Mythbusterისტორია

4 მითი სტალინის შესახებ,რომელიც ყველას სიმართლე ჰგონია

სტალინის გარდაცვალებიდან 67 წლისთავზე სოციალურ ქსელებში სტალინის მიმართ ნოსტალგიის გაღვივება და მისი გაიდეალების მცდელობა კვლავ გამოიკვეთა. ამ დღეს ფეისბუკ გვერდმა “პოლიტიკანო” სტალინს ორი პოსტი მიუძღვნა. ერთ-ერთი პოსტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სტალინის მიერ “ტერიტორიული საჩუქრების” საკითხს ეხება, მეორე პოსტში კი “პოლიტიკანო” სტალინს ხალხზე მზრუნველ მმართველად წარმოგვიდგენს.

პოლიტიკანო: “II მსოფლიო ომის შემდეგ ევროპელებმა უკრაინელების ჩათვლით უხვად მიიღეს ტერიტორიული საჩუქრები სწორედ სტალინის გადაწყვეტილებით. დღეს ამას არავინ იხსენებს.”

პოლიტიკანო: “პოსტსაბჭოთა სივრცეში სტალინი იყო ბოლო სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ხალხზე ზრუნავდა…კი ის სასტიკი ადამიანი იყო, მაგრამ ეს მისი თვითმიზანი არ ყოფილა. ეს მისი ინსტრუმენტი იყო, იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი იპოვა.”

მითი N1:

სტალინმა ევროპა ნაციზმისგან იხსნა და ევროპის ბოლომდე დაპყრობაში ჰიტლერს სწორედ სტალინმა შეუშალა ხელი

რეალურად, 1939 წლის აგვისტოში ჰიტლერი და სტალინი ერთად მოქმედებდნენ და მათ საერთო ინტერესებიც ჰქონდათ. სტალინის ინტერესი იყო, ხელთ ჩაეგდო ბალტიის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ფინეთი), ბესარაბია და პოლონეთის ნაწილი . სწორედ ამიტომ, სტალინმა ჰიტლერთან მოლაპარაკებები დაიწყო. 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში ნაცისტური გერმანიის და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პაქტს მოაწერეს ხელი. პაქტს ახლდა საიდუმლო დოკუმნეტი, რომელითაც მხარეები აღმოსავლეთ ევროპას ინაწილებდნენ. ამ დოკუმენტის თანახმად, გერმანია-სსრკ-ის საზღვარი უნდა გასულიყო პოლონეთის 4 მდინარეზე: ნარევი, ბუგი, ნისლა, სანი – ანუ პოლონეთის ნაწილი გადადიოდა საბჭოთა კავშირის ხელში. გარდა ამისა სსრკ იღებდა ფინეთს, ესტონეთს, ლატვიასა და ბესარაბიას (მოგვიანებით საბჭოთა კავშირმა პოლონეთის ნაწილი ლიტვაში გაცვალა). სანაცვლოდ, საბჭოთა მხარე იღებდა ვალდებულებას, რომ ჩაებმებოდა პოლონეთთან ომში გერმანიის პოლონეთზე თავდასხმიდან მე-16 დღეს.

კრემლში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა იოსებ სტალინთან და სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვთან ერთად ხელი მოაწერა თავდაუსხმელობის პაქტს, 1939 წლის 23 აგვისტო.

გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ხალხების სისხლით შედუღებული მეგობრობა იქნება ხანგრძლივი და მტკიცე“ – იოსებ სტალინის საშობაო მილოცვა ადოლფ ჰიტლერსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოხიმ ფონ რიბენტრობს, 1939წ.

გარდა ამისა, პოლიტიკანო ნაციზმს ევროპის ფასეულობას უწოდებს. რეალურად, მეორე მსოლფიო ომის დროს სწორედ ევროპის მოწინავე ქვეყნები ებრძოდნენ ნაციზმსაც და ფაშიზმსაც და სწორედ მისი აღმოფხვრის მიზნით პირველებმა მათ წამოიწყეს საბრძოლო მოქმედებები. სწორედ იმ დროს, როდესაც სტალინი ჰიტლერს პოლონეთის დაპყრობაში ეხმარებოდა. ნაციზმი, როგორც იდეოლოგია, არასდროს ყოფილა ევროპელების ფასეულობათა რიცხვში და იგი მხოლოდ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იყო გავრცელებული.

