ლიტერატურამოთხრობა

გურამ რჩეულიშვილი – ღამე ჭაობში

ჯერ სულ ნელა იწეოდა მიწა ქვევით. ზედაპირზე წყალი ჟონავდა. მერე უფრო ღრმად დაიწყო ფეხმა ჩაფლობა. ახლა თურქი ოსმანა თხელ ლერწმებს გვერდიდან ადგამდა ფეხს. ლერწამი იხრებოდა. წვებოდა მიწაზე. მიწიდან ისევ წყალი ჟონავდა. ისე აღარ იფლობოდა ფეხი.
უფრო გაიშვიათდა ლერწამი.
ისევ დაიწყო ფეხმა ჩაფლობა.
ჯერ კიდევ იტანდა ნიადაგი დაწოლას, მერე ვეღარ გაუძლო. ფეხი ჯერ კოჭამდე ჯდებოდა, შემდეგ მუხლამდე.
ცოტა ციოდა.
კაცს ტანზე დასცხა და ტანსაბურავი გაიძრო.
წინ გაისროლა. ძლივს მივიდა იქამდე და ზედ შედგა. ცოტა დაიჭირა იმან. ისევ დაიწყო ფლობა.
წინ სიარული აღარ შეიძლებოდა.
უკნიდან კი ისმოდა შრიალის ხმა:
ტყდებოდა ლერწამი.
ახლა წელამდე ჭაობში მიდიოდა. სახე დაეკაწრა.
ფეხებს უკვე ვეღარ გრძნობდა.
ნელა დაიწყო ჩაფლობა.
არაფერზე არა ფიქრობდა. გაბრუვდა.
უცებ შეზარა რაღაცამ. ძლივს მოატრიალა ტანი და უკან წავიდა. სულ ცოტა წაიწია. სადღაც იგრძნო იმედი. რაღაც უჩვეულო მოუნდა. შემსუბუქდა თითქოს. კიდევ წავიდა წინ.
წინ ჯერ სიჩუმე იყო.
მერე ლაპარაკი გაისმა.
– სად წავა? – თქვა ერთმა.
– ჩვენს ხელშია, – თქვა მეორემ.
– თუ არ დაიხრჩო მანამდე, – თქვა ისევ პირველმა.
კაცმა ჯერ ლაპარაკი შეიგრძნო; სიტყვებიდან მარტო ”დახრჩობა” გაარჩია.
“როგორ თუ დაიხრჩო, დახრჩობა, ა, ა, დახრჩობა მელის, ხო! ხო! რა? რა? სახრჩობელა? სახრჩობელა!? ” – ბუნდოვნად გაუელვა, რომ მესამე დღე იყო, სახრჩობელას გამოექცა;
მისდევდნენ.
დაჭრეს.
მაინც გამოექცა.
“არა! არა”! ჩაიდუდუნა თავისთვის და ისევ შებრუნდა უკან.
იქიდან ხმაური აღარ ისმოდა.
კაცი წინ მიდიოდა ყელამდე წყალში, მერე ნიკაპამდე, მერე მდორე სითხე ჩაყლაპა, მერე კიდე ჩაყლაპა.
წყალი იყო მძიმე.
პირში მცენარეები ჩაუვიდა.
რაღაცა გაეჩხირა ყელში.
“არა! არა! ” გაუელვა თავში, სახრჩობელა მოელანდა. ისევ გადადგა ნაბიჯი და თავი ასწია. ჰაერი ჩაუვიდა. სუფთა ჰაერი.
ახლა უკვე აღარა ფიქრობდა.
მხოლოდ უმწეოდ აფართხალებდა ხელებს, მერე დაიღალა.
მხოლოდ ტანი მოძრაობდა მისი; ისიც დაიღალა.
სულ ნელა გაჩერდა. რაღაცა კიდევ ფეთქავდა.
ისიც გაჩერდა.
სადღაც დაიწყო გათენება. ღამე ტყდებოდა ჭაობში.

წ. 1957. მარტის 16.

შენიშვნები

არსებობს მხოლოდ შავი ავტოგრაფი(1-4გვ.) დასათაურებული და დათარიღებული. თავფურცლის მთელ სიგრძეზე წერია თარიღი და დღიური:
“რა ვიცი?
ღრმად (გადაშლილია გურამის მიერ -მ.რჩ.) დარწმუნებულია, რომ არ მიყვარს: ცდება: მიყვარს. როცა მაბრაზებს, უფრო მიყვარს: ისეც მიყვარს, როცა არ მაბრაზებს. ხან ისე უფრო მიყვარს, ხან ასე. – როგორც არის.
დღეს ხოშიანი იყო. მე სულ დავქლიავდი. ვზივარ და ვჩხაპნი.”
პირველი გვერდის მთელ სიგრძე-სიგანეზე გაკეთებულია რამდენიმე ჩანახატი: ისრის მაგვარი ფიგურა, მიმართული ფურცლის გარეთ. წრეში ჩახატული კვადრატები, რომელთაც ორ წინა ავტოგრაფში თითქოს მედალიონში ჩახატული ქართული ჯვრის ფორმა ჰქონდათ, ამჯერად დაშლილია. წრის გარეთ, ზევით, მიმართულია ბუმბულიანი ისარი. ისარი თითქოს “მაგიური წრიდან” გასასვლელს მიუთითებს. არის აგრეთვე ჩარჩოში ჩასმული ჩანახატი. ამ ნახატში თითქოს ჩამალულია გრძელფეხა წეროს მაგვარი ფრინველი და სხვა ფიგურები წინა ავტოგრაფის “სიზმრიდან.” შეიძლება იფიქრო, რომ ოთკუთხა სურათის ჩარჩოში ჩახატულია ჭაობი, იხვი, ჭაობის მცენარეები. სურათის ფონს ქმნის ისევ დაკრეჭილკბილებიანი, ღოჯებიანი კაცის სახე და სხვ. ჩარჩოში, სურათის ქვევით, წერია სათაური დიდი ასოებით, ტექსტის ბოლოს – თარიღი.
პირველად გამოქვეყნდა 1965 წელს წიგნში “მოთხრობები. პიესა.”

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button