე არ ფიქრობდა. თავისი დიდი თავრიზული ხალიჩა და ქიშმირის შალი, სახლი ფეჰლევის გამზირზე არ ახსენდებოდა. ღრუბლებს ზემოთ დააბიჯებდა, უსაზღვროება ნელ-ნელა შემოდიოდა მასში და სულში ილექებოდა. თითქოს შემოდგომის საამო სითბო, ნოტიო და მომთენთავი, მის გარშემო აბრეშუმის ძაფებით ქსოვდა საჩრდილობელს. სამყაროს წიაღში იყო, საიმედოდ შეფარებული. ქარიმ ხანი მოუთმენლად ელოდა დის ჩამოსვლას, გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისთან ჰყოლოდა. დისშვილების ნაცვლად რცხვენოდა. მაჰინ ბანუ რომ დაინახა, ატირდა, ისედაც დარდობდა, ყველა და ყველაფერი ენატრებოდა. გამუდმებით სამშობლოზე ფიქრობდა და იტანჯებოდა. მოხუცი, მოტეხილი, უმწეო დის დანახვამ იარები გაუხსნა. „ეშმაკმა დასწყევლოს ემიგრაცია“, – ჩაილაპარაკა და მოულოდნელად დაბრუნება გადაწყვიტა. ბაღიც ჰქონდა და სახლიც. დაბრუნდებოდა და მაჰინ ბანუსთან ერთად იცხოვრებდა. ახლობლები იყვნენ, ერთად გაიზარდნენ, ასაკითაც, თითქმის, ტოლები იყვნენ. მაჰინ ბანუ რომ დაინახა, შეეშინდა. როგორი გამხდარი, გაცრეცილი და განადგურებული იყო. იყურებოდა, მაგრამ ვერ ხედავდა. გონზე არ იყო თითქოს. ხელი რომ მოჰკიდა, შეკრთა: გავარვარებული ძვლების კონა შერჩა. ელაპარაკებოდა – არ ესმოდა, უაზროდ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ პასუხობდა. ქარიმ ხანს სახე შეეცვალა, შეშფოთდა. და ჩაიხუტა და დაკოცნა. საკუთარი სიბერე დაინახა, გული შეეკუმშა. სახლში რომ მივიდნენ, მაჰინ ბანუ დიდ საწოლზე დააწვინა და ექიმი გამოიძახა. დისშვილებს დაურეკა და დედის ამბავი შეატყობინა. აუხსნა, დაიღალა, უძილოა და წნევა აქვს, სერიოზული არაფერიაო. დის მკურნალობას შეუდგა. აღტაცებული იყო, ფორიაქობდა. იმდენი რამ ჰქონდა სათქმელი და არ იცოდა, საიდან დაეწყო. იგონებდა წარსულს, ბავშვობის ხანას, ელაპარაკებოდა გუშინდელ ამბებზე, თავის თავზე, სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე. იცინოდა. უხაროდა. არც კი სჯეროდა, რომ დაბრუნება გადაწყვიტა. ამ უეცარ სიხარულს დას უნდა უმადლოდეს. თვითონაც ვერ გაეგო, როგორ მოუვიდა აზრად ეს ფიქრი. იქნებ, დის მარტოსულმა და უძრავმა სახემ უბიძგა. უყურებდა მაჰინ ბანუს გაშტერებულ თვალებს, რომლებშიც აზრის ნაპერწკალიც არ კრთოდა და ეშინოდა. მასში ხედავდა ემიგრაციის სიმძიმეს და ძრწოლა იპყრობდა. ახლაღა გააცნობიერა, რა მარტოა… ფეხქვეშ მიწა ერყევა, მისი ცხოვრება დროებითია და წარმავალი. თავი ცივ და პირქუშ ბაქანზე მდგომ მიტოვებულ მგზავრად იგრძნო. მაჰინ ბანუს ხელი აიღო და აკოცა. უთხრა, რომ დამთავრდა წანწალი და უსახლკარობა, როგორც კი მორჩება, დაბრუნდებიან. მაჰინ ბანუმ თვალები დახუჭა. კვლავ თვითმფრინავის ფანჯარასთან იჯდა. ლურჯი სივრცე ეძახდა. დაიძინა და სიზმარიც ზეციური ნახა – ზღვასავით ლურჯ ცაში სინათლის ნაკადულები ჩქეფდა. არ იცოდა, რამდენი ეძინა. სწყუროდა. წამოდგა. მუხლები უკანკალებდა. ქარიმ ხანი წასულიყო. მიიხედ-მოიხედა. ვერ გაიხსენა, სად იყო. ფარდის არშიებში მზის სხივები ატანდა. ნაბიჯი წინ წადგა და სკამის საზურგეს ჩაეჭიდა. სული მოითქვა. ორი ნაბიჯი გადადგა. მოეჩვენა, რომ ამოგლეჯილი მთაა. ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. მოცახცახე ხელებით ფარდა გადასწია. თოვდა. ყური მიუგდო. ისევ ის, ძველი, მომნუსხავი მდუმარება… ნენე ხანუმმა ჩაი და შაქარყინული მოუტანა, კარებში დადგა და ატირდა, შვილიშვილი დაეღუპა, საბზევარში მიდიოდა. უთხრა: „მოიცადე, ნენე ხანუმ, გზის ფულს მოგცემ“. ხელი წაავლო კარის სახელურს… … დაღლა იგრძნო. დაჯდომა მოუნდა. ადგილის ძებნა დაიწყო. სტიუარდესამ მის ბილეთს დახედა. სახე სიცივემ აუწვა, გააჟრჟოლა. თოვდა. ლამბაქივით დიდი, მძიმე ფანტელები ცვიოდა. ისევ წინ წავიდა. ფეხი დაუსხლტა. ცივი თვითმფრინავი იყო. ადგილსაც ვერ აგნებდა. ისევ წინ წაიწია. თეთრი შარაგზა ედო წინ. თოვლი თვალებში ეყრებოდა. დემავენდის მთა, მაღალი, მძლავრი და შთამბეჭდავი, შორიდან შემოსცქეროდა. დემავენდი მამამისს ჰგავდა დიდებულებით. ასეთი იყო მამა, როცა ნამაზს იწყებდა და ქარი აბას უფრიალებდა. თითქოს თავი ზეცამდე აეზიდა, ფეხებს კი მიწაში გაედგა ფესვი. რა ბედნიერი ხანა იყო, როცა ამ ცად აწვდილი, გასაოცრად ბუმბერაზი მთის სიახლოვეს გრძნობდა, როცა ეს კაცი, შუადღის ლოცვისას აივნის ორ მარმარილოს სვეტს შორის ჩამდგარი, ჩრდილით უსაზღვროებას ერთვოდა. რა ნეტარება იყო, როცა მისი აბას ქვეშ შეიყუჟებოდა, ან მხრებზე მოახტებოდა. ეს ხომ ქვეყნიერების უმაღლესი მწვერვალი იყო. შორს რჩებოდა მიწა, პატარა თიხის სახლები და ადამიანები – ჭიანჭველები, პაწაწინები და სასაცილონი. თვითმფრინავის ფანჯრიდანაც იმავეს ხედავდა და ეგონა, ისევ მამამისის მხრებზე იჯდა. აქ ვერავინ მისწვდებოდა: ვერც დედა თავისი შენიშვნებით, ვერც მათემატიკის ანჩხლი მასწავლებელი დაუსრულებელი გამრავლება-გაყოფით; ვერც ქუჩაში მდგარი პოლიციელი აუწევდა ყურს, ვერც ქმარი შეუზღუდავდა თავისუფლებას, ვერც შვილები ჩამოეკიდებოდნენ და გამოსწოვდნენ სისხლს მადიანად. ვერც სხვა ვერავინ მოახვევდა თავს ზნეობრივ ნორმებსა თუ დამკვიდრებულ ფილოსოფიას, გამოუტენიდა თავს სიტყვების დამთრგუნველი ზომა-რიტმებით, მოკლე სახაზავით ვერ აუზომავდა თვალთახედვის არეს და აზროვნების წესს. ვიღაც ეძახდა. ალბათ, დემავენდის მთიდან. გაიქცა, წრე დაარტყა, მარცხნივ შეუხვია, ყველგან თოვლი იდო. დასცხა, ალმური ასდიოდა. პალტო გაიხადა, პერანგი გაიღეღა, სახე ცას მიუშვირა. ბავშვობისდროინდელი თამაში გაიხსენა და გაიცინა. ფანტელები პირში ჩაუცვივდა, ეგემრიელა. უყურა, უყურა ცას, გაშტერებით უმზერდა. თვალს არ ახამხამებდა. ნელა მოსწყდა მიწას, თოვლის ფიფქები აღარ იძვროდნენ, თავაწვდილი მიიწევდა მაღლა; უკვე ზეცაში იყო, ღრუბლებს ზემოთ, დემავენდს ხედავდა. მის წვერზე დიდი სავარძელი იდგა, კაკლის ხის, წითელ ხავერდგადაკრული. სწორედ ის, მამამისს რომ ედგა კაბინეტში. სტიუარდესამ ადგილი უჩვენა. მისი საკუთარი ადგილი. ბავშვისოდენა იყო, დიდ სკამში ჩაიკარგა. მამამისის აბაში გაეხვია და ფანჯრის მინას მიეკრო. ცა ერთიანად ლურჯი იყო, სინათლის ნაკადივით გამჭვირვალე. სივრცე შემოსცქეროდა, უხვი, მოწყალე და უნაპირო. ყური მიუგდო. ჩქამი არ ისმოდა. იყო მხოლოდ ფანტელთა ცვენა და სიკვდილის საამო მდუმარება. მასუდ დ. -მ მთელი დანაშაული დას დააკისრა, ის მიაჩნდა დამნაშავედ, მისი და ბიძია ქარიმს უჩიოდა. დევიდ ოუქლი ამბობდა, რომ ამგვარი რამ ხშირად ხდება. რამდენადაც უნივერსიტეტში ასწავლიდა, მიზეზ-შედეგობრიობაზეც ბევრი ილაპარაკა და ეკონომიკური და ისტორიული ცნებებიც მოიშველია. ფირუზე ხანუმს გული ეტკინა, მერე კი მიავიწყდა. სხვებიც ეცადნენ, მაჰინ ბანუ არ დაევიწყებინათ, მაგრამ დაივიწყეს. განა შეიძლებოდა, ამდენ უბედურებაში, ტანჯვა-წამებაში, ომსა და ემიგრაციაში ხსოვნის უნარი შერჩენოდათ? მაჰინ ბანუ მათ მშვენივრად გაუგებდა. ღვთის მადლით, გამგები ქალი იყო.