ლიტერატურაპოეზია

ოთარ ჭილაძე “ადამიანი გაზეთის სვეტში”

მე მარცვალი ვარ ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი
და ღმერთმა იცის, რა მელოდება
ჩიტის ჩიჩახვი, თუ ქვის საწოლი,
ეკალ-ბარდები, თუ თბილი ხნული.
მე არ მეგონა, თუ ასე ძნელი იყო სიკვდილი.
სუსტი ყოფილა ადამიანი, რადგან არ იცის,
როგორ იმართლოს ან ვის წინაშე იმართლოს თავი.
ამიტომ ვკვდები და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს.
თანდათან ვეღარ ვარჩევ სახეებს უიარაღო დემონსტრანტების,
რომლებიც უკან იხევენ ნელა და მკაცრ პეიზაჟს უერთდებიან.
უერთდებიან, ან ისე ჰგვანან, რომ უკვე ვეღარ გამირჩევია:
ხისგან სხეული, ქვისგან სახე, ცისგან თვალები.
ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია,
ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს.
არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა,
და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც.
ბედნიერია ყოველი თვალი, თუკი სიმართლეს უყურებს იგი.
მე ასე მჯერა და ჩემი სული ნათდება,
როგორც მინდვრის ნაწილი მაშხალის შუქზე,
მაგრამ მთავარი წყვდიადში რჩება,
რადგან იმ მინდორს არც საწყისი აქვს, არც დასასრული.
ამიტომ ვკვდები, ვკვდები და ჩუმად საკუთარ სისხლის გუბეში ვწევარ
და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს.
ჩემი სხეული სისხლის გუბეზე ხიდივითაა გადამხობილი დასასჯელებსა და დამსჯელებს შორის.
მალე დასრულდა ჩემი ცხოვრება: შეუგნებელიც და შეგნებულიც,
მაგრამ სიცოცხლე ჯერ არასოდეს არ მდომებია ასე მტანჯველად.
ასე არასდროს მომნატრებია დედა და წყალი და ძველისძველი ჩემი საწოლი.
მე იმ საწოლზეც ვწვებოდი ხოლმე ასე უძრავად,
რომ დამესვენა და განმეცადა საამო გრძნობა თავისუფლების.
ასე საგანი აწვება საგანს, გამოთიშული ტანის სიმძიმით.
ახლა ჩემს ტანში სხედან ტყვიები,
როგორც მხეცები ღრმა სოროებში და თუ ქვეყანას მართლა მოაკლდა ეს რამდენიმე გრამი სიკვდილი,
მე კმაყოფილი ვიქნები ამით,
მაგრამ არ მინდა და არც მგონია,რომ ჩაეტიოს გაზეთის სვეტში ჩემი ვნებები და სურვილები.
ჩემი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია,
ხოლო გაზეთი ადვილად კვდება, როგორც ფრინველი.
სამარადისოდ მოვწყდი ქვეყანას,
რადგან სამხედრო წესდების მუხლებს მთლად ვერ დაემთხვა ჩემი სურვილი.
ვერც ამ მუნდირმა ვერ გამიდევნა მარადიული ეჭვი და შიში და მეც ტკივილით მოვწყდი ქვეყანას,
როგორც წყდებიან საკრავს გამები.
ხნულს ვერ მონახავს ყველა მარცვალი, რომ პურად იქცეს და დააპუროს მშიერი ხალხი,
ანდა ხედ იქცეს და მის ტოტებზე ჩამოჯდეს ხოლმე ჩიტების გუნდი.
ამიტომ ვწევარ და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს.
ჯარი სამშობლოს მტრისაგან იცავს და სიცოცხლესაც მხოლოდ სამშობლო მოსთხოვს ჯარისკაცს.
ვერც ჯარისკაცი ვერ ეტყვის უარს, თუ აქვს და იცის საკუთარ ჭერის და პურის გემო.
თუ მზეს აფასებს და თუ კუსავით ყოველთვის თან არ დაათრევს ჯავშანს.
თუ შეუძლია, რომ მოიკვეთოს ფეხები, რომელსაც გადაჰყავს გზიდან და დაითხაროს თვალები,
რომელიც აცდუნებს მხოლოდ…
ფიქრის უფლება ყოფილა თურმე ყველაზე ძვირი,
რადგან ცხოვრების ავანჩავანი ფიქრში ირკვევა,
ხოლო სიცოცხლეს ვერ დაგიბრუნებს ვერც ერთი ღმერთი.