ჰიტლერის შეჩერება მოკავშირე ქვეყნების ერთობლივი ძალებით მოხერხდა და ნაციზმზე გამარჯვების მხოლოდ სტალინისთვის მიწერა, ისტორიის განხრაზ დამახინჯებას და ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის როლის უგულებელყოფას წარმოადგენს.

მითი 2:

სუდეტის კრიზისის დროს, მიუნხენის კონფერენციაზე ჩეხოსლოვაკიას მხოლოდ საბჭოთა კავშირი უჭერდა მხარს

პოლიტიკანო ამტკიცებს, რომ 1938 წლის მიუნხენის კონფერენციაზე ჩეხოსლოვაკიას მხოლოდ საბჭოთა კავშირმა დაუჭირა მხარი.

პოლიტიკანო: “1938 წელს, მიუნხენის კონფერენციაში ყველაზე დასავლურმა სახალმწიფომ მხარი დაუჭირა გერმანიის მიერ სუდიტის ოლქის ანექსიას, წინააღმდეგი კი მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყო.”

1938 წლის 29-30 სექტემბრის მიუხენის კონფერენციაში საბჭოთა კავშირი საერთოდ არ მონაწილეობდა, შესაბამისად ვერც საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირებას შეძლებდა.

ამ კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიიის წარმომადგენლები. ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლები კი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიიწვიეს და კონფერენციის შედეგები გააცნეს.

მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთში მიუნხენის კონფერენციის გადააზრება მოხდა და დღეს ნევილ ჩემბერლენის პოლიტიკა ჰიტლერის მიმართ უარყოფითად არის შეფასებული.

მითი 3:

სტალინმა ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთს და ჩეხეთს მიწები აჩუქა

სტალინი გერმანიის ანექსიის შეჩერების შემდეგ ბალტიის ქვეყნებში თავად გახდა ოკუპანტი. სტალინმა ეს ტერიოტორიები უშუალოდ სსრკ-ს შემოუერთა და იქ საბჭოთა დიქტატურა გაავრცელა.

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. გერმანელების დარტყმა ორი მიმართულებით მოხდა: ვარშავისკენ და ბრესტისკენ. 8-10 სექტემბერს გერმანელებმა ალყაში მოაქციეს პოლონური შენაერთები ვარშავასთან, ხოლო 17 სექტემბერს კი ბრესტთან. სწორედ ამ დროს პოლონეთს თავს დაესხა საბჭოთა კავშირიც.

სტალინმა შეასრულა ჰიტლერისთვის მიცემული პირობა და ომის დაწყების მე-17 დღეს შეიყვანა საბჭოთა ჯარები პოლონეთში. 22 სექტემბერს ბრესტში შედგა საბჭოთა და გერმანული ჯარების ერთობლივი აღლუმი, რომელსაც სარდლობდნენ გერმანიის მხრიდან ჰაინც გუდერიანი, საბჭოთა მხრიდან კი გენერალ-ლეიტენანტი კრივოშეინი. 28 სექტემბრის გერმანია-საბჭოთა კავშირის საიდუმლო შეთანხმებთ ბალტიის ყველა ქვეყანა საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოექცა და იქ საბჭოთა დიქტატურა დამყარდა.

მითი 4:

სისასტიკე სტალინის თვითმიზანი არ ყოფილა, ეს მისი ინსტრუმენტი იყო

ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულებების უარყოფა/გამართლება ისტორიით მანიპულირების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს.

1937-1938 წლების საბჭოთა რეპრესიები ქართულ რეალობაში განსაკუთრებული სიმძაფრით აისახა. დახვრეტილთა და გადასახლებულთა რიცხვა ათეულობით ათასებს მიაღწია. 1937 წლის ცნობილ რეპრესიებს შეეწირნენ ქართველი მწერლები: მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, პაოლო იაშვილი, არჩილ მიქაძე, დავით წერეთელი.

მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვა განაჩენის გამოტანის შემდეგ – „მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ, რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო, თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასდროს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასდროს აღმოფხვრით“.