მე კი ვფიქრობდი გზითა და სიცხით გაბრუებული და დაქანცულიც,
ყაზარმის დოლითა და საყვირებით დაფეთებულიც.
ჯერ არ არსებობს ტვინის რენდგენი და ვერ გაიგებ,
რას ფიქრობს კაცი, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ვერასოდეს ვერ შეათავსებს ბოროტს და კეთილს.
ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მე მწამდა ერთი კანონი:თავისუფლების და სიყვარულის.
მაინც ყველასთვის უცხო ვარ ახლა. ამხანაგებმა დამცხრილეს ტყვიით,
ხოლო საბრალო დემონსტრანტებში ჯერ არ ჩამქრალა ეჭვი და შიში.
არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები.
არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი,
მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი.
მე კი ჩუმად ვარ, როგორც მარცვალი ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი და ღმერთმა იცის, რა მელოდება ჩიტის ჩიჩახვი თუ ქვის საწოლი, ეკალბარდები თუ თბილი ხნული.
მე ჯერ მინდოდა, რომ მესარგებლა ღამის წყვდიადით,
დემონსტრანტებს შევერთებოდი და ჩემი სისხლი მიმეცა მათთვის,
როგორც ნიშანი პატიოსნების და ერთგულების.
პატივისცემის ღირსია ყველა, ვისაც სამშობლო შერჩა და უყვარს;
ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს, აღარ დაადგას ქედზე უღელი,
არ დაამციროს ადამიანთა ყველაზე დიდი მონაპოვარი,
ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი: თავისუფლება. მე წასვლა მსურდა,
მაგრამ გუშაგი სიგარეტს სწევდა და სიგარეტის წითელი თვალი გზას მიკეტავდა,
ხოლო ჯარისკაცს, რომელიც ბანაკს ტოვებს თავისით, გუშაგის ტყვია ელის კეფაში.
მე არ მჯეროდა, რომ გაიგებდა ჩემს პატიოსან სურვილს გუშაგი.
არ მინდოდა, რომ ასე ადრე მოეჭრათ ჩემი ცხოვრების ტოტი,
ძლივს ამოზრდილი და მოხიბლული ამქვეყნიური წვიმით, ქარით, მზითა და თოვლით,
ცითა და ზღვებით და იმ სოფლელი გოგოს სურნელით.
ნუთუ საკუთარი სისხლის გუბეში უნდა მეცქირა ჩამავალი მზისთვის…
ნუთუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი.
თუ სიკეთეა სულის საწყისი, ვიღას სჭირდება ამდენი სისხლი და რატომ კვდება ადამიანი,
თუ დამტკიცება უნდა სიმართლის?! რატომ ვერ ძღება ყველას სტომაქი კუთვნილი პურით,
წყლითა და ჰაერით?!..ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია,
მაგრამ აქამდე ვერ უპოვნია საბრალოს თავი და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში,
მტრობასა და სიძულვილში. შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი..
ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში.
უცნაურია, მაგრამ ჩემსავით ბევრს ჩაუყლაპავს ბოლო ცრემლები:
სიმწრის, სიბრაზის და სინანულის…მეც, რა თქმა უნდა, ვნანობ სიცოცხლეს…
ძალიან მალე დასრულდა იგი, მაგრამ არ ვნანობ ასე რომ მოვკვდი;
რაღაცას ნიშნავს ასე სიკვდილიც; რაღაცას ნიშნავს,
რადგან ამქვეყნად, გარდა ბოროტისა, არის კეთილიც.
ბევრია ჩემზე პატიოსანი, ჩემზე ჭკვიანი, მოყვარულიც და,
როგორც ტყიდან მეორე ტყეში გადააქვთ ქარებს თესლი ხეების,
ისე გადადის გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები, სურვილები.
ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები.
ამ შეჯახებას მოაქვს ქუხილი, ქუხილს კი ცეცხლი,
რომ შუქით გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში,
ხოლო წვიმები კლდეებსაც რეცხავენ და კაცის გულსაც და,
როგორც ბროლის მაღალ ტაძარში, მთელი ქვეყანა შედის წვიმაში.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button