1937-1938 წლების რეპრესიებს ქალებიც შეეწირნენ. ამ პერიოდში 163 ქალს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა, მათ შორის 72 ეროვნებით ქართველი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში თითოელი მათგანის ისტორიაა შემონახული. ასაკით ყველაზე პატარა, რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს 19 წლის ვერა ვარაზაშვილი იყო. მას ბრალად ედებოდა ახალგაზრდულ-კონტრევოლუცონური ორგანიზაციის წევრობა და ქართული ნაციონალური საქმიანობა. მიუხედავად იმას, რომ იგი აქამდე არ ყოფილა ნასამართლევი, მაინც სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს.

უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული პირების საბრალდებო დასკვნები უსამართლო და არადამაჯერებელი იყო. ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანს ხვრეტდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მეუღლე ხალხის მტრად იყო გამოცხადებული. მაგალითად, მარიამ აღნიაშვილს მხოლოდ იმიტომ მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, რომ ადანაშაულებდნენ თავის ქმართან პეტრე აღნიაშვილთან მჭიდრო კავშირიში, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ ხალხის მტრად იყო გამოცხადებული.

28 წლის თამარ ებრალიძეს კი ბრალი დასდეს იმაში, რომ ეწეოდა მავნებულ საქმიანობას, კერძოდ, ჯამრთელობის დაცვის საქმეში არ ჩაატარა სათანადო წინასწარი ღონისძიებები, რის შემდეგაც გაიზარდა ბავშვთა სიკვდილიანობა. რეალურად კი ასეთი განაჩენის გამოტანის სულ სხვა მიზეზები არსებობდა. თამარის მამა იყო 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე, დედა კი ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო იყო გადასახლებული. თამარის დაპატიმრების რეალური მიზეზი კი მდგომარეობდა იმაში, რომ იგი იყო იმ მემარჯვენე ორგანიზაციის წევრი, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლების დამხობა ჰქონდა გადაწყვეტილი. იგი 1938 წლის 10 სექტემბერს დახვირტეს.

საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ თითქოს სტალინი რეპრესიებში არ მონაწილეობდა და რაც საქართველოში ხდებოდა ბევრი რამ მისთვის უცნობი იყო. თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს ფაქტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არსებობს ე.წ. „სტალინური სიები“, სადაც ჩამოთვლილია პირადად სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების სანქციით დასჯილი პირები (საქართველოში სტალინური სიით დაახლოებით 3650 ადამიანი გაასამართლეს).

სტალინურ სიაში 89 ქალია, მათ შორის 56 ქართველი. მაგალითად, მარიამ ჩერქეზიშვილი პირველი იყო იმ ქალთაგან, რომლის დახვრეტასაც პირადად იოსებ სტალინმა მოაწერა ხელი.

ბრალდებული საბჭოთა საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა მხოლოდ იმიტომ, რომ სურდა წინა პლანზე წამოეწია ეროვნული სულისკვეთება. მარიამი დაკითხვის ოქმში წერდა: „ანტისაბჭოთა განწყობა რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული: საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ვთვლიდი, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა, ხოლო ქართველმა ერმა პროგრესირების უნარი დაკარგა. შესაბამისად, ქართული ნაციონალური კულტურა უკან-უკან წავიდა. რუსები ქართელებს არ აძლევდნენ ეროვნული კულტურის განვითარების შესაძლებობას…“

საბჭოთა რეჟიმი მღვდლებსაც ხვრეტდა და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი “ჩუმად ეწეოდნენ მღვდლობას”. 1937 წლის, 27 ნოემბერს არქიმანდრიტი პიმენ დაშნიანი ცაგერის რაიონისა და ქვემო სავენთის სოფლებში ბავშვების “მასობრივი ნათლობების ჩატარების” გამო დახვრიტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ ბრალდების ოქმში მითითებულია, რომ დაშნიანი ბავშვების მალულად მონათვლის გამო საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ერთ თვეში 120 ბავშვი მონათლა.

არქიმანდრიტის ანკეტაში გრაფაში „მუშაობის ადგილი და თანამდებობა“ შემდეგი განმარტებაა მითითებული: ეწევა ჩუმად მღვდლობას.

აბოლოო ჯამში კი საბჭოთა რეჟიმს და ზოგადად კომუნიზმს შეეწირა 94.4 მილიონი ადამიანი.

წყარო – მითების დეტექტორი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button